საქმე # 330100120003463735
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №466აპ-22 ქ. თბილისი
მ-ი ა, 466აპ-22 12 სექტემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თამარ იაკობიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ა. მ-ს, - დაბადებულს ... წლის ... იანვარს, - ბრალად ედება მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2020 წლის 3 იანვარს, ქ. თ-ი, ა-ს ...-ე დ-ის ქუჩა N...-ში მდებარე ბინა N...ა-ში, ა. მ-ი შვილს - ლ. მ-ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა რომ შუბლს გაუხვრეტდა, რა დროსაც ლ. მ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
· 2020 წლის 3 იანვარს, ქ. თ-ი, ა-ს ...-ე დ-ს ქ N...-ში მდებარე ბინა N..ა-ში, ა. მ-ი უკანონოდ ინახავდა მასზე რეგისტრირებულ, ტოკარევის (TT) კონსტრუქციის 7,62 მმ კალიბრიან ცეცხლსასროლ იარაღს და სამ ცალ, ქარხნული წესით დამზადებულ, ტოკარევის (TT) კონსტრუქციის ვაზნას, რაც ამოიღეს ა. მ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 მარტის განაჩენით:
2.1. ა. მ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
2.2. ა. მ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
2.3. გამართლებულს განემარტა უფლება, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა თამარ იაკობიძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 მარტის განაჩენის გაუქმება, ა. მ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მკაცრი სასჯელის შეფარდება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. კასატორი - თამარ იაკობიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს ა. მ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა ის ჩამონათვალი, რომელიც პროკურორს აღნიშნული ბრალდების დამადასტურებლად აქვს საჩივარში მიმოხილული, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით არ ადასტურებს ა. მ-ის მიერ სიცოცხლის მოსპობის მუქარის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის ჩადენას.
7. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
8. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლო მტკიცებულებათა შეფასების პროცესში ხელმძღვანელობს „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით, რომელიც, თავის მხრივ, გულისხმობს საკმარისად ცხად, აშკარა და ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა თანაარსებობას; მოცემული მტკიცებულებები ერთმანეთს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს (იხ. საქმე ,,ავშარი თურქეთის წინააღდეგ,“ (Avsar v. Turkey), N25657/94, 10/07/2001, §282). მსჯავრდება არ უნდა ემყარებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებებს, რომელთა საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არსებობს (იხ. საქმე ,,ბარბერა, მესეგე და ჯაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ,“ (Barberà, Messegué and Jabardo), N10590/83, 06/12/1988, §77). ევროპულმა სასამართლომ საქმეში Capeau v. Belgium (იხ. საქმე ,,კაპო ბელგიის წინააღმდეგ,“ N42914/98, 13/01/2005, §25) აგრეთვე მიუთითა, რომ ყოველი მტკიცებულების მხედველობაში მიღება უნდა მოხდეს მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ფონზე და იგი „inter alia” გულისხმობს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი უნდა დაეკისროს ბრალმდებელს.
9. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდებში კასატორის მიერ მითითებულ მტკიცებულებებს მიმოიხილავს ცალ-ცალკე და შეაფასებს მათ შესაბამისობას გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებით სტანდარტთან.
10. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდი:
10.1. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულაციურად უნდა დადგინდეს, როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი - საფუძვლიანი შიშის გაჩენა - მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ - სხვა ობიექტური კრიტერიუმებიც.
10.2. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს.
10.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად (N140აპ-21, N65აპ-20 განაჩენები), მუქარის ნაწილში გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენები დარჩა უცვლელად, ვინაიდან დაზარალებულებმა სასამართლოს არ მისცეს ბრალდებულის საწინააღმდეგო ჩვენებები, ხოლო სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება სხვა, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირისათვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
10.4. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა ლ. მ-ა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული უფლებით და თავისი ახლო ნათესავის (მამის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მუქარის განხორციელების შემთხვევაში დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მტკიცებულებას, რომლის გარეშეც რთულდება პირის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დამნაშავედ ცნობა, მითუფრო, როცა საქმეში არ არსებობს სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა დაზარალებულის მიერ განცდილი შიშის დასადასტურებლად.
10.5. ა. მ-ა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა რომ შვილს - ლ. მ-ს არ დამუქრებია; რაც შეეხება იარაღს, მისი შენახვის უფლება აქვს.
10.6. მოწმე ვ. ფ-ის პატაკით ირკვევა, რომ ლ. მ-ა განაცხადა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამის - ა. მ-ის მხრიდან სიცოცხლის მოსპობით დამუქრების თაობაზე; მანვე განმარტა, რომ ა. მ-ი სახლში ინახავდა ცეცხლსასროლ პისტოლეტსა და თოფს. ანალოგიური ინფორმაცია დაადასტურა მოწმემ, პატრულ-ინსპექტორმა კ. ჭ-მ. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწმეები - ვ. ფ-ი და კ. ჭ-ე გამოკითხვისას (უდავო მტკიცებულებები), მართალია, ადასტურებენ, რომ ლ. მ-ა მათ აცნობა ა. მ-ს მხრიდან ჩადენილი მუქარის თაობაზე, თუმცა არც პატაკსა და არც გამოკითხვის ოქმში არ მიუთითებენ, რომ ლ. მ-ი მუქარის შედეგად განიცდიდა მუქარის განხორციელების საფუძვლიან შიშს. პატაკითა და გამოკითხვის ოქმებით არ დასტურდება, რომ ლ. მ-ა განაცხადა შიშის განცდის თაობაზე ან არავერბალურად მაინც ეტყობოდა შიში. მოწმეთა გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია იდენტურია და ასახავს მხოლოდ იმ ფაქტს, რომ ლ. მ-ა დაადასტურა სიცოცხლის მოსპობის მუქარის არსებობის ფაქტი და მიუთითა ცეცხლსასროლ იარაღზე.
10.7. ის ფაქტი, რომ ლ. მ-ს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში არ განუცდია, დადასტურებულია უდავო მტკიცებულებით - მოწმე კ. ჭ-ს მიერ ამავე ფაქტზე 2020 წლის 3 იანვარს შედგენილი N.... შემაკავებელი ორდერის ოქმით, კერძოდ, ოქმის მე-4 პუნქტის (მსხვერპლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია), ქვეპუნქტი 1. კითხვაზე, ფიქრობდა თუ არა, რომ მოძალადე ჯანმრთელობის დაზიანებას მიაყენებდა, მოკლავდა მას, მის შვილებს ან სხვა ახლობელს, ლ. მ-ის მიერ პასუხი დაფიქსირებულია - არა. ქვეპუნქტ 7-ში ლ. მ-ი უარყოფს მუქარის განხორციელებისას ცეცხლსასროლი იარაღის რაიმე ფორმით (დამიზნება, დემონსტრირება და ა.შ) გამოყენებას, ხოლო მე-10 ქვეპუნქტში კი კითხვაზე, მოძალადე დაგემუქრათ მოკვლით ან/და ჯანმრთელობის დაზიანებით, ლ. მ-ს პასუხი არის - არა.
10.8. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არ არსებობს აშკარა, ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ა. მ-ა ლ. მ-ის მიმართ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა.
11. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდი:
11.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის მტკიცებულებათა ხარისხობრივ მოთხოვნასთან ერთად ადგენს მათი საკმარისობის კონსტიტუციურ სტანდარტსაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, „ბრალდების მხარის იმპერატიული ვალდებულებაა სისხლის სამართლის საქმის სრულყოფილი გამოძიების წარმოება, მტკიცებულებათა მოპოვება, მათი გამყარება და პირის ბრალეულობის დასადასტურებლად იმგვარი სამხილების წარმოდგენა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა მიუთითებს პირის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. აღნიშნული მოთხოვნის დაუცველობა, თავისთავად, ზრდის მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში შეცდომის, თვითნებობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკებს“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-103).
11.2. 2020 წლის 3 იანვარს ქ.თ-ი, ა-ს ...-ე დ-ის ქუჩა N..-ში მდებარე, ა. მ-ის ბინა N...-ში ჩატარდა ჩხრეკა, რის შედეგად მის საძინებელ ოთახში არსებული კარადის ზედა თაროდან ამოიღეს შავი ფერის ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგანი, წარწერით „БB5571,“ მასში მოთავსებული ერთი მჭიდითა და სამი ვაზნით. საცხოვრებელი სახლის მისაღები ოთახის მაგიდიდან ასევე ამოიღეს ა. მ-ს სახელზე გაცემული ორი იარაღის რეგისტრაციის მოწმობა, რომელთაგან ერთის ნომერია - ......, გაცემის თარიღი - 06.04.2015, სადაც მითითებულია ცეცხლსასროლი იარაღი „TT“ „БB5571“ ნომრით და 7,62მმ კალიბრით. მოწმობაში ა. მ-ს საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ა-ი, სოფელი უ-ე. მეორე მოწმობის ნომერია - ...., გაცემის თარიღი - 26.02.2015 წელი, სადაც მითითებულია თოფი, ცეცხლსასროლი „IZH-K,“ რომლის ნომერია N6050 П. მოწმობაში ა. მ-ს საცხოვრებელ ადგილად ასევე მითითებულია ა-ი, სოფელი უ-ე.
11.3. ბალისტიკური ექსპერტიზის N... დასკვნით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი, ქარხნული წესით დამზადებული, 1930/33 წლების ნიმუშის ტოკარევის (TT) კონსტრუქციის 7,62 მმ კალიბრიანი პისტოლეტი БB5571 ვარგისია სროლისათვის და მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას. პისტოლეტზე რაიმე კონსტრუქციული გადაკეთების კვალი არ აღინიშნება; ექსპერტიზაზე წარდგენილი (პისტოლეტთან ერთად დალუქული) 3 ცალი ქარხნული წესით დამზადებული, 1930 წლის ნიმუშის, 7,62X25მმ კალიბრიანი ვაზნა განკუთვნილია ტოკარევის (TT) კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის და სხვა, მათ შორის წარდგენილი პისტოლეტისათვის. წარდგენილი ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად; ექსპერტიზაზე წარდგენილი „ИЖ-K“ მოდელის, 16 კალიბრიანი გლუვლულიანი, ერთლულიანი სანადირო თოფი N6050П/6050P დამზადებულია ქარხნული წესით, მიეკუთვნება გლუვლულიან სანადირო ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. წარდგენილ იარაღზე კონსტრუქციული გადაკეთების კვლები არ აღინიშნება; ექსპერტიზაზე წარდგენილი (თოფთან ერთად დალუქული) 3 ცალი ქარხნული წესით დამზადებული 16 კალიბრიანი ვაზნა განკუთვნილია ამავე კალიბრის გლუვლულიანი სანადირო თოფებისთვის, მათ შორის წარდგენილი თოფისთვის. ვაზნები ვარგისია გამოსაყენებლად და წარმოადგენს გლუვლულიანი სანადირო თოფებისათვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას.
11.4. 2020 წლის 6 იანვრის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის (სამმართველო)/იარაღის აღრიცხვის განყოფილების უფროსის - მ. ნ-ს გამომძიებლისადმი მიმართვით (უდავო მტკიცებულება) დადგინდა, რომ ა. მ-ის ძე მ-ს სახელზე რეგისტრირებულია TT - TT N БB 5571 პისტოლეტი, (A უფლება აქვს შეინახოს საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღი) და IZH - KN 6050 II თოფი, ( B უფლება აქვს შეინახოს და ატაროს საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღი). ა. მ-ს ჰქონდა თუ არა რეგისტრირებულ იარაღთა შესაბამისი წესით გადატანის ნებართვა, მათთვის უცნობია.
11.5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსი გამომძიებლისადმი 2020 წლის 9 იანვრის მიმართვით დადგინდა, რომ ა. მ-ს ძე მ-ის (დაბადებული 01.01.1938 წელს, პირადი N....) სახელზე რეგისტრირებულია სანადირო გლუვლულიანი თოფი „IZH - K,“ N6050 П რეგისტრაციის თარიღი: 26.02.2015 წ, მისამართი: ა-ი, ს. უ-ე (გაცემულია ,,B“ კატეგორიის ნებართვა NIE0194435 შენახვისა და ტარების უფლებით და პისტოლეტი ,,TT“, N БB 5571 რეგისტრაციის თარიღი: 06.04.2015 წელი, მისამართი: ადიგენი, ს. უდე (გაცემულია ,,A“ კატეგორიის ნებართვა NIE0196590 შენახვის უფლებით). ა. მ-ს იარაღების რეგისტრაციის თარიღიდან დღემდე შსს მომსახურების სააგენტოდან რაიმე სახის ნებართვის მისაღებად (მათ შორის შენახვის ადგილის შეცვლის მიზნით) მომსახურების სააგენტოსთვის არ მიუმართავს.
11.6. ამდენად, საკასაციო სასამართლოს, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მსგავსად, დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ა. მ-ს უფლება ჰქონდა, კანონიერად შეენახა მის საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღი, თუმცა მან დაარღვია იარაღის შენახვის წესი, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციული და არა - სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებას, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ნებართვის მქონე პირის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის შენახვის წესის დარღვევა გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 200-დან 400 ლარამდე.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა ბრალდების მხარის მითითება, რომ სასამართლომ უგულებელყო დადგენილი გარემოებები და ბრალდებულის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ა. მ-ს ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაში და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. ამასთან, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება მხოლოდ ბრალმდებელს. მოცემულ პრინციპს განამტკიცებს ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი და ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომლის თანახმად, უდანაშაულობის პრეზუმფცია საქმის სამართლიანად განხილვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს და სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში დასახელებული პრინციპი მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Kornilov v. Russia, N50624/09, 22/11/2016, §28; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93). საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. შესაბამისად, დასახელებულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ვერ გადალახა.
13. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თამარ იაკობიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე