Facebook Twitter

საქმე N 330100121004598531

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№270აპ-20 28 ივნისი 2022 წელი

ჩ.შ., 270აპ-20 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ - კობა ნოზაძის

ადვოკატ - ზ.გ-ს

მსჯავრდებულ - შ.ჩ-ს

მონაწილეობით, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა მსჯავრდებულ შ-დ ინტერესების დამცველი ადვოკატის - ზ.გ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 25 იანვრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ -ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 30 ივლისის განაჩენით:

შ. ჩ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

შ. ჩ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

შ. ჩ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის მესამე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2021 წლის 21 მარტის ეპიზოდი მ. ჩ-ს მიმართ) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

შ. ჩ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის მესამე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2021 წლის 21 მარტის ეპიზოდი ნ-ს მიმართ) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

შ. ჩ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2021 წლის 20 მარტის ეპიზოდი მ. ჩ-ს მიმართ) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა 2020 წლის 19 ნოემბრის განაჩენით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 20 საათი და საბოლოოდ შ. ჩ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.

1.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ. ჩ-მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, არაერთგზის (2021 წლის 20 მარტის ეპიზოდი, მ.ჩ-ს მიმართ), რაც გამოიხატა შემდეგში:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 19 ნოემბრის განაჩენით შ. ჩ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 20 საათი.

2021 წლის 17 მარტს გამოცემული №0 შემაკავებელი ორდერით შ. ჩ-ს აეკრძალა მამასთან - მ. ჩს მიახლოება, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა, ასევე ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. მიუხედავად იმისა, რომ შ-თვის ცნობილი იყო შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული აკრძალვების შესახებ, 2021 წლის 20 მარტს, დილის საათებში, შ. ჩ. მივიდა თ-ი მდებარე მ. ჩ-ს საცხოვრებელ სახლთან, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 25 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 30 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 25 იანვრის განაჩენი 2022 წლის 14 თებერვალს საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ შ-ს ადვოკატმა ზ-მ და მოითხოვა შ-ს უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში (2021 წლის 20 მარტის ეპიზოდი მ. ჩ-ს მიმართ).

3.3. საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენისას დაცვის მხარემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, ხოლო პროკურორმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 25 იანვრის განაჩენის ძალაში დატოვება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. ადვოკატ ზ-ს საკასაციო საჩივრის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე არ გამოკვლეულა მსჯავრდებულის საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2021 წლის 20 მარტის ეპიზოდი მ. ჩ-ს მიმართ) დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელი, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელი მტკიცებულებები. 1) დაზარალებულად ცნობილმა პირებმა_ მ.ჩ-ს და ნ-მ ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და ახლო ნათესავის წინააღმდეგ არ მისცეს ჩვენება, ხოლო საქმეში არ არსებობს ერთი პირდაპირი მტკიცებულებაც კი შ-ს დამნაშავედ ცნობისათვის. გამომძიებელ ზ. მოწმის სახით დაკითხვისას აშკარად გამოიკვეთა, რომ შემაკავებელი ორდერი N------ არ ჩაბარებია და მასში ასახული აკრძალვები არ განმარტებია შ. ჩ-მ, შესაბამისად, არ არის შესრულებული ის სტანდარტი, რაც სავარაუდო მოძალადის მიმართ უფლებების განმარტებას და შესაბამისი ოქმის გასაჩივრების უფლების განმარტების წერილობით დადასტურებას შეეხება. ვინაიდან ინფორმაციის წყარომ უტყუარად არ დაადასტურა შესაბამისი ფაქტი, სასამართლომ შ-სათვის ბრალად წარდგენილ ოთხ ეპიზოდში არ გაიზიარა დაზარალებულ ნ-ს მხრიდან 112-ში შესული შეტყობინება და არ მიიჩნია იგი პირდაპირი ხასიათის დამოუკიდებელ მტკიცებულებად. შესაბამისად, ადვოკატის პოზიციით, სასამართლოს ანალოგიურად არ უნდა გაეზიარებინა მ.ჩ-ს მიერ ელ.სმენით შეტყობინების ოქმი N------, რადგან მ. ჩ-ს ჩვენება არ მისცა სასამართლოს და კანონით დადგენილი წესით არ დადასტურებულა სამართალდამცავებისათვის შეტყობინებისა და შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტები. 2) ადვოკატი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისას წარდგენილი ახალი მტკიცებულების - მ. ჩ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დოკუმენტაციის დასაშვებ მტკიცებულებად ცნობას. ადვოკატის განმარტებით, აღნიშნული მტკიცებულების დაშვება და მკურნალი ექიმის დაკითხვა საქმისათვის იყო მნიშვნელოვანი, რადგან შ. ჩ-ს ბრალი ედება შემაკავებელი ორდერის დარღვევაში, რაც შესაძლოა, გამოწვეული ყოფილიყო მ. ჩ-ს მოჩვენებითი სმენითი ჰალუცინაციებით.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასება:

5.1. საკასაციო პალატამ განიხილა მსჯავრდებულ შ.ჩ-ს ადვოკატ ზ.გ-ს საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 25 იანვრის განჩინებაზე ახალი მტკიცებულებების მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მიაჩნია, რომ იგი უნდა დარჩეს ძალაში, შემდეგ გარემოებათა გამო:

5.2. 2022 წლის 25 იანვარს, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობისას, მსჯავრდებულ შ-ს ადვოკატმა ზ-მ საქართველოს სსსკ-ის 93-ე და 239-ე მუხლების საფუძველზე წარადგინა შუამდგომდგომლობა ახალი მტკიცებულებების - მ. ჩ-ს სამედიცინო დოკუმენტაციის დასაშვებად ცნობის შესახებ. ადვოკატმა განმარტა, რომ მისთვის ცნობილი იყო მ. ჩ.-ს ფსიქიკურ დაავადებათა შესახებ, თუმცა ამ დრომდე მოცემული მტკიცებულებების წარმოდგენა ობიექტურად შეუძლებელი იყო. სააპელაციო სასამართლომ განიხილა ზემოაღნიშნული შუამდგომლობა და არ დააკმაყოფილა ადვოკატ ზ-ს მოთხოვნა.

5.3. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადვოკატ ზ.გ-ს მოთხოვნა მტკიცებულებების დასაშვებად ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა ადვოკატს საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, „მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით ახალი მტკიცებულება შესაძლოა გამოკვლეულ იქნეს სააპელაციო სასამართლოში, თუ შუამდგომლობის ავტორი დაასაბუთებს, რომ იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი პოზიციის დასასაბუთებლად და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მისი წარმოდგენა ობიექტურად შეუძლებელი იყო“. ადვოკატი თავისივე შუამდგომლობაში განმარტავს, რომ დაცვის მხარისთვის ცნობილი იყო მ. ჩ-ს ფსიქიკური დაავადების შესახებ, რაც ასევე დაადასტურა მსჯავრდებულმა შ. ჩ-მ. თუმცა, ადვოკატის პოზიციით დაცვის მხარეს ობიექტურად არ გააჩნდა მითითებული მტკიცებულებების მოპოვებისა და წარდგენის შესაძლებლობა, სანამ აღნიშნული ცნობები მ. ჩ-ს მინდობილმა პირმა არ გადასცა. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას და განმარტავს, რომ სისხლის სამართლის პროცესში მხარეები სარგებლობენ გამოძიების წარმოების შეჯიბრებითი უფლებით, რა დროსაც დაცვის მხარე ბრალდების მხარესთან თანასწორად უფლებამოსილია მოიპოვოს და წარადგინოს სასამართლოში მისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულება. ინფორმაცია, რომელიც დაცვის მხარეს არ შეუძლია დამოუკიდებლად მოიპოვოს, შესაძლებელია გამოთხოვილ იქნეს სასამართლოს მეშვეობით. როგორც ირკვევა, დაცვის მხარე ფლობდა ინფორმაციას მ. ჩ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, თუმცა მას არც გამოძიებისა და არც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას არ მიუმართავს სასამართლოსათვის სამედიცინო დაწესებულებიდან ჯანმრთელობის შესახებ დოკუმენტაციის ამოღების შუამდგომლობით. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ ადვოკატმა ვერ დაასაბუთა პირველი ინსტანციის სასამართლოში ახალი მტკიცებულების წარდგენის შეუძლებლობის ფაქტი, რის გამოც დაცვის მხარეს სწორად ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

5.4. საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, მოისმინა მხარეთა პოზიციები, შეამოწმა მათი საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ შ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ზ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5.5. საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დასჯადია: „შემაკავებელი ორდერით ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა ანდა ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებისას მოძალადის მიერ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების წესით განსაზღვრულ საგანგაშო ზონაში შეღწევა ანდა მოძალადის მიერ საგანგაშო ან ბუფერული ზონის დატოვების შესახებ უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შეუსრულებლობა ანდა მოძალადის მიერ ელექტრონული ზედამხედველობისთვის თავის არიდება, ესე იგი ქმედება, რომლის შედეგადაც შეუძლებელი გახდა ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი კი მოიცავს 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, ჩადენილს არაერთგზის. განსახილველი საჩივრის ფარგლებში, შ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი შეეხება შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობას. ხსენებული დანაშაული წარმოადგენს ამკრძალავ ბლანკეტურ ნორმას, რომელშიც მოცემული არ არის შემაკავებელი ორდერის მოთხოვნებისა და ვალდებულებების არსი და აღნიშნული საკითხი რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით, რომელიც აწესრიგებს შემაკავებელი ორდერის გამოცემისა და შედგენის წესს. ამდენად, დანაშაულის ობიექტური მხარის გამოკვლევისას, უნდა დადგინდეს შემაკავებელი ორდერის სათანადო წესით გამოცემის ფაქტი და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით - კონკრეტულად რაში ვლინდება დადგენილი მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევა.

5.6. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის (2021 წლის 17 მარტს მოქმედი რედაქცია) მე-10 მუხლის მე-32 ნაწილის თანახმად, შემაკავებელ ორდერს ხელს აწერენ მისი გამოცემის უფლების მქონე პირი, მსხვერპლი და მოძალადე, ხოლო შემაკავებელი ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს მოძალადის გაფრთხილებას ამ ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ამავე მუხლის მე-33 ნაწილის თანახმად: „თუ მსხვერპლი ან/და მოძალადე რაიმე მიზეზის გამო ხელს არ/ვერ აწერს შემაკავებელ ორდერს, მას ხელს აწერს მხოლოდ შემაკავებელი ორდერის გამოცემის უფლების მქონე პირი. ამ შემთხვევაში შემაკავებელ ორდერში სათანადო ჩანაწერი კეთდება და მიეთითება მსხვერპლის ან/და მოძალადის მიერ მის ხელმოწერაზე უარის თქმის/მისი ხელმოწერის შეუძლებლობის მიზეზი“. ამავე მუხლის მე-36 ნაწილის თანახმად: „შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში“. ამავე მუხლის მე-38 ნაწილის თანახმად: „მსხვერპლმა ან მოძალადემ შემაკავებელი ორდერი შეიძლება გაასაჩივროს მისთვის ამ ორდერის გადაცემიდან/ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში“.

5.7. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში მოთავსებულია 2021 წლის 17 მარტს გამოცემული შემაკავებელი ორდერი N------ და თანდართული შემაკავებელი ორდერის ოქმი, რომლითაც „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მოძალადე შ.- ჩ-მ 7 (შვიდი) დღით აეკრძალა: იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება და მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის - ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. შემაკავებელ ორდერზე N14 გრაფაში, რომელიც განკუთვნილია მსხვერპლისა და მოძალადის მიერ შემაკავებელი ორდერის გასაჩივრების უფლებისა და წესის განმარტებისათვის, მითითებულია მინაწერი: „მოძალადე უარს აცხადებს ჩვენთან ყველა სახის თანამშრომლობაზე“, ხოლო ორდერზე დატანილი არ არის მოძალადის ხელმოწერა, ასევე არ არის აღნიშნული ხელმოწერაზე უარის თქმის ფაქტი.

5.8. მოცემულ შემთხვევაში N------ შემაკავებელ ორდერში აღნიშნულია, რომ მოძალადე ადგილზე იმყოფება და იქცევა არაადეკვატურად, ასევე უარს აცხადებს ყოველგვარ თანამშრომლობაზე. თუმცა ორდერში არ არის მითითებული კანონის შესაბამისი მონაცემები, რომ მოძალადეს გაეცნო ორდერი, განემარტა დაწესებული აკრძალვები და ორდერის გასაჩივრების უფლება, მაგრამ ხელმოწერაზე რაიმე მიზეზით განაცხადა უარი. საკასაციო სასამართლო საილუსტრაციოდ მიუთითებს ამავე სისხლის სამართლის საქმეში მოთავსებულ - 2021 წლის 20 მარტს გამოცემულ N------ შემაკავებელ ორდერზე, რომელშიც ორდერის გამომცემი პირის - ზ-ს მიერ გარკვევით არის აღნიშნული, რომ შ.ჩ-ს ორდერი გაეცნო და მან უარი განაცხადა ოქმზე ხელის მოწერაზე, რისგან განსხვავებითაც მსგავსი ჩანაწერი არ იკითხება 2021 წლის 17 მარტს გამოცემულ N------ შემაკავებელ ორდერზე, რომლის დარღვევასაც ბრალდება ედავება შ. ჩ..

5.9. თავად შ. ჩ. უარყოფს შემაკავებელი ორდერის გამოცემის ფაქტის ცოდნასა და დაწესებული აკრძალვების შესახებ განმარტების მიღებას. ბრალდების მხარეს არ გამოუკითხავს საქმეზე კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანი საპროცესო დოკუმენტის - შემაკავებელი ორდერის შემდგენი პატრულ-ინსპექტორი ლ., რის გამოც სასამართლოს არ ჰქონია შესაძლებლობა გაცნობოდა მის ახსნა-განმარტებებს ორდერის შედგენა/გაცნობასთან დაკავშირებული საეჭვო საკითხების ირგვლივ. სისხლის სამართლის საქმეში მოთავსებულია პოლიციის ლეიტენანტ ო-ს მიერ 2021 წლის 19 მარტს შედგენილი ოქმი სატელეფონო გასაუბრების შესახებ, სადაც მითითებულია, რომ მან ვერ მოახერხა მოძალადე შ. ჩ-ს სატელეფონო დაკავშირება

2021 წლის 17 მარტს გაცემული შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის მიზნით. არნიშნული გარემოება დაადასტურა მოწმე ო-მ სასამართლოში ჩვენების მიცემისას.

5.10. ამდენად, საკასაციო სასამართლო მხოლოდ ერთადერთი მტკიცებულებით - შემაკავებელი ორდერით (N------) უნდა დარწმუნდეს, რომ შ. ჩ-მ ნამდვილად იცოდა მის მიმართ, ზოგადად, შემაკავებელი ორდერის გამოცემისა და კონკრეტულად კი დაწესებული აკრძალვების შესახებ. როგორც უკვე აღინიშნა, შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმში დაფიქსირებულია, რომ მოძალადე იმყოფებოდა ადგილზე, იქცეოდა არაადეკვატურად და უარს აცხადებდა ყოველგვარ თანამშრომლობაზე. თუმცა, მხოლოდ ის ფაქტი, რომ შ. ჩ. ადგილზე იმყოფებოდა ან არაადეკვატურად იქცეოდა, არ არის რელევანტური და არ იძლევა იმის დადასტურების შესაძლებლობას, რომ მოძალადეს გააცნეს ინფორმაცია შემაკავებელი ორდერის გამოცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე და განუმარტეს რა სახის აკრძალვები დაუწესდა მას.

5.11. ბრალდების მხარე თავის განმარტებაში შ-ს მიერ შემაკავებელი ორდერის გამოცემის ცოდნის ფაქტის პრეზუმფციას უშვებს იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ შ. ჩ. ნასამართლევია შემაკავებელი ორდერის შეუსრულებლობისათვის. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება ამგვარი ანალოგიის დაშვებას, რადგანაც ყოველი შემაკავებელი ორდერი გამოიცემა ინდივიდუალურად და განსხვავებულია, როგორც ფაქტობრივი გარემოებები, ისე დაწესებული აკრძალვების მოქმედების ვადა, შინაარსი და რაოდენობა. შესაბამისად სათანადო განმარტებების მიუღებლობის პირობებში ნაკლებად დამაჯერებელია - როგორ უნდა ევარაუდა შ. ჩ-ს, თუნდაც წინა ნასამართლობის გამოცდილებით, რომ 2021 წლის 17 მარტს მის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი და განეჭვრიტა მასში მითითებული აკრძალვები.

5.12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია, შემაკავებელი ორდერის ოქმის კითხვარი შევსებულია მსხვერპლის მითითებით და მას ხელს აწერს მ.ჩ-ს, მაგრამ მსხვერპლის მიერ შემაკავებელი ორდერისა და ოქმის ხელმოწერა, არ არის საკმარისი იმ ფაქტის დადგენისათვის, რომ შესრულებულია შემაკავებელი ორდერის მოძალადისათვის გაცნობის კანონისმიერი ვალდებულება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში 2020 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა ცვლილებები, რითაც განისაზღვრა მოძალადისათვის შემაკავებელი ორდერის აკრძალვებისა და ვალდებულებების გაცნობის, ასევე მოძალადის მიერ ორდერის ხელის მოწერის ან მოწერაზე უარის თქმის შესახებ სათანადო ჩანაწერის არსებობის ვალდებულება. საკანონმდებლო ცვლილება განპირობებულია სწორედ იმ გარემოებებით, რომ უტყუარად დადასტურდეს მოძალადისათვის შემაკავებელი ორდერით დაწესებული აკრძალვებისა და ვალდებულებების გაცნობის, უფლებებისა და გასაჩივრების წესის განმარტების ფაქტები.

5.13. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი შემაკავებელი ორდერის გაცნობის, ჩაბარებისა და გასაჩივრების უფლების განმარტების შესახებ, რის გამოც მოკლებულია შესაძლებლობას, იხელმძღვანელოს შემაკავებელ ორდერში მოცემული ინფორმაციებით და მიიღოს ისინი უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებად. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული აკრძალვებისა და ვალდებულებების დარღვევა პირს მხოლოდ მაშინ შეიძლება შეერაცხოს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მოძალადისათვის შემაკავებელი ორდერის გამოცემის, დაწესებული აკრძალვების გაცნობისა და გასაჩივრების უფლების განმარტების ფაქტები. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაუშვებელია, პირი დაისაჯოს იმ ქმედებისათვის, რომლის დაცვის ვალდებულების შესახებ ის არ იყო სათანადოდ ინფორმირებული. მოცემულ შემთხვევაში ნორმით აკრძალული ქმედების განსაზღვრულობა წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის კვალიფიკაციისათვის სავალდებულო ელემენტს, რის გარეშეც გამოირიცხება აღნიშნული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა.

5.14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით: „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

5.15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირის მსჯავრდებას საფუძვლად უდევს უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ ერევა ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულებათა დასაშვებობასა და შეფასებაში და ადგენს ზოგადსახელმძღვანელო სტანდარტს: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას.

5.16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები აქარწყლებენ გონივრულ ეჭვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რაც ვლინდება დანაშაულის შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ადგენს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს შ-ს საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2021 წლის 20 მარტის ეპიზოდი, მ. ჩ-ს მიმართ) მსჯავრდების საფუძველი, რის გამოც შ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ზ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ზ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 25 იანვრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. შ.- ჩ.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის მესამე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2021 წლის 20 მარტის ეპიზოდი, მ. ჩ-ს მიმართ) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

4. გამართლებული შ. ჩ. დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

5. გამართლებულ შ. ჩ-ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;

6. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

7. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე