საქმე # 330100122005503785
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №596აპ-22 ქ. თბილისი
ქ. ლ. 596აპ-22 26 ივლისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. ქ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ლ. ზ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ლ. ქ–ს, - დაბადებულს 1.. წელს, - ბრალად ედებოდა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2022 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 18:30 საათზე, თ–ში, გ–ს მე-.. მიკრორაიონში, N.. კორპუსის ..... სადარბაზოში მდებარე ბინა №..-თან, ლ. ქ–ე დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა გ. ხ–ს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 10 მარტის განაჩენით:
3.1. ლ. ქ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
3.2. მასვე საქართველო სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, 2 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენა-შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება;
3.3. ლ. ქ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2022 წლის 14 იანვრიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. ქ–ს ადვოკატმა ლ. ზ–მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ისეთი სახის სასჯელის დანიშვნა, რომელიც არ იქნება დაკავშირებული პატიმრობასთან.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ქ–ს ადვოკატმა ლ. ზ–მ, რომელიც ითხოვს მსჯავრდებულის აღიარების, დაზარალებულისა და მისი მეუღლის ნოტარიულად დამოწმებული განცხადების (შეურიგდა მსჯავრდებულს და აპატია მომხდარი), მტკიცებულებების უდავოდ მიჩნევისა და სწრაფი მართლმსაჯულებისათვის ხელის შეწყობის, მსჯავრდებულის ოჯახური მდგომარეობის (ჰყავს მოხუცი დედა, რომელიც არის ლოგინად ჩავარდნილი, არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება და მისი ერთადერთი მარჩენალი და მომვლელი არის ლ. ქ–ე) მხედველობაში მიღებით, ლ. ქ–სათვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნას. მათ შორის, ადვოკატი უთითებს საქართველოს სსკ-ის 63-ე ან 50-ე მუხლებით გათვალისწინებულ შეღავათებზე.
7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no.36755/06, §31, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის ადვოკატი ითხოვს დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას და უთითებს საქართველოს სსკ-ის 63-ე/50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის/სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლის შესაძლებლობებზე.
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. გასაჩივრებულ განაჩენში კი მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ლ. ქ–ს მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა. ამდენად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს - ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
11. საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა, მათ შორის, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მითითებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
12. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა გ. ხ–ს მიმართ დანაშაული - სიცოცხლის მოსპობის მუქარა - ჩაიდინა დანის გამოყენებით. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმპერატიული დანაწესიდან გამომდინარე (დამამძიმებელი გარემოების გათვალისწინებით) - დაუშვებელია თავისუფლების აღკვეთის უფრო მცირე ხანგრძლივობით დანიშვნა (სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას, რაც მოცემულ შემთხვევაში ემთხვევა მუხლის სანქციის მაქსიმალურ ხანგრძლივობას, თუმცა იმავდროულად, დამამძიმებელი გარემოების გათვალისწინებით, არის მინიმალური ხანგრძლივობაც).
13. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ მსჯავრდებული დააკავეს მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ და არა დანაშაულის ადგილას - ქალაქ თ–ში, გ–ს მე-.. მიკრორაიონის N.. კორპუსის ..... სადარბაზოში მდებარე ბინა №..-თან, რა მისამართზეც მოხდა პოლიციის გამოძახება. სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას ლ. ქ–ს დანაშაულის ჩადენისთანავე წასწრების შესახებ, რადგან აღნიშნული დასტურდება უდავო მტკიცებულებებით, მათ შორის - შეტყობინებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, დაზარალებულის, მოწმე მ. გ–ს და ინსპექტორ-გამომძიებელ კ. წ–ს გამოკითხვის ოქმებით. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ბრალდებულის ფაქტობრივი დაკავების ადგილია - თ–ი, გ–ს მე-.. მ/რ-ი, კორპუსი №..., ბინა №..; დაკავებისას ლ. ქ–ე იყო აგრესიული, პოლიციელებს გაუწია წინააღმდეგობა, რის გამოც გამოყენებული იქნა იძულების პროპორციული ზომები; პირადი ჩხრეკისას ლ. ქ–ს მარჯვენა ხელიდან ამოიღებული იქნა მოყავისფრო ტარიანი, დასაკეცი დანა, გაშლილ მდგომარეობაში, მოვერცხლისფრო ფერის ბასრი პირით (ტომი 1, ს.ფ. 3-10).
14. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოთხოვნას მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 63-ე ან 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების ნაწილში. კანონმდებელი მითითებული მუხლებით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებისათვის ერთი მხრივ, აწესებს კონკრეტულ სავალდებულო წინაპირობებს და იმავდროულად - აღნიშნული წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, პირობითი მსჯავრის გამოყენების შესაძლებლობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში ლ. ქ–ს დაკავება დანაშაულის ჩადენისთანავე გამორიცხავს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების შესაძლებლობას, ხოლო საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების საკითხთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, მის საზოგადოებრივ საშიშროებას, ლ. ქ–ს პიროვნებას, დანაშაულის ჩადენის გარემოებებს და - დაზარალებულის მხრიდან პრეტენზიის არ არსებობის, ლ. ქ–ს მიერ გამოძიების ორგანოებთან თანამშრომლობის და მტკიცებულებათა უდავოდ ცნობის მიუხედავად - მიაჩნია რომ დანიშნული სასჯელი შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს.
15. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და ლ. ქ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.
16. იმავდროულად, სააპელაციო სასამართლოს მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 16 მაისის განაჩენზე (რომლითაც ლ. ქ–ე დამნაშავედაა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 19,108 მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში - დაზარალებულისათვის დანით გულმკერდის ღრუში შემავალი ჭრილობის მიყენება) მითითება ეწინააღმდეგება საქართველოს სსკ-ით დადგენილ მოთხოვნებს. კერძოდ, სააპელაციო სასამართლო უთითებს, რომ აღნიშნული განაჩენით წარმოშობილი ნასამართლობა ლ. ქ–ს მიმართ არის გაქარწყლებული და მისი გათვალისწინება არ ხდება მოცემულ საქმეზე მისთვის სასჯელის დანიშვნისას, თუმცა, დანის არაერთგზის არაკანონიერი მიზნებისათვის გამოყენების დადასტურების ნაწილში, წარმოდგენილი განაჩენი ახასიათებს მსჯავრდებულის პიროვნებას და ქმნის მისგან მომდინარე მომავალი საფრთხეების კრიტიკულად შეფასების წინაპირობას.
16.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ აღნიშნული მსჯელობა ეწინააღმდეგება საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნას, რომლის თანახმად, გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას. „მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, აკრძალულია სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების, მათ შორის - სასჯელის ან მისი პირობითად ჩათვლის საკითხის გადაწყვეტისას, მხედველობაში იქნეს მიღებული გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა. შესაბამისად, დაუშვებელია მოსამართლემ რაიმე ფორმით განაჩენში ასახოს გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა, თუნდაც მსჯავრდებულის პიროვნებისა და მისი წარსული ცხოვრების ზოგადად შეფასების კონტექსტში, ვინაიდან იგი სწორედ სასჯელის საკითხის შეფასებას უკავშირდება და ამის შესახებ განაჩენში ხაზგასმა, თუნდაც ირიბად, საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილს ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 2 ოქტომბრის №212აპ-15 განაჩენი; 2015 წლის 25 თებერვლის №322აპ-14 განაჩენი).
17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
18. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობა. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
20. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
21. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
22. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. ქ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ლ. ზ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე