საქმე # 020141318700062141
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №108აგ-18 ქ. თბილისი
ჯ. პ. 108აგ-18 22 ივლისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ - ია დარჯანიას
მსჯავრდებულ - პ. ჯ-ს
ადვოკატ - ფ. ს-ის
მონაწილეობით ზეპირი მოსმენით განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტის) საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის - ამირან გულუაშვილისა და მსჯავრდებულ პ. ჯ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ფ. ს-ს საკასაციო საჩივრები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 მარტის განაჩენით პ. ჯ., - დაბადებული 1.. წელს - ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
1.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ’’ და ,,ო’’ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
1.2. საქართველოს სსკ-ის 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
1.3. საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
1.4. საქართველოს სსკ-ის 369-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით - 2 წლით;
1.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, პ. ჯ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 13 წლით.
1.6. პ. ჯ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2006 წლის 15 მაისიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პ. ჯ. 1998 წლის 10 ოქტომბრიდან 2001 წლის 26 ოქტომბრამდე მუშაობდა ქ. ფ. შინაგან საქმეთა სამმართველოს ნაბადის ქვეგანყოფილების უფროსად და იყო მოხელე. საქართველოს სსსკ-ის მე-7 მუხლის თანახმად, როგორც პროცესის მონაწილე პირი, ვალდებული იყო, დაეცვა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ( შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) და სხვა კანონების სავალდებულო მოთხოვნები. 2000 წლის აგვისტოში პ. ჯ-ს ქ. ფ-ში მცხოვრებ თ. მ-სა და მის მეგობარ გ. გ-სთან, რომელსაც დაუსაბუთებელი ეჭვების საფუძველზე მიიჩნევდა დანაშაულის ჩამდენ პირად, მოუხდა შეკამათება, რა დროსაც თ. მ-მ მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. განაწყენებული პ. ჯ. დაემუქრა მათ, რომ მომავალში შეძლებდა თ. მ-ს და გ. გ-ს დანაშაულის ჩადენაში მხილებას და დაკავებას.
2001 წლის 14 ივლისს, დაახლოებით 02:00 საათიდან 04:00 საათამდე, გამოძიებით დაუდგენელმა პირმა გაქურდა ქ.ფ-ში, რ-ას ქუჩა №-ში მცხოვრები მოქალაქე მ. ს-ს ბინა, საიდანაც ფარულად დაეუფლა ,,ფუნაის” ფირმის ტელევიზორს, ამავე სახელწოდების ვიდეომაგნიტოფონსა და მართვის პულტს. აღნიშნული საცხოვრებელი ბინა მდებარეობდა ქ. ფ.შინაგან საქმეთა სამმართველოს ნაბადის ქვეგანყოფილების სამოქმედო ტერიტორიაზე.
2001 წლის 14 ივლისს, დაახლოებით დილის 05:00 საათზე, ქ. ფ. სატრანსპორტო პოლიციის რეგიონული განყოფილების ადმინისტრაციული პოლიციის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ქვეგანყოფილების პოლიციელებმა - თ. შ-მ და კ. ლ-მ თავიანთ სამოქმედო (ნაბადის გადასასვლელი ხიდის ქვემოთ მიმდებარე) ტერიტორიაზე, საქართველოს სსსკ-ის 142-ე მუხლით გათვალისწინებული სავალდებულო საფუძვლების არარსებობის პირობებში, დაკავეს თითქოსდა სხვისი ქონების ქურდობაში ეჭვმიტანილი, ქ. ფ-ში, ტ-ში მცხოვრები თ. მ. განზრახ უკანონოდ დაკავებული თ. მ. კ. ლ-მ და თ. შ-მ, ოპერატიული ჯგუფის წევრების - მ. ა-ს, კ. პ-ს და გ. ლ-ს დახმარებით, ამ უკანასკნელის „ვაზ-07“ მარკის ავტომანქანით გადაიყვანეს ქ. ფ. სატრანსპორტო პოლიციის განყოფილებაში, სადაც თ. მ. განზრახ უკანონოდ იყო დაკავებული 07:10 საათამდე.
ქ. ფოთის შინაგან საქმეთა სამმართველოს პასუხისმგებელმა მორიგემ - რ. გ-მ 2001 წლის 14 ივლისს, დაახლოებით 11:00 საათზე, ქ. ფ. შინაგან საქმეთა სამმართველოს ხელმძღვანელობის, კრიმინალური პოლიციის უფროსის - მ. ს-ს უკანონო მითითების საფუძველზე, მისი წინამორბედი პასუხისმგებელი მორიგის - თ. ბ-ს სახელით შეადგინა თითქოსდა 06:00 საათზე უცნობი მოქალაქის მიერ ტელეფონით შეტყობინების ოქმი - ქ. ფ-ში, რ-ას ქუჩა №-ში მცხოვრები მ. ს-ს ბინის გაქურდვის ფაქტზე, ბინიდან ფარულად გატაცებულად კი მიუთითა ტელევიზორი და ვიდეომაგნიტოფონი. აღნიშნული შეტყობინება ქ. ფ.შინაგან საქმეთა სამმართველოს კრიმინალური პოლიციის უფროსის - მ. ს-ს რეზოლუციით დაეწერა პ. ჯ-ს და სისხლის სამართლის სამძებრო ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილეს, მ. მ-ს.
იმ მოტივით, რომ თ. მ-ს თითქოსდა, დანაშაული ჩადენილი ჰქონდა ქ. ფ. შინაგან საქმეთა სამმართველოს და არა - სატრანსპორტო პოლიციის ტერიტორიაზე, იგი კანონის უხეში დარღვევით 07:10 საათზე პასუხისმგებელმა მორიგემ რ. კ-მ გადასცა ქ. ფ. შინაგან საქმეთა სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებროს განყოფილების ყოფილი უფროსის მოადგილეს - მ. მ-ს, რომელმაც შეასრულა ქ. ფ. შინაგან საქმეთა სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელობის დანაშაულებრივი დავალება და თ. მ-ს დაკავების დროს დაშვებული კანონდარღვევების გამოსწორების მიზნით, იგი ოპერატიულ მუშაკებთან - მ. ბ--სთან, ე. ს-სთან, კ. ხ-სთან ერთად, იმავე დღის 07:50 საათზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების უხეში დარღვევით, სატრანსპორტო პოლიციის შენობიდან კვლავ გაიყვანეს ქ. ფ-ში, ნაბადის ხიდის ქვეშ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მათ შეუერთდა პ. ჯ. განზრახ უკანონოდ დაკავებულ თ. მ-ს, გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში იქ მიტანილ, ქ. ფ-ში რ-ს ქუჩა №-ში მცხოვრები მოქალაქე მ. ს-ს კუთვნილი ,,ფუნაის” სისტემის ტელევიზორთან, ამავე სახელწოდების ვიდეომაგნიტოფონსა და მართვის პულტთან ერთად, პ. ჯ-მ პირადი ფოტოაპარატით (სმ-111-ით) გადაუღო ფოტოსურათები. მ. მ-მა, პ. ჯ-ს მიერ მოყვანილი ორი დამსწრის - დ. მ-სა და მ. ი-ს მონაწილეობით, შეადგინა თითქოსდა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული პირადი ჩხრეკის ოქმი, ანუ პ. ჯ-მ მტკიცებულების ფალსიფიკაციით შექმნა თ.მ-ს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავების საფუძველი, რის შემდეგაც თ. მ. მოათავსეს ქ. ფ. შინაგან საქმეთა სამმართველოში.
თ. მ-ს ქ. ფ.შსს სამმართველოს შენობაში გადაყვანის შემდეგ, პ. ჯ-მ იმ დროს, როდესაც არ არსებობდა დანაშაულის შესახებ შეტყობინება და არ ჰქონდა წერილობითი დავალება რაიმე სახის წინასაგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე, ანუ კანონით არაუფლებამოსილმა პირმა, საჯარო მოხელემ, გადაამეტა თავის სამსახურებრივ მოვალეობას, პირადი მოტივით, თ. მ-ს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის მიზნით, ნაბადის ხიდის ქვეშ მიმდებარე ტერიტორიიდან, საპროცესო ნორმების უხეში დარღვევით, გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში იქ მიტანილი ,,ფუნაის” სისტემის ტელევიზორი, ამავე სახელწოდების ვიდეომაგნიტაფონი და მართვის პულტი, ანუ საქმისათვის არსებითი, მომავალში ნივთიერი მტკიცებულებების მნიშვნელობის მქონე ნივთები ოპერატიულ მუშაკ ა. ს-თან ერთად მიიტანა ქ. ფ-ში, რ--ას ქუჩა №-ში მცხოვრებ მ. ს-ს ბინაში. მიუხედავად იმისა, რომ ნივთების მფლობელს ფაქტობრივად არ ჰქონდა განცხადებული მომხდარის შესახებ პოლიციაში, ეს ნივთები წარუდგინა მოქალაქე მ. ს-ს, რა დროსაც არ შეადგინა საპროცესო ნორმით გათვალისწინებული დოკუმენტი, რითაც თ. მ-ს კანონიერი ინტერესების დარღვევა, ხოლო მის მიმართ მტკიცებულების ფალსიფიკაციამ გაუფრთხილებლობით მძიმე შედეგი გამოიწვია.
აღნიშნულის შემდეგ, პ. ჯ-მ, ა. ს-ს მიერ კანონდარღვევით, ქ. ფ შინაგან საქმეთა სამმართველოს ყოფილი უფროსის - თ. ს-ს სახელით გამოტანილი და კრიმინალური პოლიციის ასევე ყოფილი უფროსის - მ. ს-ს მიერ დამტკიცებული ,,გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში შემთხვევის ადგილის დათვალიერების შესახებ” დადგენილების საფუძველზე, ა. ს-სა და სამეგრელო-ზემო სვანეთის შინაგან საქმეთა საექსპერტო-კრიმინალისტიკური განყოფილების ექსპერტ-კრიმინალისტ ლ. მ-სთან ერთად, დაათვალიერა ქ.ფ-ში, რ-ს ქუჩა №- მდებარე მოქალაქე მ.ს-ს ბინა, რა დროსაც ბინიდან ამოიღეს თერთმეტი ცალი თითის კვალი. ხოლო უშუალოდ პ. ჯ-მ ,,სმ-111” მოდელის ფოტოაპარატით მოახდინა საცხოვრებელი ბინის - შემთხვევის ადგილის ფოტოგადაღება, რის შემდეგ მასთან მყოფმა ა. ს-მა 09:00-09:30 საათზე შეადგინა თითქოსდა გადაუდებელი აუცილებლობით დასაბუთებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი. საპროცესო ნორმების უხეში დარღვევით, არაკანონიერი გზით უკვე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე და მასთან მისადაგების მიზნით, ჩამოერთვა ახსნა-განმარტება მოქალაქე მ. ს-ს, რაც საფუძვლად დაედო მოგვიანებით ქ. ფ- შინაგან საქმეთა სამმართველოს პასუხისმგებელი მორიგის - რ. გ-ის მიერ დადგენილებაში აღნიშნულ ვითარებაში დანაშაულის შესახებ ყალბი შეტყობინების ოქმის შედგენას, ანუ პ. ჯ-მ ჩაატარა და თვითონვე მონაწილეობდა წინასწარ საგამოძიებო მოქმედებებში, რითაც ჩაიდინა არაერთგზის სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლებებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. ამავე დროს, პირადი მოტივით, თ. მ-ს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მხილების მიზნით, შექმნა ყალბი, ფალსიფიცირებული მტკიცებულება, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია მძიმე შედეგი.
იმავე დღეს, 2002 წლის 14 ივლისს, დაახლოებით 11:30 საათზე, პ. ჯ-ს მიერ უფლებამოსილების გადამეტებითა და პირადი მოტივით შედგენილი ყალბი, ფალსიფიცირებული მტკიცებულების საფუძველზე თ. მ-ს მიმართ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილით. თ. მ-ს მიმართ უკანონოდ აღძრული სისხლის სამართლის საქმე იმავე დღეს უკანონოდ დაამტკიცა ქ. ფ. ყოფილმა პროკურორმა გ. ხ-მ და საქმე წარმოებაში მიიღო სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მ. მ-მა, ხოლო 12:00 საათზე გამოიტანა დადგენილება თ. მ-ს ეჭვმიტანილად ცნობისა და დაკავების შესახებ, რომელიც ასევე უკანონოდ დაამტკიცა ქ. ფ. ყოფილმა პროკურორმა გ. ხ-მ 13:45 საათზე. თ.მ. დაკითხა ეჭვმიტანილის სტატუსით, სადაც ასევე დაადასტურა ახსნა-განმარტებაში აღნიშნული გარემოებები, რომ ქურდობა მ. ს-ს ბინაში ჩაიდინა მხოლოდ მან, თანამონაწილეთა გარეშე, რის საფუძველზეც იგი მოათავსეს ქ. ფ. შინაგან საქმეთა სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორში, რის შემდეგაც თ. მ. საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე, სარგებლობდა გარკვეული უფლებებით და მის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩატარებულიყო როგორც ეჭვმიტანილის სტატუსის მქონე პირთან, შესაბამისად, საამისოდ კანონით აღჭურვილი პირის, კონკრეტულ შემთხვევაში - საქმის მწარმოებელ მ. მ-ს მიერ.
მიუხედავად ამისა, მოგვიანებით, იმავე დღეს, პ. ჯ-მ თ. მ-ს გამოსძალა აღიარებითი ჩვენება, კერძოდ: ამ მიზნით, თ. მ. ქ. ფ. შინაგან საქმეთა სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორიდან, ქ. ფ.შინაგან საქმეთა სამმართველოს კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის - მ. ს-ს უკანონო დავალებით, ქ. ფ. ნაბადის ქვეგანყოფილების ოპერატიულმა მუშაკებმა: ა. ს-მა, ჰ. კ-მ და კ. ა-მ აიყვანეს პოლიციის შენობის მეორე სართულზე, ოპერატიულ მუშაკ ზ. ხ-ს სამუშაო ოთახში, სადაც მათ მოგვიანებით შეუერთდნენ ამავე ქვეგანყოფილების ოპერატიული მუშაკი ე. მ. და თვით პ. ჯ. , რომელიც შეიარაღებული იყო „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღით და რეზინის ხელკეტით. პ. ჯ-მ, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო საგამოძიებო ჯგუფის წევრი და არ ჰქონდა წერილობითი დავალება რაიმე სახის საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე, 2001 წლის 14 ივლისს, დაახლოებით 15:00 საათიდან 20:30 საათამდე, გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ერთოდა ძალადობა ჰ. კ-ს, კ. ა-ს და ე. მ-ს დახმარებით, რომლებიც ასევე შეიარაღებულნი იყვნენ „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღებით, თ. მ., ქვედა საცვლის ამარა, შიშველი, მარცხენა ხელით, ფიზიკური ძალის გამოყენებით, ხელბორკილით მიაბა ზ. ხ-ს სამუშაო ოთახში, სეიფის სახელურზე, ასევე ძალადობითა და მის მიმართ პირადი ღირსების შეურაცხყოფით, უშუალოდ მან, იარაღით, ხელკეტით ცემით თ. მ-ს გამოსძალა თითქოსდა გ. გ-სთან ერთად, მ. ს-ს ბინის ქურდობის ჩადენის აღიარებითი ჩვენება, ასევე ძალადობითა და პირადი ღირსების შეურაცხყოფის გზით - ავტომანქანის ტელევიზორის ქურდობისა და ნაქურდალის მოქალაქე ჯ. გ-ზე მიყიდვის ფაქტი, რაც არ გააფორმა საპროცესო ნორმების დაცვით. თ. მ-საგან გამოძალული ჩვენების საფუძველზე პ. ჯ-მ დაახლოებით 21:00 საათზე, უფლებამოსილების გადამეტებით, კანონიერი საფუძვლების არარსებობის პირობებში, გამოიტანა დადგენილება ვითომდა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ქ. ფ-ში, ერთობის ქუჩა №--ში მცხოვრები ჯ. გ-ს საცხოვრებელი სახლიდან, ნაქურდალი ავტომანქანის ტელევიზორის ამოღების თაობაზე და 21:40 საათზე აღნიშნული ბინიდან, ოპერატიულ მუშაკ ა. ს-თან ერთად ამოიღო ,,ელექტრას” ტიპის ავტომანქანის ტელევიზორი, რითაც პირადი მოტივით თ. მ-ს მიმართ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მოახდინა მტკიცებულების ფალსიფიკაცია ძალადობის გამოყენებით, რასაც თან ერთოდა ეჭვმიტანილის აბუჩად აგდება და წამება, ცემა და ფიზიკური ძალის გამოყენება, რითაც თ. მ-ს გამოსძალა აღიარებითი ჩვენება.
პ. ჯ--ს მონაწილეობით, მისდამი სამსახურებრივად დაქვემდებარებულ ოპერატიულ მუშაკებთან - ე. მ-სთან, პ. კ-ესთან, კ. ა-სთან ერთად, თ. მ-საგან მუქარით, ძალადობით, აბუჩად აგდებითა და წამებით ჩვენების გამოძალვა გრძელდებოდა დაახლოებით 15:00 საათიდან და 20:30 საათამდე, რა დროსაც პ. ჯ-მ ე. მ-ს, პ. კ-სა და კ. ა-ს დახმარებითა და მათთან ერთად ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით თ. მ-ს უშუალოდ ხელკეტითა და მკვრივი, ბლაგვი საგნით ცემით, მკვრივ საგანზე არაერთხელ მიხეთქებით მიაყენა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები, კერძოდ: ელენთის, ღვიძლის და ორივე თირკმლის წინა ზედაპირზე სუბკაპსულური გასკდომით, განზრახ მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, ხოლო მარჯვენა წინა მხრის წინა ზედაპირზე, ასევე მარცხენა სხივმაჯის სახსრის უკანა ზედაპირზე - მსუბუქი მრავლობითი დაზიანებები.
პ. ჯ-ს ოპერატიულ მუშაკ ზ. ხ-ს ოთახიდან დაახლოებით 20:30 საათზე წამოსვლის შემდეგ, იქ დარჩენილმა ე. მ-მ, ჰ. კ-მ და კ. ა-მ თ. მ-საგან მუქარით, ძალადობით, აბუჩად აგდებითა და წამებით ჩვენების გამოძალვა გააგრძელეს კიდევ ერთ საათს, დაახლოებით 21:30 საათამდე, რა დროსაც თ. მ-ს გულმკერდის წინა ზედაპირზე, მარჯვენა ნახევარში, მკერდის ძვლის საზღვარზე, მეორე-მესამე ნეკნთაშუა სივრცეში, ზემო ღრუვენას სანათურში შეღწევით, გამოძიებით დაუდგენელი, მჩხვლეტავი საგნის დარტყმით, ო.კ-მ, ე.მ-მ და კ.ა-მ მიაყენეს სიცოცხლისათვის სახიფათო, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რასაც შემდეგ გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში მოჰყვა თ. მ-ს მეორე სართულიდან გადმოვარდნა და უკვე მიყენებული მძიმე ხარისხის დაზიანების შედეგად, იმავე დღეს ქ. ფ. საავადმყოფოში მისი გარდაცვალება.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 ივლისის განაჩენით:
3.1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ: პ. ჯ-ს გასაჩივრებული განაჩენიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილი, როგორც ზედმეტად წარდგენილი, ასევე ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ო“ ქვეპუნქტი (ბეჭდვის დროს დაშვებული უზუსტობა);
3.2. პ. ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“, „თ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 369-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა:
- საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
- საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
- საქართველოს სსკ-ის 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
- საქართველოს სსკ-ის 369-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2 წლით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით;
3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და პ. ჯ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2 წლით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით;
3.4. პ. ჯ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2006 წლის 15 მაისიდან.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 15 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ პ. ჯ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
5. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებით:
5.1. მსჯავრდებულ პ. ჯ-ს ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ¼-ით შეუმცირდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ”, „თ’’ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,ბ“, ,,გ” ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 369-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით 2 წლით და მოსახდელად განესაზღვრა - 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა - 1 წლითა და 6 თვით. აღნიშნულ სასჯელს გამოაკლდა სასჯელის ის ვადა - 3 წელი, 2 თვე და 8 დღე, რომლის მოხდისგანაც პ. ჯ. გათავისუფლდა საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 28 დეკემბრის №.. განკარგულების საფუძველზე და საბოლოოდ პ. ჯ. ს მოსახდელად განესაზღვრა - 6 წლით, 6 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა - 1 წლითა და 6 თვით. სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2006 წლის 15 მაისიდან;
5.2. მსჯავრდებული პ. ჯ. გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის მოხდისაგან;
5.3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 ივლისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს მსჯავრდებულმა პ. ჯ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ფ. ს-მა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის საფუძველზე პ. ჯ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვისა და გაუქმების მოთხოვნით, შემდეგ მოტივებზე მითითებით:
- უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის განჩინებით გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი და ე. მ-ს მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“, „თ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის განაჩენით დაკმაყოფილდა კ. ა-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ფ. ს-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ. გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 16 დეკემბრის განაჩენი და კ. ა. საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ , „თ“ ქვეპუნქტებით (2001 წლის ივლისის რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2001 წლის ივლისის რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
- მსჯავრდებულ პ. ჯ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ფ. ს-ს განმარტებით, როგორც პ. ჯ-ს, ასევე კ. ა-სა და გამართლებულ ე. მ-ს სისხლის სამართლის საქმე აგებულია ერთსა და იმავე ფაქტებსა და მტკიცებულებებზე, ბრალის დადგენილება არის ერთი და იგივე, საქმეში არსებობს ერთი და იგივე მტიცებულებები, მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებები სამივეს მიმართ არის ერთნაირი, არც ერთი მოწმე არც ერთის მიმართ არ უთითებს მათ მიერ დანაშაულის ჩადენაზე. უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ და სააპელაციო სასამართლომ სრულიად უარყვეს ყველა ფაქტი და მტკიცებულება, რაც კ. ა-ს და ე. მ-ს მსჯავრდებას დაედო საფუძვლად. სასამართლომ ცალსახად აღნიშნა, რომ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს საქმეში არსებული მტკიცებულებები, სრულად და ობიექტურად არ გამოიკვლიეს და არ შეისწავლეს ყველა მტკიცებულება, რაც საქართველოს კონსტიტუციის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის უხეშ დარღვევას წარმოადგენს. წარდგენილ ბრალდებებში ე. მ-ე და კ. ა.სასამართლომ სრულად გაამართლა, რაც წარმოადგენს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის განჩინებისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის განაჩენის გამოტანის შემდგომ, პ. ჯ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის გადასინჯვისა და მისი გამართლების საფუძველს.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით:
7.1. პ.ჯ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ფ. ს-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
7.2. ცვლილება შევიდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 ივლისის განაჩენსა და ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებაში;
7.3. პ. ჯ. უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ” და ,,თ” ქვეპუნქტებით (2001 წლის ივლისის რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;
7.4. პ. ჯ.ასევე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2001 წლის ივლისის რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;
7.5. დანარჩენ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 ივლისის განაჩენი და ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
8. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტის) საპროკურორო სამმართველოს უფროსმა ამირან გულუაშვილმა და მსჯავრდებულ პ. ჯ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ფ. ს-მა.
8.1. პროკურორმა ამირან გულუაშვილმა მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება პ. ჯ-ს გამართლების ნაწილში და მისი დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“, „თ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 335-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 369-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
8.2. მსჯავრდებულ პ. ჯ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ფ. ს-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენის ნაწილობრივ გაუქმება და პ. ჯ-ს უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 369-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
8.3. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია პროკურორ ამირან გულუაშვილის შესაგებელი, რომლითაც მოთხოვნილია, არ დაკმაყოფილდეს მსჯავრდებულ პ. ჯ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ფ. ს-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენზე.
9. საკასაციო სასამართლოს სხდომაზე პროკურორმა ია დარჯანიამ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
10. დაცვის მხარემ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტის) საპროკურორო სამმართველოს უფროსის - ამირან გულუაშვილის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ პ. ჯ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ფ. ს-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენის გაუქმებას პ. ჯ-ს გამართლების ნაწილში და საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 335-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 369-ე მუხლის მე-3 ნაწილით მის დამნაშავედ ცნობას.
2.1. საკასაციო სხდომაზე პროკურორმა მიუთითა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი (და დაცვის მხარის მოთხოვნაც) ეყრდნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის განჩინებას ე. მ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის ,,ვ“, ,,თ“ ქვეპუნქტებითა და 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებში.
2.2. კასატორის განმარტებით, კონკრეტული პირის მიმართ სასამართლოს შეფასება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა პირის მიმართ, როგორც ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, როდესაც დადგენილი ფაქტები არავის შეუცვლია; საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ე. მ-ს მიმართ გადაწყვეტილების მიღებისას განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო არასაკმარისი მტკიცებულებები, მაგრამ არ მომხდარა არცერთი მტკიცებულების დაუშვებლად ცნობა, მათ შორის, არც დაცვის მხარისათვის სადავო - მ. მ-ს ჩვენების; პ. ჯ-სთან მიმართებით განსხვავებული ვითარებაა, რადგან მთელი სამართალწარმოების ფარგლებში აქცენტი კეთდებოდა პ. ჯ-ს პირად დაინტერესებაზე (პირადი ხასიათის კონფლიქტი), რამაც განაპირობა მის მიერ უკანონო ქმედებების ჩადენა და რაც დადასტურებულია სასამართლოს განაჩენით; ბრალდების მხარე პ. ჯ-ს ედავება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ჯგუფურად და როგორც ორგანიზატორის, ისე სხვა ამსრულებლების მიმართ კანონიერ ძალაშია შესული გამამტყუნებელი განაჩენი. კასატორმა ყურადღება გაამახვილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენში მოცემულ მსჯელობაზეც, რომ ,,პ. ჯ-ს მიმართ განხილული საქმის გასაჩივრების ყველა სტადია გავლილია და უზენაესი სასამართლოს განჩინება ე. მ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ კანონის სიტყვა-სიტყვითი განმარტებით არ შეიძლება ჩაითვალოს პ. ჯ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გადახედვის საფუძვლად“.
2.3. პროკურორის განმარტებით, ბრალდების მხარემ თავის დროზე არ გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის განაჩენი (კ. ა-ს და მისი ადვოკატის - ფ. ს-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 16 დეკემბრის განაჩენი და კ. ა. საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“, ,,თ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა), რაც იყო შეცდომა.
2.4. დაცვის მხარის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით პროკურორმა აღნიშნა, რომ კასატორი დაცვის მხარის მიერ მითითებული გარემოება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის განჩინებას ე. მ-ს მიმართ) არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნას, რის გამოც დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს პ. ჯ-ს გამართლებას საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 369-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პ. ჯ-ს ბრალეულობაში.
3.1. საკასაციო სხდომაზე ადვოკატმა მიუთითა, რომ სისხლის სამართლის საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფის მიუხედავად, პ. ჯ-ს, ე. მ-ესა და კ. ა-ს წარდგენილი ჰქონდათ ერთი და იგივე ბრალდება (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“, ,,თ“ ქვეპუნქტები და საქართველოს სსკ-ის 335-ე მუხლის მე-2 ნაწილი) ერთსა და იმავე მტკიცებულებებზე დაყრდნობით; მოწმეთა ჩვენებები და დადგენილი გარემოებები, პირველ ეტაპზე სასამართლოს არასწორი შეფასებები (მითითებული პირების დამნაშავედ ცნობის შესახებ) სამივე პირის მიმართ იდენტურია; შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის განჩინება ე. მ-სა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის განაჩენი კ. ა-ს მიმართ წარმოადგენს პ. ჯ-ს სისხლის სამართლის საქმის გადასინჯვისა და მისი გამართლების საფუძველს (საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გარემოებას), რადგან ახალმა გადაწყვეტილებამ შეცვალა იმ პირველადი გადაწყვეტილების შეფასება, რომლითაც სასამართლომ უარყო დაცვის მხარის პოზიცია - უდანაშაულობის შესახებ. დაცვის მხარემ ასევე მიმოიხილა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მოითხოვა სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3.2. პ. ჯ-ს განმარტებით, ერთადერთ მამხილებელ მტკიცებულებას წარმოადგენს მოწმე მ. მ-ს ჩვენება, რაც სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც უარყოფილია ე. მ-სა და კ. ა-ს საქმის ფარგლებში; თ. მ-ს დაკავების ადგილზე იყვნენ სხვა მოწმეებიც, თუმცა ისინი რატომღაც თავს იკავებენ ჩვენების მიცემაზე და ამბობენ - ,,ჩავლილი საქმეა და არ გვინდა რა“; მოვა დრო, როცა მ. მ. ჩამოვა საზღვარგარეთიდან და შეცვლის თავის ჩვენებას, თუ მანამდე არ მოხდება საქმის სამართლიანი განხილვა.
4. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის გადასინჯვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო დაიშვება მხოლოდ საქართველოს სსსკ-ით პირდაპირ მითითებულ შემთხვევებში და წესით, რაც ემსახურება სამართლებრივი სტაბილურობისა და უსაფრთხოების ლეგიტიმურ მიზნებს.
5. „კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების .... სადავოდ ქცევა უქმნის საფრთხეს ისეთ მნიშვნელოვან საჯარო ინტერესებს, როგორებიცაა სამართლებრივი უსაფრთხოება, სტაბილურობა, სასამართლოს გადაწყვეტილების იურიდიული ძალის მნიშვნელობა და, ზოგადად, მართლმსაჯულებისადმი სანდოობა....მართლმსაჯულების საბოლოო შედეგები მხოლოდ განსაკუთრებულ, იშვიათ შემთხვევაში შეიძლება დადგეს ეჭვის ქვეშ და მხოლოდ მაშინ შეიძლება გაბათილდეს, თუ ეს აუცილებელი გზაა სავარაუდოდ დარღვეული უფლების აღდგენის, მისი დაცვისთვის“ ( იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-39)
6. შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ი ამომწურავად განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძვლებს და ადგენს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში.
7. იმავდროულად, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძვლები ამომწურავად არის განსაზღვრული - დაუშვებელია აღნიშნული საფუძვლების არარსებობისას კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვა იმ საკითხების ხელახალი შეფასების მიზნით, რომლებიც საქართველოს სსსკ-ის თანახმად, ფასდება შესაბამისად - საქმეზე არსებითი განხილვის დროს, სააპელაციო ან/და საკასაციო წარმოების ფარგლებში, მათ შორის საქმეში არსებული მტკიცებულებების საკმარისობის შემოწმება გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 12 ივნისის განჩინება N46აგ-19, II-10).
8. ამდენად, საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ამოწმებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის/საფუძვლების არსებობას კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვისათვის.
9. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად, ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
10. ამდენად, საქართველო სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტი მკაფიოდ ადგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის ორ კუმულაციურ წინაპირობას: ახალი გარემოება არა მხოლოდ ობიექტურად უცნობი უნდა ყოფილიყო კასატორისთვის განაჩენის დადგენის დროს, არამედ ეს გარემოება გავლენას უნდა ახდენდეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის საკითხზე(იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 12 აგვისტოს განჩინება საქმეზე N46აგ-19).
11. მოცემულ შემთხვევაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენის თანახმად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007წლის 12 ივლისის განაჩენის ნაწილობრივ შეცვლას საფუძვლად დაედო ე.- მ-ს მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016წლის 7 ივნისის განჩინება, რომლითაც ე. მ-ის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის „ვ“,“თ“ ქვეპუნქტებით და 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებში.
12. დაცვის მხარე კასატორი საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ახალ ფაქტად მიიჩნევს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის განჩინებას ე. მ-ს მიმართ და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის განაჩენს კ. ა-ს მიმართ.
13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ:
13.1. პ. ჯ-ს ბრალეულობა მისთვის შერაცხული დანაშაულის ჩადენაში შეფასდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 მარტის განაჩენით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 ივლისის განაჩენითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 15 იანვრის განჩინებით.
13.2. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2016 წლის 7 ივნისის განჩინებაში კანონით დადგენილი წესით სამართლებრივად შეაფასა მხოლოდ ე. მ-ს (და არა - პ-. ჯ-ს) ქმედება და სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საკმარისობა ე. მ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად; ისევე როგორც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 18 ივლისის განაჩენში - მტკიცებულებათა საკმარისობა კ. ა-სთან მიმართებით. კერძოდ:
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის განჩინების თანახმად: ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, რაც მიუთითებდა ე. მ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაზე; სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან არცერთი, არც ცალკე აღებული და არც ერთობლივად წარმოდგენილი, არ მიუთითებს ე. მ-ს მიერ თ. მ.სთვის ჩვენების გამოძალვისა და მისთვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენებაზე; მ. მ-მა ვერ მიუთითა, კონკრეტულად რა ქმედებას სჩადიოდა ე. მ. - მონაწილეობდა თუ არა იგი თ. მ-ს ცემასა და ჩვენების გამოძალვაში. შესაბამისად, მ. მ-ს ჩვენება ე. მ-ს ბრალეულობას ერთმნიშვნელოვნად არ ადასტურებს.
- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის განაჩენის თანახმად: ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, რაც მიუთითებდა კ. ა-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაზე; სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, არც ცალკე აღებული და არც ერთობლივად წარმოდგენილი, არ მიუთითებს კ. ა-ს მიერ თ. მ-სთვის ჩვენების გამოძალვასა და მისთვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენებაზე; მ- მ-მა ვერ მიუთითა მონაწილეობდა თუ არა კ. ა. თ. მ-ს ცემასა და ჩვენების გამოძალვაში. შესაბამისად, მ. მ-ს ჩვენება კ. ა-ს ბრალეულობას ერთმნიშვნელოვნად არ ადასტურებს.
14. ამდენად, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2016 წლის 7 ივნისის განჩინებაში და ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 18 ივლისის განაჩენში იმსჯელეს კონკრეტულ დანაშაულში კონკრეტული პირების - ე. მ-სა და კ. ა--ს - პასუხისმგებლობის საკითხზე და სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები (მათ შორის მოწმეთა ჩვენებებიც) და მათი საკმარისობა გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად შეაფასეს აღნიშნულ პირებთან და არა - პ.ჯ-სთან მიმართებით. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ სასამართლოებს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისას უარი არ უთქვამთ რომელიმე მტკიცებულების გაზიარებაზე ( რომელსაც ეყრდნობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 ივლისის განაჩენი პ. ჯ-ის მიმართ) მისი დასაშვეობის ან სარწმუნოობის კრიტერიუმზე დაყრდნობით, ხოლო სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების საკმარისობა გამამატყუნებელი განაჩენის დასადგენად ფასდება თითოეულ პირთან მიმართებით ცალკ-ცალკე, მათი ინდივიდუალური პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს რომ არც საქართველოსი უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის განჩინება და არც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის განაჩენი არ შეიცავს რაიმე ახალ ფაქტს ან მტკიცებულებას რომელიც არ იყო ცნობილი განაჩენის დამდგენი სასამართლოსთვის; ორივე განაჩენში სასამართლო ახდენს სს საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას ( მათ შორის 2017წლის 18 ივლისის განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ახდენს სისხლის სამართლის საქმეში არსებული იმ მტკიცებულებების განმეორებით, მაგრამ ახლებურად შეფასებას სამართლის იგივე ნორმებზე დაყრდნობით, რაც მის მიერ უკვე იყო შეფასებული სააპელაციო წესით განაჩენის გადასინჯვისას 2007წლის 12 ივლისს) მაგრამ მხოლოდ კონკრეტულ მსჯავრდებულებთან - ე. მ-ესთან და კ. ა-სთან მიმართებით. შესაბამისად, სასამართლოების აღნიშნული აქტები არ წარმოადგენს ახალ გარემოებას განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მიზნებისთვის.
15. დაცვის მხარის მტკიცებაზე, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობდა პ. ჯ-ის მსჯავრდებისათვის საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა და არსებული მტკიცებულებების სრულყოფილად შეფასების შემთხვევაში სასამართლო გამოიტანდა გამამართლებელ გადაწყვეტილებას, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ფოთის საქალაქო და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებმა თავიანთ განაჩენებში, ხოლო საქართველოს უზენაესმა სასამართლომ - განჩინებაში (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ) იმსჯელეს და სამართლებრივად შეაფასეს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები უტუარობის, სარწმუნოობის, დასაშვეობისა და საკმარისობის თვალსაზრისით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარე, როგორც შუამდგომლობაში ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ, ისე საკასაციო საჩივარში არ უთითებს ახალ ფაქტზე ან მტკიცებულებაზე, რაც არ იყო ცნობილი, გამოკვლეული ან/და სასამართლოს მიერ შეფასებული საქმის არსებითად განხილვისას ან განაჩენის გადასინჯვისას სააპელაციო ან საკასაციო წესით(იხ. მაგალითისთვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 10 მაისის განჩინება N78აგ-12) და შესაბამისად - იქნებოდა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული ახლად გამოვლენილი გარემოება, რომლის საფუძველზეც სასამართლო უფლებამოსილი იქნებოდა, გადაესინჯა განაჩენი.
17. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენითაც (გასაჩივრებული განაჩენი) სააპელაციო სასამართლომ ცალსახად მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება, რადგან „ე. მ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ კანონის სიტყვა-სიტყვით განმარტება არ შეიძლება ჩაითვალოს პ. ჯ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გადახედვის საფუძვლად“.
18. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიდგომას საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოების არარსებობის პირობებში კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის გადასინჯვის შესახებ სისხლის სამართლის საქმეში არსებული და ამავე სასამართლოს მიერ ერთხელ უკვე შეფასებული მტკიცებულებების ( სააპელაციო სამართალწარმოების ფარგლებში) განმეორებით შეფასებისთვის. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის გადასინჯვისთვის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის მიუხედავად, განაჩენის გადასინჯვა განახორციელა გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი იმ მტკიცებულებების საკმარისობის ხელმეორედ შეფასებისთვის, რაც უკვე იყო შეფასებული სააპელაციო და საკასაციო სამართალწარმოების ფარგლებში.
19. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით განსაზღვრული არცერთი საფუძვლის არარსებობის მიუხედავად, „პ. ჯ-ს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვისთვის აუცილებელი იყო საქმის დაშვება განსახილველად“.
19.1. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის გადასინჯვის საფუძვლების ამომწურავ ჩამონათვალს. შესაბამისად, თუ სააპელაციო სასამართლოს მიაჩნდა, რომ მითითებული მუხლის იმპერატიული ხასიათის დანაწესი არღვევდა პ. ჯ-ს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს და ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციას - საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის და ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე უნდა შეეჩერებინა საქმის განხილვა და კონსტიტუციური წარდგინებით მიემართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის.
20. საკასაციო სხდომაზე პ. ჯ-ს განმარტებასთან (არიან მოწმეები, რომლებიც თავს იკავებენ ჩვენების მიცემაზე, ხოლო ერთადერთი მოწმე - მ. მ, მოვა დრო, ჩამოვა საზღვარგარეთიდან და შეცვლის თავის ჩვენებას) დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 311-ე მუხლის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ვადა შეუზღუდავია (გამონაკლისია საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტებით მითითებული შემთხვევები). შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას და ამავე მუხლით დადგენილი წესით დადასტურების შემთხვევაში (მაგალითად, თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგინდება, რომ ყალბი იყო მოწმე მ. მ-ს ჩვენება; დადგინდება გარემოება, რომელიც მიუთითებს იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რაც საფუძვლად დაედო პ. ჯ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას; ან/და გამოვლინდება ისეთი ფაქტი/გარემოება, რომელიც არ იყო ცნობილი გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს და თავისთავად ან სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს პ.ჯ-სუდანაშაულობას) პ.ჯ-ს შეუძლია, კვლავაც მიმართოს სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 ივლისის განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.
21. ამდენად, ვინაიდან: მსჯავრდებულ პ- ჯ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ფ. ს-ს შუამდგომლობაში მითითებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის განჩინება ე. მ-ს მიმართ და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის განაჩენი კ. ა-ს მიმართ არ ამტკიცებს პ. ჯ-ს უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო - შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა შუამდგომლობის დაშვებისა და დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი უნდა გაუქმდეს.
22. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ საქართველოს სსსკ-ით გათვალისწინებული საფუძვლებით და წესით. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საკმარისობა გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის შეაფასა როგორც სააპელაციო სასამართლომ (2007 წლის 12 ივლისის განაჩენი), ასევე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (2008 წლის 15 იანვრის განჩინება) და იმ პირობებში, როდესაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის განჩინებაში (ე. მ-ს მიმართ) სასამართლოს არ უმსჯელია სხვა თანაბრალდებულის პასუხისმგებლობის საკითხზე (და არც პირდაპირ და არც ირიბადაც კი არ განუხილავს პ. ჯ-ს სს პასუხისმგებლობის საკითხი) არ არსებობდა შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 10 მაისის N78აგ-21 განჩინება).
23. სასამართლო ითვალისწინებს, რომ უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77). იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის გადასინჯვის საფუძვლების საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით დადგენილ ამომწურავ ჩამონათვალს და კვლავაც აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ხელახალი შეფასების მიზნებისთვის, მათ შორის, გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის მათი საკმარისობის თუ სანდოობის პერსპექტივიდან, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით არ არის გათვალისწინებული.
24. მსჯავრდებულ პ. ჯ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ფ- ს-ს საკასაციო საჩივართან (პ. ჯ-ს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 369-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში უდანაშაულოდ ცნობის შესახებ) დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორი აპელირებს იმ გარემოებებზე, რომლებიც საქართველოს უზენაეს სასამართლოს უკვე განხილული აქვს პ. ჯ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის იმავე საფუძვლითა და იმავე გარემოებებზე დამყარებული საკასაციო საჩივრის ფარგლებში (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008წლის 15 იანვრის განჩინება). კასატორი არ უთითებს ისეთ ახალ გარემოებაზე, რაც დააკმაყოფილებდა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნას (სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ კასატორის მიერ მითითებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის განჩინებაში ჩამოყალიბებული მსჯელობაც ეხება ე.მ-ს მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“, „თ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდების ნაწილს). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას განმეორებით შეაფასოს წინამდებარე საკასაციო საჩივარში მითითებული ის გარემოებები, რომლებიც უკვე შეაფასა სამივე ინსტანციის სასამართლომ საქმის არსებითი განხილვისას.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-ე, 314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის(დეპარტამენტის) საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის - ამირან გულუაშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. მსჯავრდებულ პ. ჯ--ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ფ. ს-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი;
4. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი