Facebook Twitter

საქმე # 330100119003299322

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №464აპ-22 ქ. თბილისი

თ-ი ფ, 464აპ-22 12 სექტემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ფ. თ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 25 ივნისის განაჩენით:

1.1. ფ. თ-ი, - დაბადებული ... წლის ... ოქტომბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2019 წლის 11 სექტემბრის ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2019 წლის 16 სექტემბრის ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2019 წლის 17 სექტემბრის ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2019 წლის 20 სექტემბრის ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2019 წლის 25 სექტემბრის ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2019 წლის 26 სექტემბრის ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2019 წლის 26 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ფ. თ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 16 ოქტომბრიდან.

1.2. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 20 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ფ. თ-ა ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა; ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (ექვსი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

· ფ. თ-ა უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალებები - 0,00208 გრამი „კოდეინის“ (ფუძე); 0,00833 გრამი „მორფინის“ (ფუძე) და 0,2239 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, საიდანაც 2019 წლის 11 სექტემბერს, გ-ი, ს. მ-ი, მე-.. ქ. N...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნარკოტიკული საშუალებები - 0,00038 გრამი „კოდეინის“ (ფუძე); 0,0016 გრამი „მორფინის“ (ფუძე) და 0,0357 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება უკანონოდ გაასაღა ე. ფ-ე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

· 2019 წლის 16 სექტემბერს, გ-ი, ს. მ-ი, მე-... ქ. N...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფ. თ-ა ნარკოტიკული საშუალებები - 0,00038 გრამი „კოდეინის“ (ფუძე); 0,00153 გრამი „მორფინის“ (ფუძე) და 0,0442 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება უკანონოდ გაასაღა ე. ფ-ე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

· 2019 წლის 17 სექტემბერს, გ-ი, ს. მ-ი, მე-... ქ. N...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფ. თ-ა ნარკოტიკული საშუალებები - 0,00034 გრამი „კოდეინის“ (ფუძე); 0,0012 გრამი „მორფინის“ (ფუძე) და 0,0301 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება უკანონოდ გაასაღა ე. ფ-ე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

· 2019 წლის 20 სექტემბერს, გ-ი, ს. მ-ი, მე-... ქ. N...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფ. თ-ა ნარკოტიკული საშუალებები - 0,00012 გრამი „კოდეინის“ (ფუძე); 0,0005 გრამი „მორფინის“ (ფუძე) და 0,0317 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება უკანონოდ გაასაღა ე. ფ-ე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

· 2019 წლის 25 სექტემბერს, გ-ი, ს. მ-ი, მე-... ქ. N...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფ. თ-ა ნარკოტიკული საშუალებები - 0,00039 გრამი „კოდეინის“ (ფუძე); 0,0016 გრამი „მორფინის“ (ფუძე) და 0,0402 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება უკანონოდ გაასაღა ე. ფ-ე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

· 2019 წლის 26 სექტემბერს, გ-ი, ს. მ-ი, მე-.. ქ. N...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფ. თ-ა ნარკოტიკული საშუალებები - 0,00047 გრამი „კოდეინის“ (ფუძე); 0,0019 გრამი „მორფინის“ (ფუძე) და 0,0420 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება უკანონოდ გაასაღა ე. ფ-ე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 25 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

3.2. ფ. თ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გაუნახევრდა და მოსახდელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2019 წლის 11 სექტემბრის ეპიზოდი, 2021 წლის 21 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2019 წლის 16 სექტემბრის ეპიზოდი, 2021 წლის 21 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2019 წლის 17 სექტემბრის ეპიზოდი, 2021 წლის 21 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2019 წლის 20 სექტემბრის ეპიზოდი, 2021 წლის 21 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2019 წლის 25 სექტემბრის ეპიზოდი, 2021 წლის 21 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2019 წლის 26 სექტემბრის ეპიზოდი, 2021 წლის 21 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2019 წლის 26 სექტემბრის ეპიზოდი, 2021 წლის 21 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ფ. თ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 16 ოქტომბრიდან.

3.3. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 20 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

4. კასატორმა - მსჯავრდებულმა ფ. თ-ა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის განაჩენის გაუქმება და გამართლება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო მსჯავრდებულ ფ. თ-ს მოთხოვნას მისი უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს მსჯავრდებულ ფ. თ-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის შესახებ და მიაჩნია, რომ აღნიშნული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, უტყუარი, ურთიერთშეჯერებული და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ:

6.1. საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული მოწმე ე. ფ-ს ჩვენებით, ასევე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პოლიციის თანამშრომლების - დ. ბ-ს, ზ. ლ-ს, ზ. ქ-ის, გ. თ-ს, გ. თ-ს, ო. ჩ-ს ჩვენებებით (რომლებმაც დაადასტურეს მოცემულ საქმეზე მათი მონაწილეობითა და მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ოქმების სისწორე);

6.2. ექსპერტ დ. გ-ს ჩვენებით (რომელმაც დაადასტურა ბრალდებულისგან ხმის ნიმუშის აღების ფაქტი და მის მიერ გაცემული ფონოსკოპიური ექსპერტიზის N... დასკვნის სისწორე);

6.3. ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებით (რომლებიც ასახავს 2019 წლის 11 სექტემბერს, 16 სექტემბერს, 17 სექტემბერს, 20 სექტემბერს, 25 სექტემბერს და 26 სექტემბერს ე. ფ-ა და ფ. თ-ს შეხვედრებს და საუბრებს);

6.4. ამოღების ოქმებით (რომელთა თანახმადაც, ერთ შემთხვევაში, 2019 წლის 17 სექტემბერს გამომძიებელმა ო. ჩ-ა, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში - 2019 წლის 11 სექტემბერს, 16 სექტემბერს, 20 სექტემბერს, 25 სექტემბერს და 26 სექტემბერს გამომძიებელმა გ. თ-მ ე. ფ-ნ ამოიღეს და დალუქეს ამ უკანასკნელის მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი - ფ. თ-ნ 2019 წლის 11 სექტემბერს, 16 სექტემბერს, 17 სექტემბერს, 20 სექტემბერს, 25 სექტემბერს და 26 სექტემბერს შეძენილი და პოლიეთილენის პარკებში ,,წონაკებად’’ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალებების შემცველი ნივთიერებები);

6.5. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის N...., N.... N...., N..., N...., N... დასკვნებით (რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომელთა თანახმადაც, სხვადასხვა დროს ე. ფ-ს მიერ ფ. თ-ნ შეძენილი და ექსპერტიზაზე წარდგენილი ნივთიერებები შეიცავს სხვადასხვა რაოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“,„მორფინს“და „კოდეინს“);

6.6. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ფონოსკოპიური ექსპერტიზის N... და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული - ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეოტექნიკური ექსპერტიზის N.... დასკვნებით (რომელთა თანახმადაც, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ ვიდეოგრამებში არსებულ აუდიონაწილს, ასევე ვიდეოგრამებს არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები; ხოლო ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ ფონოგრამებში მოსაუბრე მამაკაცის ხმა და ეტალონურ ფონოგრამაში მოსაუბრე ფ. თ-ს ხმა, ტექნიკური თვალსაზრისით, ერთმანეთის იდენტურია);

6.7. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N... დასკვნით (რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლის თანახმადაც, სიგარეტის კოლოფზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ფ. თ-ს);

6.8. მოწმეების - გ. ლ-ა და ს. მ-ის ჩვენებებით, სს „თ-ან“ გამოთხოვილი - გ. ლ-ის (პ/ნ ....) საბანკო ანგარიშის ამონაწერის, ბანკომატებიდან თანხის განაღდების ამსახველი ფოტომასალით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

7. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება მსჯავრდებულ ფ. თ-ის საკასაციო საჩივრის მოტივს, რომ ვინაიდან ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N.... დასკვნის თანახმად, მისი გენეტიკური პროფილი არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებების შემცველი ნივთიერებების შესაფუთ მასალაზე (არცერთ წონაკზე) და მხოლოდ სიგარეტის კოლოფზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მსჯავრდებულს, აღნიშნული გარემოება ადასტურებს მის უდანაშაულობას.

7.1. ამ საკითხზე მსჯელობისას საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიუთითებს, რომ კასატორის მსჯელობა არის დაუსაბუთებელი, რადგან შესაძლებელია ობიექტზე არ აღმოჩნდეს ბიოლოგიური მასალა, მიუხედავად მასზე ხელით შეხებისა. ობიექტზე ბიოლოგიური მასალის შენარჩუნება დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მაგალითად, თავად საგნისა თუ ობიექტის თვისებრიობაზე, კლიმატურ პირობებზე, ასევე შესაძლებელია, სხვა ბიოლოგიური მასალა იყოს ბევრად მეტი, გადაფაროს კონკრეტული ადამიანის ბიოლოგიური მასალა და არ გამოვლინდეს გენეტიკურ პროფილში. ამდენად, აღნიშნული გარემოება უპირობოდ არ წარმოადგენს გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს (მაგალითისათვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები №96აპ-17; №262აპ-17).

7.2. აღნიშნულთან დაკავშირებით საყურადღებოა ის გარემოებებიც, რომ ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N.... დასკვნის თანახმად: ექსპერტიზაზე წარდგენილ პაკეტში, წარწერით ,,...შესაფუთი მასალა...’’ მოთავსებულ პოლიეთილენის ფრაგმენტსა და ძაფზე გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა; ზოგიერთ პაკეტში წარწერით ,,...შესაფუთი მასალა...’’ მოთავსებულ პოლიეთილენის ფრაგმენტებსა და ძაფებზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკურ პროფილებში არ ვლინდება ფ. თ-ს გენეტიკური თანამონაწილეობა; ხოლო პაკეტში წარწერით: „FCD761373... შესაფუთი მასალა...“ მოთავსებულ სიგარეტის კოლოფზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N7) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ფ. თ-ს. საკასაციო სასამართლო, სააპელაციო პალატის მსგავსად, მხედველობაში იღებს იმ ფაქტსაც, რომ როგორც საგამოძიებო მოქმედებების ოქმებიდან ირკვევა, თითოეულ შემთხვევაში ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით, ექსპერტიზის დასკვნებში (რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად) კი მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვლევი ობიექტები იყო დალუქული და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა.

7.3. ამასთან, ფ. თ-ს მიერ ე. ფ-ის „პარლამენტის“ ფირმის სიგარეტის კოლოფით ნარკოტიკული საშუალების შემცველი ნივთიერების გადაცემის ფაქტი უტყუარად დასტურდება როგორც მოწმე ე. ფ-ს ჩვენებით, ისე 2019 წლის 25 სექტემბერს ე. ფ-ა და ფ. თ-ს შეხვედრის ამსახველი ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერით, სადაც ჩანს, რომ ე. ფ-ი გ. ლ-ს ანგარიშზე 170 ლარის ჩარიცხვის შემდეგ ავტომანქანით ხვდება ფ. თ-ს და ავტომანქანაში მჯდომი თ-ი ე. ფ-ს გადასცემს ,,პარლამენტის ფირმის სიგარეტის კოლოფს, რის შემდეგაც ე. ფ-ი კოლოფიდან იღებს თავმოკრულ პოლიეთილენის პაკეტს ე.წ ,,წონაკს’’ და ვიდეოკამერის წინ ახდენს მის დემონსტრირებას; 2019 წლის 25 სექტემბრის ამოღების ოქმის თანახმად, ე. ფ-ნ ამოიღეს მის მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი, ფ. თ-ის მიერ გადაცემული „პარლამენტის“ ფირმის მოთეთრო სიგარეტის კოლოფი, რომელშიც მოთავსებული იყო მოთეთრო ძაფით თავმოკრული ერთი პოლიეთილენის პარკის ,,წონაკი’’ მასში არსებული ფხვნილისებრი ნივთიერებით, რაც აღწერის შემდეგ დაილუქა ქაღალდის კონვერტებში - შსს. ც.კ.პ.დ. №19 ლუქით, დაესვა თარიღი და გაკეთდა ხელმოწერები. ქიმიური ექსპერტიზის N... დასკვნის თანახმად კი, ექსპერტიზაზე წარდგენილი, 2019 წლის 25 სექტემბერს ე. ფ-ნ ამოღებული საკვლევი ობიექტები (მათ შორის სიგარეტის კოლოფი, რომელზეც არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N7) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ფ. თ-ს) დალუქული იყო სწორედ იმ ლუქით, რაც მითითებულია ზემოაღნიშნულ ოქმში და პაკეტის შეფუთვისა და დალუქვის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა, რაც გამორიცხავს ეჭვს მტკიცებულებების შესაძლო გამოცვლის ან მისი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის შესახებ.

8. უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით უტყუარად არ დასტურდება ფ. თ-ის მიერ „თ-ი“ გ. ლ-ის სახელზე გახსნილი ანგარიშის დანაშაულებრივი გზით თანხების მისაღებად გამოყენება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს მოსაზრება არ შეესაბამება რეალობას, კერძოდ: როგორც თავად მოწმე გ. ლ-მ განმარტა, „თ-ი“ მივიდა ფ. თ-ნ ერთად, სადაც, მისივე თხოვნით, გახსნა ანგარიში, აიღო პლასტიკური ბარათი და გადასცა ფ. თ-ს, რომელსაც მისთვის არ უთქვამს, თუ რისთვის სჭირდებოდა ბარათი; მისივე ჩვენებით, ბანკში აღებული ბარათით მას არასდროს უსარგებლია, მისთვის უცნობია, რა თანხები ირიცხებოდა ბარათზე და არც ჩარიცხვასთან დაკავშირებით შეტყობინებები მისვლია. ის გარემოება, რომ ე. ფ-ს მიერ, მსჯავრდებულ ფ. თ-ის მითითებით, სწორედ გ. ლ-ს ანგარიშზე ირიცხებოდა ნარკოტიკული საშუალების შესაძენად ოპერატიული მიზნებისთვის გამოყოფილი, გამომძიებლის მიერ გადაცემული თანხები, დასტურდება მოწმე ე. ფ-ის ჩვენებით, რომლის თანახმადაც, იგი საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში, ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენისას - ექვსივე შემთხვევაში, ფ. თ-ის მითითების შესაბამისად, მის სახლთან ახლოს მდებარე მარკეტში არსებულ „თ-ის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან გ. ლ-ის საბანკო ანგარიშზე (ამ უკანასკნელის პირადი ნომრის მეშვეობით, რომელიც თავად ფ. თ-ა უთხრა მას შეხვედრის დროს) რიცხავდა პოლიციის თანამშრომლების მიერ გადაცემულ თანხას - 170 ლარს. გარდა ამისა, ე. ფ-ს ჩვენება, მის მიერ ფ. თ-ის მითითებით, გ. ლ-ის ანგარიშზე თანხების ჩარიცხვასთან დაკავშირებით თანხვდენილია საქმეში წარმოდგენილ - ე. ფ-ა და ფ. თ-ის შეხვედრებისა და საუბრების ფარულ აუდიო/ვიდეოჩანაწერებთან, რომლებიც ადასტურებს ფ. თ-ს საუბარს თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებით და სადაც ნათლად ჩანს ასევე ე. ფ-ის მიერ თითოეულ შემთხვევაში - „თ-ის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მეშვეობით 170 ლარის ჩარიცხვა და ანგარიშის მფლობელის სახელი და გვარი - ,, გ. ლ-ე’’, ასევე პირადი ნომერი - ..... აღნიშნული გარემოება დასტურდება საქმეში წარმოდგენილი - „თ-ნ“ გამოთხოვილი ინფორმაციითაც - გ. ლ-ს (პ/ნ ....) საბანკო ანგარიშის ამონაწერებით, სადაც ფიქსირდება - 2019 წლის 11 სექტემბერს, 16 სექტემბერს, 17 სექტემბერს, 20 სექტემბერს, 25 სექტემბერს და 26 სექტემბერს ე. ფ-ის მიერ დასახელებული თანხების ჩარიცხვა.

8.1. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია: ის გარემოება, რომ სს ,,თ-ნ’’ გამოთხოვილ მასალებში არ მოიპოვება მოცემულ საქმეზე გამოძიების დაწყების შემდეგ - 2019 წლის 11 სექტემბრიდან 2019 წლის 26 სექტემბრის ჩათვლით ბანკომატიდან თანხის განაღდების ამსახველი ფოტომასალა, ვერ გახდება საქმეში წარმოდგენილიი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე დადგენილი გარემოებების საეჭვოდ მიჩნევისა და მათი არგაზიარების საფუძველი, მითუფრო იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხვისას, „თ-ის“ სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობის ქვეგანყოფილების მენეჯერმა - მოწმე ს. მ-მ დაადასტურა, რომ მან სასამართლოს განჩინების საფუძველზე სრულად მიაწოდა გამოძიებას მის ხელთ არსებული სრული ინფორმაცია, რაც მოიპოვებოდა პროგრამულად - განჩინებაში მითითებული პერიოდის როგორც გ. ლ-ის ანგარიშიდან ამონაწერი, ასევე ბანკომატიდან თანხის განაღდების ამსახველი ფოტომასალა, რომელიც ასახავს ბანკომატში ბარათის მოთავსების მომენტიდან ინფორმაციას - დროების მითითებით, რასთან დაკავშირებითაც, გამომძიებელმა შეადგინა შესაბამისი ოქმი. რაც შეეხება 2019 წლის 11 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში თანხის განაღდების ამსახველ ფოტომასალას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, მართალია, არ ყოფილა წარმოდგენილი ფოტოსურათები, რომლებიც ზემოაღნიშნულ პერიოდში ფ. თ-ის მიერ ბანკომატებიდან ფულადი თანხების გამოტანას დაადასტურებდა, მაგრამ ბანკიდან გამოთხოვილი ინფორმაციით - გ. ლ-ის საბანკო ანგარიშიდან ამონაწერითა და ბანკომატიდან თანხის განაღდების ამსახველი ფოტომასალით დასტურდება, რომ ფ. თ-ი 2019 წლის 11 სექტემბრამდე სარგებლობდა გ. ლ-ს საბანკო ბარათით და ფიქსირდებოდა ბანკომატებთან.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება მსჯავრდებულ ფ. თ-ს მიერ საკასაციო საჩივარში განვითარებულ მსჯელობას იმის თაობაზე, რომ თითქოს, დაცვის მხარის მოწმის - ა. მ-ს ჩვენებით დასტურდება ფ. თ-ის მიმართ მუქარისა და ზეწოლის ფაქტები და ის გარემოება, რომ ფ. თ-ს ნარკოტიკსა და ფულთან არანაირი შეხება არ ჰქონია.

9.1. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას მოწმე ა. მ-ის ჩვენებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ა. მ-ი არ არის მის მიერ მითითებული რაიმე გარემოების/ფაქტის თვითმხილველი და მისივე ჩვენების თანახმადაც, ის გადმოსცემს მსჯავრდებულ ფ. თ-ს მიერ მისთვის მიწოდებულ ინფორმაციას და საკუთარ მოსაზრებებს საქმესთან დაკავშირებით. მოწმის ჩვენება არის ირიბი; ა. მ-ის მიერ ჩვენებაში მითითებული გარემოებები განპირობებულია ფ. თ-ა და მისი ურთიერთდამოკიდებულებით და ემსახურება ფ. თ-ს მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას, რასაც ადასტურებს ასევე საქმეში წარმოდგენილი არაერთი გარემოება.

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმადაც, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად უნდა განმარტონ გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ასპექტების მოტივაცია (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ბოლდეა რუმინეთის წინააღმდეგ“; Boldea v. Romania, 19997/02, § 30, 15.02.2007), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“, (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], #39630/09, § 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], #29750/09, § 48, 16.09.2014).

11. ამდენად, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ფ. თ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე