საქმე # 190100121004952836
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №651აპ-22 ქ. თბილისი
შ. ს. 651აპ-22 20 ივლისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 29 აპრილის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ს. შ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი: წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ; არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ორი პირის მიმართ, გენდერული შეუწყნარებლობის ნიშნით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2021 წლის 30 ივნისს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქალაქ გ–ში, ს–ს ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალმა ს. შ–მ, გენდერული შეუწყნარებლობის ნიშნით, მისი, როგორც ოჯახში მამაკაცის უპირატესი როლის დემონსტრირების მიზნით, უმნიშვნელო საბაბით, იმის გამო, რომ მეუღლემ, ი. შ–მ დილით მოუწონა შეძენილი ფეხსაცმელი, ჩათვალა, რომ ამით მას დასცინა და გაშლილი ხელი ორჯერ დაარტყა სახის არეში, ხოლო არასრულწლოვან შვილს, გ. შ–ს, რომელიც შეეპასუხა დედის ცემის გამო, უთხრა, რომ მას, როგორც ,,ლაწირაკს“, არაფერი ეკითხებოდა და გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში. ს. შ–ს ძალადობრივი ქმედებების შედეგად ფიზიკური ტკივილი განიცადეს ი. შ–მ და გ. შ–მ.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 სექტემბრის განაჩენით:
3.1. ს. შ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;
3.2. ს. შ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან;
3.3. ს. შ–ს განემარტა საქართველოს სსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ სტურუამ, რომელმაც ითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ს. შ–ს დამნაშავედ ცნობა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 29 აპრილის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილემ ზურაბ კოჭლამაზაშვილმა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და გამართლებული ს. შ–ს დამნაშავედ ცნობას.
7. პროკურორის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა გამართლებულმა ს. შ–მ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no.36755/06, §31, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი ითხოვს გამართლებული ს. შ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობას და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო თავად გამართლებული ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
10. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობეს ს. შ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულებმა - ი. შ–მ და რ. შ–მ გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცეს ჩვენება საკუთარი ოჯახის წევრის (მეუღლის; მამის) ს. შ–ს წინააღმდეგ, ხოლო სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა შესაძლო დანაშაულის შემსწრე არცერთი მოწმე, რომელიც დაადასტურებდა ს. შ–ს მიერ დაზარალებულებისათვის დარტყმას.
13. იმ პირობებში, როდესაც ს. შ–ს ბრალდების დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილია სსიპ 112-ში შესული შეტყობინება, შემაკავებელი ორდერები და დაზარალებულების სამედიცინო დოკუმენტაცია, რომლებიც, თავის მხრივ, სადავო გარემოებებთან დაკავშირებით ეფუძნება დაზარალებულების მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციას, მათ კი უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, მითითებულ დოკუმენტებში ასახული ინფორმაცია ვერ ჩაანაცვლებს დაზარალებულების ჩვენებებს. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის მტკიცებას გამართლებულის დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით და ითვალისწინებს, რომ მათ შორის, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
14. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია მამხილებელი მტკიცებულებების მოპოვება, რომლებიც ადასტურებენ წარდგენილ ბრალდებას, რათა მისი დასაბუთებულობა არ იყოს დამოკიდებული პროცესის მონაწილეების მიერ სსსკ–ის 49-ე მუხლით მათთვის მინიჭებული უფლებით სარგებლობაზე; „ოჯახური დანაშაულის სპეციფიკიდან გამომდინარე დაზარალებულის ჩვენების არარსებობის ან საქმის მასალებში ბრალდებულის მიმართ დაზარალებულის პრეტენზიის არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაშიც, ბრალდებულის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები №766აპ-19; 627აპ-19). მოცემულ შემთხვევაში ს. შ–ს ბრალეულობა დამოკიდებულია დაზარალებულების მამხილებელ ჩვენებაზე, ამიტომ ვინაიდან დაზარალებულებმა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, ხოლო ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია სხვა პირდაპირი მტკიცებულებები - უტყუარად ვერ დგინდება ს. შ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
16. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
17. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
18. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 29 აპრილის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე