Facebook Twitter

საქმე N 330100121004672340

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №340აპ.-22 24 ივნისი 2022 წელი

გ–ა გ., №340აპ.-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ხ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. გ–ა (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2020 წლის 23 მარტს, თ-ი, ლ-ზე, გ. გ–ა ო. ს–ს შეუთანხმდა, რომ ერთი თვის ვადით საბოლოო შესყიდვის უფლებით, მისგან იყიდდა 2180 (ორიათას ას ოთხმოცი) ლარად ღირებულ ,,სიატ ტოლედოს“ მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით ......... . ო. ს–მ შეთანხმებისამებრ, იმავე დღეს აღნიშნული ავტომანქანა გადასცა გ. გ–ს, რომელიც მოქმედებდა დანაშაულებრივი განზრახვით და ავტომანქანის დაუფლებიდან მალევე, ი. ს–ს კუთვნილი, მოტყუებით დაუფლებული ავტომანქანა 300 ლარად გაასხვისა ზ. მ–ზე, თანხა კი გამოიყენა პირადი საჭიროებისთვის. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად გ. გ–ამ ი. ს–ს მიაყენა 970 (ცხრაას სამოცდაათი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 16 აგვისტოს განაჩენით გ. გ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების თანახმად, გ. გ–ს მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 მაისის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთამ და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით გ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 16 აგვისტოს განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - თ. ხ–სამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გ. გ–სთვის უფრო მსუბუქი სასჯელის - ჯარიმის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 იანვრის განაჩენით მსჯავრდებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ხ–სას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 16 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2022 წლის 28 თებერვალს მსჯავრდებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ხ–მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა და გ. გ–სთვის უფრო მსუბუქი სასჯელის -ჯარიმის განსაზღვრა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის განმარტებით, დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი, ვინაიდან გ. გ–ამ გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, უდავო გახადა მტკიცებულებათა ნაწილი, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, მისი ოჯახი გამოთქვამს მზაობას, აანაზღაუროს დაზარალებულებისთვის მიყენებული ზიანი.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და უცვლელად დატოვა გ. შ-სთვის განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.

5.4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, გ. გ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა.

5.5. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ გ. გ–სთვის სასჯელის განსაზღვრისას იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებით, გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, კერძოდ: მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მტკიცებულებათა ნაწილი მიიჩნია უდავოდ, ასევე ის, რომ დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებული არ არის და ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულს შეუფარდა ისეთი სასჯელი, რომელიც სამართლიანია და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

5.6. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაცვის მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს.

5.7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ხ–სას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე