Facebook Twitter

საქმე # 330100120003550075

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№631აპ-22 ქ. თბილისი

წ–ე ვ., 631აპ-22 22 ივლისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 3 მაისის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ხარებაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:

1.1. ვ. წ–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 377-ე მუხლის პირველი ნაწილითა (დაყადაღებული ქონების დამალვა, იმის მიერ, ვისაც ეს ქონება მინდობილი ჰქონდა) და საქართველოს სსკ-ის 3771-ე მუხლით (კერძო აღმასრულებლისათვის კანონით გათვალისწინებული ქონებრივი ნუსხის არასრულყოფილად წარდგენა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2018 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ყადაღის ღონისძიების განხორციელების სამმართველოს ოფიცრებმა - ნ. კ–მა და ი. ბ–მა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის №........ ბრძანების საფუძველზე აღწერეს და ყადაღა დაადეს შპს ................(ქ. თ–ი, მ. ა–ს ქუჩა №.., შესახვევი №..) სახელზე რეგისტრირებულ სხვადასხვა დასახელების მოძრავ ნივთებს, მათ შორის, ქ.თ–ში, სოფელ დ–ს ტერიტორიაზე განთავსებულ მუხლუხა სატვირთველს (სახელმწიფო ნომრით - .......), რომელიც შესანახად ჩააბარეს აღნიშნული კომპანიის წილის მფლობელსა და მინდობილ პირს - ვ. წ–ეს და გააფრთხილეს დაყადაღებული ქონების გაფლანგვის, გასხვისების, დამალვის ან უკანონოდ გადაცემის შემთხვევაში მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. მიუხედავად გაფრთხილებისა, ვ. წ–ემ დაყადაღებული სატრანსპორტო საშუალება - მუხლუხა სატვირთველი (სახელმწიფო ნომრით - .........) გადამალა კ–ში, სოფელ მ–ში, სადაც ეს ქონება იპოვა შპს ................ერთ-ერთმა თანამშრომელმა - ა. კ–მ და გადააადგილა ქ. თ–ში, ღ–ს ქუჩა №..-ში.

1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 აგვისტოს სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, კერძო აღმასრულებელმა დ. მ-მ 2019 წლის 20 სექტემბერს შპს ................(ქ.თ–ი, მ. ა–ს ქუჩა №.., შესახვევი №..) წილის მფლობელსა და მინდობილ პირს - ვ. წ–ეს მოსთხოვა მის სახელზე რეგისტრირებული ქონებრივი ნუსხის წარდგენა. 2019 წლის 26 სექტემბერს, ქ. თ–ში, ....., ..........ის ქუჩა №..-ში, ვ. წ–მ კერძო აღმასრულებელს წარუდგინა ქონებრივი ნუსხა, სადაც მითითებული იყო სხვადასხვა დასახელების მოძრავი ქონება, მათ შორის - მუხლუხა სატვირთველი (სახელმწიფო ნომრით - .........), თუმცა არ იყო მითითებული ინფორმაცია ამ უკანასკნელის ადგილსამყოფლის შესახებ.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით:

ვ. წ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

ვ. წ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3771-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა ლეკიაშვილმა მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, ვ. წ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 3 მაისის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:

ვ. წ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

ვ. წ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3771-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში სასჯელის დაუნიშნავად (განაჩენის გამოტანის მომენტისათვის მსჯავრდებულის გარდაცვალების გამო).

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 3 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვახტანგ ხარებაშვილმა. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ვ. წ–სის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

6. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ვ. წ–ს საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების ამ ეპიზოდში გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:

7. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2018 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ყადაღის ღონისძიების განხორციელების სამმართველოს ოფიცრებმა - ნ. კ–მა და ი. ბ–მა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის №... ბრძანების საფუძველზე აღწერეს და ყადაღა დაადეს შპს ................(ქ.თ–ი, ........ს ქუჩა №.., შესახვევი №..) სახელზე რეგისტრირებულ სხვადასხვა დასახელების მოძრავ ნივთებს, მათ შორის - ქ. თ–ში, სოფელ დ–ს ტერიტორიაზე განთავსებულ მუხლუხა სატვირთველს (სახელმწიფო ნომრით - .........), რომელიც შესანახად ჩააბარეს აღნიშნული კომპანიის წილის მფლობელსა და მინდობილ პირს - ვ. წ–ს და იმავდროულად გააფრთხილეს დაყადაღებული ქონების გაფლანგვის, გასხვისების, დამალვის ან უკანონოდ გადაცემის შემთხვევაში მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. აღნიშნული გარემოება დადასტურებულია თავად ვ. წ–ს სასამართლოში მიცემული ჩვენებითაც. საქმეში არსებული მტკიცებულებებით ასევე დადგენილია, რომ შპს „ვ–ს“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა - ა. კ–მ კ–ში, სოფელ მ–ში, იპოვა სატვირთველი და გადაიტანა ქალაქ თ–ში.

8. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ის გარემოება, რომ სწორედ ვ. წ–მ შეუცვალა ადგილმდებარეობა დაყადაღებულ მუხლუხა სატვირთველს და გადამალა სოფელ მ–ში. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ იკვეთება ვ. წ–სის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების არათუ უშუალოდ ჩადენა, არამედ მასში რაიმე ფორმით მონაწილეობაც კი.

9. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ობიექტური შემადგენლობის ერთ-ერთი ნიშანი - აღწერილი ან დაყადაღებული ქონების დამალვა - გულისხმობს ამ ქონების ადგილმდებარეობის ცვლილებას იმ მიზნით, რომ შეუძლებელი გახდეს მისი შემდგომი მოძიება და ამოღება. მოცემულ შემთხვევაში, როგორც აკაკი კაპანაძის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, მუხლუხა სატვირთველი მან მოიძია კ–ში, სოფელ მ–ში, გზის პირას მიტოვებული. ეს გარემოება, ვ. წ–ს მიერ ნივთის ადგილმდებარეობის ცვლილების დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, თავის მხრივ, საეჭვოს ხდის დაყადაღებული ქონების დამალვის მიზნის არსებობას.

10. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად ედება გამამტყუნებელ განაჩენს, პირველ რიგში, უნდა შეფასდეს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

11. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ვ. წ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

12. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, ECtHR, no 49684/99, §30, 25/12/2001); ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც ეთანხმება.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 3 მაისის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ხარებაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე