Facebook Twitter

საქმე # 170100121004611237

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №503აპ-22 ქ. თბილისი

ქ-ი მ, 503აპ-22 12 სექტემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ონისე თუთისანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. მ. ქ-ს, - დაბადებულს … წლის … თებერვალს, - ბრალად ედება ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2021 წლის 27 იანვარს, დაახლოებით 17:10 საათზე, თ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ნ-ი, მამაზე ძალადობით განაწყენებული მ. ქ-ი ქონების განადგურებით, კერძოდ, სახლის დაწვით დაემუქრა დ. ჩ-ს. აღნიშნული მუქარა დ. ჩ-ა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2021 წლის 1 დეკემბრის განაჩენით:

2.1. მ. ქ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

2.2. მ. ქ-ს განემარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის საფუძველზე უფლება აქვს, აინაზღაუროს მიყენებული ზიანი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2021 წლის 1 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ონისე თუთისანმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განაჩენის გაუქმება, მ. ქ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სამართლიანი და კანონიერი სასჯელის შეფარდება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

7. საკასაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მ. ქ-ის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების შესახებ და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა 2021 წლის 27 იანვარს მ. ქ-ს მიერ დ. ჩ-ს მიმართ სახლის გადაწვის მუქარას, როდესაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულაციურად უნდა დადგინდეს, როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი - საფუძვლიანი შიშის გაჩენა - მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ - სხვა ობიექტური კრიტერიუმებიც.

9. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად (N140აპ-21, N65აპ-20, N1001აპ-20 განაჩენები), მუქარის ნაწილში გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენები დარჩა უცვლელად, ვინაიდან დაზარალებულებმა სასამართლოს არ მისცეს ბრალდებულის საწინააღმდეგო ჩვენებები ან დაზარალებულმა კატეგორიულად დაადასტურა, რომ რაიმე სახის შიში არ განუცდია, ხოლო სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება სხვა, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირისათვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

11. მ. ქ-ის ბრალეულობის დადასტურებას ბრალდების მხარე ძირითადად ცდილობს დაზარალებულ დ. ჩ-ა და მოწმე ა. ჩ-ის ჩვენებებით, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით.

12. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის მოტივაციას და აღნიშნავს, რომ დაზარალებულ დ. ჩ-ა და მოწმე ა. ჩ-ის ჩვენებები არ არის სარწმუნო, რადგან ისინი არსებითად ეწინააღმდეგება ერთმანეთს და საქმეში არსებულ ობიექტურ მტკიცებულებებს, კერძოდ:

13. დაზარალებულმა დ. ჩ-ა მუქარის თაობაზე პირველად განაცხადა 2021 წლის 15 თებერვალს, ე.ი. შემთხვევიდან 20 დღის შემდეგ. დაზარალებული წერილობით განცხადებაში არ წერდა, რომ ეშინია, სამაგიეროდ, აღნიშნავდა მის ჯანმრთელობასა და ოჯახურ მდგომარეობაზე, თავის შეცოდებასა და ე. ქ-ე. მოწმე ა. ჩ-ის შეტყობინება არ ეხებოდა მუქარას, არც კონფლიქტს და არც მსგავს საკითხებს, არამედ - მის მიმართ მისი ბიძის მხრიდან (ვ. ა-ა საუბარი) გავრცელებულ ცილისმწამებლურ ინფორმაციას, რასაც საერთოდ არანაირი კავშირი არ ჰქონდა მომხდარ ფაქტთან. მუქარის შესახებ არც პირველ გამოკითხვაში არ უხსენებია. მან განმარტა, რომ როცა შეკამათება მოუვიდათ მას და მ-ს, ამ დროს გამოჩნდა ლ-ა (ლ-ა) გ-ი, ხოლო შემდეგ განაცხადა, რომ ქ-ი რომ წავიდნენ, შემდგომ მივიდა ლ. გ-ი. მისი განმარტებით, მუქარის დროს მამა (ტ-ი) მის გვერდით იდგა და გაიგონა მ-ის ნათქვამი, ხოლო თავად ტ. ჩ-ა უარყო ამგვარი და განაცხადა, რომ მუქარის დროს იქ არ ყოფილა. დაზარალებულმაც განმარტა, რომ მუქარის დროს ტ-ი იქ არ იყო. მოწმის განმარტებით, მუქარის თაობაზე იმავე დღეს განაცხადა, რაც სრულად ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. მათი ჩვენებების შეფასების კონტექსტში მნიშვნელოვანია აღინიშნოს ლ. გ-ის ჩვენება, რომელიც ქ-ა და ჩ-ის შუაში იდგა და არანაირი მუქარა არ გაუგია. შესაბამისად, როგორც მან აღნიშნა, ,,თუკი ეს ჩ-ის ყაყანის გამო ვერ შეძლო“, მაშინ თავად ჩ-ა, რომლებიც თან ყაყანებდნენ და ამავდროულად, ლ. გ-ნ და, შესაბამისად, ქ-ნ კიდევ უფრო მოშორებით იდგნენ, როგორ გაიგეს იმგვარი მუქარა, რომელმაც მათში, მითუმეტეს, საფუძვლიანი შიში გამოიწვია. ამასთან, სასამართლო პროცესზე დაკითხულ არც მ. ქ-ს და არც მის მშობლებს - ე. და გ. ქ-ს არ დაუდასტურებიათ მ-ის მხრიდან მუქარის ფაქტი. ამასთან, დაზარალებულმა პირველივე შეკითხვაზე უპასუხა, რომ ქურდობითაა დაზარალებული, რაზეც მთელი დაკითხვის დროს აპელირებდა და აღნიშნავდა, რომ ქ-ი პარავენ ყველს, რაზეც, მისივე განმარტებით, არ მიუმართავს პოლიციისთვის.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულ დ. ჩ-ს, მისი შვილის, მოწმე ა. ჩ-ის და მ. ქ-ს, მისი მშობლების - ე. და გ. ქ-ის ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ ჩვენებების საქმის სხვა მასალებთან შეუსაბამობა უკავშირდება საქმისათვის მნიშვნელოვან დეტალებს. დამოუკიდებლად აღებული რომელიმე ზემოხსენებული წინააღმდეგობა, შესაძლოა, არ აკნინებს მათი ჩვენებების სანდოობას, თუმცა ერთობლივად განხილული ეს წინააღმდეგობები და სხვა მტკიცებულებებთან მათი შეუსაბამობა, დამაჯერებლობასა და სანდოობას უკარგავს დაზარალებულ დ. ჩ-ა და მოწმე ა. ჩ-ის ჩვენებებს.

15. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის მოტივაციას და მიუთითებს შემდეგს: დაზარალებულ დ. ჩ-ა და მოწმე ა. ჩ-ის არასარწმუნო ჩვენებების საფუძველზე, რაზეც აპელირებს სახელმწიფო ბრალმდებელი, დადასტურებულად რომც მივიჩნიოთ მ. ქ-ის მიერ დაზარალებულის მიმართ ქონების განადგურების მუქარის გამომხატველი ქმედების ფაქტი, აღნიშნული გარემოება, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას. განსახილველ საქმეში დაზარალებულმა დ. ჩ-ა მუქარის თაობაზე პირველად განაცხადა 2021 წლის 15 თებერვალს, ე.ი. შემთხვევიდან 20 დღის შემდეგ. მას სასამართლოსთვის არ აუხსნია, თუ რატომ არ განაცხადა აღნიშნულის თაობაზე 2021 წლის 15 თებერვლამდე. კითხვაზე, მუქარა რეალურად აღიქვა თუ არა, დაზარალებულმა უპასუხა: „ნუ რო იტყვის კაცი, რა ვიცი აბა“. ამდენად, დ. ჩ-ის ქმედებები მომხდარი ფაქტის შემდეგ არ ადასტურებს დაზარალებულის მიერ განცდილი შიშის რეალურობას, ვინაიდან შეუძლებელია მუქარის შემთხვევაში მხოლოდ მე-20 დღეს განაცხადო, როცა მანამდეც ჰქონდა ამის შესაძლელობა. იგი არაერთ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდა, სადაც მუქარის თაობაზე არაფერი უთქვამს (არც მის შვილს - ა. ჩ-ს). გარდა ამისა, თავად დაზარალებულიც არ უარყოფს, რომ პოლიციაში დარეკვის მიზეზი ქ-ის მხრიდან პოლიციის გამოძახება იყო, რაც არ მომხდარა.

16. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმსა და აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებულ ჯოხთან მიმართებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოცხრილი ადასტურებს მხოლოდ იმ ფაქტს, თუ რა ვითარება იყო შემთხვევის ადგილზე, ხოლო საქმეში წარმოდგენილი ჯოხი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს უტყუარ მტკიცებულებად მუქარის ფაქტის დადასტურების კონტექსტში.

17. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის მტკიცებას მ. ქ-ს დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით, რადგან მათ შორის, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

18. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

19. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ონისე თუთისანის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე