Facebook Twitter

საქმე # 190100121005324908

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №652აპ-22 ქ. თბილისი

გ. კ. 652აპ-22 27 ივლისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 17 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ კ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ლ. ბ–ს საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით კ. გ–ს, - დაბადებულს 19..წელს, - ბრალად ედებოდა:

1.1. გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით;

1.2. გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის წევრის ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით;

1.3. გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის წევრის ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობას, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,160-ე მუხლის პირველი ნაწილით;

1.4. გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით;

1.5. ოჯახის წევრის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

1.6. გენდერული დისკრიმინაციის მოტივით სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით;

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2021 წლის 6 ოქტომბერს, საღამოს საათებში, კ. გ–მ ყოფილ მეუღლეს - თ. ს–ს, გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულებისა და მისი არათანასწორუფლებიანად აღქმის გამო, მობილურ ტელეფონზე მისწერა, რომ თუ შვილს არ დაალაპარაკებდა, ,,ისე სცემდა, რომ ხერხემალი ეტკინებოდა“, რა დროსაც თ. ს–ს გაუჩნდა ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2.2. 2021 წლის 6 ოქტომბერს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქ. რ–ში, მე-.. მ/რ-ის საცხოვრებელ ბინა N....-ში კ. გ–მ, გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულებისა და ყოფილი მეუღლის არათანასწორუფლებიანად აღქმის გამო, ბასრი საგნითა და სანთებელის გამოყენებით, დაჭრა და ადგილ-ადგილ ამოწვა თავისი ყოფილი მეუღლის - თ. ს–ს კუთვნილი სხვადასხვა ტანსაცმელი: დუტის ქურთუკი, შავი ტყავის ქურთუკი, 4 ცალი ლურჯი ჯინსის შარვალი, ორი სვიტერი. აღნიშნული ქმედებით თ. ს–ს მიადგა 359 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

2.3. 2021 წლის 6 ოქტომბერს, დაახლოებით 20:30 საათზე, კ. გ–ი ყოფილი მეუღლის - თ. ს–ს ნების საწინააღმდეგოდ, გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულებისა და ყოფილი მეუღლის არათანასწორუფლებიანად აღქმის გამო, უკანონოდ შევიდა ქ. რ–ში, მე-.. მ/რ-ში მდებარე მის საცხოვრებელ ბინა N....-ში, რითიც დაარღვია თ. ს–ს ფაქტობრივი საცხოვრებელი ბინის ხელშეუხებლობა.

2.4. 2021 წლის 7 ოქტომბერს, საღამოს საათებში, კ. გ–მ ყოფილ მეუღლეს - თ. ს–ს, გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულებისა და ყოფილი მეუღლის არათანასწორუფლებიანად აღქმის გამო, მობილურ ტელეფონზე მისწერა, რომ ,,თუ შვილს რ–ში მიიყვანდა სკოლაში, ისე სცემდა, რომ საკუთარ სისხლში აცურავებდა“, რა დროსაც თ. ს–ს გაუჩნდა ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2.5. 2021 წლის 11 ოქტომბერს, დაახლოებით 11:00 საათზე, კ. გ–ი მივიდა ქალაქ რ–ში, მე-14 მ/რ-ში მდებარე, ყოფილი მეუღლის - თ. ს–ს საცხოვრებელი ბინა N......-თან, დაიწყო კარზე ბრახუნი და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფონზე მოსთხოვა ბინაში შეშვება, რითიც მან არ შეასრულა 2021 წლის 6 ოქტომბერს გამოცემული N...... შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულება - არ მიახლოებოდა იმ სახლს, სადაც მსხვერპლი - თამთა სარალიძე ცხოვრობდა.

2.6. 2021 წლის 11 ოქტომბერს, დაახლოებით 11:00 საათზე, ქალაქ რ–ში, მე-.. მ/რ-ში მდებარე საცხოვრებელ ბინა N.....-თან, კ. გ–მ ყოფილ მეუღლეს - თ. ს–ს, გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, მესაკუთრული დამოკიდებულებისა და ყოფილი მეუღლის არათანასწორუფლებიანად აღქმის გამო, უთხრა, რომ ,,თუ სახლში არ შეუშვებდა, კარს შეანგრევდა და ყელს გამოჭრიდა“, რა დროსაც თ. ს–ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 მარტის განაჩენით კ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის საფუძველზე განესაზღვრა:

3.1. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 6 ოქტომბრის ეპიზოდი)- თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

3.2. საქართველოს სსკ-ის 111, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

3.3. საქართველოს სსკ-ის 111,160-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;

3.4. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 7 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

3.5. საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

3.6. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 11 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

3.7. საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი ეპიზოდებისათვის გათვალისწინებული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, კ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

3.8. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა კ. გ–ს დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 11 ოქტომბრიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ კ. გ–ს ადვოკატმა ლ. ბ–მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, დანიშნული უმკაცრესი სასჯელის პირობითად ჩათვლა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 17 მაისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა კ. გ–ს ადვოკატმა ლ. ბ–მ, რომელიც ითხოვს მსჯავრდებულის აღიარების, დაზარალებულის ნოტარიულად დამოწმებული განცხადების (მეუღლის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია; ითხოვს მის მიმართ გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული შეღავათი), მტკიცებულებების უდავოდ მიჩნევისა და სწრაფი მართლმსაჯულებისათვის ხელის შეწყობის მხედველობაში მიღებით, კ. გ–ს დანიშნული უმკაცრესი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით - ჩაეთვალოს პირობითად.

7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no.36755/06, §31, ECtHR, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).

8. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის ადვოკატი ითხოვს დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლას.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულმა რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. გასაჩივრებულ განაჩენში კი მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც კ. გ–ს მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა. ამდენად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ: საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს - ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე; საქართველოს სსკ-ის 111,160-ე მუხლის პირველი ნაწილი - ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ორ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე; საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილი - ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ; საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი - ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

11. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, მათ შორის - საქართველოს სსკ-ის 151-ე, 160-ე, 187-ე, 3811-ე​ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას; საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა, მათ შორის, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მითითებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას, ხოლო მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე (მოცემულ შემთხვევაში 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისათვის - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენა არის მაკვალიფიცირებელი ნიშანი), აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების (თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება) არსებობისას სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესი.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მსჯავრდებულს საბოლოოდ განუსაზღვრეს ყველაზე მკაცრი სასჯელი. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა დანაშაულები ჩაიდინა გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ხოლო, საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილი (მოცემულ შემთხვევაში გულისხმობს - გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის წევრის ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), რომლის საფუძველზე დანიშნულმა სასჯელმაც შთანთქა დანარჩენი ეპიზოდებისათვის დანიშნული სასჯელები, სასჯელის სახით ითვალისწინებს - თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე. შესაბამისად, აღნიშნული მუხლით დანიშნული თავისუფლების აღკვეთა - 2 წლით, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმპერატიული დანაწესიდან (სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას) გამომდინარე, არის მინიმალური ხანგრძლივობის.

13. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლით დადგენილი შეღავათის გამოყენების ნაწილში. სასამართლო ითვალისწინებს, რომ კანონმდებელი პირობითი მსჯავრის გამოყენებისათვის აწესებს კონკრეტულ სავალდებულო წინაპირობებს და, აღნიშნული წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, პირობითი მსჯავრის გამოყენების შესაძლებლობაც დგინდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული გარემოებების შეფასების და საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების გათვალისწინებით.

13.1. იმის გათვალისწინებით, რომ კ. გ–მ დროის მცირე პერიოდში ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულის 6 ეპიზოდი და მსჯავრდებულის ქმედებებში იკვეთება გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივი და ადგილი აქვს დანაშაულის ჩადენას ოჯახის წევრის მიმართ, რაც წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს და შესაბამისად, იწვევს სასჯელის გამკაცრებას, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია დანიშნული სასჯელის შემსუბუქება - პირობითად ჩათვლა. გარდა ამისა, დაცვის მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე ახალი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქება.

13.2. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და კ. გ–ს ჩადენილი დანაშაულის თითოეული ეპიზოდისათვის, ცალ-ცალკე და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული სანქციების ფარგლებშია.

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

15. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

16. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

17. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

18. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 17 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ კ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ლ. ბ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე