Facebook Twitter

საქმე # 330100120003397205

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №555აპ-22 ქ. თბილისი

ქ. ბ. 555აპ-22 18 ივლისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 8 აპრილის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებით ბ. ქ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 111,381-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით(სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

2. ბ. ქ–სათვის ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, 2019 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით, ქ. თ–ში, ჯ–ს ქუჩის მე-.. ჩიხი №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ბ. ქ–ე დას - გ. ქ–ს, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობით, უმოწმებდა და უკონტროლებდა სოციალურ ქსელში მიმოწერას და უკრძალავდა სხვა პირებთან ურთიერთობას. ასევე, უკრძალავდა სახლში არსებული ნივთებით სარგებლობას და ეუბნებოდა, რომ იგი არ იყო ოჯახის შესაფერისი გოგონა, რომ, როგორც ქალს, არ ჰქონდა აზრის გამოთქმის უფლება. ბ. ქ–ს ქმედებებით გ. ქ–ე განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.

2.2. 2019 წლის 23 ნოემბერს, თ–ში, ჯ–ს ქუჩის მე-.. ჩიხი №..-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ბ. ქ–ემ, შელაპარაკებისას, დას - გ. ქ–ს ხელი დაარტყა სახეში და მოქაჩა თმა, რითაც გ. ქ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.3. 2019 წლის 24 ნოემბერს, დილის საათებში, ქ. თ–ში, ჯ–ს ქუჩის მე-.. ჩიხი №..-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ბ. ქ–ემ, შელაპარაკებისას, დას - გ. ქ–ს ხელები და ფეხები მრავალჯერ დაარტყა სხეულზე, რითაც გ. ქ–მ ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.4. 2019 წლის 5 ნოემბერს საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...........ის სამმართველოს მე.. განყოფილების თანამშრომელმა ბ. ქ–ს მიმართ გამოსცა №........ და №........ შემაკავებელი ორდერები, რომლებითაც მას აეკრძალა დედასთან - ნ. ქ–თან და მეუღლესთან - ლ. ვ–სთან მიახლოება, მათ საცხოვრებელ სახლთან, სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ნ. ქ–ე და ლ. ვ–ე იმყოფებოდნენ. ასევე, მათთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. მიუხედავად ამისა, ბ. ქ–ემ არ შეასრულა შემაკავებელი ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები და 2019 წლის 23 ნოემბერს და 24 ნოემბერს მივიდა ნ. ქ–სა და ლ. ვ–ს საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. თ–ში, ჯ–ს ქუჩის მე-.. ჩიხი №..-ში.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 4 ნოემბრის განაჩენით:

3.1. ბ. ქ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად;

3.2. ბ. ქ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 23 ნოემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად;

3.3. ბ. ქ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 24 ნოემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად;

3.4. ბ. ქ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად;

3.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდისათვის) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ბ. ქ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი და 6 თვე;

3.6. ბ. ქ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2019 წლის 24 ნოემბრიდან - 2020 წლის 26 თებერვლის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ გიგაურმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 4 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ბ. ქ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 8 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 4 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 8 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ - დავით ხვედელიძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს საჩივრის დასაშვებად ცნობას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანას და ბ. ქ–სათვის მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.

7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. გასაჩივრებულ განაჩენში კი მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ბ. ქ–ს წარდგენილი ბრალდებებით მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა განაპირობა. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no.36755/06, §31, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი ითხოვს ბ. ქ–სათვის მკაცრი სასჯელის შეფარდებას, რომელიც თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან იქნება დაკავშირებული.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულ ბ. ქ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,381-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით(სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ გ. ქ-სა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, №....., №........ და №....... შემაკავებელი ორდერებით, მსჯავრდებულ ბ. ქ–ს აღიარებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. ბ. ქ–სათვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას მხარეები არ ხდიან სადავოდ.

10. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის საფუძველზე პირს უნდა დაეკისროს „სასჯელის სწორედ ის სახე და სწორედ იმ ვადით, რაც.....საქმის გარემოებებიდან და წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას დანაშაულის ბუნების, მისი ჩადენის გარემოებებისა და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება N 1/7/851 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6 ).

12. კასატორი სასჯელის გამკაცრების დასაბუთებისათვის უთითებს დანაშაულის ხასიათზე, ოჯახური ძალადობის გავრცელების მასშტაბზე, მსჯავრდებულის გენდერულ დამოკიდებულებებზე, ოჯახის წევრთან კონფლიქტის ხანგრძლივობაზე და სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული აკრძალვების უგულებელყოფასა და დაუმორჩილებლობაზე(შემაკავებელი ორდერის პირობების შეუსრულებლობის გამო), გენერალური პრევენციის ეფექტურობაზე.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ზოგადი პრევენცია ვერ იქნება საკმარისი და თვითკმარი პირის მიმართ ნებისმიერი სასჯელის გამოყენებისთვის, რადგან ასეთი მიდგომით ადამიანი გადაიქცევა სახელმწიფოს ხელში საზოგადოების „დაშინების იარაღად“, იძულების ღონისძიების გამოყენების მუქარის შიშველ ობიექტად, რაც გამორიცხულია და დაუშვებელი სამართლებრივ სახელმწიფოში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).

14. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები წარმოადგენს მსჯავრდებულ ბ. ქ–ს ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებებს. ამასთან, ბ. ქ–ს დამამძიმებელი გარემოების - გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენისათვის - სასჯელი განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით. ასევე სახეზეა დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა.

15. ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის კატეგორიას (ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული), დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს (აღიარებს დანაშაულს და ინანიებს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას), იმ გარემოებას, რომ ბ. ქ–ე პირველად არის სამართალში, დაზარალებულთან კონფლიქტი ამოწურულია, ჰყავს მცირეწლოვანი შვილები, რომელთაც უზრუნველყოფს მატერიალურად, საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესს და საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანს, ასევე იმ გარემოებას, რომ პირს უნდა დაეკისროს „სასჯელის სწორედ ის სახე და სწორედ იმ ვადით, რაც .. საქმის გარემოებებიდან და წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას დანაშაულის ბუნების, მისი ჩადენის გარემოებებისა და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება N 1/7/851 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6 ), იმ გარემოებას, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს და თავისუფლების აღკვეთის ultima racio ხასიათს. გასაჩივრებული განაჩენით ბ. ქ–ს განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 111,381-ე მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი(სამი ეპიზოდი) სანქციით გათვალისწინებული, ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი. სასამართლო მხედველობაში იღებს დანიშნული სასჯელის სახეს (თავისუფლების აღკვეთა), მისი მოხდის ფორმის - პირობითი მსჯავრის - არსს, შემაკავებელ ხასიათს და მიიჩნევს, რომ ბ. ქ–სათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების საფუძველი წარმოდგენილი საქმის მასალებით არ დგინდება.

16. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობა. შესაბამისად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების ისეთი მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და ასევე არ დგინდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე