Facebook Twitter

საქმე # 130100121004343234

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №229აპ-22 ქ. თბილისი

მ. ხ., 229აპ-22 19 ივლისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას,

პროკურორების - როზა სამუშიასა და არჩილ ბედუკაძის,

მსჯავრდებულ - ხ. მ-ის,

ადვოკატ - მ. ბ-ის

მონაწილეობით ზეპირი მოსმენით განიხილა ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე ბაიდოშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 ნოემბრის განაჩენზე ხ. მ-ის მიმართ.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ხ. მ-ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაული, გათვალისწინებული - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2020 წლის 23 ნოემბერს, ღამის საათებში, ქ. ქ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალი ცენტრალური სარკინიგზო მაგისტრალის 2410-ე კილომეტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხ. მ. გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად ცდილობდა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა სს ,,ს-ის“ საკუთრებაში არსებულ, დროსელ ტრანსფორმატორის გულანას, რასაც შეეძლო გამოეწვია 2950 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

3. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 30 ივლისის განაჩენით:

3.1. ხ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

3.2. ხ. მ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 23 ნოემბრიდან.

4. ხაშურის რაიონული სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

4.1. მსჯავრდებულმა და მისმა ადვოკატმა ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ხ. მ-ის გამართლება.

4.2. ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თორნიკე ბაიდოშვილმა ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ხ. მ-ის საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის სანქციის ფარგლებში (დანიშნულ სასჯელზე უფრო მკაცრი ზომის) სასჯელის განსაზღვრა.

5. პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინეს მსჯავრდებულმა ხ. მ-მ და მისმა ადვოკატმა მ. ბ-მ, რომლებმაც ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის გამართლება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 ნოემბრის განაჩენით:

6.1. ხ. მ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;

6.2. ხ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

6.3. ხ. მ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 23 ნოემბრიდან.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თორნიკე ბაიდოშვილმა, რომელმაც საკასაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ხ. მ-ის საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის სანქციის ფარგლებში, რეალურად მოსახდელად თავისუფლების აღკვეთის ისეთი ზომის განსაზღვრა, რომელიც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

8. პროკურორის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინეს მსჯავრდებულმა ხ. მ-მ და მისმა ადვოკატმა მ. ბ-მ, რომლებმაც ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

9. საკასაციო სასამართლოს სხდომაზე პროკურორებმა - როზა სამუშიამ და არჩილ ბედუკაძემ მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

10. დაცვის მხარე არ დაეთანხმა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარს და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება. იმავდროულად მიუთითა, რომ 22 ნოემბრის საღამოს ხ. მ. ქეიფობდა და იყო მთვრალი, საიდანაც უცნობ პირს (ვინმე ვ-ს) გაჰყვა და შემთხვევით აღმოჩნდა დანაშაულს ადგილას; დეტალები არ ახსოვს, თუმცა, უცნობ პირს ჰქონდა, მათ შორის, ქანჩი, რაც მან პოლიციელების დანახვაზე სხვა ნივთებთან ერთად დაყარა და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. ადვოკატის განმარტებით, ხ. მ-ს არ ახსოვს, როგორ აღმოჩნდა შემთხვევის ადგილას უცნობთან ერთად; აღნიშნული ფაქტის გამო ის იხდიდა სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით, რომლის ნაწილიც შემდგომში ჩაეთვალა პირობითად და დღემდე პირნათლად ასრულებს პირობითი მსჯავრით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი მსჯავრდების ნაცვლად, ხ. მ-ის საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობას, ხოლო დაცვის მხარე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს (საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით) მსჯავრდებას. შესაბამისად, მხარეებს შორის დავის საგანია საკითხის გარკვევა - ჩაიდინა თუ არა მითითებულ დროსა და ადგილას ხ. მ-მ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.

2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ხ. მ-ის ქმედების დანაშაულის დაფარვად შეფასების შესახებ და დაცვის მხარის პოზიციას, რომელიც ითხოვს აღნიშნული განაჩენის უცვლელად დატოვებას, რადგან კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით (მათ შორის: მოწმეების ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმით, ს-ის ინფრასტრუქტურული ფილიალის იურიდიული სამსახურის უფროსის - ნ. კ–ის წერილით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ხ. მ-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.

3. გასაჩივრებული განაჩენის თანახმად, სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო 2020 წლის 21 ნოემბერს დაუფლებულ გულანას, რომელიც 2020 წლის 23 ნოემბერს ამოიღეს იმ ადგილიდანვე, სადაც იმყოფებოდა ხ. მ. სხვა პირთან ერთად; გაითვალისწინა პატაკის ის ნაწილი, რომლითაც დასტურდება ხ. მ-ის შემხებლობა ქურდობის ფაქტთან; გამომძიებელ ზ. ე-ის ჩვენება (დაინახა ორი პირი, როგორ მიათრევდა ნივთს); დადგენილება სისხლის სამართლის საქმის გამოყოფის შესახებ (საქმეზე გამოყოფილია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული (მძიმე დანაშაული)) და აღნიშნა, რომ საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა რატომ იმყოფებოდა ღამის საათებში თ-ს რაიონში მცხოვრები ხ. მ. ქ-ს სარკინიგზო მაგისტრალზე, თუნდაც შემთხვევით. სააპელაციო სასამართლოს მტკიცებით, ლოგიკურ მსჯელობას მოკლებულია, რომ პირს, რომელიც ფარულად ეუფლება ნივთს, კვლავ იმ ადგილზე მიაქვს იგი, საიდანაც დაეუფლა, ანუ თუ ის დაეუფლა ნივთს და წამოიღო შემთხვევის ადგილიდან, განმეორებითი ქმედების დროს თან რატომ უნდა იქონიოს წინა დღეს დაუფლებული ნივთი, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც ხ. მ-ს ბრალდება არ ედავება 2020 წლის 21 ნოემბრის ფაქტს - მას ბრალი ედება მხოლოდ 2020 წლის 23 ნოემბერს ქურდობის მცდელობაში. შესაბამისად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ხ. მ-ისათვის ცნობილი იყო 2020 წლის 21 ნოემბერს ფარულად დაუფლებული გულანას ადგილსამყოფელი, ასევე ქურდობის ფაქტი და გადამალა ე.წ. გულანა - ე.ი. ხ. მ–მ ჩაიდინა დანაშაულის დაფარვა.

4. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ბრალდების უცვლელობის პრინციპს, იმ გარემოებას, რომ ბრალდება ხ. მ-ს არ ედავება 2020 წლის 21 ნოემბრის ფაქტს (დავის საგანია მხოლოდ 2020 წლის 23 ნოემბერს ქურდობის მცდელობის ფაქტი) და ქმედების კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით კვლავაც მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილ პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, ბრალდების გადაკვალიფიცირება ბრალდებულისთვის საკმარისად განჭვრეტადად არის მიჩნეული, თუ იგი ბრალდების თანდაყოლილ ელემენტს წარმოადგენს (De Salvador Torres v. Spain, no. 21525/93, §33, ECtHR, 24/10/1996; Sadak and Others v. Turkey, nos. 29900/96, 29901/96, 29902/96,29903/96, §§ 52, 56, ECtHR, 17/07/2021; Juha Nuutinen v. Finland, no. 45830/99, §32, ECtHR, 24/07/2007).

5. იმ პირობებში, როდესაც განსახილველი საქმის ფარგლებში ბრალდების მხარე ხ. მ-ს არ ედავება 2020 წლის 21 ნოემბრის ფაქტს, რაც დასტურდება, როგორც ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებით, ისე სახელმწიფო ბრალმდებლების მიერ სასამართლო სხდომებზე დაფიქსირებული პოზიციით (საკასაციო სხდომაზეც პროკურორებმა მკაფიოდ განმარტეს, რომ ბრალდების მხარე ხ. მ-ს ედავება 2020 წლის 23 ნოემბერს საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას და განსახილველ საქმეში დავის საგანს არ წარმოადგენს 2020 წლის 21 ნოემბერს მომხდარი დანაშაული) - საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ხ. მ-ის იმ დანაშაულის დაფარვისათვის მსჯავრდების შესახებ, რომელთან შემხებლობას მოცემული საქმის ფარგლებში არ ედავება ბრალდების მხარე მსჯავრდებულს.

6. საკასაციო სასამართლოსათვის გაუგებარია, რომელი მტკიცებულებების საფუძველზე დაადგინა სააპელაციო სასამართლომ, რომ ხ. მ-ისათვის ცნობილი იყო 2020 წლის 21 ნოემბერს ფარულად დაუფლებული გულანას ადგილსამყოფელი, ქურდობის ფაქტი ან/და ის გარემოება, რომ მან გადამალა ე.წ. გულანა, რადგან აღნიშნული არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, მათ შორის, სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული მტკიცებულებებით.

7. სააპელაციო სასამართლო უთითებს: 2020 წლის 21 ნოემბერს დაუფლებულ გულანაზე, რომელიც 2020 წლის 23 ნოემბერს ამოიღეს იმ ადგილიდანვე, სადაც იმყოფებოდა ხ. მ. სხვა პირთან ერთად; გამომძიებელ ზ. ე-ის ჩვენებაზე (დაინახა ორი პირი, როგორ მოათრევდა ნივთს) და პატაკის იმ ნაწილზე, რომელიც გასაჩივრებული განაჩენის თანახმად, ადასტურებს, ხ. მ-ის შემხებლობას ქურდობის ფაქტთან.

8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ არც საქმეში წარმოდგენილი სხვა რაიმე სარწმუნო და დასაშვები მტკიცებულებით და არც მსჯავრდებულის განმარტებით არ დასტურდება ხ. მ-ის შემხებლობა 2020 წლის 21 ნოემბერს მომხდარ ქურდობასთან ( ან მის მიერ აღნიშნული ფაქტის ცოდნა) და არც ბრალდება ედავება ხ. მ-ს აღნიშნულს, ხოლო პატაკში მითითებული ინფორმაცია per se სხვა მტკიცებულების გარეშე არ წარმოადგენს თვითკმარ საფუძველს ხ. მ-ის დამნაშავედ ცნობისთვის, მითუფრო, რომ სააპელაციო სასამართლო ახდენს აღნიშნულ პატაკში მითითებული ინფორმაციის „თავისუფალ“ ინტერპრეტირებას (პატაკის შინაარსის თანახმად, 2020 წლის 21 ნოემბერს ხ. მ. თანამზრახველებთან ერთად დაეუფლა ,,დროსელის“ ნაწილებს, იგი 22 ნოემბერს (პატაკის შედგენის მიმდინარე პერიოდში) კვლავ სჩადის დანაშაულს).

9. საქმის მასალებში არ მოიპოვება ხ. მ-ის შემთხვევის ადგილას სწორედ დანაშაულის დაფარვის მიზნით ყოფნის დამადასტურებელი (სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული) რაიმე მტკიცებულება, ხოლო თავად ხ. მ-მ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება (ტ. N2; ს.ფ.214). შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 19 ნოემბერს განაჩენში მითითებული ზემოაღნიშნული მსჯელობა - ხ. მ-ის მიერ დანაშაულის დაფარვის შესახებ - წარმოადგენს სასამართლოს ვარაუდს, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დადგენილია და მხარეებს შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2020 წლის 23 ნოემბერს, ღამის საათებში (ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, დააკავეს 2020 წლის 23 ნოემბრის 01:18 საათზე, მას წაასწრეს ქურდობის მცდელობის ფაქტზე), ხ. მ. სხვა პირთან ერთად იმყოფებოდა ქ. ქ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალი ცენტრალური სარკინიგზო მაგისტრალის 2410-ე კილომეტრის მიმდებარე ტერიტორიაზე.

11. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ: გამოძიების აღრიცხვის ბარათის თანახმად, 2020 წლის 21 თებერვალს გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, განსახილველ საქმეში დადგენილი შემთხვევის ადგილიდან დაუდგენელი პირის მიერ ,,დროსელის“ ნაწილების ქურდობის ფაქტზე; დაზარალებულის წარმომადგენელ გ. ე-ის ჩვენების თანახმად, 2020 წლის 21 ნოემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ტელეფონით დაურეკა ელექტრომექანიკოსმა ა. ლ–მა და უთხრა, რომ მოპარული იყო ტრანსფორმატორი (ა. ლ-მა ასევე შეატყობინა პოლიციას და ხელმძღვანელობას). საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ მოპარული ტრანსფორმატორი შეცვალეს; მოწმე ა. ლ-მა დაადასტურა, რომ აღმოჩენილი დაზიანება აღდგა იმავე დღეს, კერძოდ, მიიტანეს ახალი ტრანსფორმატორი და აამუშავეს.

12. 2020 წლის 23 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმისა და ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების: ა. ლ-ის (ელექტრომექანიკოსი), გ. ბ–ის (ინსპექტორ-გამომძიებელი), ი. მ-ისა და ტ. ჩ-ის (ექსპერტები) ჩვენებების თანახმად, დროსელ-ტრანსფორმატორის კორპუსს თავსახურის დასამაგრებლად, ორ მხარეს, აქვს სამ-სამი ხვრელი, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას (2020 წლის 23 ნოემბრის 02:30-03:05 საათების შუალედში) კი აღნიშნული ხვრელებიდან მოხსნილი იყო ჭანჭიკები და ეყარა იქვე, მიწაზე. დროსელ-ტრანსფორმატორს ზემოდან, შებრუნებულ მდგომარეობაში ედო თავსახური. მიწაზე ასევე ეგდო ლითონის მეტალისაგან დამზადებული მოვერცხლისფრო ქანჩი (იხ.ტ1, ს.ფ. 41-49); შემთხვევის ადგილზე მისული გამომძიებლების ჩვენებების თანახმად კი, მათ დანაშაულის ჩადენის დროს წაასწრეს მსჯავრდებულს (გ. ა–მა განმარტა, რომ დაინახა ორი პირი, რომლებიც ჩაცუცქულები ხსნიდნენ დროსელ-ტრანსფორმატორის ხუფს; ი. ე-ემ განმარტა, რომ დაინახა ორი პირი, რომლებსაც დროსელის ხუფი ჰქონდათ მოხსნილი, ხოლო გ. ა-მა განმარტა, რომ მათ ფაქტზე დაინახეს ხ. მ. და მეორე პირი, მათ ფაქტობრივად ხელში ეჭირათ დეტალები).

13. 2020 წლის 23 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და დათვალიერების ფარგლებში დროსელ-ტრანსფორმატორის კორპუსზე გადაღებული ფოტოსურათებით (ტ.1; ს.ფ. 47-48) ეჭვგარეშე დგინდება, რომ დროსელ-ტრანსფორმატორის კორპუსში მოთავსებულია თავად დროსელ-ტრანსფორმატორი, ე.წ. დროსელ-ტრანსფორმატორის გულანა (ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების 2020 წლის 1 დეკემბრის ოქმის თანახმად, გ. ე-ემ განმარტა, რომ გულანა შედგება სპილენძის მასალისაგან დამზადებული კოჭასაგან), რაც ადასტურებს კორპუსის გახსნას სწორედ ამ დეტალის დაუფლების მიზნით.

14. გასაჩივრებული განაჩენის თანახმად, გამომძიებლების მიერ აღქმული და გადმოცემული ვითარება - ხ. მ. ცდილობდა ტრანსფორმატორის დაუფლებას - არ არის გამყარებული ნეიტრალური მტკიცებულებებით, რომელთა მოპოვების შესაძლებლობა არსებობდა ამოღებულ ნივთებზე (ხელთათმანი, ქანჩი, სიგარეტი,მობილური ტელეფონი) ექსპერტიზის ჩატარებით.

15. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, გამომძიებელი ვალდებულია, გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად. „ბრალდების მხარის იმპერატიული ვალდებულებაა სისხლის სამართლის საქმეზე სრულყოფილი გამოძიების წარმოება, მტკიცებულებათა მოპოვება, მათი გამყარება და პირის ბრალეულობის დასადასტურებლად იმგვარი სამხილების წარმოდგენა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა მიუთითებს პირის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. აღნიშნული მოთხოვნის დაუცველობა, თავისთავად, ზრდის მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში შეცდომის, თვითნებობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკებს" (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-103). საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა ხელთათმანზე, ქანჩზე, სიგარეტის კოლოფზე, მობილურ ტელეფონზე დაქტილოსკოპიური/ბიოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა, თუმცა იმავდროულად, ერთი მხრივ, ითვალისწინებს, რომ გენეტიკური პროფილის ბიოლოგიური კვალის არარსებობა შემთხვევის ადგილზე ან დანაშაულის საგანზე a priori არ ნიშნავს ამ პირის უდანაშაულობას (იხ. მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი საქმეზე N 262აპ-17), ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს საკასაციო საჩივრის განხილვის სხდომაზე დაცვის მხარის განმარტებას, რომ ხ. მ. უცნობთან ერთად შემთხვევით აღმოჩნდა (მთვრალი გაჰყვა) შემთხვევის ადგილას; უცნობს ჰქონდა ქანჩი, რომელმაც პოლიციელების დანახვაზე ,,ყველაფერი გადაყარა და გაიქცა“; გაქცევის პროცესში პოლიციელებმა დაიჭირეს ტანსაცმლით, თუმცა ელვაშესაკრავიანი ჯემპრი გასძვრა და საბოლოოდ მაინც მოახერხა გაქცევა (2022 წლის 19 ივლისი; 12:54:45); ხ. მ-ს პოლიციელებმა ადგილზე წაასწრეს და დააკავეს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ნაკლებად არსებობდა ექსპერტიზის (მაგ. დაქტილოსკოპიური/ბიოლოგიური/გენეტიკური) ჩატარების საჭიროება (ხ. მ-ის შემხებლობის დასადასტურებლად) იმ ნივთებზე, რომლებიც, დაცვის განმარტებითვე, ეკუთვნოდა სხვა პირს და აღნიშნულ ობიექტებზე ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ვერ შეფასდება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის დამაბრკოლებელ გარემოებად.

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ გამომძიებლების სადავო ჩვენებები თანხვდენილია როგორც ერთმანეთთან (იმ ნაწილში, რომ მათ შემთხვევის ადგილას - დროსელ-ტრანსფორმატორის ყუთთან დაინახეს ხ. მ. სხვა პირთან ერთად), ასევე - შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის შინაარსთან, რომლის თანახმად, წინა დღეს გამოცვლილ დროსელ-ტრანსფორმატორის კორპუსს მოხსნილი ჰქონდა თავსახურის დასამაგრებელი ჭანჭიკები და ისინი ქანჩთან ერთად ეყარა იქვე, მიწაზე; ასევე - ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის შინაარსთან, რომლის თანახმად, ხ. მ. დააკავეს ქ. ქ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალი სარკინიგზო მაგისტრალის მიმდებარედ.

17. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ: დაცვის მხარეს ჰქონდა გამომძიებლების ჯვარედინი დაკითხვისა და დაცვის მხარისათვის საინტერესო კითხვებზე პასუხების მიღების შესაძლებლობა; გამომძიებლების ჩვენებებში არ არსებობს არსებითი ხასიათის უზუსტობები; საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გამომძიებლების მხრიდან მსჯავრდებულის მიმართ რაიმე სახის დაინტერესებას ან საეჭვოს გახდიდა მათი ჩვენების სანდოობას ან/და საკმარისი იქნებოდა აღნიშნული ჩვენებების გაუზიარებლობისთვის; დაცვის მხარე არ ხდის სადავოდ პოლიციელების ჩვენების იმ ნაწილს, რომ შემთხვევის დროს შემთხვევის ადგილზე მსჯავრდებული იმყოფებოდა სხვა პირთან ერთად.

18. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლის დანაწესს, რომ მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა და საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლის თანახმად, მხარე თავად განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა წრეს, რომელთა წარდგენაც სასამართლოში საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად მიაჩნია საჭიროდ. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვებისა და წარმოდგენის უფლება (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 განჩინება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 განჩინება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 განჩინება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56). სასამართლო იმავდროულად ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 113-ე (ნებისმიერი პირი, რომელიც შესაძლებელია ფლობდეს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, ნებაყოფლობით შეიძლება გამოკითხულ იქნეს მხარეთა მიერ), 39-ე (თუ მტკიცებულების მოპოვებისათვის საჭიროა ისეთი საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედების ჩატარება, რომელსაც ბრალდებული ან მისი ადვოკატი დამოუკიდებლად ვერ ატარებს, იგი უფლებამოსილია შესაბამისი განჩინების გამოტანის შუამდგომლობით მიმართოს მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით. მოსამართლე ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა, რათა ბრალდების მხარისათვის ცნობილი არ გახდეს დაცვის მხარის მიერ მტკიცებულების მოპოვება) და 219-ე (განიხილავს მხარეთა შუამდგომლობებს მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე; ასევე, განიხილავს მხარეთა სხვა შუამდგომლობებს) მუხლების დანაწესებს და ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ხ. მ. 2020 წლის 22 ნოემბრის საღამოს ქეიფობდა, რის შემდეგაც უცნობ პირებთან ერთად შემთხვევით - ისე, რომ არ იცის, როგორ აღმოჩნდა იმ ადგილას, რომელიც არ წარმოადგენს მისი ყოფნის/გადაადგილების ჩვეულ არეალს და თავად არ ჩაუდენია არც ქურდობა და არც ქურდობის მცდელობა. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა დანაშაულის ადგილზე მისვლამდე ქეიფს, ალკოჰოლური სასმლის დალევას და სიმთვრალეს, ამასთან, არ უთითებს მისი თანმხლები პირის ვინაობას, მათ შორის, სასამართლოში არ დაუყენებია შუამდგომლობა იმ პირის/პირთა დაკითხვის თაობაზე, ვინც დაადასტურებდა შემთხვევამდე ხ. მ-სთან ერთად ყოფნას სუფრაზე ან/და მის სიმთვრალეს (მითუფრო, იმ პირობებში, როცა სიმთვრალის ფაქტი არ დასტურდებოდა არც დაკავების ოქმით, არც დაკავების განმახორციელებელი პოლიციელების ჩვენებებით, არც შესაბამისი შემოწმების ოქმით ან სხვა რომელიმე მტკიცებულებით) - რაც, ერთი მხრივ, შექმნიდა აღნიშნული ვერსიის გადამოწმების შესაძლებლობას, ხოლო, მეორე მხრივ, გააჩენდა გარკვეული ეჭვის საფუძველს, რომ შესაძლოა, ის მართლაც შემთხვევით აღმოჩნდა სწორედ იმ ადგილას, სადაც წინა დღეს ჩადენილი იყო დანაშაული (ქურდობა), მითუფრო, რომ ის დააკავეს იგივე დანაშაულის (იგივე ადგილას, იგივე სახეობის ნივთის ქურდობის) ჩადენის პროცესში. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია დაცვის მხარის ვერსიის - ხ. მ. შემთხვევით აღმოჩნდა შემთხვევის ადგილას - გაზიარების შესაძლებლობას (რაც ასევე არ არის გაზიარებული არც გასაჩივრებული განაჩენით).

19. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის დროს - მსჯავრდებულს წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას და დააკავეს 01:18 საათზე; ადგილს - ქ. ქ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალი ცენტრალური სარკინიგზო მაგისტრალის 2410-ე კილომეტრის მიმდებარე ტერიტორია, რაც არ წარმოადგენს ჩვეულებრივ შემთხვევაში საზოგადოებრივი თავშეყრის ან გადაადგილების სივრცეს, მსჯავრდებული არ ცხოვრობს აღნიშნული ტერიტორიის მახლობლად, ამასთან, არ დასტურდება, რომ მას ჰქონდა აღნიშნულ ტერიტორიაზე/ან მის მიმდებარედ 01:18 საათზე ყოფნის რაიმე ლეგიტიმური საფუძველი; ვითარებას; მოწმეთა ჩვენებებს; დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის ხ. მ-ის შემთხვევის ადგილას ყოფნას სხვა დაუდგენელ პირთან ერთად; ხ. მ-ის პოზიციას მთელი სამართალწარმოებისას (ხაშურის რაიონულ სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას ხ. მ-მ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოში საბოლოო სიტყვის ეტაპზე განმარტა, რომ 2020 წლის 23 ნოემბერს შემთხვევის ადგილზე აღმოჩნდა შემთხვევით, მაგრამ სასამართლოს არ მიაწოდა ინფორმაცია მისი შემთხვევის ადგილზე ყოფნის კონკრეტული მიზეზის შესახებ); იმ გარემოებას, რომ დაცვის მხარემ არ წარმოადგინა შემთხვევის ადგილზე ხ. მ-ის შემთხვევით ყოფნის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება - რაც სასამართლოს მისცემდა დაცვის მხარის პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას და დადგენილად მიაჩნია, რომ 2020 წლის 23 ნოემბერს ხ. მ. ცდილობდა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა სს ,,ს-ის“ საკუთრებაში არსებულ, დროსელ-ტრანსფორმატორის გულანას.

20. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია ბრალმდებელს (მაგ: იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები №404აპ-16, № 560აპ-16). იმავდროულად, ცალკეულ შემთხვევებში ბრალდებულს არაპირდაპირ მაინც ეკისრება მტკიცების შემხვედრი მოვალეობა შეზღუდულ ფორმატში, რაც გულისხმობს მის მოვალეობას, წარმოადგინოს გარკვეულ გარემოებებთან/ვითარებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება, როდესაც დაცვის მხარის მიერ ფაქტების გონივრული ახსნის გარეშე, საქმეზე შეკრებილი ფაქტობრივი გარემოებები აშკარად მეტყველებს ბრალდებულის წინააღმდეგ -ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია გადამოწმების საშუალებას უნდა იძლეოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი გაზიარება უტყუარობის კრიტერიუმს ვერ დააკმაყოფილებს და ამგვარი განცხადება საფუძვლად ვერ დაედება რაიმე ფაქტის არსებობა/არარსებობის მტკიცებას(იხ., John Murray v UK, [GC], no.18731/91, §54, ECtHR,08/02/1996). მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარემ არ ახსნა სად და ვისთან ერთად დალია ალკოჰოლური სასმელი, რა მიზნით/ რატომ ან/და როგორ გაჰყვა შემთხვევის ადგილზე მისთვის უცნობ ადამიანს და ა.შ., რაც შექმნიდა დაცვის ვერსიის სანდოობის შემოწმების და დადასტურების შემთხვევაში - გაზიარების შესაძლებლობას.

21. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულის წარმომადგენელ გ. ე-ის ჩვენებითა და ს-ის ინფრასტრუქტურული ფილიალის იურიდიული სამსახურის უფროსის - ნ. კ-ის 2021 წლის 4 თებერვლის წერილით დგინდება, რომ 2020 წლის 23 ნოემბერს ქურდობის ჩადენის შემთხვევაში სს ,,ს-ას“ მიადგებოდა - 2950 ლარის ზიანი.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ხ. მ-მ 2020 წლის 23 ნოემბერს ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.

23. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).

24. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქცია ითვალისწინებს სასჯელის მხოლოდ ერთ სახეს - თავისუფლების აღკვეთას - ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.

25. სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 63-ე და 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული პირობითი მსჯავრის გამოყენების შესაძლებლობა, შემდეგ გარემოებათა გამო:

25.1. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაული, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა დაუშვებელია. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, საქართველოს სსკ-ის 12-ე მუხლის თანახმად, მიეკუთვნება მძიმე დანაშაულს;

25.2. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში - სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში - სასჯელის ნახევარი. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხ. მ. არ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, პოლიციის თანამშრომლებმა წაასწრეს და დააკავეს დანაშაულის ჩადენისას, იგი არ ასახელებს თანამონაწილეს და არ თანამშრომლობს გამოძიებასთან. შესაბამისად, არ არსებობს არც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი შეღავათის გამოყენების შესაძლებლობა.

26. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნებს და იმის მხედველობაში მიღებით, რომ ხ. მ. 2 წლით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ სასჯელს იხდიდა 2020 წლის 23 ნოემბრიდან და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს N... გადაწყვეტილებით 2021 წლის 30 დეკემბერს გათავისუფლდა პირობით ვადამდე 10 თვითა და 24 დღით ადრე, ხოლო სასჯელის მოხდის პერიოდში დისციპლინარული წესით დასჯილი ან/და რაიმე დარღვევაში შემჩნეული არ ყოფილა, ადმინისტრაციისა და მსჯავრდებულების მიმართ იყო თავაზიანი, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ პირობით ვადამდე გათავისუფლების პერიოდში არ დაურღვევია დაკისრებული მოვალეობები (საწინააღმდეგო საქმის მასალებით არ დასტურდება) და დარჩენილი აქვს პირობითი მსჯავრის რამდენიმე თვე - სასამართლოს მიაჩნია, რომ ხ. მ-ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა მინიმალური ხანგრძლივობით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).

27. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას. ,,ვალდებულების ფარგლები შეიძლება განსხვავდებოდეს სადავო გადაწყვეტილების ბუნებიდან გამომდინარე და ის უნდა განისაზღვროს თითოეული საქმის გარემოებების გათვალისწინებით…...ზემოაღნიშნული ვალდებულება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR, 11/11/2011). გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, nos. 21447/11, 35839/11, §§65,66, ECtHR, 27/02/2020).

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე ბაიდოშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

ხ. მ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

3. ხ. მ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან; ხ. მ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს - 2020 წლის 23 ნოემბრიდან 2021 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით;

4. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე