საქმე # 020100120004200483
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №485აპ-22 ქ. თბილისი
ჯ-ა ე, 485აპ-22 12 სექტემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 თებერვლის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ე. ჯ-ს, - დაბადებულს ... წლის ... იანვარს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2020 წლის ოქტომბრის დასაწყისში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ნასამართლევმა ე. ჯ-მ წ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-ი მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის დროს, ყელის არეში ხელი ძლიერად მოუჭირა მამას - ა. ჯ-ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე, ე. ჯ-ა სისტემატურად, ყოველდღიურად სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მამას - ა. ჯ-ს, კერძოდ, მიმართავდა სალანძღავი სიტყვებით და აგინებდა, რის შედეგადაც ა. ჯ-მ განიცადა ტანჯვა.
· 2020 წლის 8 ნოემბერს, ღამის საათებში, წ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-ი მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, მთვრალი ე. ჯ-ა იმ მიზეზით, რომ მშობლებმა არ მისცეს მისთვის სასურველი თანხა, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მამას - ა. ჯ-ს, კერძოდ, სამართებლის მჭრელი პირის დემონსტრირებით უთხრა, რომ გამოჭრიდა ყელს და მოკლავდა, რაც ა. ჯ-მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 ნოემბრის განაჩენით:
2.1. ე. ჯ-ა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
2.2. ე. ჯ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.
2.3. გამართლებულს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 თებერვლის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მაია ჯაბუამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 თებერვლის განაჩენის გაუქმება, ე. ჯ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და შესაბამისი სასჯელის შეფარდება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ე. ჯ-ს მიერ მამის - ა. ჯ-ს მიმართ ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენას.
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დასჯადია ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მსუბუქი, ნაკლებად მძიმე ან მძიმე ხარისხის დაზიანება.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულაციურად უნდა დადგინდეს როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი - საფუძვლიანი შიშის გაჩენა - მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ - სხვა ობიექტური კრიტერიუმებიც. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს.
9. დაზარალებულ ა. ჯ-ს ჩვენებით ირკვევა, რომ ე. ჯ-ა არის მისი შვილი, იგი ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს. შემთხვევის დღეს ე-ი აგრესიული იყო, ყელზე ხელი წაავლო და ახრჩობდა, შვილიშვილმა უშველა. ხელის მოჭერა ეტკინა. ე. ჯ-ს ფულიც უნდოდა ალბათ, დაგახრჩობთო, ამბობდა, ხელში სამართებელივით რაღაც ეჭირა. მეუღლესთან ერთად დაიმალა ეზოში. ერთი დღე იმალებოდნენ. აღნიშნულის გამო ძალიან შეეშინდა.
10. მოწმე ნ. ლ-ს ჩვენებით ირკვევა, რომ ე. ჯ-ს მშობლებმა უთხრეს, არ შეგვიძლია ამდენის გაძლება, ქალიშვილთან დაგვარეკინეო. ე. ჯ-ს და ტელეფონით ეუბნებოდა მათ, დარეკეთ 112-ში და პატრული გამოიძახეთო. ე-ს დედა აღელვებული იყო. ე-ს მამის სიმთვრალე და სიმთვრალეში ყვირილის ხმა ხშირად გაუგია.
11. მოწმე მ. გ-მ სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ არ სურს შვილის წინააღმდეგ მისცეს ჩვენება.
12. მოწმე ლ. ჯ-ს გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ არის დაზარალებულ ა. ჯ-ს შვილი. 2020 წლის 9 ნოემბერს, დილის საათებში, მას ტელეფონით დაუკავშირდა მამა, რომელმაც უთხრა, რომ ე-ი (მისი ძმა) ძალადობდა მშობლებზე და ემუქრებოდა მათ სიცოცხლის ხელყოფით. აღნიშნულის გამო მან დარეკა 112-ში. მოწმის განმარტებით, ე-ი ხშირად სვამდა, თუმცა იგი არასოდეს შესწრებია ძმის ძალადობას მშობლებზე.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ე. ჯ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებების დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება - დაზარალებულ ა. ჯ-ს ჩვენება, რომელიც ამხელს მას დანაშაულის ჩადენაში.
14. მოწმე ნ. ლ-ს ჩვენება არ შეიცავს ე. ჯ-ს მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაციას. მოწმე მ. გ-მ შვილის (ე. ჯ-ს) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. მოწმეები - ლ. ჯ-ა, ი. ც-ა და ლ. ჩ-ა არ არიან ფაქტის თვითმხილველნი, შესაბამისად, მათი ჩვენებები ირიბია. სასამართლო აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
15. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული ოქმით ვერ დასტურდება ე. ჯ-ს მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა.
16. პროკურორი საკასაციო საჩივარში აპელირებს ასევე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე, თუმცა საქმეში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა წარმოდგენილი არ არის.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის მიერ მითითებული საქმის მასალები არ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ე. ჯ-ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის - „in dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ე. ჯ-ა გაამართლეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
18. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
19. ამდენად, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
20. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე