საქმე # 190100121005045961
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№594აპ-22 ქ. თბილისი
მ–ი ვ., 594აპ-22 21 ივლისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 20 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - თ. მ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:
1.1. თ. მ–ს, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2021 წლის თებერვალში, ქალაქ გ–ში, ს–ს ქუჩა N..-ში, ალკოჰოლით მთვრალმა ვ. მ–მ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახში მისი, როგორც მამაკაცის უპირატესი როლის დემონსტრირების მიზნით, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა შვილს - ი. მ–ს, რომელმაც მოუწოდა, შეეწყვიტა შეურაცხყოფის მიყენება, რის გამოც, ვ. მ–მ გაშლილი ხელი დაარტყა სახის მარცხენა არეში. შედეგად, ი. მ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. 2021 წლის 22 აგვისტოს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქალაქ გ–ში, ს–ს ქუჩა N..-ში, ალკოჰოლით მთვრალმა ვ. მ–მ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახში მისი, როგორც მამაკაცის უპირატესი როლის დემონსტრირების მიზნით, შვილის - ი. მ–ს მოწოდებაზე, შეეწყვიტა ყვირილი, არასრუწლოვანი შვილიშვილის - 3 წლის ნ. მ–ს თანდასწრებით, შეკრული ხელი დაარტყა სახის არეში ი. მ–ს, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 იანვრის განაჩენით თ. მ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 22 აგვისტოდან.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ ვ. მ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - თ. მ–მ მოითხოვა მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობა და გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 20 აპრილის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 20 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ. მ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - თ. მ–მ. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობა.
6. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ვ. მ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში მსჯავრდების შესახებ.
7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, ECtHR, no 49684/99, §30, 25/12/2001); ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც ეთანხმება. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარემ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 იანვრის განაჩენის გაუქმების მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში კი მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ვ. მ–ს მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელის დანიშვნა განაპირობეს.
8. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენას.
9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას მსჯავრდებულის უდანაშაულობის შესახებ და მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები: დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები/გამოკითხვის ოქმები, სამედიცინო ბარათი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა უტყუარად ადასტურებს ვ. მ–ს ძალადობას ი. მ–ს მიმართ (ორი ეპიზოდი).
10. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულის ჩვენება სრულად, თანმიმდევრულად და დამაჯერებლად აღწერს განვითარებულ მოვლენებს, არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას, აკმაყოფილებს მტკიცებულების შეფასების ყველა სტანდარტს და თანხვდენილია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, კერძოდ: ი. მ–ს ჩვენებით, თ. მ–ს ხშირად იღებდა სპირტიან სასმელს და ოჯახის წევრებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. მიიჩნევდა, რომ როგორც მამაკაცს და სახლის პატრონს, ყველა მას უნდა დამორჩილებოდა. 2021 წლის თებერვალში, ალკოჰოლით მთვრალი, უმიზეზოდ ხმამაღლა ყვიროდა და აგინებდა. მის შენიშვნაზე, რომ ბავშვს აძინებდა და ხმადაბლა ელაპარაკა, გაშლილი ხელი დაარტყა სახის მარცხენა არეში, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. 2021 წლის 22 აგვისტოს თ. მ–ს კვლავ ყვიროდა და ეჩხუბებოდა. მის შენიშვნაზე, რომ შეეწყვიტა ყვირილი, მისი შვილის - 3 წლის ნ. მ–ს თანდასწრებით, შეკრული ხელი მოუქნია და დაარტყა სახის არეში, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. თვალის არეში ეტყობოდა დაზიანება. დაზარალებულის ჩვენება სრულად არის თანხვდენილი მოწმე ლ. მ–ს ჩვენებასთან, რომელიც იდენტურად აღწერს მსჯავრდებულის მიერ 2021 წლის თებერვალში ი. მ–ს მიმართ ძალადობას და ბრალდების ამ ეპიზოდში, დაზარალებულის ჩვენებასთან ერთად, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას. მოწმე ლ. მ–ს ჩვენებით ასევე დასტურდება მსჯავრდებულის ქმედებებში გენდერული შეუწყნარებლობის მოტივის არსებობაც. 2021 წლის 22 აგვისტოს ჩადენილი ძალადობის ფაქტი, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, დადასტურებულია სამედიცინო ბარათითა და სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 30 აგვისტოს N.. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმად, 2021 წლის 23 აგვისტოს ი. მ–ს გარეგანი დათვალიერებით აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი მარჯვენა საფეთქლის მიდამოში. აღნიშნული დაზიანება განვითარებულია მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
11. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს მსჯავრდებულის მიმართ მოწმეთა რაიმე ინტერესსა და მათ მიკერძოებაზე, რაც შეიძლება გამხდარიყო სასამართლოს მიერ მათი ჩვენებების არგაზიარების საფუძველი. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, იგი არ შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ემსახურება მსჯავრდებულის მიერ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის თავის არიდების მიზანს.
12. ამდენად, არსებული მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად საკასაციო სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ვ. მ–ს მიერ ი. მ–ს მიმართ ძალადობის ორი ეპიზოდის ჩადენა.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-44), „თუმცა მსგავსი მტკიცება შესაძლოა გამომდინარეობდეს საკმაოდ მყარ, ზუსტ და თანმხვედრ ფაქტებზე დამყარებული ვარაუდიდან ან მსგავსი უტყუარი ფაქტების პრეზუმფციიდან“ (Dvalishvili v. Georgia, no. 19634/07, §39, ECtHR, 18/03/2013).
14. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, რომელი სახის და რა რაოდენობის მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში დაიშვება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, მითუფრო არ ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ პირდაპირი ხასიათის გამამტყუნებელ მტკიცებულებებს. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც მტკიცებულება მყარია და მის სანდოობასთან მიმართებით არ არსებობს რისკები, დამატებითი მტკიცებულების საჭიროება, შესაბამისად, მცირეა” (Tortladze v. Georgia, no. 42371/08, §69, ECtHR, 18/06/2021; იხ. ასევე Lisica v. Croatia, no. 20100/06, §49, ECtHR, 25/02/2010; Gäfgen v. Germany ([GC], no. 22978/05, §162-165, ECtHR 2010; Prade v. Germany, no. 7215/10, § 33-34, ECtHR, 3/03/2016; Kobiashvili v. Georgia, no. 36416/06, §§56-58, ECtHR, 14/09/2019).
15. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას ვ. მ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით როგორც მსჯავრდების, ისე მისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილში და მიაჩნია, რომ კასატორის მოთხოვნა მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
16. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილს, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საკასაციო საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის საქმეებზე ( მოცემულ შემთხვევაში ვ. მ–სთვის შერაცხული დანაშაული საქართველოს სსკ-ის მე-12 მუხლის თანახმად, მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულის კატეგორიას), ასევე - საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებს და მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება რომ ლ. მ–ს დაკითხვა განხორციელდა საქართველოს სსსკ-ით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევით, ასევე არ დასტურტება არც კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული მტკიცება, რომ ლ. მ–მ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას მამხილებელი ჩვენება მისცა გამომძიებლის მხრიდან მასზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების შედეგად. სასამართლო ითვალისწინებ, რომ კასატორის მიერ აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არც სააპელაციო სასამართლოში და არც საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა.
17. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 20 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - თ. მ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე