Facebook Twitter

საქმე # 330100122004901730

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№595აპ-22 ქ. თბილისი

ც–ე ბ., 595აპ-22 21 ივლისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 11 აპრილის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:

1.1. ბ. ც–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი გენდერული დისკრიმინაციის მოტივით - 6 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ბ. ც–ე მიიჩნევდა რა, რომ ცოლი არის მისი საკუთრება, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, აკონტროლებდა მეუღლის - ნ. მ–ს თითოეულ ნაბიჯს, მის სოციალურ ქსელსა და მიმოწერას, შემოწმების მიზნით აკითხავდა სამსახურში, ურჩევდა მისთვის სასურველ ტანსაცმელსა და საკონტაქტო პირთა წრეს. აღნიშნული მოტივით, 2020 წლის 5 ოქტომბერს, საღამოს, ქ. თ–ში, .........ის ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბ. ც–ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ. მ–ს, კერძოდ - გაშლილი ხელი სამჯერ დაარტყა სახის მარცხენა არეში. დაზარალებულმა თითოეული დარტყმისას განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

1.3. გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ბ. ც–ე მიიჩნევდა რა, რომ ცოლი არის მისი საკუთრება, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, აკონტროლებდა მეუღლის - ნ. მ–ს თითოეულ ნაბიჯს, მის სოციალურ ქსელსა და მიმოწერას, შემოწმების მიზნით აკითხავდა სამსახურში, ურჩევდა მისთვის სასურველ ტანსაცმელსა და საკონტაქტო პირთა წრეს. აღნიშნული მოტივით, 2020 წლის 20 ოქტომბერს, საღამოს, ქ. თ–ში, .....ის ქუჩა №...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბ. ც–მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ. მ–ს, კერძოდ - გაშლილი ხელი ორჯერ დაარტყა სახის მარცხენა არეში. დაზარალებულმა თითოეული დარტყმისას განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

1.4. გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ბ. ც–ე მიიჩნევდა რა, რომ ცოლი არის მისი საკუთრება, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, აკონტროლებდა მეუღლის - ნ. მ–სის თითოეულ ნაბიჯს, მის სოციალურ ქსელსა და მიმოწერას, შემოწმების მიზნით აკითხავდა სამსახურში, ურჩევდა მისთვის სასურველ ტანსაცმელსა და საკონტაქტო პირთა წრეს. აღნიშნული მოტივით, 2021 წლის 23 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში, ქ. თ–ში, პ–ს გამზირზე, მეტროსადგურ „...........ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბ. ც–ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ. მ–ს, კერძოდ - მარჯვენა გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

1.5. გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ბ. ც–ე მიიჩნევდა რა, რომ ცოლი არის მისი საკუთრება, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, აკონტროლებდა მეუღლის - ნ. მ–ს თითოეულ ნაბიჯს, მის სოციალურ ქსელსა და მიმოწერას, შემოწმების მიზნით აკითხავდა სამსახურში, ურჩევდა მისთვის სასურველ ტანსაცმელსა და საკონტაქტო პირთა წრეს. აღნიშნული მოტივით, 2021 წლის 28 მარტს, საღამოს, ქ. თ–ში, .........ის ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბ. ც–ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ. მ–სს, კერძოდ - გაშლილი ხელი ორჯერ დაარტყა სახის მარცხენა არეში. დაზარალებულმა თითოეული დარტყმისას განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

1.6. გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ბ. ც–ე მიიჩნევდა რა, რომ ცოლი არის მისი საკუთრება, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, აკონტროლებდა მეუღლის - ნ. მ–სის თითოეულ ნაბიჯს, მის სოციალურ ქსელსა და მიმოწერას, შემოწმების მიზნით აკითხავდა სამსახურში, ურჩევდა მისთვის სასურველ ტანსაცმელსა და საკონტაქტო პირთა წრეს. აღნიშნული მოტივით, 2021 წლის 10 აპრილს, საღამოს, ქ. თ–ში, .........ის ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმაბ. ც–მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ. მ–ს, კერძოდ - გაშლილი ხელი დაარტყა სახის მარცხენა არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

1.7. გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ბ. ც–ე მიიჩნევდა რა, რომ ცოლი არის მისი საკუთრება, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, აკონტროლებდა მეუღლის - ნ. მ–სის თითოეულ ნაბიჯს, მის სოციალურ ქსელსა და მიმოწერას, შემოწმების მიზნით აკითხავდა სამსახურში, ურჩევდა მისთვის სასურველ ტანსაცმელსა და საკონტაქტო პირთა წრეს. აღნიშნული მოტივით, 2021 წლის 30 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. თ–ში, .........ის ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალმა ბ. ც–ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ. მ–სს, კერძოდ - გაშლილი ხელი ოთხჯერ დაარტყა სახის არეში. დაზარალებულმა თითოეული დარტყმისას განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. დროის მცირე მონაკვეთის გასვლის შემდეგ, 2021 წლის 1 ივლისს, ღამით, ქ. თ–ში, ...........ის ქუჩაზე გადაადგილებისას, ალკოჰოლით მთვრალმა ბ. ც–მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ. მ–ს, კერძოდ - გაშლილი ხელი ოთხჯერ დაარტყა სახის მარჯვენა არეში. დაზარალებულმა თითოეული დარტყმისას განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 26 იანვრის განაჩენით ბ. ც–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში (6 ეპიზოდი).

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 26 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ გიგაურმა მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 11 აპრილის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 26 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 11 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ - დავით ხვედელიძემ. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა. კასატორის განმარტებით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას ქმნის: დანაშაულის შესახებ შეტყობინება, დაზარალებულის დედისა და გამომძიებლის ჩვენებები და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი.

6. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ბ. ც–სის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში (6 ეპიზოდი) უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:

7. დაზარალებულმა ნ. მ–მ უარი განაცხადა ახლო ნათესავის - მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

8. დაზარალებულის დედის - მ. შ-ს ჩვენებით, ბრალდებულსა და დაზარალებულს ჰქონდათ მშვიდი და ნორმალური ურთიერთობა. კონფლიქტისა და აკრძალვების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. მოწმის განმარტებით, შვილისაგან გაიგო, რომ ნასვამ ბ. ც–ს მეუღლეზე უძალადია. იმავდროულად, მოწმემ დაადასტურა გამოკითხვის ოქმში გადმოცემული ინფორმაცია, რომ ბ. ც–ე ნ–ს მიმართ აგრესიული გახდა, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. 2020 წლის ოქტომბერში ნანას მარცხენა თვალის არეში აღენიშნებოდა სილურჯე, რაზეც უპასუხა, რომ ბ. ც–ემ სცემა. როგორც ნ–მ უამბო, მას ბ–ი სიმთვრალეში უმიზეზოდ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით და უმიზეზოდ სცემდა. მსგავსი ფაქტი მოხდა 2021 წლის 30 ივნისსაც.

9. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი, საქმე N97აპ-20).

10. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოწმე მ. შ–ს ჩვენება, რომელიც შეეხება დაზარალებულის მონათხრობს მის მიმართ ჩადენილი ძალადობის შესახებ, წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, რადგან გადმოსცემს სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ირიბ ჩვენებას წარმოადგენს ასევე პროკურორის მიერ საკასაციო საჩივარში მტკიცებულებად მითითებული მოწმის - საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელი გამომძიებლის - მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაციაც, რაც მისთვის დაზარალებულისგან გახდა ცნობილი.

11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას ირიბი ჩვენების გამოყენებასთან დაკავშირებით და კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

12. რაც შეეხება 2021 წლის 1 ივლისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, სადაც აღნიშნულია დაზარალებულ ნ. მ–ს განმარტება 2020 წლის 5 ოქტომბერს, 2020 წლის 20 ოქტომბერს, 2021 წლის 28 მარტს, 2021 წლის 10 აპრილს, 2021 წლის 30 ივნისსა და 2021 წლის 23 თებერვალს მეუღლის მიერ მის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და განცდილი ტკივილის/დაზიანების შესახებ, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ: „საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგენილ იქნა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი, საქმე N424აპ-16). იმავდროულად, სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მართალია, რაოდენობრივად ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, თუმცა ცალსახაა, რომ ორივე შემთხვევაში ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი. მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შინაარსობრივად არის დაზარალებულის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის შემოწმება. იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა ისარგებლა საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული პრივილეგიით და ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე სასამართლოში უარი განაცხადა, მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ვერ განიხილება როგორც ისეთი დამოუკიდებელი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება, საქმე N315აპ-20; საქმე N49აპ-20; საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი, საქმე N1051აპ-21).

13. ამასთან, საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კვალიფიკაცია ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში მოითხოვს დაზარალებულის მიერ ტკივილის განცდას. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტის დადგენისათვის გამოიყენება სუბიექტური და ობიექტური ტესტები (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება, საქმე N746აპ-19; საქმე N674აპ-20). მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა დაზარალებულის მიერ ტკივილის ობიექტურად განცდას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი, საქმე N1051აპ-21).

14. რაც შეეხება დანაშაულის შესახებ დაზარალებულის შეტყობინებას, რომელსაც კასატორი ბრალდების დამადასტურებელ დამოუკიდებელ მტკიცებულად განიხილავს, საკასაციოს სასამართლო ითვალისიწნებს, რომ ცალკე აღებული შეტყობინება, სხვა დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს დანაშაულის ჩადენის ფაქტის დასადასტურებლად. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ დაზარალებულის მიერ სსიპ 112-ისთვის შეტყობინება ვერ ჩაანაცვლებს დაზარალებულის ჩვენებას, რადგან შეტყობინებაში მითითებული გარემოებების არსებობა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით უნდა გადამოწმებულიყო (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 24 აგვისტოს განჩინება N483აპ-21; 2021 წლის 14 სექტემბრის განჩინება საქმეზე N442აპ-21; 2021წლის 28 მაისის განჩინება N 213აპ-21).

15. სასამართლო ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებულ მოწყვლადობას და იმ სირთულეებს, რაც უკავშირდება მტკიცებულებების შეგროვებას, როდესაც „ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში“ (Volodina v Russia, no.41261/17, §82, ECtHR, 09/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად ედება გამამტყუნებელ განაჩენს, პირველ რიგში უნდა შეფასდეს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

16. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ბ. ც–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (6 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

17. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, ECtHR, no 49684/99, §30, 25/12/2001); ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც ეთანხმება.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

19. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 11 აპრილის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე