Facebook Twitter

საქმე # 330100121005248957

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №556აპ-22 ქ. თბილისი

ზ. დ. 556აპ-22 18 ივლისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 აპრილის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დ. ზ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2021 წლის 20 ოქტომბერს, ქ. თ–ში, ს–ს ქ.№..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე, დ. ზ–მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამას - ი. ზ–ს, კერძოდ, სახის არეში სამჯერ დაარტყა მუშტი, წააქცია მიწაზე და ყელში ძლიერად მოუჭირა ხელები. აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად ი. ზ–მ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.2. 2021 წლის 20 ოქტომბერს, ქ. თ–ში, ს–ს ქ.№..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე, დ. ზ–ე ფიზიკური ძალადობის შემდეგ მამას - ი. ზ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ გადაწვავდა და მოკლავდა. აიღო ბენზინის ბოთლი და საწვავი დაასხა სახლში, შემდეგ ეზოდან აიღო ნაჯახი და მოუქნია ი. ზ–ს. აღნიშნული მუქარა ი. ზ–მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 თებერვლის განაჩენით:

3.1. დ. ზ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად;

3.2. დ. ზ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად;

3.3. მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, 2 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება;

3.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დ. ზ–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე - 2 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება;

3.5. დ. ზ–ს, როგორც ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირს, დაევალა ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა;

3.6. მსჯავრდებულს ძირითადი სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2021 წლის 20 ოქტომბრიდან - 2021 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულ დ. ზ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ - დავით ხვედელიძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულ დ. ზ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

6.1. პროკურორის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია მსჯავრდებულ დ. ზ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. შ–ს შესაგებელი, რომლითაც მოთხოვნილია პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.

7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში -საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. პროკურორი საკასაციო საჩივრით ითხოვს დ. ზ–ს მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას.

8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. გასაჩივრებულ განაჩენში კი მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც დ. ზ–ს წარდგენილი ბრალდებებით მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა განაპირობა. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულ დ. ზ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი, მსჯავრდებულის აღიარების გარდა, დადასტურებულია საქმეში არსებული, უდავოდ ცნობილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ი. ზ–ს, მოწმეების - ხ. ზ–ს, ი. ც–სა და ვ. ბ–ს გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2021 წლის 20 ოქტომბრის ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის 2021 წლის 20 ოქტომბრის ოქმით, N......... შემაკავებელი ორდერითა და შემაკავებელი ორდერის ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის N........... დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით, რასაც მხარეებიც არ ხდიან სადავოდ.

10. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

11. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ დ. ზ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია). მსჯავრდებულმა დ. ზ–მ ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, რომლებსაც აღიარებს და ინანიებს, ბრალდების მხარის მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას; დაზარალებულს არ გააჩნია მის მიმართ პრეტენზია. გასაჩივრებული განაჩენით დ. ზ–ს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის(სასჯელის დანიშვნა დანაშაულის რეციდივის დროს) მხედველობაში მიღებით, განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის სანქციებით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელები მაქსიმალური ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვასთან ერთად. მასვე დაევალა ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო კურსის გავლა. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის აუცილებელი წინაპირობებისა და პირობითი მსჯავრის არსის და შემაკავებელი ხასიათის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვემდგომი სასამართლოს მოტივაციას საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების მიზანშეწონილობის შესახებ.

12. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვეობის საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე