საქმე # 120100119003253562
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №560აპ-22 ქ. თბილისი
ა-ი რ, 560აპ-22 12 სექტემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. რ. ა-ს, - დაბადებულს ... წლის ... მაისს, - ბრალად ედება თავისუფლების უკანონო აღკვეთა სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანია გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის ან ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც თან ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2019 წლის 8 აგვისტოს, დაახლოებით 15:30 საათზე, ქ. ბ-ი, მ-ის ქუჩის N..-ში მდებარე ვ. ს-ის საცხოვრებელ სახლში, მისივე დახმარებით, წინასწარ შეთანხმებით, რ. ა-ა და ლ. ნ-მ დიდი ოდენობით ფულადი თანხის გამოძალვის გაადვილების მიზნით, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება ა. მ-ს, რომელსაც არ აძლევდნენ თავისუფლად გადაადგილების საშუალებას და აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას.
· 2019 წლის 8 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ. ბ-ი, მ-ის ქ.N..-ში მდებარე ვ. ს-ს საცხოვრებელ სახლში, წინასწარ შეთანხმებით, რ. ა-ი და ლ. ნ-ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლნენ ა. მ-ის კუთვნილ ფულად თანხას - 10 ლარსა და 445,15 ლარის ღირებულების პირად ნივთებს.
· 2019 წლის 8 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ. ბ-ი, მესხეთის ქ.N..-ში მდებარე ვ. ს-ის საცხოვრებელ სახლში, მისივე დახმარებით, წინასწარ შეთანხმებით, რ. ა-ა და ლ. ნ-მ დიდი ოდენობით ფულადი თანხის გამოძალვის გაადვილების მიზნით, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება ა. მ-ს, რომელსაც არ აძლევდნენ თავისუფლად გადაადგილების საშუალებას და აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, ასევე სთხოვდნენ ერთი კვირის ვადაში მათთვის გადაეცა ფულადი თანხა - 5000 ლარი და 2000 აშშ დოლარი, ჯამურად - 10860 ლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში მასა და მის ახლობლებს მოუსპობდნენ სიცოცხლეს.
1.2. ვ. ს-ს, - დაბადებულს ... წლის ... სექტემბერს, - ბრალად ედება დახმარება თავისუფლების უკანონო აღკვეთაში სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; გამოსაკითხი პირისადმი მიმართვა ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2019 წლის 8 აგვისტოს, დაახლოებით 15:30 საათზე, ქ. ბ-ი, მ-ის ქ. N...-ში მდებარე ვ. ს-ის საცხოვრებელ სახლში, მისივე დახმარებით, წინასწარ შეთანხმებით, რ. ა-ა და ლ. ნ-მ დიდი ოდენობით ფულადი თანხის გამოძალვის გაადვილების მიზნით, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება ა-ი მ-ს, რომელსაც ასევე ვ. ს-ის დახმარებით არ აძლევდნენ თავისუფლად გადაადგილების საშუალებას და აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას.
· 2019 წლის 11 აგვისტოს, ქ. ბ-ი, ვ. ს-ი შეხვდა კ. ტ-ს, რომელსაც მოსთხოვა, გამოძიებისთვის არ მიეწოდებინა მამხილებელი ინფორმაცია 2019 წლის 8 აგვისტოს ქ. ბ-ი, მ-ის ქ. N...-ში მდებარე მის საცხოვრებელ ბინაში მისივე თანამონაწილეობით ლ. ნ-ა და რ. ა-ის მიერ ა. მ-ის მიმართ ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ძარცვისა და გამოძალვის ფაქტების შესახებ.
2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 17 ნოემბრის განაჩენით:
2.1. რ. ა-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის წარდგენილ ბრალდებაში.
2.2. რ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 181- ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 17 ნოემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 11 აგვისტოდან 2020 წლის 7 მაისის ჩათვლით.
2.3. რ. ა-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და ყადაღა უნდა მოეხსნას მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 10000 ლარის ფარგლებში დაყადაღებულ ხ. ხ-ის (პ/ნ ....) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ბ-ის რაიონის სოფელ ს-ი, საკადასტრო კოდი - ..... (2020 წლის 3 ივლისი, საქმე №12/019-20წ).
2.4. ასევე გაუქმდა დამატებითი ღონისძიება, რომლითაც რ. ა-ს დაევალა, ჩაებარებინა სასამართლოსთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ID ბარათი).
2.5. ვ. ს-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 25,143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
2.6. ვ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 17 ნოემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 12 აგვისტოდან 2020 წლის 7 მაისის ჩათვლით.
2.7. ვ. ს-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და ყადაღა უნდა მოეხსნას მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 10000 ლარის ფარგლებში დაყადაღებულ ხ. ხ-ის (პ/ნ ....) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ბ-ის რაიონის სოფელ ს-ი, საკადასტრო კოდი - ..... (2020 წლის 3 ივლისი, საქმე №12/019-20წ).
2.8. ასევე გაუქმდა დამატებითი ღონისძიება, რომლითაც ვ. ს-ს დაევალა, ჩაებარებინა სასამართლოსთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ID ბარათი).
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 17 ნოემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
3.2. რ. ა-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
3.3. რ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, „გ“ ქვეპუნქტებით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ. ა-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 17 ნოემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 11 აგვისტოდან 2020 წლის 7 მაისის ჩათვლით.
3.4. ცნობად იქნა მიღებული, რომ რ. ა-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და ყადაღა უნდა მოეხსნა გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 10 000 ლარის ფარგლებში დაყადაღებულ ხ. ხ-ის (პ/ნ ....) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ბ-ის რაიონი, სოფელი ს-ი, საკადასტრო კოდი - ..... (2020 წლის 3 ივლისი, საქმე №12/019-20წ).
3.5. ცნობად იქნა მიღებული, რომ გაუქმებულია დამატებითი ღონისძიება, რომლითაც რ. ა-ს დაევალა, სასამართლოსათვის ჩაებარებინა საქართველოს მოქალაქის პასპორტი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ID ბარათი).
3.6. ვ. ს-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 25,143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
3.7. ვ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 17 ნოემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 12 აგვისტოდან 2020 წლის 7 მაისის ჩათვლით.
3.8. ცნობად იქნა მიღებული, რომ ვ. ს-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და ყადაღა უნდა მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 10000 ლარის ფარგლებში დაყადაღებულ ხ. ხ-ის (პ/ნ .....) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ბ-ის რაიონი, სოფელი ს-ი, საკადასტრო კოდი - ..... (2020 წლის 3 ივლისი, საქმე №12/019-20წ).
3.9. ცნობად იქნა მიღებული, რომ გაუქმებულია დამატებითი ღონისძიება, რომლის საფუძველზეც ვ. ს-ს დაევალა, სასამართლოსათვის ჩაებარებინა საქართველოს მოქალაქის პასპორტი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ID ბარათი).
4. კასატორმა - მსჯავრდებულ რ. ა-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა შ. კ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის განაჩენის ნაწილობრივ გაუქმება და რ. ა-ის უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში.
4.1. ახალციხის რაიონული პროკურორის მოადგილემ, გიორგი აღლემაშვილმა შესაგებლით მოითხოვა მსჯავრდებულ რ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. კ-ს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა. ამასთან, შესაგებელში პროკურორმა აღნიშნა, რომ ბრალდების მხარე უცვლელად ტოვებდა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას. აქ მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 17 მაისის განჩინებით ახალციხის რაიონული პროკურორის მოადგილის - გიორგი აღლემაშვილის შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრებისათვის დადგენილი ერთთვიანი ვადის გაშვების საპატიოდ ჩათვლისა და აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ა. მ-ს ჩვენებით, მოწმეების - მ. ა-ს, კ. ტ-ის, რ. ა-ის, მ. ჯ-ის, ნ. კ-ის, ზ. კ-სა და სხვათა ჩვენებებით, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, სტაციონარული პაციენტის N3435 სამედიცინო ბარათით, ნიმუშის აღების ოქმით, ამოღების ოქმებით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, ჩხრეკის ოქმით, N.... ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის N დასკვნით, ტრასოლოგიური ექსპერტიზის N დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ რ. ა-ა ჩაიდინა მის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებები, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, „გ“ ქვეპუნქტებით .
7. უსაფუძვლოა დაცვის მხარის ვერსია, რომ რ. ა-ს არ ჩაუდენია ა. მ-ის თავისუფლების უკანონო აღკვეთა სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ვინაიდან აღნიშნული სრულად ეწინააღმდეგება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობას, კერძოდ:
8. დაზარალებულმა ა. მ-ა საქმის არსებითი განხილვისას, სასამართლოსათვის ინფორმაციის მიწოდების დროს დეტალურად ისაუბრა მომხდარი ფაქტის შესახებ და განმარტა, თუ რა სახის ძალადობრივი ქმედებები ჩაიდინეს მის მიმართ 2019 წლის 8 აგვისტოს ვ. ს-ის საცხოვრებელ სახლში ყოფნისას რ. ა-ა და ლ. ნ-მ, ფულადი თანხის გადაცემისა და მისი კუთვნილი ავტომანქანის დალომბარდების მოთხოვნით. დაზარალებულმა აღნიშნა, რომ მას ვ. ს-ის სახლიდან უნდოდა წასვლა, თუმცა არ უშვებდნენ. როდესაც ლ. ნ-მ და რ. ა-ა მანქანის გასაღები გამოართვეს და მის გასაჩხრეკად წავიდნენ, გარეთ გასვლამდე რ-ა ვ. ს-ს უთხრა, კარი დაეკეტა, რათა ის (ა. მ-ი) არ გასულიყო გარეთ, თუმცა, დაკეტა თუ არა კარი ვ-ა, მისთვის უცნობია, მან მხოლოდ ხმა გაიგონა. რ-ა და ლ-ის გარეთ გასვლის შემდეგ ოთახში დარჩნენ კ. ტ-ე და ვ. ს-ი. ამ უკანასკნელმა მას (ა. მ-ს) წყალი დაალევინა, მოაწევინა სიგარეტი, ასევე სველი ტილო დაადო თავზე. ა. მ-ის განმარტებით, თავად იჯდა მაგიდასთან, ზურგით კარისკენ, ვ. ს-ი და კ. ტ-ე იყურებოდნენ ფანჯარაში. ამ დროს მან (ა. მ-ა) თითი გაიწმინდა, ჩართო ტელეფონი და მისწერა მამიდას - მ. ა-ს, რომ იყო ს-ს სახლში, კლავდნენ და შველა სთხოვა. მ. მალევე მივიდა, თუმცა მანქანასთან დახვდნენ ლ. ნ-ე და რ. ა-ი, რომელმაც იგი უკან გააბრუნა. ოთახში დაბრუნებისას რ-ა უსაყვედურა, თუ რატომ გაუგზავნა შეტყობინება მ-ს. ცოტა ხანში მ. ა-ა ისევ მიბრუნდა, დაიწყო კარზე ბრახუნი, ჯერ ზედა სართულზე ავიდა, ხოლო შემდეგ ჩავიდა ქვემოთ. რ. ა-ი გავიდა მასთან და უთხრა, რომ არაფერი ხდებოდა და წასულიყო. დაზარალებულის განმარტებით, მ. ა-ა ითხოვდა, რომ მისთვის ა. მ-ი დაენახვებინათ, ლ-ს დანა ეჭირა და ეუბნებოდა, როდესაც მ-ნ გაახედებდნენ, არაფერი ეთქვა, თორემ დაჭრიდნენ. სათვალე გაუკეთეს, რადგან თვალი ისე ჰქონდა ჩალურჯებული, რომ ვერ ახელდა და ფანჯრიდან გაახედეს. მ. მიხვდა, რომ რაღაც ხდებოდა და დაიწყო ყვირილი, რომ პოლიციას შეატყობინებდა, თუ მას არ გამოუშვებდნენ. ამიტომ იგი გაუშვეს. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე კ. ტ-ის ჩვენება სრულადაა თანხვდენილი დაზარალებულ ა. მ-ის ჩვენებასთან, რომელმაც დაზარალებულის მსგავსად აღწერა შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენები და განმარტა, რომ ლ. ნ-ე და რ. ა-ი ა. მ-ს ეუბნებოდნენ, რომ თანხა ჰქონდა მისატანი, ხოლო ა-ი ამტკიცებდა, რომ ვალი არ ჰქონდა. მოწმის განმარტებით, მათ შორის საუბარი დაიძაბა და გადაიზარდა ჩხუბში, რა დროსაც მ. ნ-ე და რ. ა-ი ფიზიკურად გაუსწორდნენ ა. მ-ს. მოწმემ ასევე აღნიშნა: ,,ა-ი ამბობდა, რომ საქმე ჰქონდა და წასვლა უნდოდა, მაგრამ ლ-ი და რ-ი ეუბნებოდნენ, რომ ჯერ სალაპარაკო ჰქონდათ; ა-ის წასვლა რომ სდომებოდა, ვერ წავიდოდა - ჩხუბობდნენ და ვინ გაუშვებდა; კარები როდის დაიკეტა, არ ახსოვს, რ-ი და ლ-ი გარეთ რომ გავიდნენ, მაშინ დაკეტა ვ-ა იმიტომ, რომ რ-ა უთხრა, არ გაუშვა არსად, მალე მოვალთო“. მისივე განმარტებით, კარის ჩაკეტვის ხმა არ გაუგია და არც შეუმოწმებია, დაკეტილი იყო თუ არა. მოწმე მ. ა-მ ასევე დაადასტურა დაზარალებულ ა. მ-ის განმარტებები და აღნიშნა, რომ იგი ამ უკანასკნელის მიერ გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე, რომელშიც შველას ითხოვდა, მივიდა ვ. ს-ის სახლთან. პირველ შემთხვევაში ვ. ა-ა იგი დაამშვიდა, უთხრა, რომ სანერვიულო არაფერი იყო, თუმცა დაეჭვდა და ათ წუთში უკან დაბრუნდა, შევიდა ვ. ს-ის სახლში, თავდაპირევლად მეორე სართულზე ავიდა, ხოლო შემდეგ ჩავიდა ქვემოთ, საიდანაც გინების ხმა ესმოდა. ატეხა ბრახუნი, ჯოხით გასწია ფარდა და დაინახა თავისი ძმისშვილი - ა. მ-ი, რომელსაც სახეზე ნაჭერი ედო. მან დაიწყო ყვირილი. მასთან გარეთ გასულმა რ. ა-ა უთხრა, რომ სანერვიულო არაფერი იყო, თუმცა იგი კვლავ განაგრძობდა ყვირილს, რაზეც რ. ა-ა იქ მყოფებს უთხრა, გამოეშვათ ა-ი, რის შემდეგაც ა-ი გარეთ გავიდა.
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: ზემოაღნიშნული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ დაზარალებულ ა. მ-ს ფაქტობრივად/ობიექტურად წართმეული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა; რ. ა-ი და ლ. ნ-ე უშუალოდ აღასრულებდნენ მოცემული დანაშაულის - თავისუფლების უკანონო აღკვეთის - ობიექტურ შემადგენლობას, რაც მიზნად ისახავდა დაზარალებულ ა. მ-ის დიდი ოდენობით ფულადი თანხის გამოძალვის გაადვილებას.
10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულ ა. მ-ა და მოწმე მ. ა-ს ჩვენებები არის დამაჯერებელი, სარწმუნო, თანხვდენილი როგორც ერთმანეთთან, ასევე - საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. ამდენად, არ არსებობს მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანისა და მათ გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ თავისუფლების უკანონო აღკვეთა დენადი დანაშაულია და მისი ჩადენა იწყება იმ დროიდან, როდესაც პირს წაართვეს თავისუფალი გადაადგილების უფლება. დაზარალებულის განმარტებით, მას უნდოდა ვ. ს-ის სახლიდან წასვლა, თუმცა არ უშვებდნენ; გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ რ. ა-ი და ლ. ნ-ე მასზე ფიზიკურად ძალადობდნენ სხვადასხვა იარაღის გამოყენებით, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო დაზიანებები, წამოუვიდა სისხლი და დაუსივდა თვალი, თუმცა წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მას წაართვეს გადაადგილების საშუალების - მისი კუთვნილი მანქანის გასაღები. ამასთან, ვიდრე რ. ა-ი და ლ. ნ-ე გარეთ გავიდოდნენ, რ. ა-ა ვ. ს-ს უთხრა, რომ დაეკეტა კარი, რათა ა. მ-ი არ გასულიყო გარეთ და ეს გაიგონა დაზარალებულმა. საქმეზე უტყუარად დადგენილი ეს ფაქტობრივი გარემოებები და ის ფაქტი, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე დაზარალებული საშველად უხმობს მამიდას, ერთი მხრივ, ადასტურებს ა. მ-ს მისწარფებას, თავი გაითავისუფლოს დამნაშავეებისაგან, ხოლო, მეორე მხრივ - იმ ფაქტს, რომ იგი იძულებით იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და წართმეული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა თავისი ნების შესაბამისად.
11. საკასაციო სასამართლოს, სააპელაციო პალატის მსგავსად, მიაჩნია, რომ მოწმე მ. ა-ს ჩვენება ბრალდების ამ ნაწილში არის პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, ვინაიდან იგი შემთხვევის ადგილზე - ვ. ს-ის საცხოვრებელ სახლში მივიდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ა. მ-ი, თავისი ნების შესაბამისად, ვერ გადაადგილდება. როგორც დაზარალებულის, ისე მოწმე მ. ა-ს ჩვენებებით დგინდება, რომ მ. ა-ა განმეორებით მიდის ვ. ს-ის სახლში და დაჟინებით მოითხოვს ა. მ-ის ნახვას. თავდაპირველად რ. ა-ი ცდილობს მ. ა-ს გარიდებს და აწვდის ცრუ ინფორმაციას, რომ თითქოს, ყველაფერი წესრიგშია, პარალელურად კი სახლში დაზარალებულთან მყოფ ლ. ნ-ს დანა უჭირავს და ა. მ-ს ეუბნება, რომ როდესაც მ. ა-ნ გაახედებენ, არაფერი თქვას, თორემ დაჭრის. მოწმე მ. ა-ა კვლავ მოითხოვს დაზარალებულის ნახვას და აცხადებს, რომ თუ ა. მ-ს არ გამოუშვებენ, პოლიციას გამოიძახებს. მხოლოდ აღნიშნულის შემდგომ იღებს რ. ა-ი დაზარალებულის გათავისუფლების გადაწყვეტილებას და ა. მ-ი ტოვებს ვ. ს-ს საცხოვრებელ სახლს.
12. რაც შეეხება მოწმე კ. ტ-ს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მან თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდების ნაწილში ცალსახად დაადასტურა ის ფაქტი, რომ ა. მ-ს ვ. ს-ის საცხოვრებელი სახლიდან წასვლა რომ სდომებოდა, ვერ წავიდოდა; ა-ი ამბობდა, რომ საქმე ჰქონდა და წასვლა უნდოდა, ლ-ი და რ-ი კი ეუბნებოდნენ, რომ სალაპარაკო ჰქონდათ; უშუალოდ კარის დაკეტვასთან დაკავშირებით კი აღნიშნა, რომ ლ-ი და რ-ი გარეთ რომ გავიდნენ, მაშინ დაკეტა ვ. ს-ა, რადგან რ. ა-ა უთხრა, ა. მ-ი არ გაეშვა არსად. მოწმემ აღნიშნული ინფორმაციის სახით სასამართლოს მიაწოდა საქმისათვის მნიშვნელოვანი ობიექტური მონაცემები. შესაძლოა, მოწმის ჩვენებაში არაარსებით დეტალებთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული წინააღმდეგობები, თუმცა ისინი არ არის იმგვარი ხასიათის, რომ სასამართლომ მისი ჩვენების სანდოობაში ეჭვი შეიტანოს და გახდეს მისი არგაზიარების საფუძველი. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ კ. ტ-ე ვ. ს-ი ახდენდა ზეწოლას, რათა მას არ მიეცა მსჯავრდებულთა მამხილებელი ჩვენება. ამით უნდა აიხსნას ის ემოციური დაძაბულობა, რომელსაც განიცდიდა კ. ტ-ე სასამართლოში დაკითხვისას და რამაც განაპირობა მისი თვითდაზიანების მცდელობა დაკითხვისაგან თავის ასარიდებლად, რაც გახდა კიდეც დაკითხვის პროცესის შეწყვეტის მიზეზი და იგი მომდევნო სხდომაზე გაგრძელდა.
13. მსჯავრდებულ რ. ა-ის ინტერესების წარმომადგენელი კასატორი საჩივარში აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მონაწილეობა გამამტყუნებელი განაჩენით მისთვის შერაცხულ ისეთ ქმედებაში, როგორიცაა გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის ან ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც თან ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, საფუძვლიან ეჭვს ჰბადებს, რადგან, მისი აზრით, მსჯავრდებულისათვის შერაცხული ბრალი არ ემყარება კანონიერ და სარწმუნო მტკიცებულებებს.
14. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენში დაცვის მხარის ზემოაღნიშნულ პრეტენზიებზე დამაჯერებელი პასუხია გაცემული, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
15. საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ა. მ-ა განმარტა, რომ 2019 წლის 8 აგვისტოს ლ. ნ-ს შეხვდა ამ უკანასკნელის ინიციატივით, შემდეგ წავიდნენ ვ. ს-ს სახლში, სადაც მათ დახვდა რ. ა-ი. ლ. ნ-მ და რ. ა-ა დაზარალებულს მათთვის ფულის გადახდა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქურდებთან დარეკვით დაემუქრნენ. აღნიშნულზე ა. მ-ა უპასუხა, რომ არავის ვალი არ ჰქონდა, ქურდულად არ ცხოვრობდა და სადაც უნდოდათ, დაერეკათ. ლ-ი და რ-ი აგრძელებდნენ ფულის მოთხოვნას და ფულის გადახდაზე თანხმობის მისაღებად ა. მ-ს დაუწყეს ცემა - თავდაპირველად ლ-ა დაარტყა მუშტი თვალში, რ-ი კი ხის ცულის ტარს ურტყამდა, მერე ლ-ა ფანჯრიდან აიღო რკინის საგანი და ჩაარტყა თავში, რის შედეგადაც ა-ს სისხლი წამოუვიდა. დაზარალებულს წაართვეს ტელეფონი და საბანკო გადარიცხვების ისტორიას ნახულობდნენ; სთხოვდნენ მანქანის გაყიდვას ან მათ სახელზე გადაფორმებას. ამაზე დაზარალებულმა განუმარტა, რომ მანქანა დალომბარდებული ჰქონდა. ამის შემდეგ კვლავ მოსთხოვეს 5000 ლარისა და 2000 დოლარის მიტანა. მოძალადეებმა დაზარალებულს გამოართვეს მანქანის გასაღები და წავიდნენ მანქანის გასაჩხრეკად, საიდანაც ამოიღეს და ვ. ს-ს სახლში შეიტანეს პარკში მოთავსებული ნივთები. მოწმე კ. ტ-მ სასამართლოში დაკითხვისას განმარტა, რომ ა-ი უარყოფდა ვალის არსებობას და განმარტავდა, რომ მანქანა დალომბარდებული ჰქონდა. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ რ. ა-ი და ლ. ნ-ე ურტყამდნენ დაზარალებულს. მოწმე მ. ა-ს ჩვენებით ირკვევა, რომ ა. მ-ის თხოვნის საფუძველზე ვ. ს-ის სახლში მისულმა გაიგონა მუქარის ხმები, ატეხა ბრახუნი, ჯოხით გასწია ფარდა და დაინახა თავისი ძმისშვილი - ა-ი, რომელსაც სახეზე ნაჭერი ედო. მოწმემ აღნიშნა, რომ გარეთ გასულ ა-ი მ-ს სათვალე ეკეთა, ხელში პარკი ეჭირა და ბარბაცებდა, სათვალის მოხსნის შემდეგ კი დაინახა, რომ თვალი ჰქონდა გასიებული. უნდა აღინიშნოს, რომ საქმესთან დაკავშირებით ჩატარებული მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, როგორიცაა ვ. ს-ის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსის ჩრეკა, ბიოლოგიური ექსპერტიზის N.... დასკვნა, ტრასოლოგიური ექსპერტიზის N... დასკვნა და სხვა, ცალსახად ადასტურებენ და მეტ დამაჯერებლობას სძენენ დაზარალებულისა და მოწმეების - კ. ტ-ა და მ. ა-ს ჩვენებებს მათში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით იმის შესახებ, რომ რ. ა-ა და მ. ნ-მ ა. მ-ის მიმართ ჩაიდინეს გამოძალვა. ამოღებულ ნივთებზე აღმოჩენილი კვლები ეჭვგარეშე ადასტურებს, რომ ა. მ-ს რ. ა-ი და ლ. ნ-ე თანხას სწორედ იმ მეთოდით სძალავდნენ, როგორც ამის შესახებ უთითებს დაზარალებული. ამდენად, საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად მიიჩნევს, რომ რ. ა-ს ქმედებაში გამოკვეთილია საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი.
16. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცების სტანდარტით - გონივრულ ეჭვს მიღმა და ისე მიიღო გადაწყვეტილება.
17. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
19. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ რ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე