Facebook Twitter

საქმე # 180100121004669440

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №548აპ-22 ქ. თბილისი

ზურაბიშვილი ზურაბ, 548აპ-22 12 სექტემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განაჩენზე მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოჩა ცინცაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ზურაბ ზურაბიშვილს, - დაბადებულს 1988 წლის 13 სექტემბერს, - ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2021 წლის 1 თებერვალს, დაახლოებით 21:00 საათზე, თიანეთის რაიონის სოფელ ზურაბებში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ზურაბ ზურაბიშვილი განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების მიზნით ფიზიკურად გაუსწორდა მამას - თეიმურაზ ზურაბიშვილს, რომელსაც რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის, ტანის არეში და წააქცია იატაკზე, რის შედეგადაც თეიმურაზ ზურაბიშვილმა მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.

· 2021 წლის 1 თებერვალს,დაახლოებით 21:00 საათზე, თიანეთის რაიონის სოფელ ზურაბებში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ზურაბ ზურაბიშვილი განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების მიზნით ფიზიკურად გაუსწორდა მამას - თეიმურაზ ზურაბიშვილს, რომელსაც რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის, ტანის არეში და წააქცია იატაკზე, რის შედეგადაც თეიმურაზ ზურაბიშვილმა მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება; ამავე დროს ზურაბ ზურაბიშვილმა დედას - თალიკო ჯიმშიტაშვილს მოქაჩა თმა, ასევე ოთხჯერ დაარტყა ზურგში, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით:

2.1. ზურაბ ზურაბიშვილი საქართველოს სსკ-ის 111,117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა. გაუქმდა მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან.

2.2. ზურაბ ზურაბიშვილს განემარტა, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გოჩა ცინცაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განაჩენის გაუქმება, ზურაბ ზურაბიშვილის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და შესაბამისი სასჯელის შეფარდება.

4.1. გამართლებულ ზურაბ ზურაბიშვილის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მურმან ნიკოლეიშვილმა შესაგებლით მოითხოვა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოჩა ცინცაძის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განაჩენის ძალაში დატოვება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ზურაბ ზურაბიშვილის მიერ ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ჩადენას.

7. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას დაზარალებულების მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებასთან მიმართებით და მიუთითებს საქართველოს სსსკ-ის მე-3, მე-20 და 24-ე მუხლებზე, რომელთა თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

8. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულებმა - თეიმურაზ ზურაბიშვილმა და თალიკო ჯიმშიტაშვილმა ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს შვილის (ზურაბ ზურაბიშვილის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

9. ზურაბ ზურაბიშვილმა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ, ისარგებლა კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით და სასამართლოში ჩვენების მიცემისგან თავი შეიკავა.

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თალიკო ჯიმშიტაშვილი და თეიმურაზ ზურაბიშვილი სწორედ ის პირები არიან, რომელთაც შესაძლოა, სცოდნოდათ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მათ მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია ზურაბ ზურაბიშვილის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის შესახებ.

11. რაც შეეხება მოწმეების - გიორგი გუშარაშვილისა და ამირან ლელაშვილის ჩვენებებს, მათ მიხედვით ირკვევა, რომ ისინი შეტყობინების მიღების შემდგომ გამოცხადნენ ადგილზე; ასევე ნათელი ხდება, რომ არცერთი მათგანი არ არის ზურაბ ზურაბიშვილის მიერ სავარაუდო დანაშაულის ჩადენის თვითმხილველი; აღნიშნულ მოწმეთა განმარტებები ეფუძნება სხვა პირის - მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი თალიკო ჯიმშიტაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეფუძნება ასევე მოწმე დავით სულხანიშვილისა და ექსპერტ - კრიმინალისტ ვახტანგ ტატიშვილის ჩვენებაც, ხოლო მოწმე ვეფხია გოგოჭურის ჩვენება დაფუძნებულია დაზარალებულ თეიმურაზ ზურაბიშვილის განმარტებებზე. ამდენად, მოწმეების - გიორგი გუშარაშვილის, ამირან ლელაშვილის, დავით სულხანიშვილის, ვეფხია გოგოჭურისა და ვახტანგ ტატიშვილის ჩვენებები ირიბია. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

12. სახელმწიფო ბრალმდებელი საკასაციო საჩივარში ზურაბ ზურაბიშვილის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის დამადასტურებელ მტკიცებულებებად იშველიებს საქმეში არსებულ შეტყობინებას ზურაბ ზურაბიშვილის მიერ შესაძლო დანაშაულების ჩადენის შესახებ და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული შეტყობინება ვერ ჩაანაცვლებს დაზარალებულების ჩვენებას, რამდენადაც იგი მხოლოდ შეტყობინებაა, რომელიც გამოძიების დაწყების საფუძველი უნდა გამხდარიყო და მასში აღწერილი დანაშაულებრივი ფაქტების ნამდვილობა სწორედ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად უნდა გადამოწმებულიყო. რაც შეეხება 2021 წლის 2 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, აღნიშნულით დადგენილია რა ვითარება იყო შემთხვევის ადგილზე. ოქმში აღწერილია დაზარალებულის სახლში საყოფაცხოვრებო ნივთების განლაგება და მდგომარეობა.

13. რაც შეეხება კასატორის აპელირებას ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N000939821 და N003254821 დასკვნებზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამედიცინო ექსპერტიზის N003254821 დასკვნით თეიმურაზ ზურაბიშვილს დაუდგინდა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო, ხოლო თალიკო ჯიმშიტაშვილის მიმართ ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის N000939821 დასკვნით დადგენილია, რომ მას პირადი შემოწმებისას (ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში) მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ განსახილველ საქმეში არ არსებობს პირველწყაროს - დაზარალებულების სასამართლოში წარმოდგენილი განმარტებები იმასთან დაკავშირებით, რომ თეიმურაზ ზურაბიშვილმა სწორედ ზურაბ ზურაბიშვილის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიიღო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანება, ცალკე აღებული ექსპერტიზის დასკვნა ვერ დაედება საფუძვლად ზურაბ ზურაბიშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

14. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის მსჯელობას საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს ტრასოლოგიური ექსპერტიზის N213/ტრ დასკვნასთან მიმართებით. აღნიშნული დასკვნით დადგენილია, რომ სვიტერზე არსებული დაზიანებები წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედებით, თუმცა შეუძლებელია იმ გარემოების დადგენა, კონკრეტულად ვის მიერ და რა ვითარებაში დაზიანდა თეიმურაზ ზურაბიშვილის სვიტერი. შესაბამისად, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - თეიმურაზ ზურაბიშვილის სვიტერი ასევე ვერ გახდება ზურაბ ზურაბიშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.

15. საკასაციო საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაირღვა საქართველოს სსსკ-ის 242-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა.

15.1. საქართველოს სსსკ-ის 242-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირველად იკვლევენ ბრალდების მხარის, ხოლო შემდეგ - დაცვის მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს. გამოსაკვლევად წარდგენილ მტკიცებულებათა რიგითობასა და მოცულობას განსაზღვრავს თვით წარმდგენი მხარე.

15.2. 2021 წლის 8 ივლისს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას, ბრალდების მხარემ დაიწყო წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა, ხოლო 14:45 საათზე - საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის წაკითხვა. 14:46 საათზე დაცვის მხარემ გამოაცხადა პროტესტი, რაც პირველი ინსტანციის მოსამართლემ დააკმაყოფილა და განაცხადა შემდეგი: ,,ამ ეტაპზე თავი შევიკავოთ და მერე გამოვიკვლიოთ“, პროკურორს ეს არ გაუპროტესტებია და თავად დასთანხმდა აღნიშნული საკითხის გამოკვლევას დაზარალებულის დაკითხვის საკითხის გარკვევის შემდეგ. 2021 წლის 6 ოქტომბერს ბრალდების მხარემ დასაკითხად წარადგინა დაზარალებული თალიკო ჯიმშიტაშვილი, რომლის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის გამოქვეყნებასაც ითხოვდა ბრალდების მხარე. 15:26 საათზე თათბირის შედეგად გადაწყდა, რომ დაზარალებული არ მისცემდა ჩვენებას და მან სასამართლოში წარმოადგინა საკუთარი პოზიცია, ხოლო 16:21 საათზე პროკურორმა მოხსნა ერთ-ერთი მოწმე და საქმის განმხილველი მოსამართლის შეკითხვაზე, დარჩა თუ არა მას რამე გამოსაკვლევი, პროკურორმა აღნიშნა, რომ გამოსაკვლევია მხოლოდ ნივთმტკიცებები და დასაკითხია ბრალდებული. 16:52 საათზე ბრალდებულმა წარმოადგინა საკუთარი პოზიცია, ხოლო შემდგომ, საქმის განმხილველი მოსამართლის არაერთხელ დასმული კითხვის მიუხედავად, სურდა თუ არა ბრალდების მხარეს რაიმე მტკიცებულების გამოკვლევა, ბრალდების მხარე აღნიშნავდა, რომ მას ყველა მტკიცებულების გამოკვლევა დასრულებული ჰქონდა. ამდენად, ბრალდების მხარემ თავად აღარ ისურვა მტკიცებულების გამოკვლევა.

15.3. აღნიშნულ საკითხზე აპელირებდა პროკურორი სააპელაციო სასამართლოში ზურაბ ზურაბიშვილის სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროსაც. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ 2020 წლის 22 მარტის საოქმო განჩინებით არ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა საგამოძიებო ექსპერიმენტის გამოკვლევის თაობაზე.

15.4. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სასამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

15.5. არსებით დარღვევად, რაც გამოიწვევდა განაჩენის უკანონობას, წარმოადგენს პროცესის მონაწილის უფლების ისეთი შეზღუდვა, რამაც ხელი შეუშალა ყოველმხრივ, სრულყოფილად და ობიექტურად განხილვას, გავლენა იქონია კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი განაჩენის დადგენაზე (მაგ.იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი საქმე №587აპ-15).

15.6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზურაბ ზურაბიშვილის საქმის სასამართლოში განხილვისას კანონი არსებითად არ დარღვეულა. მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარემ დაიწყო დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის გამოკვლევა, რაც დაცვის მხარის პროტესტის გამო შეწყდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, საქმის განხილვის პერიოდში ბრალდების მხარეს არაერთხელ მიეცა გამოსაკვლევი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა, რაზეც უარი განაცხადა.

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.

17. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად კი გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

18. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ზურაბ ზურაბიშვილის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა.

19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

20. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

21. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოჩა ცინცაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე