Facebook Twitter

საქმე # 050100121004531426

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №14აპ-22 ქ. თბილისი

გ. ლ. 14აპ-22 7 ივლისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ - მალხაზ სირაძის

მსჯავრდებულ - ლ. გ-ის

ადვოკატ - მ. ფ-ის

მონაწილეობით, ზეპირი მოსმენით განიხილა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მამუკა ნადირაძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 24 სექტემბრის განაჩენზე ლ. გ-ის მიმართ.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ლ. გ-ს, - დაბადებულს 1..... წელს, - ბრალად ედებოდა:

1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით;

1.2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ლ. გ-ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2021 წლის 28 იანვარს შსს ლ-ს რაიონული სამმართველოს ს-ის პოლიციის განყოფილებაში გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც ლ. გ-ს 30 დღით აეკრძალა მსხვერპლის - ყოფილი მეუღლის, მ. ს–ს საცხოვრებელ სახლთან, მასთან და იმ ადგილთან მიახლოება, სადაც ეს უკანასკნელი იმყოფებოდა, ასევე, მ. ს-სთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის, ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მიუხედავად აღნიშნულისა, ლ. გ-მ დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, კერძოდ, 2021 წლის 10 თებერვალს, დაახლოებით 13:00 საათზე, ყოფილ მეუღლეს - მ. ს-ს მიაკითხა ლ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ წ-ში, ამ უკანასკნელის მშობლების - ხ. ს-ს და ნ. ტ-ის საცხოვრებელ სახლში; 2021 წლის 15 თებერვალს, დაახლოებით 16:00 საათზე - ო-ში, სადაც მ. ს. სტუმრად იმყოფებოდა მამიდასთან - მ. ს-სთან; 2021 წლის 19 თებერვალს, დაახლოებით 11:00 საათზე კი ლ. გ., ო-ში მყოფ მ. ს-ს სახლიდან დაუკავშირდა მობილური ტელეფონით და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას.

2.2. 2021 წლის 19 თებერვალს, დაახლოებით 11:00 საათზე, ლ. გ-მ დაარღვია მის მიმართ შსს ლ-ს რაიონული სამმართველოს ს-ის პოლიციის განყოფილებაში გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, კერძოდ, მიუხედავად აკრძალვისა, ო-ში მყოფ ყოფილ მეუღლეს - მ. ს-ს, ლ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ წ-ში მდებარე, კუთვნილი სახლიდან დაუკავშირდა მობილური ტელეფონით და უსაფუძვლო ეჭვიანობის ნიადაგზე დაუწყო გინება, რა დროსაც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნულის გამო მ. ს-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 ივნისის განაჩენით ლ. გ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

3.1. ლ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 8 თვით;

3.2. ლ. გ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვალა დაეწყო დაკავებიდან - 2021 წლის 19 თებერვლიდან.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანას, ლ. გ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში, ხოლო სასჯელის სახით როგორც თითოეულ ეპიზოდში, ასევე საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით თავისუფლების აღკვეთის 8 თვეზე მეტი ვადით განსაზღვრას, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 24 სექტემბრის განაჩენით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 24 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მამუკა ნადირაძემ.

6.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 3 ნოემბრის განჩინებით ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მამუკა ნადირაძის შუამდგომლობა, ლ. გ-ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 24 სექტემბრის განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრებისათვის გაცდენილი ვადის აღდგენის თაობაზე დაკმაყოფილდა.

6.2. პროკურორი მამუკა ნადირაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 24 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას. კერძოდ, ლ. გ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში, ხოლო სასჯელის სახით როგორც თითოეულ ეპიზოდში, ასევე საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით 8 თვეზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

7. საკასაციო სასამართლოს სხდომაზე პროკურორმა მალხაზ სირაძემ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

8. დაცვის მხარე არ დაეთანხმა ბრალდების მხარის პოზიციას და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის არგუმენტები და მიაჩნია, რომ პროკურორ მამუკა ნადირაძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. ვინაიდან საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ლ. გ-ის საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში მსჯავრდებისა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულში გამართლების ნაწილში, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც ეთანხმება.

3. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 23 მაისის N258აპ-22 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 19 მაისის N212აპ-22 განჩინება).

4. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77).

5. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ლ. გ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება - მ. ს-ს სიცოცხლის მოსპობის მუქარა - არ დასტურდება არცერთი პირდაპირი მტკიცებულებით. კერძოდ:

5.1. დაზარალებულმა მ. ს-მ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას მიუთითა, რომ 19 თებერვალს, როდესაც ლ. გ. ტელეფონით ესაუბრა მას, მხოლოდ ის უთხრა, რომ სახლიდან არ გასულიყო, არ დამუქრებია და არ უთქვამს, რომ მოკლავდა (იხ.: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 მაისის სხდომის ოქმი 13:45:00-13:46:34; 13:46:40-13:47:00; 13:44:00-13:44:36);

5.2. მობილური ტელეფონის დათვალიერების 2021 წლის 6 აპრილის ოქმით (მ. ს-ს წერილობითი თანხმობითა და მონაწილეობით დათვალიერდა მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი) დასტურდება ლ. გ-ის დედის რ. თ-ის ტელეფონის ნომრიდან დაზარალებულის ტელეფონის ნომერზე 2021 წლის 19 თებერვალს, 11:00 საათზე შემავალი ზარი, რომლის ხანგრძლივობაა 1 წუთი და 12 წამი, თუმცა აღნიშნული მტკიცებულებით ვერ დასტურდება ვერც კონკრეტული კომუნიკაციისას საუბრის შინაარსი და ვერც კომუნიკაცია დაზარალებულსა და ლ. გ-ს შორის;

5.3. სსიპ ,,112-ის“ 2021 წლის 19 თებერვლის შეტყობინებითაც დასტურდება, რომ დაზარალებული უთითებდა ლ. გ-ის მიერ შეურაცხყოფისა და შემაკავებელ ორდერის დარღვევის ფაქტზე, და არ უთითებს ლ. გ-ის მიერ მისი მისამართით დამუქრებაზე. კერძოდ, 2021 წლის 19 თებერვალს სსიპ „ 112“-ს დაუკავშირდა მ. ს., რომელმაც განაცხადა, რომ მეუღლემ, რომლის მიმართაც გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი, ტელეფონის საშუალებით მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა (იხ. ტ.1., ს.ფ. 2).

5.4. რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტის 2021 წლის 20 თებერვლის ოქმს (რომელიც ჩატარდა მოწმის მიერ მიცემული ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით), სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ არ შეიძლება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს პრაქტიკულად ადგილზე შემოწმდა დაზარალებულის ჩვენება და მოხდა ვითარების აღდგენა. მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მართალია, ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, მაგრამ ცალსახაა, რომ ორივე შემთხვევაში ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: №315აპ-20; №49აპ-20; №679აპ-20; №442აპ-21). იმავდროულად სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მართალია, დაზარალებულმა საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას დაადასტურა გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება (კერძოდ, მიუთითა, რომ 2021 წლის 19 თებერვალს, მამიდასთან სტუმრად ყოფნისას მობილური ტელეფონით ესაუბრებოდა ლ. გ-ის დედას - რ. თ-ს, რა დროსაც მსჯავრდებულმა დედამისს გამოართვა მობილური ტელეფონი და მ. ს-ს უთხრა, რომ აკონტროლებდა და არ უნდა გასულიყო სახლიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკლავდა. დაზარალებულმა იმავდროულად განმარტა, რომ მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც მამიდის სახლიდან დაბრუნდა მის საცხოვრებელ სახლში), თუმცა არ შეიძლება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, მითუფრო მაშინ, როდესაც დაზარალებული არ ადასტურებს გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებას და სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას არსებითად განსხვავებულ გარემოებებს უთითებს. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოში ჩვენების მიცემისას დაზარალებულმა არ დაადასტურა გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისა და საგამოძიებო ექსპერიმენტისას მიწოდებული ინფორმაცია და განმარტა, რომ 19 თებერვალს, როდესაც ლ. გ. ტელეფონით ესაუბრა მას, მხოლოდ ის უთხრა, რომ სახლიდან არ გასულიყო, არ დამუქრებია და არ უთქვამს, რომ მოკლავდა;

5.5. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია(იხ.: მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 10 ნოემბრის N545აპ.-20 განჩინება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 20 ივლისის N232აპ-21 განჩინება). შესაბამისად, 2021 წლის 20 თებერვლის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში ასახული დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაცია საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან იგი შინაარსობრივად წარმოადგენს დაზარალებულის (მოწმის) მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის შემოწმებას, რომელიც როგორც აღინიშნა დაზარალებულმა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას არ დაადასტურა.

5.6. სისხლის სამართლის საქმეზე უდავოდ ცნობილი მ. ს-ს, ხ. ს-ს, მ. ს-ს, ნ. ტ-ის, კ. თ-ს, ბ. ჩ-ის და ჯ. კ-ის გამოკითხვის ოქმები - წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რადგან ისინი ფაქტს თავად არ შესწრებიან და ინფორმაციას ფლობენ დაზარალებულისაგან. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

6. სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

7. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ლ. გ-ის მიერ მისთვის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა.

8. ლ. გ-ისათვის საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდებისათვის დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).

9. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას სასჯელის დამძიმების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ლ. გ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 თვით; საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

11. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით“.

12. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, ხოლო ამავე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება ყოფილი მეუღლეც.

13. საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას; ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისთვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას“.

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.

15. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლზე მითითება თავისთავად არ განაპირობებს საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის წესის გამოყენების აუცილებლობას, რადგან საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლი განსაზღვრავს ოჯახური დანაშაულის ცნებასა და პასუხისმგებლობის (კვალიფიკაციის) საკითხს, ხოლო ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სასჯელის დანიშვნის წესს ადგენს საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2-მე-4 ნაწილები. იმავდროულად, სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, შემაკავებელი ორდერის გამოცემა უკავშირდებოდა ლ. გ-ის მიერ ყოფილი მეუღლისათვის - დაზარალებულის განმარტებით - სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის, 2021 წლის 18 იანვარს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებასა და სიცოცხლის მოსპობით მუქარას, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით (იხ. ტ.1, ს.ფ.9). შესაბამისად, ლ. გ-ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების - საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას გვაძლევს ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის, მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. მოცემულ შემთხვევაში, სწორედ ოჯახის წევრის მიმართ ქმედების (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) ჩადენამ დააფუძნა საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 3811 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის დამატებით ობიექტს წარმოადგენს ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესის გამოყენება - საქართველოს სსკ-ის 3811 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ოჯახის წევრის მიმართ ჩადენის გამო - გამოიწვევს მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუმართლებელ დამძიმებას.

16. საკასაციო სასამართლო მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებასთან დაკავშირებით ასევე ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია; სააპელაციო სასამართლომ ლ. გ-ს განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე - არა მინიმალური ხანგრძლივობით; კასატორი არ უთითებს კონკრეტულ გარემოებაზე, რაც დაადასტურებდა განსაზღვრული სასჯელის უსამართლობას, ან მის შეუსაბამობას საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, რესოციალიზაციის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების ან ზოგადი პრევენციის მიზნებთან ( იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება) - რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.

17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ პირს უნდა დაეკისროს „სასჯელის სწორედ ის სახე და სწორედ იმ ვადით, რაც საქმის გარემოებებიდან და წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას დანაშაულის ბუნების, მისი ჩადენის გარემოებებისა და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება N 1/7/851 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6 ).

18. შესაბამისად, ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მამუკა ნადირაძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 24 სექტემბრის განაჩენი ლ. გ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მამუკა ნადირაძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 24 სექტემბრის განაჩენი ლ. გ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად;

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე