საქმე # 330100121004831230
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №539აპ-22 ქ. თბილისი
ჭ-ე თ, 539აპ-22 12 სექტემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ როინ ხინთიბიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. თ. ჭ-ს, - დაბადებულს ... წლის ... ივლისს, - ბრალად ედება ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის და იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის; ხოლო დ. ხ-ს, - დაბადებულს ... წლის ... იანვარს, - ბრალად ედება ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 იანვრის განაჩენით თ. ჭ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის.
1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 ივნისის განაჩენით თ. ჭ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
1.4. 2021 წლის 1 ივნისს, დილის საათებში, თ. ჭ-მ და დ. ხ-ა უკანონოდ შეაღწიეს ქ. თ-ი, დ-ი, სოფელი ზ-ი, ა-ის ქუჩა N...-ში მდებარე ლ. გ-ის სარემონტო სახლში, საიდანაც სცადეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდნენ მის კუთვნილ, 200 ლარად ღირებულ „ბოშის“ ფირმის ელექტრობურღს, 150 ლარად ღირებულ „ქრაუნის“ ფირმის ელექტროპერფერატორს, 100 ლარად ღირებულ „როდექსის“ ფირმის კუთხსახეხს (ე.წ. „ბარგალკას“), 120 ლარად ღირებულ „ალმაზის“ ფირმის ხრახნის (ე.წ.,,შურუპების“) დამჭერს, 120 ლარად ღირებულ „სიგმას“ ფირმის კერამიკული ფილების საჭრელ ხელსაწყოს, 150 ლარად ღირებულ „ფიქსტექის“ ფირმის ცემენტის ელექტრომიქსერს, 40 ლარად ღირებულ „ალმაზის“ ფირმის ელექტრობურღის დამტენს და 20 ლარად ღირებულ მიქსერის მცირე ზომის პირს. თ. ჭ-ა და დ. ხ-ის ქმედებებს შესაძლოა 900 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით:
2.1. თ. ჭ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
2.2. თ. ჭ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყონებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
2.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, თ. ჭ-ს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
2.4. დ. ხ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
2.5. დ. ხ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყონებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
2.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, დ. ხ-ს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა როინ ხინთიბიძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის განაჩენის გაუქმება, თ. ჭ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით, ხოლო დ. ხ-ის - სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის მტკიცებულებათა ხარისხობრივ მოთხოვნასთან ერთად ადგენს მათი საკმარისობის კონსტიტუციურ სტანდარტსაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, „ბრალდების მხარის იმპერატიული ვალდებულებაა სისხლის სამართლის საქმის სრულყოფილი გამოძიების წარმოება, მტკიცებულებათა მოპოვება, მათი გამყარება და პირის ბრალეულობის დასადასტურებლად იმგვარი სამხილების წარმოდგენა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა მიუთითებს პირის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. აღნიშნული მოთხოვნის დაუცველობა, თავისთავად, ზრდის მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში შეცდომის, თვითნებობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკებს“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-103).
7. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც აუცილებელია პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის - როინ ხინთიბიძის მიერ საკასაციო საჩივარში განვითარებულ მსჯელობას, რომ თ. ჭ-ე და დ. ხ-ი უნდა დაინტერესებულიყვნენ, თუ ვის ეკუთვნოდა მათ მიერ ლ. გ-ის სახლიდან აღებული ნივთები და მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა უშუალოდ თ. ჭ-ა და დ. ხ-ის მიერ დაზარალებულის ნივთების დაუფლების ფაქტი ან რომელი მათგანი დაეუფლა ჩანთას, ხოლო დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებით ფაქტობრივად გამოირიცხა გამართლებულთა მხრიდან ნივთების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი.
9. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის ძირითად მტკიცებულებას წარმოადგენს დაზარალებულის ჩვენება, სადაც აღნიშნულია, რომ ნ. გ-ს ქურდობის ფაქტი არ დაუნახავს; არც ის შეუნიშნავს, ვინ და როდის აიღო მისი კუთვნილი ჩანთა, რომელშიც სამშენებლო იარაღები იდო და რაც აღმოაჩინა ეზოში. ნ. გ-ა დაინახა ორი მამაკაცი, რომლებიც ეზოდან გადიოდნენ, დაუძახა მათ - „ვინ ხართ?“ რის შემდეგაც ისინი გავიდნენ ღობის მიღმა. დაახლოებით 5 წუთში მობრუნდნენ უკან, გაესაუბრნენ მას და უთხრეს, რომ შეცდომით მოხვდნენ მის ეზოში. სხვა რაიმე არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება ნ. გ-ს დაკითხვისას არ დაუსახელებია.
10. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და აღნიშნავს, რომ დაზარალებულ ლ. გ-ს სასამართლოში მიცემული ჩვენება, რომელსაც ქურდობის ფაქტი არ დაუნახავს, ვერ გახდება თ. ჭ-ა და დ. ხ-ს მსჯავრდების საფუძველი, რადგან მას არც ის შეუნიშნავს, ვინ და როდის აიღო მისი კუთვნილი ჩანთა, რომელშიც სამშენებლო იარაღები იდო და რაც ეზოში აღმოაჩინა. მან დაინახა მხოლოდ ორი მამაკაცი, რომლებიც ეზოდან გადიოდნენ. პირდაპირი მტკიცებულება კი, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.
11. განსახილველ საქმეზე დაკითხული სხვა მოწმეები (სოფიო სიხარულიძე, ბ. ნ-ე, გ. ნ-ე) უთითებენ განსხვავებულ ფაქტობრივ გარემოებებზე. საკასაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მსჯელობას და მიუთითებს, რომ მათ მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია ამყარებს დაცვის მხარის ვერსიას, სადაც აღნიშნულია, რომ ბრალდებულები გ. ნ-ის თხოვნით იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე; მისივე თხოვნით ეძებდნენ ბ. ნ-ს სხვადასხვა მშენებარე ობიექტზე, რომ მისთვის სამუშაო იარაღები გამოერთმიათ; ბ. ნ-ნ კომუნიკაცია გ. ნ-ს ჰქონდა მეუღლის მესინჯერის მეშვეობით; შეთანხმდნენ შეხვედრის დროსა და ადგილზე, თუმცა გაუჭირდათ ბ. ნ-ის მოძიება; ეძახდნენ მას და ეძებდნენ სამშენებლო ობიექტებზე. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ თ. ჭ-ა და დ. ხ-ის შეხება სადავო ჩანთასთან ვერ დადასტურდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის №.... დასკვნით; ობიექტზე არ აღმოჩნდა მათი გენეტიკური პროფილები; სახლში და მის გარეთ აღებული სუნის ნიმუშები კი არ დაემთხვა ბრალდებულების სუნის ნიმუშებს.
12. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ დაზარალებულ ნ. გ-ს ზოგადი ჩვენების საფუძველზე, რომელიც არ არის გამყარებული სისხლის სამართლის საქმის არცერთი მტკიცებულებით, შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ 2021 წლის 1 ივნისს, დილის საათებში, თ. ჭ-მ და დ. ხ-ა უკანონოდ შეაღწიეს ქ. თ-ი, დ-ი, სოფელი ზ-ი, ა-ის ქუჩა N..- ში მდებარე ლ. გ-ის სარემონტო სახლში, საიდანაც სცადეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდნენ ამ უკანასკნელის კუთვნილ სამშენებლო ხელსაწყოებს.
13. საკასაციო სასამართლო თვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიულ დანაწესს, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
14. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის მოტივებს თ. ჭ-ს საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით, ხოლო დ. ხ-ის - სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ მათ ჩაიდინეს მითითებული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v. Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
16. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ როინ ხინთიბიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე