საქმე # 180100119003157296
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №469აპ-22 ქ. თბილისი
ბ.ზ. 469აპ-22 25 ივლისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. ს–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: ზ. ბ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსსკ-ის) 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით.
2. ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 27 თებერვალს, ღამის საათებში, თ–ს რაიონის სოფელ ღ–ში გამავალ თ-თ–სის ცენტრალური საავტომობილო გზის 27-ე კილომეტრზე, სოფელ ჟ–დან თ–ს მიმართულებით, დაახლოებით 90-100 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა ავტომობილი „MERCEDES BENZ“ (სახელმწიფო ნომრით ........), რომელსაც მართავდა აკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ზ. ბ–ი. მოძრაობისას მძღოლმა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მოთხოვნები და გზის აღნიშნულ მონაკვეთზე იგი შეეჯახა სავალი გზის მარჯვენა მხარეს გაჩერებულ, შ. ბ–ს კუთვნილ ავტომობილ „MERCEDES BENZ“ (სახელმწიფო ნომრით .........) და ავტომობილის წინა, მარცხენა კართან მდგომ ლ. მ–ს, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა.
3. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის განაჩენით:
3.1. ზ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით;
3.2. ზ. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით 2 წლითა და 6 თვით ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
3.3. ზ. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 28 თებერვლიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. პროკურორმა ნაზი მირიანაშვილმა მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ზ. ბ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, ხოლო მსჯავრდებულ ზ. ბ–ს ადვოკატებმა - გ. ს–მ და ნ. კ–მ მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის გამართლება.
5. ადვოკატის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა პროკურორმა ნაზი მირიანაშვილმა, რომელმაც ითხოვა, არ დაკმაყოფილდეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას. კასატორი საჩივარში უთითებს იდენტურ არგუმენტებზე, რომლებიც მოყვანილი ჰქონდა სააპელაციო საჩივარში.
8. დაცვის მხარის საკასაციო საჩვარზე შესაგებელი წარმოადგინა პროკურორმა ნათია კიკალიამ, რომელიც ითხოვს, არ იქნეს დაშვებული ადვოკატის საკასაციო საჩივარი, ხოლო დაშვების შემთხვევაში - არ დაკმაყოფილდეს.
9. საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2022 წლის 27 მაისს შემოვიდა დაზარალებულის უფლებამონაცვლე გ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. ნ–ს წერილობითი მოსაზრება. წერილის ავტორი ითხოვს არ იქნეს დასაშვებად ცნობილი დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი.
10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს მსჯავრდებულის გამართლებას, ხოლო ბრალდების მხარე შესაგებლით - გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
11. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ზ. ბ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
12. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no.36755/06, §31, ECtHR, 11/11/2011).
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება; სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა), რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე, ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში - გაჩერდეს.
14. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ ზ. ბ–ს მსჯავრდებისა და სასჯელის ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით (მათ შორის: გ. ხ–ს, შ. ბ–ს, ზ. ო–ს, ლ. ბ–ს ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის 2019 წლის 29 მაისის ოქმით, ავტოტექნიკური ექსპერტიზის №.... დასკვნით, სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის №..... დასკვნით, სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის №....... დასკვნით, შესაბამისი ექსპერტების ჩვენებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ზ. ბ–ს მიერ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
15. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას ზ. ბ–ს უდანაშაულობის შესახებ და ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარემ მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა იმავე (აბსოლუტურად იდენტურ; შეცვლილია მხოლოდ საჩივრის სათაური - ,,საკასაციო“) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ზ. ბ–ს მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა. მათ შორის, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა დაცვის მხარისათვის სადავო მოწმეთა ჩვენებებზე, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმების შინაარსზე, დაცვისა და ბრალდების მხარის ინიციატივით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებზე, მათ შორის არსებულ განსხვავებებსა თუ ადვოკატის მიერ საჩივარში წამოჭრილ ძირითად საკითხებზე, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება და მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტების გამეორება.
16. განსახილველ შემთხვევაში ძირითად საკითხს წარმოადგენს ის, რომ ზ. ბ–ს ეფექტური მანევრი უნდა შეესრულებინა ან ავტომანქანა გაეჩერებინა/დაემუხრუჭებინა დაბრკოლების (ავტომანქანის სილუეტისა და უკანა ქვეითის) დანახვისთანავე, რათა თავიდან აეცილებინა გაჩერებული ავტომანქანის უკანა ფრთაზე შეჯახება. ექსპერტიზების დასკვნებითა და ექსპერტების ჩვენებებით დგინდება, რომ მას სწორი მანევრის განხორციელებისას შეეძლო, თავიდან აეცილებინა ავტომანქანის უკანა ნაწილზე შეჯახება მაინც. საქმის მასალებით კი დადგენილია, რომ მას ამგვარი ეფექტური მანევრი არ განუხორციელებია გადამწყვეტი მომენტიდანვე, რამაც გამოიწვია ორმაგი შეჯახება. ამის ნათელი დადასტურებაა თავად მსჯავრდებულის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება, რომლის თანახმადაც, იგი მოძრაობდა ხაზიდან 20-30 სმ-ში. ძალიან ახლოს, 30-40 მეტრში, დაინახა გაჩერებული ავტომანქანა, მარცხნივ საჭის აღება, დამუხრუჭება და დაჯახება მოხდა ერთდროულად (იხ. 2019წლის 21 ნოემბრის სასამართლო სხდომა 18:02:47-17:03:09). შესაბამისად, დაცვის მხარის მიერ საკითხის იმგვარად წარმოჩენა, რომ მძღოლს, გაჩერებული ავტომანქანისა და ავტომანქანის საბარგულის უკან მდგომი ქვეითის დანახვისთანავე, 90 მეტრი მანძილიდან, არ ჰქონდა ვალდებულება, შეჯახების თავიდან ასაცილებლად დაეწყო მანევრი და, რომ არა ავტომანქანის გაღებული კარი და კართან მდგომი ქვეითი, ავტომანქანაზე შეჯახების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო 30 მეტრი მანძილიდან შესაბამისი ზომების მიღების შემთხვევაშიც, არც დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას შეესაბამება, რამდენადაც უდავოდ დადგენილია, რომ ვერ იქნა თავიდან აცილებული ავტომანქანის უკანა, მარცხენა კიდეზე შეჯახება, და არც ექსპერტთა ჩვენებებს, მითუფრო, ეს მოსაზრება არ არის თანხვდენილი თავად მსჯავრდებულის ჩვენებასთან, რომელსაც მსგავსი რამ არ განუცხადებია.
17. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 15 აგვისტოს სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის №.......... დასკვნასა (დამნიშნავი: ადვოკატ გ. ს–სია) და მისი ჩამტარებელი ექსპერტების - ზ. თ–სა და დ. გ–ს ჩვენებებზე, კერძოდ:
17.1. მოწმე ზ. თ–მ პროკურორის კითხვაზე - განსახილველ შემთხვევაში, თუ მძღოლი დაიწყებდა მანევრს, დაიცავდა გვერდით უსაფრთხო 80 სმ-იან ინტერვალს და შეეჯახებოდა მარცხენა ღია კარს მაქსიმუმ 20 სმ-ით, იმავდროულად შეეჯახებოდა თუ არა ადამიანს, რომელიც იდგებოდა გაჩერებული ავტომობილის კორპუსიდან მაქსიმუმ 30-40 სმ-ი დისტანციით, ღია კარის შიგნით - მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნულ კითხვას ექსპერტი ვერ უპასუხებს, რადგან მოძრავი ავტომანქანის წინა, მარჯვენა თვალი კონტაქტში მოვიდა გაჩერებული ავტომობილის უკანა, მარცხენა თვალთან, დარტყმამ შეცვალა განლაგებები, შესაბამისად, ავტომობილმა, სანამ ქვეითს დაეჯახებოდა, შეიცვალა მიმართულება (2019 წლის 18 ნოემბრის სხდომის ოქმი;16:03:08); ამასთან, მანევრის შემთხვევაში დარტყმა იქ არ მოხდებოდა, სადაც მოხდა (16:07:19).
17.2. იმავე კითხვაზე დ. გ–მა განმარტა, რომ კარის კიდიდან მოდება მოხდებოდა 20 სმ-ში და თუ ქვეითი ავტომანქანის გაღებული კარის შიგნით (გაბარიტს გარეთ), კორპუსიდან 30 სმ-ში იდგებოდა, მასზე შეჯახება არ მოხდებოდა (2019 წლის 19 ნოემბრის სხდომის ოქმი; 18:32:36). მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ მოცემულ შემთხვევაში, რადგან ზ. ბ–ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა შეეჯახა შ. ბ–ს კუთვნილ, გაჩერებულ ავტომანქანას კუთხეში, პირდაპირ შეიძლება იმის მტკიცება, რომ მძღოლს მანევრი არ განუხორციელებია. ამასთან, მძღოლს საგზაო სიტუაციიდან გამომდინარე, უნდა მიეღო ზომები იმ წერტილიდან, სადაც შეამჩნია დაბრკოლება. თუ ის სიჩქარის შენელებას არ აპირებდა, უნდა მიეღო ზომები, რომ დარჩენილ საავტომობილო გზაზე გაევლო უსაფრთხო დისტანციით, მეთოდიკიდან გამომდინარე მინიმალური, აუცილებელი ინტერვალი კი არის 80 სანტიმეტრი (18:35:04).
18. ასევე ექსპერტმა ი. ს–მ განმარტა, რომ კონკრეტულ საგზაო სიტუაციაში დაანგარიშების შედეგად დადგინდა, რომ დაშვებული 90 კმ/სთ სიჩქარით მოძრავ ავტომობილს გაჩერებული ავტომობილისათვის გვერდის ავლის შემთხვევაში გვერდითი ინტერვალი უნდა ყოფილიყო მინიმუმ 0,8 მეტრი (15:51:43). მოძრავი ავტომობილის მძღოლი დაეჯახა გაჩერებულ ავტომობილს უკანა მარცხენა კუთხეში, შესაბამისად, მძღოლმა ბოლო მომენტში მიმართა თუ არა მანევრს, განსაზღვრა არ შეუძლია, თუმცა ვინაიდან პირდაპირ არ დაჯახებია, შესაძლებელია ბოლო მომენტში მიმართა მანევრს, მაგრამ უსაფრთხო გვერდითი ინტერვალი არ დაუცვია და დროულად არ მიუმართავს მანევრისათვის. მოწმემ მიუთითა, რომ შესაძლებელია შეჯახებამდე მძღოლმა რაიმე მანევრი დაიწყო და ვერ მოასწრო, რადგან გვიან დაიყო (15:59:52). მოცემულ შემთხვევაში ასევე შესაძლებელია მძღოლმა დაამუხრუჭა და არ დატოვა კვალი (ძირითად (უფრო მეტად) მკვეთრი დამუხრუჭებისას რჩება კვალი, რაც ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის - საბურავებზე). მოძრავი ავტომობილის მძღოლს სხვა დაბრკოლება - ხელისშემშლელი გარემოება სხვა ავტომობილის სახით, გარდა გაჩერებული ავტომობილისა, რომელიც იდგა გზის სავალ ნაწილზე, არ ჰქონია, ვინაიდან პოლიციის ავტომობილი იდგა გვერდულზე (გზის სავალ ნაწილზე არ იყო და დაბრკოლებას არ წარმოადგენდა), შემხვედრი ავტომობილი კი არ მოძრაობდა (16:06:26).
19. საკასაციო სასამართლო „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დანაწესისა და იმის გათვალისწინებით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზ. ბ–ი სატრანსპორტო საშუალებას მართავდა კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბების გარეშე, საგამოძიებო ექსპერიმენტის თანახმად კი, გაჩერებული ავტომობილის უკანა ფარისა და სანომრე ფირფიტის დანახვა შეეძლო - 219,4 მეტრიდან; კონტურისა და ავტომობილის უკანა მარჯვენა ნაწილთან მდგომი მამაკაცის სილუეტის - 90,4 მეტრიდან, ხოლო წინა, მარცხენა გაღებულ კართან მდგომი მამაკაცის - 46,4 მეტრიდან, მან ვერ შეარჩია ისეთი სიჩქარე, რომლიც საშუალებას მისცემდა გაეკონტროლებინა სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაეცვა მოძრაობის უსაფრთხოება და შექმნილ ვითარებაში თავიდან აეცილებინა ავტოსაგზაო შემთხვევა. მითითებული ნორმის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა ასევე უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები, მათ შორის გზის დატვირთვა, არასაკმარისი ხილვადობა და სხვა, რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე, ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში - გაჩერდეს. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შემთხვევის ადგილას გზის ორივე მხარეს გაჩერებული იყო ავტომობილები (მათ შორის, ერთ-ერთი საპატრულო პოლიციის ავტომანქანა ე.წ. ,,პიკაპი“; მოწმეთა ჩვენებების თანახმად: პოლიციის ავტომობილს ე.წ. საგაბარიტე სინათლეები და ავარიულები ჰქონდა ჩართული, ხოლო გაჩერებულ ავტომობილს - საგაბარიტე სინათლეები), რაც მძღოლს, მოცემულ შემთხვევაში - ზ. ბ–ს ერთგვარად უქმნიდა საფუძველს გამოეჩინა სიფრთხილე და წინდახედულება, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ ავტომობილს მართავდა არაფხიზელი. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მითითებული კანონის თანახმად, არასაკმარისი ხილვადობა გულისხმობს, მათ შორის, დღე-ღამის ბნელ დროს გზის ხილვადობის 300 მეტრზე ნაკლებ მანძილზე შემცირებას. მოცემულ შემთხვევაში კი, დადგენილა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ღამის საათებში (გზა არ იყო განათებული), ხოლო საგამოძიებო ექსპერიმენტის თანახმად, გაჩერებული ავტომობილის უკანა ფარისა და სანომრე ფირფიტის დანახვა შესაძლებელი იყო - 219,4 მეტრიდან, ხოლო კონტურისა და ავტომობილის უკანა მარჯვენა ნაწილთან მდგომი მამაკაცის სილუეტის - 90,4 მეტრიდან. გარდა ამისა, სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს, იმ გარემოებაზე, რომ ზ. ბ–ი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს იყო მთვრალი (ტ. N1; ს.ფ. N47-45).
20. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ სასამართლო სხდომაზე არცერთ მოწმეს კატეგორიულად არ განუცხადებია, რომ ზ. ბ–ი შეჯახებამდე მოძრაობდა შორი მაშუქი ფარებით, რადგან, მათ შორის, მოწმე გ. ხ–მა განმარტა, რომ მან გაიგონა მოძრავი ავტომობილის ძრავის ხმა, შემოტრიალდა და დაინახა, გაბრდღვიალებული, შორს მაშუქი ფარებით ჩართული, ე. წ. „დალნებით“, ძალიან სწრაფად მომავალი ავტომობილი (14:53:32). ადვოკატის შეკითხვაზე ასევე დაადასტურა, რომ 100% ვერ ერკვევა ავტომობილებში, თუმცა ახლო და შორი ხედვის მაშუქების მდგომარეობა კარგად იცის. მოწმემ განმარტა, რომ ის კატეგორიულად ადასტურებს, რომ მოძრავ ავტომობილს ჩართული ჰქონდა შორი განათების მაშუქი. 1%-ით არაფერია გამორიცხული, მაგრამ რადგან ამ კონკრეტულ შემთხვევაში გზაზე მოძრაობდა მხოლოდ ერთი ავტომობილი, რომელზეც მთელი ყურადღება ჰქონდა გადატანილი, უფრო მეტი ალბათობითა და კატეგორიულობით შეუძლია თქვას, რომ მას ჩართული ჰქონდა შორი განათების მაშუქი. მოცემულ შემთხვევაში არ შეეშლებოდა, რომელი მაშუქი ჰქონდა ჩართული (15:51:41; 15:54:16). ასევე, მოწმე ლევან ბოღოლაშვილმა განმარტა, რომ ავარიამდე იჯდა ავტომობილის სალონის უკანა სავარძელზე, რა დროსაც სარკეში აირეკლა რაღაც სინათლე, სავარაუდოდ მომავალი ავტომობილის შუქი უნდა ყოფილიყო. შუქის ცვალებადობა არ ახსოვს. სინათლე, რომ გადართულიყო, შუქის ინტენსივობის ცვალებადობას ალბათ შეამჩნევდა (14:49:28); მანვე დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია და განმარტა, რომ უკანა საქარე მინიდან აღიქვა მათი მიმართულებით მოძრავი ავტომობილის გარე ანუ შორი მაშუქების განათება (15:05:24); პოლიციელის ყვირილის - ,,რას შვება“, პარალელურად უკანა საქარე მინიდან სარკეში აღიქვა მოძრავი ავტომობილის გარე მაშუქის განათება და განმარტა - ,,ანუ ჩვეულებრივი, მანქანები ღამე რითიც/როგორს მოძრაობს მანქანები - გარე/შორს განათებით, მაგით დავინახე, რომ რაღაც (შორი მაშუქი) აირეკლა სარკეში“ (15:06:02). მათ შორის, ადვოკატის კითხვაზე განმარტა, რომ სინათლის დანახვისთანავე მოხდა შეჯახება (15:28:16).
21. ამდენად, მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ზ. ბ–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაული.
22. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
23. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
24. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
25. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
26. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. ს–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე