Facebook Twitter

საქმე # 330100119002951758

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №502აპ-22 ქ. თბილისი

ჯ-ი რ, 502აპ-22 12 სექტემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ჯ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს, სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 ნოემბრის განაჩენით:

1.1. რ. ჯ-ი, - დაბადებული .... წლის .... სექტემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 15 მარტიდან.

1.2. რ. ჯ-ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ჯ-ა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. რ. ჯ-ა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 21,782 გრამი ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინის“ შემცველი მოყავისფრო ნივთიერება ფხვნილის სახით, რაც 2019 წლის 15 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ამოიღეს დ-ის რაიონში, მ-ის მე-.. კილომეტრზე, ბ-ის გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, რ. ჯ-ის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 მარტის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 ნოემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

3.2. რ. ჯ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მეშვიდე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, შეუმცირდა ¼-ით და მოსახდელად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 15 მარტიდან.

3.3. რ. ჯ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, ხოლო 10 წლით - აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

4. კასატორმა - მსჯავრდებულ რ. ჯ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ს-ა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 მარტის განაჩენის გაუქმება და რ. ჯ-ის უდანაშაულოდ ცნობა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია რ. ჯ-ის ბრალეულობა მისთვის შერაცხულ ქმედებაში, ესენია: მოწმეების - ლ. კ-ის, კ. ბ-ის, რ. ზ-ის, ვ. ა-ის, ა. ა-ის, ნ. ზ-ის, თ. შ-ა და სხვათა ჩვენებები, პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის ოქმები, დაკავების ოქმი, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის №.... დასკვნა, საზღვრის კვეთის დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებები.

7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეების - კ. ბ-ის, რ. ზ-ა და ვ. ა-ის ჩვენებები საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით არის თანმიმდევრული და ამ ჩვენებებში არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები არ იკვეთება. აღნიშნულმა მოწმეებმა დეტალურად და თანმიმდევრულად განმარტეს შემდეგი:

7.1. 2019 წლის თებერვალში ხელმძღვანელობისგან მათთვის ცნობილი გახდა, რომ მიღებული იყო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, რ. ჯ-ი იყო ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი და საცხოვრებელ სახლში ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე სასამართლომ გასცა განჩინებები რ. ჯ-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკასთან დაკავშირებით, მაგრამ ვინაიდან მან გადალახა ს-ს სახელმწიფო საზღვარი და არ იმყოფებოდა ს-ი, ვერ ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები. 2019 წლის მარტში განმეორებით მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, რ. ჯ-ი აპირებდა ს-ი შემოსვლას და თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნულის საფუძველზე სასამართლოდან კვლავ მიიღეს განჩინებები პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ჩატარებაზე ნებართვის გაცემის შესახებ. ვინაიდან დადგინდა, რომ ჯ-ა გადმოკვეთა ს-ოს საზღვარი და მოემართებოდა თ-ნ, პოლიციელები ჩავიდნენ დ-ის რაიონში მისი პირადი ჩხრეკის ჩატარების მიზნით. რ. ჯ-ის პირადი ჩხრეკა ჩატარდა სასამართლოს განჩინების საფუძველზე. თითოეულმა მოწმემ დაადასტურა, რომ მ-ის მე-... კილომეტრზე, ბ-ის გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც დაახლოებით 80 კილომეტრით არის დაშორებული ლ-ს გამშვები პუნქტიდან, დაინახეს და ამოიცნეს რ. ჯ-ი. იგი ამ დროს მარტო იჯდა გზის სავალი ნაწილის გვერდით გაჩერებულ, წითელი ფერის „ვაზ 2106“ მარკის ავტომანქანაში. მივიდნენ მასთან და ჩაატარეს მისი პირადი და ავტომანქანის ჩხრეკა. მოწმე პოლიციელთა ჩვენებები ასევე თანხვდენილია და თანმიმდევრულად აღწერს რ. ჯ-ის ქალაქის მთავარ სამმართველოში გადაყვანის პროცედურას.

8. მოწმეების - კ. ბ-ის, რ. ზ-ა და ვ. ა-ს ჩვენებები სრულად შეესაბამება სასამართლო სხდომაზე დაკითხული პირის - თ. ა-ნ ა-ის ჩვენებას. მოწმემ, პოლიციელების ჩვენებების მსგავსად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას კონკრეტულად და დეტალურად ახსნა ის გარემოებები, თუ სად და რა ვითარებაში აღმოაჩინეს ნარკოტიკული ნივთიერებები. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწმე ა. ა-ის ჩვენების სისწორეში და ზოგადად, მის ობიექტურობასა და ნეიტრალურობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, უსაფუძვლოა დაცვის მხარის მოსაზრება, რომ თითქოს, მოწმის სახით დაკითხული თარჯიმანი ა. ა-ი დაინტერესებულია რ. ჯ-ს პიროვნებით.

9. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას გამომძიებელმა ნ. ზ-ა დაადასტურა მის მიერ/მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა და სინამდვილე. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ რ. ჯ-ს წარუდგინა ბრალი და გამოკითხა. მოწმემ აღნიშნა, რომ ბრალდებულს რაიმე სახის პრეტენზია, მათ შორის მისი უფლებების დარღვევის შესახებ, არ გამოუთქვამს.

10. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას თარჯიმანმა თ. შ-მ დაადასტურა მის მიერ რ. ჯ-ის პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში გადმოცემული ინფორმაციის თარგმნა და აღნიშნა, რომ გარდა ამისა, იგი იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც რ. ჯ-ნ უნდა აეღოთ ნიმუში, თუმცა ვერ შესრულდა მისი წინააღმდეგობის გამო.

11. მოწმე პოლიციელების ჩვენებებში მითითებული ინფორმაცია თანხვდენილია და დასტურდება საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით, კერძოდ: პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის ოქმებით დადასტურებულია, რომ ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად მისი მოლურჯო ფერის ქურთუკის გარეთა, მარცხენა ჯიბიდან ამოიღეს თეთრი ქაღალდის ნაჭერში გახვეული, პოლიეთილენის ნაჭრებში სამ შეკვრად დაფასოებული, მუქი ფერის ფხვნილისებრი ნივთიერება, ხოლო ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, სიჩქარეების გადამრთველი ბერკეტის მარჯვენა მხარეს არსებული პლასტმასის დეტალის შიდა მხრიდან ამოიღეს პოლიეთილენის ნაჭრებში სამ შეკვრად დაფასოებული, მუქი ფერის ფხვნილისებრი ნივთიერება. საქმეზე ჩატარებული, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის №.... დასკვნითა და ექსპერტების ჩვენებებით დადგენილია, რომ ყველა საკვლევი ობიექტი ექსპერტს გადაეცა შეფუთული და დალუქული. ლუქების მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა.

12. კასატორი - ადვოკატი ა. ს-ი მსჯავრდებულ რ. ჯ-ს ინტერესების დასაცავად თავის საჩივარში აღნიშნავს, რომ მას სრულიად უსაფუძვლოდ შეერაცხა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპყუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. კასატორის განმარტებით, ყველაფერი დაგეგმა ვინმე ა. (ა.) მ-ა და შეასრულებინა პოლიციას, პოლიციის თანამშრომელ ვინმე „ბ-ს“.

13. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე რ. ჯ-ის მსჯავრდებასთან დაკავშირებით, მისი უარყოფის მიზნით, კასატორის მიერ საჩივარში წარმოდგენილ პოზიციას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და მიუთითებს, რომ გარდა დაცვის მხარის მითითებისა, ამ ვერსიას არაფერი ადასტურებს. დაცვის მხარის ვერსიის თანახმად, ერთი პირი - ვინმე ა. (ა.) მ-ი ართმევს ბიზნესს მსჯავრდებულს და ამაში ეხმარებიან სამართალდამცავი სტრუქტურებიც. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ ფონზე არ არსებობს არანაირი საჩივარი, მიმართვა სამართალდამცავი ორგანოებისათვის ან/და სხვა ნებისმიერი სახის რეაგირების მცდელობა რ. ჯ-ის მხრიდან, რაც დაადასტურებდა, რომ მას მართლაც ვინმე ავიწროებდა და შეეცადა, უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მეშვეობით დაეცვა თავისი უფლებები.

14. სრულიად ალოგიკურია ადვოკატის განმარტება, რომ თითქოს, რ. ჯ-ა და ვინმე ა. (ა.) მ-ა იჩხუბეს და ამ უკანასკნელმა, აღინიშნულის გამო, დააჭერინა იგი. როგორც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დგინდება, პოლიციას რ. ჯ-ს გაჩხრეკის გადაწყვეტილება და შესაბამისი ნებართვა მოპოვებული ჰქონდა დაახლოებით თვე-ნახევრით ადრე. პირველი განჩინების მოპოვების შემთხვევაში საგამოძიებო მოქმედებები ვერ ჩატარდა და შესაბამისი განჩინება მოპოვებულ იქნა თავიდან. ამდენად, იმის მტკიცება, რომ რ. ჯ-ს მიმართ საგამოძიებო მომქდებები დაიგეგმა მისი დაკავებიდან ორი დღით ადრე, ყოველგვარ გონივრულ საფუძველსაა მოკლებული.

15. სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებული რ. ჯ-ის ინტერესების წარმომადგენელი კასატორი საჩივარში მიუთითებს გამოძიების დაწყების საფუძველზე, დაკავებამდე განხორციელებულ ქმედებებზე და აღნიშნავს, რომ გამოძიება დაიწყო პატაკის საფუძველზე, სადაც აღინიშნა, რომ რ. ჯ-ი არის ნარკოტიკული საშუალების აქტიური მომხმარებელი და სისტემატურად ეწევა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას. ამასთან, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებებით დადასტურდა მხოლოდ რ. ჯ-ის მიერ ნარკოტიკული საშუალების ფლობის ფაქტი, ხოლო ამავდროულად ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი არ დადგინდა.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ესა თუ ის ფაქტობრივი გარემოება დადგენილად მიჩნეული ვერ იქნება მხოლოდ იმიტომ, რომ ამის შესახებ გადმოცემული იყო გამოძიების მიერ მიღებულ ოპერატიულ ინფორმაციაში. ოპერატიული ინფორმაცია ყოველთვის საჭიროებს შესწავლა-გადამოწმებას საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების საშუალებით. ასეთი ინფორმაცია შესაძლებელია გახდეს საფუძველი გამოძიების დაწყებისათვის, მაგრამ ვერ იქნება საკმარისი ფაქტობრივი გარემოებების გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებისათვის. თავის მხრივ, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად ოპერატიული ინფორმაცია შეიძლება დადასტურდეს, შეიძლება - არა. განსახილველ შემთხვევაში შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებებით დადასტურდა მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების ფლობის ფაქტი, ხოლო ამავდროულად ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი არ დადგინდა. საკასაციო სასამართლო, სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, აღნიშნავს, რომ ზოგადად ამაში არაფერია საეჭვო, ალოგიკური და მითუმეტეს - უკანონო. შესაბამისად, ცალკე აღებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გამოძიების შედეგად დადასტურდა მიღებული ოპერატიული ინფორმაციის ერთი ნაწილი, ხოლო მეორე - არა, ვერ იქნება განხილული როგორც დაცვის მხარის პოზიციის დამადასტურებელი ფაქტი.

17. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დადგენილია, რომ პირადი ჩხრეკის ჩატარებაზე ნებართვის გაცემის თაობაზე 2019 წლის 11 თებერვლის განჩინების მოქმედების პერიოდში რ. ჯ-ი ძირითადად იმყოფებოდა საზღვარგარეთ. გადაჭარბებულია ადვოკატ ა. ს-ს შეფასება, თითქოს, 2019 წლის 12 თებერვლიდან იმავე წლის 28 თებერვლამდე რ. ჯ-ი რამდენჯერმე იმყოფებოდა ს-ი და მათ შორის - 24 თებერვლიდან 28 თებერვლამდე ს-ი დაჰყო 4 დღე. რეალურად ის ს-ი შემოვიდა 12 თებერვალს, მაგრამ იმავე დღეს ისევ დატოვა ქვეყნის ტერიტორია. გარდა ამისა, ხსენებულ პერიოდში რ. ჯ-ი მხოლოდ 24 თებერვლიდან 28 თებერვლამდე იმყოფებოდა ს-ი. საკასაციო სასამართლო აქვე მხედველობაში იღებს იმ ფაქტობრივ გარემოებასაც, რომ პირის ადგილსამყოფლის დადგენის გარდა, საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას სჭირდება გარკვეული დაგეგმვა და მომზადება. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად მიიღო მხედველობაში ბრალდების მხარის განმარტება იმის თაობაზე, რომ სასამართლოს მიერ გაცემული 2019 წლის 11 თებერვლის განჩინების შეუსრულებლობის მიზეზი მართლაც რ. ჯ-ის ს-ი არყოფნა იყო; ბრალდების მხარის მიზანი არ ყოფილა პირის აუცილებლად იმ ადგილას გაჩხრეკა, სადაც არ არის სათვალთვალო კამერები, წინააღმდეგ შემთხვევაში სრული შესაძლებლობა არსებობდა ძალიან მარტივად მოეძებნათ ასეთი ადგილი.

18. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პრეტენზიას იმის თაობაზე, თუ საიდან იცოდნენ ჩხრეკის ჩამტარებელმა პოლიციელებმა ამოღებული ნივთიერების სავარაუდო ფერი და კუთვნილება.

19. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მეექვსე ნაწილის თანახმად, ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთიერება, თუ შესაძლებელია, ამოღებამდე უნდა წარედგინოს ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს, შემდეგ ამოღებულ იქნეს, დაწვრილებით აღიწეროს, დაილუქოს და, შესაძლებლობის შემთხვევაში, შეიფუთოს. მოცემულ შემთხვევაში პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის ოქმები შედგენილია კანონის ამ ნორმის დაცვით. როგორც წერილობითი მტკიცებულებებით, ისე პოლიციელთა ჩვენებებით უდავოდ დადგენილია, რომ ისინი მოქმედებდნენ რ. ჯ-ნ ნარკოტიკული საშუალების ამოღების მიზნით. ამ ფონზე სრულიად ლოგიკურია, რომ სწორედ სავარაუდოდ ნარკოტიკულ საშუალებად მიიჩნია პოლიციამ ამოღებული ნივთიერება.

20. რაც შეეხება კასატორის - ადვოკატ ა. ს-ის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ საქმეზე არ ჩატარებულა ბიოლოგიური ექსპერტიზა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: ბრალდების მხარემ მიიღო ყველა ზომა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულების მოსაპოვებლად, კერძოდ, ბიოლოგიური ექსპერტიზის ჩასატარებლად, რათა დადგენილიყო, იყო თუ არა დარჩენილი ბრალდებულის გენეტიკური კვლები ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებეზე. ამ მიზანს ბრალდების მხარემ ვერ მიაღწია, ვინაიდან რ. ჯ-ა უარი განაცხადა ნიმუშების მიცემაზე, ხოლო იმ დროს, როდესაც გამოძიება, სასამართლოს განჩინებით, იძულების პროპორციული ზომების გამოყენებით ცდილობდა ნიმუშის აღებას, გახდა ცუდად. ამ მიზეზით, შედარებითი გამოკვლევისათვის ნიმუშების აღება და აქედან გამომდინარე, ექსპერტიზის ჩატარება ვერ მოხერხდა.

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება რ. ჯ-ის წარდგენილ ბრალდებაში მსჯავრდების თაობაზე - კანონიერია და მისი გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობები არ იკვეთება.

22. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

24. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ რ. ჯ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ს-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე