Facebook Twitter

საქმე # 010100218700050697

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად

ცნობის შესახებ

საქმე №450აპ-22 ქ. თბილისი

ა. რ. 450აპ-22 8 აგვისტო, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ა–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ჯ. ხ–ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 თებერვლის განაჩენზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. საბრალდებო დასკვნით რ. ა–ს,- დაბადებულს 1... წელს, - ბრალი ედებოდა მძევლად ხელში ჩაგდება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულონ პირი შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ანგარებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, დანაშაული, გათვალისწინებული - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ვ“ და ,,ი“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისიდან მოქმედი რედაქციით); ასევე, განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში, კერძოდ, ჩადენილი მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული - საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ და მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისიდან მოქმედი რედაქციით).

2. მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: რ. ა–ს დანაშაულებრივად დაუკავშირდა კ. ც–ს, ლ. ა–ს, პ. ა–ს, ა. ა–ს და გადაწყვიტეს მოქალაქე რ. ა–ს თავისუფლების უკანონო აღკვეთა და მისი განთავისუფლების სანაცვლოდ გამოსასყიდის სახით ფულადი თანხის მიღება.

2009 წლის 23 მაისს რ. ა–ი „ფოლკსვაგენის“ მარკის მიკროავტობუსით (სახ. №......) მოძრაობდა ქ. თ–ში, .......... სანაპიროზე. დაახლოებით 18:00 საათზე, ლუდის ბარ „შ–ს“ წინამდებარე ტერიტორიაზე, რ. ა–ის ავტომანქანას დაეწია და გაჩერების მიზნით წინ ჩაუდგა „სუბარუს“ მარკის ავტომანქანა, რომელშიც ისხდნენ რ. ა–ს, ა. ა–ი, ლ. ა–ა, პ. ა–ა და კ. ც–ე. აღნიშნულმა პირებმა მოტყუებით, ვითომდა საქმის გარჩევის მიზნით, თავიანთ ავტომანქანაში გადასვეს რ. ა–ი, რომელიც რ. ა–სმა, ა. ა–მა, ლ. ა–მ და პ. ა–მ მიიყვანეს ა–ს მიერ ნაქირავებ, ქ. თ–ში, ნ–ს ქუჩა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც ჩაკეტეს მისი ნების საწინააღმდეგოდ, ე.წ. „სკოჩის“ გამოყენებით შეუკრეს ხელ-ფეხი, რითაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

რ. ა–მა, ა. ა–მა, ლ. ა–მ და პ. ა–მ ვიდეოკამერით გადაიღეს რ. ა. და მისი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 000 აშშ დოლარის მოთხოვნის პირობების ამსახველი ფირი მიიტანეს ქ. თ–ში, ..........ის სახელობის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საპირფარეშოში. მითითებული პირების თანამზრახველი ე. ო. ტელეფონით დაუკავშირდა რ. ა–ის მამას - ა. ა–ს, შეატყობინა ფირის ადგილსამყოფელი და დაემუქრა შვილის მოკვლით, მომხდარის შესახებ პოლიციის ორგანოებისათვის შეტყობინების შემთხვევაში.

მომხდარი ფაქტის შესახებ რ. ა–ის მამამ - ა. ა–მ შეატყობინა პოლიციის ორგანოებს.

გატაცებული რ. ა–ის ოჯახის წევრებთან სატელეფონო კავშირის შეწყვეტის შემდეგ რ. ა–ს, ა. ა., ლ. ა. და პ. ა. დარწმუნდნენ, რომ მათი ქმედების შესახებ ცნობილი იყო პოლიციის ორგანოებისათვის, რის გამოც, დანაშაულის დაფარვის მიზნით, გადაწყვიტეს რ. ა–ის მკვლელობა. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად რ. ა–მ, ა. ა–მ და პ. ა–მ რ. ა. წაიყვანეს ..........ბის გზატკეცილზე არსებულ ხიდთან, განზრახ მოკვლის მიზნით, რ. ა–ის შეუკრეს ხელები და გადააგდეს მდინარე მტკვარში, მაგრამ განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანეს, რადგან დაზარალებულმა მოახერხა ხელების შეხსნა და ნაპირზე გასვლა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით:

3.1. რ. ა–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ და მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლითა და 6 თვით;

3.2. რ. ა–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ვ“ და ,,ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლითა და 6 თვით;

3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და რ. ა–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 23 წლით.

4. განსასჯელმა რ. ა–მ თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას, პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქართველოს სსსკ–ის 443–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, საქმე რ. ა–სს მიმართ განიხილა მის დაუსწრებლად;

5. 2016 წლის 4 ნოემბერს ს–ს რესპუბლიკიდან ს–ში ექსტრადირებულ იქნა ძებნილი მსჯავრდებული რ. ა–ს, რომელიც შეასახლეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №.. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა რ. ა–მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

7. მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორის პროკურორმა ვალერიან ჯინჯოლავამ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 19 ოქტომბრის განაჩენში რ. ა–ს მიმართ, შევიდა ცვლილება:

8.1. რ. ა–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ და მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისიდან მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლითა და 6 თვით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-7 მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელი გაუნახევრდა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 9 თვით;

8.2. რ. ა–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ვ“ და ,,ი“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისიდან მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლითა და 6 თვით; „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, 1 თვითა და 15 დღით;

8.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და რ. ა–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, 1 თვითა და 15 დღით;

8.4. რ. ა–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2016 წლის 4 ნოემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 18 ოქტომბრიდან 2016 წლის 4 ნოემბრამდე.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა რ. ა–მ და მისმა ადვოკატმა ჯ. ხ–მ, რომლებიც ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენს გაუქმებასა და რ. ა–ს უდანაშაულოდ ცნობას; მსჯავრდებული საკასაციო საჩივარში ასევე უთითებს დანიშნული სასჯელის შემცირებისა და დანიშნულ სასჯელში ს–ს რესპუბლიკაში მოხდილი სასჯელის ჩათვლის თაობაზე იმ შემთხვევაში, თუ არ დაკმაყოფილდება მისი მოთხოვნა უდანაშაულოდ ცნობასთან დაკავშირებით.

10. თავისი პოზიციის დასაბუთებისათვის კასატორები უთითებენ იმ გარემოებაზე, რომ: რ. ა–ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ეფუძნება მხოლოდ ორ ფორმალურ პირდაპირ მტკიცებულებას - დაზარალებულის ჩვენებასა და ფოტოსურათით ამოცნობის ოქმს; განსახილველი საქმის ფარგლებში დაზარალებულმა სხვადასხვა დროს გამოძიებასა და პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებს მიაწოდა არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსის ინფორმაცია, რის გამოც მისი ჩვენება სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს; ფოტოსურათით ამოცნობა ჩატარდა საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის დარღვევით, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის 347-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირის ამოსაცნობად წარდგენამდე გამომძიებელმა უნდა დაკითხოს მოწმე, დაზარალებული, ეჭვმიტანილი ან ბრალდებული, ამ პირის გარეგნობისა და სხვა ნიშნების, აგრეთვე იმ გარემოების შესახებ, რომელშიც ამომცნობმა ნახა ეს პირი, თუმცა 2009 წლის 3 ივნისის ოქმით დგინდება, რომ ამოცნობა ჩატარდა 20:05-20:30 საათების შუალედში, ხოლო დაზარალებული დაიკითხა არა ამოცნობამდე, არამედ - იმავე დღის 20:35-21:15 საათების შუალედში, ანუ ამოცნობის შემდეგ. დაზარალებულს არც ამოცნობამდე და არც ამოცნობის შემდეგ, დაკითხვის ოქმში ამოსაცნობი პირის მაიდენტიფიცირებელი ნიშნები არ დაუსახელებია. ამდენად, დაცვის მხარის პოზიციით, ამოცნობის ოქმი არის კანონით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებული, რის გამოც ის არ უნდა გაიზიაროს სასამართლომ; გარდა ამისა, დაცვის მხარის მტკიცებით, რ. ა–ს ექსტრადიციის პროცესი მიზანმიმართულად დაყოვნდა - საქართველოს კომპეტენტური ორგანოს თანამშრომლებმა თითქმის 3 წლის განმავლობაში არ უზრუნველყვეს მისი საქართველოში ექსტრადიცია.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოქმედი საქართველოს სსსკ-ის 329-ე მუხლის თანახმად, (,,ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებულ სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე სისხლის სამართლის პროცესი გრძელდება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, გარდა ამავე კოდექსის 1681-ე და 168​2-ე მუხლებით გათვალისწინებული განრიდების გამოყენების შემთხვევებისა) საქმე განიხილება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

12. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას რ. ა–ს უდანაშაულობის შესახებ და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს მისი მსჯავრდებისა და სასჯელის ნაწილში; სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის: დაზარალებულ რ. ა–ის ჩვენება, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი, მოწმე ა. ა–ს დაკითხვის ოქმი) სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც რ. ა–სს მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დასტურდება რ. ა–ს მიერ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა. ამასთან, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 21 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა მოწმეების - პ. ა–ს, ა. ა–ს, კ. ც–სა და ლ. ა–ს მოხსნის შესახებ.

13. სასამართლო იმავდროულად ითვალისწინებს, რომ დაზარალებულ რ. ა–ის ჩვენებებში არის გარკვეული ცდომილებები, თუმცა მისი დაკითხვებს შორის დროის ინტერვალისა (პირველი ინსტანციის სასამართლოში დაიკითხა 2010 წელს, ხოლო სააპელაციო სასამართლოში - 2021 წელს) და განსხვავებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ დაზარალებულ რ. ა–ის მიერ სააპელაციო სასამართლოში მიცემულ ჩვენებასა და მის მიერ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებებს შორის არ არსებობს ისეთი არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც დაზარალებულის ჩვენების სანდოობასა და სარწმუნოებას საეჭვოს გახდიდა და მისი გაუზიარებლობის საფუძველი გახდებოდა.

14. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებულმა რ. ა–მა სააპელაციო სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას მიუთითა რ. ა–ზე, როგორც პირზე, რომელმაც თანამზრახველებთან ერთად მის (დაზარალებულის) წინააღმდეგ განახორციელა მსჯავრად შერაცხული ქმედებები, კერძოდ, მძევლად ხელში ჩაგდება და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობა.

15. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას ფოტოსურათით ამოცნობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულმა ამოცნობისას კატეგორიულად მიუთითა, რომ მის მიერ ამოცნობილი პირის სახელია - რ–ი, ხოლო როგორც გამოძიების ეტაპზე გაიგო, გვარი - ა–ი, ეს სწორედ ის პირია, რომელმაც მეგობრებთან ერთად 2009 წლის 23 მაისს წაიყვანა კონკრეტულ სახლში, სადაც იგი დააბეს და გადაუღეს ვიდეო, მას უნდა ეთქვა - ,,მამა 500 000 აშშ დოლარი მოუტანე, თორე მომკლავენ“. გარდა ამისა, დაზარალებულმა მიუთითა, რომ სწორედ ამოცნობილი პირი იჯდა საჭესთან, როდესაც 2009 წლის 24 მაისს წაიყვანეს კონკრეტულ ტერიტორიაზე და გადააგდეს ხიდიდან. ამოცნობაში ეჭვი არ ეპარება. გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებული ამოცნობამდე არაერთხელ დაიკითხა, რა დროსაც მიუთითა მის მიმართ დანაშაულის ჩამდენ პირთა გარეგნული მახასიათებლები და დაადასტურა, რომ ხუთივე პირის ამოცნობა შეუძლია (მაგ: 2009 წლის 25 მაისის დაკითხვის ოქმი; ტ. 1; ს.ფ. 21-25). გარდა ამისა, დაზარალებულმა სააპელაციო სასამართლოში სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა, რომ რ. ა–ს ფოტოსურათზე ამოიცნო ..........ის პოლიციის სამმართველოში თმისა და თვალების ფერით, მითუფრო მანამდეც იცნობდა და შესაბამისად იცნო (00:57:26). ამოცნობის ჩატარებამდე პოლიციის თანამშრომელს არ უთქვამს, რომ ის დაესახელებინა. მის მიერ ამოცნობილი პირი იყო ხიდზე და უყურებდა, როდესაც ა. ა–მა და პ. ა–მ ხელებშეკრული ხიდიდან მდინარეში გადააგდეს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას აღნიშნული მტკიცებულების გაუზიარებლობის შესახებ.

16. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ შუამდგომლობა რ. ა–ს საქართველოსთვის გადმოცემის შესახებ ს-ს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს და ს-ს რესპუბლიკის გენერალურ პროკურატურას გაეგზავნა 2014წლის 16 ივნისს( იხ. ტ.6, ს.ფ. 67-76). იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქმეში წარმოდგენილ საექსტრადიციო მასალებს, მათ შორის, ქ. ე–ს შ-ის ადმინისტრაციული რაიონის საერთო იურისდიქციის სასამართლოს (მოსამართლე დ. ბ-ს თავმჯდომარეობით) 2016 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, 2015 წლის 20 მარტს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება რ. ა–სს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისათვის ჩაბარების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების თაობაზე; და ამავე დროს - ,,ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის 13 დეკემბრის ევროპული კონვენციის პირველი და მე-19 მუხლების, ,,სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ მინსკის 1993 წლის 22 იანვრის კონვენციის 56-ე და 63-ე მუხლების, სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ,,ექსტრადიციის შესახებ“ 1997 წლის 3 მაისის ხელშეკრულების პირველი და მე-12 მუხლების საფუძველზე სასამართლომ გადაწყვიტა, რომ რ. ა–სს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისათვის ჩაბარება გადაიდოს, სანამ ის ქალაქ ე-ს შ-ის ადმინისტრაციული რაიონის ზოგადი იურისდიქციის სასამართლოს 2014 წლის 1 დეკემბრის განაჩენით დადგენილი სასჯელისაგან გათავისუფლდება; აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადგინა, რომ რ. ა–სს მიმართ ქალაქ ე-ს შ-ის ადმინისტრაციული რაიონის ზოგადი იურისდიქციის სასამართლოს 2015 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით ექსტრადიციის გადავადების საჭიროება აღარ იარსებებს 2016 წლის 18 ოქტომბერს, რადგან მის მიმართ იმავე სასამართლოს 2014 წლის 1 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის ვადა იწურება. სასამართლოს 2015 წლის 20 მარტის ექსტრადიციის გადაწყვეტილების აღსრულების მოსაზრებებიდან გამომდინარე, აუცილებელია რ. ა–სს 2 თვით დაკავება (ტ. 6; ს.ფ. 52-56). შესაბამისად, უსაფუძვლობის გამო, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ განსახილველ საქმეში რ. ა–სს ექსტრადიციის პროცესი მიზანმიმართულად დაყოვნდა - საქართველოს კომპეტენტური ორგანოს თანამშრომლებმა თითქმის 3 წლის განმავლობაში არ უზრუნველყვეს მისი ს–ში ექსტრადიცია.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს, რომ რ. ა–სმა ჩაიდინა - მძევლად ხელში ჩაგდება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულონ პირი შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ანგარებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ასევე, განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ჯგუფურად. სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და რ. ა–სს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შესაბამისი დანაშაულებისათვის, ხოლო საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული სანქციების ფარგლებშია.

18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 496-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება დამნაშავის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს; ასევე ითვალისწინებს, რომ „მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის თავისუფლება უმთავრესი ღირებულებაა, ის, იმავდროულად, სწორედ ამ მიზეზით ზღვარდადებულია საზოგადოების სხვა წევრების თავისუფლებით (ძირითადი უფლებებით და თავისუფლებებით). ვინაიდან თავისუფლება ყველასათვის ერთნაირი სიკეთეა და გულისხმობს საზოგადოების თითოეული წევრის თანაბარ შესაძლებლობას, შანსს განვითარებასა და თვითრეალიზაციაზე, ყველა, ვინც ამ თავისუფლებით ბოროტად ისარგებლებს, ზღვარს გადააბიჯებს, სხვის თავისუფლებას (ამა თუ იმ უფლებას) ხელყოფს, სამართლიანობა მოითხოვს, აღდგეს თავდაპირველი წონასწორობა და სამომავლოდაც საფრთხის ქვეშ არ იდგეს ყველას ერთნაირი უფლება თავისუფლებაზე.... მაშასადამე, სასჯელით სამართლიანობის აღდგენის მიზანი გულისხმობს სწორედ მართლწესრიგში ბალანსის აღდგენასა და შენარჩუნებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება №1/4/592 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-45).

19. ამდენად, ჩადენილი დანაშაულისა და იმის გათვალისწინებით, რომ მათი ჩადენის შემდეგ რ. ა–ს მიიმალა და იგი იყო ძებნილი, დაცვის მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე ახალი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქება, აგრეთვე იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსკ-ის 63-ე (თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაული, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა დაუშვებელია) ან 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით (ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან) გათვალისწინებული შეღავათების გამოყენებისათვის დაწესებულ კონკრეტულ სავალდებულო წინაპირობებს (მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პირობების არსებობის დროსაც, მათი გამოყენების მიზანშეწონილობა შესაფასებელია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის მხედველობაში მიღებით) საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოთხოვნას მის მიმართ დანიშნული სასჯელის შემცირებასთან დაკავშირებით.

20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

21. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

22. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ რ. ა–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ჯ. ხ–ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 თებერვლის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი