Facebook Twitter

საქმე # 140100121004859739

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№572აპ-22 ქ. თბილისი

დ. გ. 572აპ-22 1 აგვისტო, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 23 მარტის განაჩენზე გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ია მეფარიშვილისა და მსჯავრდებულ გ. დ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ტ. კ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:

1.1. გ. დ. - დაბადებული .... წელს, - ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 19,108-ე მუხლითა (მკვლელობის მცდელობა) და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი სოციალური მდგომარეობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2021 წლის 5 აპრილს, დაახლოებით 00:00 საათზე, ქალაქ გ–ში, უ–ს ქუჩა N.-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნასვამმა გ. დ–მ და მისმა მეგობრებმა - ვ. ქ–მ, გ. ლ–მ და ლ. პ–მ, სოციალური მდგომარეობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ლ. მ–ს, რომელიც იმყოფებოდა საკუთარ სახლში, ქუჩიდან დაუწყეს დაცინვა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, ეძახდნენ შეურაცხმყოფელ სიტყვებს, რის გამოც, ლ. მ. გამოვიდა ქუჩაში და ზემოაღნიშნულ პირებს დაუწყო ყვირილი, რათა შეეწყვიტათ მისი დამცირება. ხმაურზე საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან გამოვიდა ლ. მ–ს მეზობელი - ა. ღ., რომელმაც გ. დ–სა და მის თანმხლებ პირებს მოუწოდა, შეეწყვიტათ ლ. მ–ს შეურაცხყოფა. განაწყენებულმა გ. დ–მ შურისძიების მოტივით, ხელთ ნაქონი დანით ა. ღ–ს, მოკვლის განზრახვით, გულმკერდის, ლავიწისა და ბეჭის არეში მიაყენა სამი ნაკვეთი ჭრილობა, მათ შორის - ერთი შემავალი გულმკერდის ღრუში, რამაც სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება გამოიწვია. მძიმე მდგომარეობაში მყოფი ა. ღ–ი გადაიყვანეს ..........ს სახელობის თავდაცვის სამინისტროს გ–ს ..... ჰოსპიტალში, სადაც მას ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო ოპერაცია და შეუნარჩუნდა სიცოცხლე.

1.3. 2021 წლის 5 აპრილს, დაახლოებით 00:00 საათზე, ქალაქ გ–ში, უ–ს ქუჩა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნასვამმა გ. დ–მ და მისმა მეგობრებმა - ვ. ქ–მ, გ. ლ–მ და ლ. პ–მ, სოციალური მდგომარეობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ლ. მ–ს, რომელიც იმყოფებოდა საკუთარ სახლში, ქუჩიდან დაუწყეს დაცინვა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, ეძახდნენ „გიჟსა და კურდღელს“, აფურთხებდნენ საცხოვრებელი სახლის ფანჯარაზე, რის გამოც, ლ. მ. გამოვიდა ქუჩაში და დაუწყო ყვირილი, რათა შეეწყვიტათ მისი დამცირება, რა დროსაც გ. დ–მა ხელთ ნაქონი დანით ლ. მ–ს გულმკერდის წინა ზედაპირზე მიაყენა ერთი ნაკვეთი ჭრილობა, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება გამოიწვია, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

2. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 30 დეკემბრის განაჩენით:

2.1. გ. დ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

2.2. გ. დ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლზე;

2.3. გ. დ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 6 აპრილის 10:25 საათიდან.

3. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა:

3.1. 2021 წლის 5 აპრილს, დაახლოებით 00:00 საათზე, ქალაქ გ–ში, უ–ს ქუჩა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. დ–მ აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, ა. ღ–ს დანის გამოყენებით, გულმკერდის, ლავიწისა და ბეჭის არეში მიაყენა სამი ნაკვეთი ჭრილობა, მათ შორის - ერთი შემავალი ჭრილობა გულმკერდის ღრუში, რამაც სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება გამოიწვია.

3.2. 2021 წლის 5 აპრილს, დაახლოებით 00:00 საათზე, ქალაქ გ–ში, უ–ს ქუჩა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. დ–მ, მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოების - აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, ლ. მ–ს, დანის გამოყენებით გულმკერდის წინა ზედაპირზე მიაყენა ერთი ნაკვეთი ჭრილობა, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება გამოიწვია, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

4. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 30 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ია მეფარიშვილმა მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, გ. დ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლითა და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა. გ. დ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ტ. კ–მ და თ. ჯ–მ მოითხოვეს გ. დ–ს სრულად უდანაშაულოდ ცნობა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 23 მარტის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 30 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 23 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ია მეფარიშვილმა და მსჯავრდებულ გ. დ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ტ. კ–მ. ბრალდების მხარემ მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, გ. დ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლითა და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა. გ. დ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ტ. კ–მ მოითხოვა გ. დ–ს სრულად უდანაშაულოდ ცნობა.

7. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. დ–ს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის, საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლზე გადაკვალიფიცირებისა და გ. დ–ს საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობის, აგრეთვე, მისთვის დანიშნული სასჯელის სახისა და ზომის შესახებ.

8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას გ. დ–ს საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით მსჯავრდების ნაწილში და მსჯავრდებულის სრულად უდანაშაულოდ ცნობას, ხოლო ბრალდების მხარე ითხოვს გ. დ–ს დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციით, რადგან პროკურორის განმარტებით, არცერთი დაზარალებულის შემთხვევაში გ. დ–ს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში არ იმყოფებოდა.

9. დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენს გ. დ–ს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის შესახებ (ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა დაადგინეს, რომ გ. დ–მა, მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოების - აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, ლ. მ–ს დანის გამოყენებით გულმკერდის წინა ზედაპირზე მიაყენა ერთი ნაკვეთი ჭრილობა, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება გამოიწვია, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით). ამდენად, დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის გ. დ–ს მიერ ლ. მ–სათვის დანით დაზიანების მიყენებას.

10. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრიდან გამომდინარე, ლ. მ–სთან მიმართებით, შეფასების საგანია: მოქმედებდა თუ არა გ. დ–ს აუცილებელი მოგერიების ფარგლებში.

11. საკასაციო სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს გაანალიზებს გ. დ–ს მიერ როგორც ა. ღ–ს, ისე ლ. მ–სათვის დანის დარტყმის ფაქტის დასადგენად და შეაფასებს: იმყოფებოდა თუ არა გ. დ–ს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში და ა. ღ–სთან მიმართებით გადააცილა თუ არა აუცილებელი მდგომარეობის ფარგლებს.

12. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება გ. დ–ს მიერ დანის გამოყენებით ა. ღ–სათვის დაზიანებების მიყენების ფაქტი. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს და აღნიშნავს, რომ გ. დ–ს მიერ ა. ღ–სა და ლ. მ–სათვის დანის გამოყენებით დაზიანებების მიყენება დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

13. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, ECtHR, no 49684/99, §30, 25/12/2001); ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

14. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მოწმე ლ. მ–ს ჩვენებისა და მისი მონაწილეობით ჩატარებული ამოცნობის ოქმის არგაზიარების შესახებ. შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც ეთანხმება.

15. საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოწმეების: გ. ლ–ს და ლ. პ–ს ჩვენებების არგაზიარების ნაწილში. იმავდროულად, აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, განსაკუთრებულ შემთხვევაში, სათანადო საფუძვლების არსებობისას ( მათ შორის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), მოწმის სასამართლოში განმეორებით დაკითხვის შესაძლებლობას არ გამორიცხავს (რაც მოხდა კიდეც გ. ლ–ს და ლ. პ–ს შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას და აღნიშნულმა მოწმეებმა მეორედ დაკითხვისას მტკიცების საგანთან მიმართებით თავდაპირველი ჩვენებისგან არსებითად განსხვავებული ჩვენებები მისცეს სასამართლოს), თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მოწმის განმეორებითი დაკითხვა განხორციელდეს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის სრული დაცვით - დაცვის მხარის მონაწილეობით და დაცვის მხარეს მიეცეს მოწმისთვის შეკითხვების დასმის/დაკითხვის შესაძლებლობა (იხ.Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §164, ECtHR, 14/05/2020; შედარებისთვის იხ. Cabral v. the Netherlands, no. 37617/10, §§ 10,13,34-37, ECtHR, 28/08/2018; Bondar v. Ukraine, no. 18895/08, §§ 75-82, ECtHR, 16/04/2019). საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც ეროვნული სასამართლო ხელისუფლების წინაშე ერთი და იმავე პირის მიერ წარმოდგენილია მოვლენათა განვითარების სხვადასხვა საპირისპირო ვერსია, თუ ისინი საბოლოოდ უპირატესობას მიანიჭებენ საგამოძიებო ორგანოებში და არა სასამართლოში გაკეთებულ განცხადებებს, ეს თავისთავად არ წარმოშობს კონვენციის მიხედვით განსახილველ საკითხს, თუ უპირატესობა არის დასაბუთებული და ჩვენება მიცემულ იქნა ნებაყოფლობით“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §163, ECtHR, 14/05/2020; Lutsenko v. Ukraine, no. 30663/04, § 49, 18/12/2008; Doorson v. the Netherlands, 26/03/1996, §78). მსგავს შემთხვევაში, თუ რომელი ჩვენება აკმაყოფილებს სანდოობისა და უტყუარობის სტანდარტს და რომელი მათგანი შეიძლება დაედოს საფუძვლად განაჩენს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასების საგანია.

16. რაც შეეხება მოწმეების: ნ. ხ–ს, ჯ. კ–ს, გ. ბ–ის, მ. ხ–სა და გ. ჯ–ს ჩვენებებს, ისინი არარელევანტურია მტკიცების საგანთან მიმართებით და არ იძლევა სადავოფაქტობრივი გარემოებების დადგენის შესაძლებლობას.

17. მოწმეები: შ. ქ–ი და ბ. პ–ი ადასტურებენ მათ მიერ/მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორეს და მათი ჩვენებები ასევე არარელევანტურია. სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენის თვალსაზრისით. ამასთან, მოწმე შ. ქ–ს ჩვენების ის ნაწილი, სადაც იგი გადმოსცემს გამოკითხვისას და საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას გ. დ–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, რადგან გადმოსცემს სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

18. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

19. დაზარალებულ ა. ღ–ს ჩვენებით, 2021 წლის 5 მარტს, დაახლოებით 00:00 საათზე, დაინახა, რომ მისი მეზობლის - ლ. მ–ს სახლთან, რომელიც მდებარეობს მისი სახლის მოპირდაპირედ, დაახლოებით 15 მეტრში, იდგა 3-4 ახალგაზრდა, რომლებიც ხმაურობდნენ, კერძოდ: დასცინოდნენ ლ. მ–ს. მან შენიშვნა მისცა ახალგაზრდებს და მოუწოდა სიჩუმისკენ, რის შემდეგაც მათ შეწყვიტეს ხმაური და წავიდნენ. სახლში შებრუნების შემდეგ კვლავ მოესმა ხმა. რომ გაიხედა, ლ. მ. იყო გარეთ და ახალგაზრდები ლ–სკენ მიემართებოდნენ. ლ. მ–ს დახმარების მიზნით, აიღო ლითონის მილი და თავადაც გავიდა გარეთ. იგი იქნევდა მილს, რა დროსაც იგრძნო, რომ რაღაცას მოარტყა. არ შეუძლია იმის თქმა, თუ ვის მოხვდა მილი, ვინმეს - ფეხში, თუ ასფალტს მოარტყა. მოწმის განმარტებით, მილი, ალბათ, იმ პირს მოხვდა, ვისთანაც ყველაზე ახლოს მივიდა. ამ პირის ხელში დანა ან სხვა ნივთი არ დაუნახავს. მოხვედრისას მილი გაუვარდა ხელიდან და ასაღებად დაიხარა. დანარჩენებმა ეს ყველაფერი დაინახეს და მისკენ წავიდნენ. როდესაც თავი ასწია, დაინახა, რომ მის ირგვლივ რკალად იყვნენ შეკრებილი ახალგაზრდები. ზუსტად რამდენნი იყვნენ, ვერ დააკონკრეტა. მოწმემ არ დაადასტურა მათი მხრიდან დარტყმის ფაქტი. განმარტა, რომ დანით მიყენებული ჭრილობების გარდა, მას რაიმე ფიზიკური დაზიანება არ ჰქონია. ასევე, განმარტა, რომ სანამ მილი დაუვარდებოდა, ფიზიკურად ისეთ დისტანციაზე იდგა, რომ ვერ შეეხებოდნენ. ზემოხსენებული ახალგაზრდები კონკრეტულად რას აკეთებდნენ, ვერ იხსენებს. განმარტავს, რომ იყო შეხლა-შემოხლა, ქაოსი, ახალგაზრდები გამოხატავდნენ აგრესიას და მიხვდა, რომ მიდიოდნენ მისკენ საჩხუბრად. ამიტომ, განრიდების მიზნით, სახლში შევიდა. ამ დროს ისინი არც გამოეკიდნენ, არც დარტყმა უცდიათ და არც დამუქრებიან. კონკრეტულად მის მიმართ დანის დარტყმის, დაჭრის, ფიზიკური შეხების ან მუშტის მოქნევის ფაქტს ვერ იხსენებს. იმ მომენტში მისთვის ცნობილიც არ იყო, რომ დაიჭრა, რაც მხოლოდ მაშინ გაიაზრა, როდესაც მისმა მეუღლემ აუწია მაისური და დაინახა ჭრილობები. მოწმემ ვერ დაადასტურა, თუ რამდენმა ადამიანმა მიაყენა ჭრილობა.

20. სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 29 აპრილის სამედიცინო ექსპერტიზის N.......... დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, ა. ღ–ს 2021 წლის 6 აპრილს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით დადგენილი აქვს ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობები - 1. გულმკერდის მარცხენა ნახევარში იღლიის წინა ხაზზე, შემავალი გულმკერდის ღრუში, მარცხენამხრივი ჰემოპნევმოთორაქსი; 2.-3. ჭრილობები მარცხენა ლავიწისა და ბეჭის ძვლის საპროექციოდ. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისებების მქონე საგნის მოქმედებით. ჭრილობა N.., ვინაიდან იგი შემავალია გულმკერდის ღრუში, ეკუთვნის სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხს. ყველა სხვა დაზიანება, როგორც ერთად, ასევე ცალ-ცალკე, ეკუთვნის მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა.

21. სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 29 აპრილის სამედიცინო ექსპერტიზის N........ დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, ლ. მ–ს, 2021 წლის 6 აპრილს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით, დადგენილი აქვს ნაკვეთი ჭრილობა გულმკერდის წინა ზედაპირზე, მარჯვნივ. დაზიანება მიყენებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით. ეკუთვნის მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა.

22. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს გ. დ–ს მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის 2021 წლის 6 აპრილის ოქმსა და მასზე თანდართულ ფოტოცხრილს, რომლითაც დადგენილია, რომ გ. დ–მა საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებს მიუთითა იმ ადგილზე, სადაც მან რამდენჯერმე დაარტყა დანა უ–ს ქ. N.. სახლიდან გამოსულ პირს, რომელმაც მას ერთხელ დაარტყა ფეხში მეტალის მილი. გ. დ–მ ასევე მიუთითა იმ ადგილზე, სადაც მან მისთვის ნაცნობ ლ–ს ერთხელ დაარტყა დანა გულმკერდის არეში, ხოლო შემდეგ რამდენჯერმე დაარტყა მუშტი სახეში, რის შედეგადაც ლ. წაიქცა. გ. დ–მ მიუთითა უ–ს ქუჩის აღმოსავლეთ მიმართულებაზე და განმარტა, რომ სწორედ იქით გაიქცა. მისი მითითებით, გაემართნენ უ–ს ქუჩიდან ე. გ–ს ქუჩის მიმართულებით, ასევე მისი მითითებით, უ–ს ქუჩიდან გადაუხვიეს ხელმარჯვნივ, ე. გ–ს ქუჩაზე და დაახლოებით 10 მეტრში, ე. გ–ს ქუჩის გვერდულაზე არსებულ ხის ძირში, ბალახებში, გ. დ–მ მიუთითა მოყავისფროტარიან გასაშლელ დანაზე და განმარტა, რომ სწორედ ამ დანით მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება მისთვის ნაცნობ ლ–ს, კერძოდ - ერთხელ ჩაარტყა გულმკერდის არეში, ხოლო იმ პირს, რომელმაც მას ფეხში დაარტყა მეტალის მილი, რამდენჯერმე ჩაარტყა დანა გულმკერდისა და მხრის არეში. შემდეგ კი აღნიშნულ ადგილას დამალა დანა.

23. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ გ. დ–მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას უარყო გამოძიების ეტაპზე, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის ის ნაწილი, სადაც დანაშაულის ჩადენაში ამხელდა საკუთარ თავს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენას შეეხება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის განაჩენი, საქმე №561აპ-15, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის განაჩენი, საქმე №424აპ-16).

4. 2021 წლის 6 აპრილის ამოღების ოქმით დგინდება, რომ ქ. გ–ში, ........ის ქუჩის N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. დ–სგან ამოიღეს დანა, რომლითაც მან 2021 წლის 5 აპრილს ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მისთვის ნაცნობ ლ–სა და იმ პირს, რომელმაც მას ფეხში შემოარტყა ლითონის მილი. აღნიშნული დანა არის დასაკეცი, აქვს მოყავისფრო ხის ტარი, გაშლისას აქვს მოვერცხლისფრო, წვეტიანი, მჭრელი პირი. დანას, როგორც ტარზე, ასევე მჭრელ პირზე აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები.

25. მოწმეებმა - შ. ქ–მ და ბ. პ–მ დაადასტურეს მათ მიერ/მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების - საგამოძიებო ექსპერიმენტისა და ამოღების ოქმების სისწორე.

26. სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 12 აგვისტოს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N........... დასკვნის თანახმად, პაკეტში, წარწერით: „...დანა...“, მოთავსებულ დანაზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N..) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ა. ღ–სს (ობ.N..; პაკეტი, წარწერით: „...ა. დ–ს ძე ღ–ს პირის ღრუდან აღებული ნერწყვის ნიმუში...“). ამავე დანის ტარზე (ობ. N..) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

27. მოწმე ვ. ქ–იის ჩვენების თანახმად, 2021 წლის 5 აპრილს ის და მისი მეგობრები იმყოფებოდნენ გ. ლ–ს დაბადების დღეზე. გვიან ღამით გადაწყვიტეს გარეთ გასვლა. ის, გ. დ–ი, გ. ლ–ე და ლ. პ–ი იყვნენ ნასვამები და ხმაურით მიდიოდნენ უ–ს ქუჩაზე. ხმაურზე გამოვიდნენ მეზობლები. ჯერ გამოვიდა ლ. მ., რომელმაც მათ შეაგინა. იგი იდგა უშუალოდ ლ. მ–ს გვერდით და ცდილობდა, გაეშველებინა ისინი, ვინაიდან გ. დ–სი იწევდა მისკენ. დაინახა ლ. მ–ს მიმართულებით მოქნეული ხელი, თუმცა ვისი ხელი იყო, არ დაუნახავს. ა. ღ–ს გარეთ გამოსვლისას ხელში ეკავა მეტალის მილი, რომელიც მოუქნია. შემდეგ დ–სმაც მოუქნია ხელი, მოხვდა თუ არა - არ იცის. მოწმის განმარტებით, დაინახა, რომ დ–მ ერთხელ მოუქნია ხელი. ამ დროს მის ხელში დანა ან რაიმე საგანი არ დაუნახავს. მთელი ამ დროის განმავლობაში დ–ს გადაადგილებას სულ ვერ უყურებდა, რადგან ხალხი ეფარებოდა. აღნიშნული ახალგაზრდა მამაკაცი ძალიან ცოტა ხნით იყო გამოსული და ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. იგი მალევე გაბრუნდა უკან, თავისი სახლის მიმართულებით. მოწმემ დაადასტურა ბრალდების მხარის მიერ გამოქვეყნებული 2021 წლის 6 აპრილის გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმად, „...ჩვენ ვიყავით ნასვამ მდგომარეობაში და ამის გამო ხან ვმღეროდით, ხან ვხუმრობდით ერთმანეთში, რაც იწვევდა ხმაურს. ამ დროს, დავინახე, რომ უ–ს ქუჩის ერთ-ერთი სახლიდან გამოვიდა იქვე მცხოვრები, ჩემთვის ნაცნობი შუახნის მამაკაცი, რომლის სახელია - ლ., ხოლო გვარი არ ვიცი და ხელში ეკავა ნაჯახი, რის გამოც, მე და გ. ლ–ს შეგვეშინდა და გავიქეცით გ. დ–სა და ლ. პ–ს მიმართულებით. ისინი ვერ მიხვდნენ, რა ხდებოდა და შეჩერდნენ. ამის შემდეგ, სხვა სახლიდან გამოვიდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის ვინაობაც არ ვიცი. ხელში ეკავა რკინის საგანი და დაგვიწყო გინება - „რას ყვირიხართ ამ შუა ღამესო“, რის გამოც ჩვენც დავუწყეთ გინება. ამ დროს, მე დავინახე, რომ აღნიშნულმა ახალგაზრდა მამაკაცმა გ. დ–ს მოუქნია რკინის საგანი ფეხის არეში, რის შემდეგაც, გ. დ–მაც გაიწია მისკენ დასარტყმელად. გ. დ–მ დაარტყა თუ არა, ან რა დაარტყა და რამდენჯერ, არ დამინახავს. ამის შემდეგ, მამაკაცი გაიქცა იმ სახლისკენ, საიდანაც გამოვიდა. ლ., რომლის გვარიც არ ვიცი, უმისამართოდ იქნევდა ნაჯახს და გვაგინებდა. როდესაც შემოვტრიალდი, ლ. იჯდა უკვე ძირს და გ. დ–მ მას წაართვა ნაჯახი, რამდენჯერმე დაარტყა მუშტი სახის არეში, რის გამოც ლ. წაიქცა. ჩვენ ვცდილობდით მათ გაშველებას და სიტუაციის განეიტრალებას, ხოლო როცა დავინახე, რომ ლ. წაიქცა, მე და გ. ლ. გავიქეცით გ–ს ქუჩისკენ, ხოლო გ. დ–ს და ლ. პ. გაიქცნენ სხვა მიმართულებით...“.

28. სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 8 აპრილის N......... სასამართლო-სამედიცონო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გ. დ–ს 2021 წლის 6 აპრილს, 14:37 საათზე, აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები სხეულზე. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით და, ერთად აღებულიც და ცალ-ცალკეც, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. გამოკვლევის თანახმად, გ. დ–ს მარცხენა ბარძაყის გარეთა ზედაპირზე, ზედა მესამედში აღენიშნება მკრთალი, მოწითალო-მოლურჯო ფერის ირიბი სისხლნაჟღენთი, ზომით - 14X2სმ; მარჯვენა დუნდულოს გარეთა ზედაპირზე აღენიშნება ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი, ზომით - 1X1სმ; მარცხნივ, თხემ-შუბლ-საფეთქლის საზღვარზე, თმოვან ნაწილში, აღენიშნება ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი, ზომით - 1X1სმ; მარცხენა ლოყაზე, ქვედაყბის მიმდებარედ აღენიშნება კანის დონეზე მდებარე არასწორკიდეებიანი მოწითალო ფერის ირიბი ნაჭდევი, ზომით 3,4X0,3სმ; მარჯვენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე აღენიშნება ასეთივე ხასიათის არასწორკიდეებიანი სიგრძივი ნაჭდევი, ზომით 1X0,5სმ; მარცხენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე აღენიშნება ასეთივე ხასიათის არასწორკიდეებიანი ნაჭდევი, ზომით - 1X1სმ; მარცხენა წინამხრის უკანა ზედაპირზე, ზედა მესამედში აღენიშნება ასეთივე ხასიათის არასწორკიდეებიანი ირიბი ნაჭდევი, ზომით 4X0,3სმ; მარცხენა იდაყვის სახსრის შიგნითა ზედაპირზე აღენიშნება ასეთივე ხასიათის არასწორკიდეებიანი ნაჭდევი, ზომით - 0.5X0.5სმ; მარცხენა წინამხრის ქვედა მესამედში, შიგნითა ზედაპირზე აღენიშნება ასეთივე ხასიათის ირიბი ნაჭდევი, ზომით - 1,5X0.3სმ; მარჯვენა ხელის მტევნის უკანა ზედაპირზე, ნების ძვლებისა და ფალანგების შესახსრების საპროექციოდ, აღენიშნება ასეთივე ხასიათის არასწორკიდეებიანი ნაჭდევები, საერთო ფართობით - 4X3სმ. საერთო ფართობი განივია. ყველაზე დიდი ნაჭდევის ზომაა - 1,5X0.3სმ, ყველაზე პატარა ნაჭდევის - 0.1X0.1სმ.

29. შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2021 წლის 6 აპრილის ოქმის თანახმად, ა. ღ–ს საცხოვრებელი სახლის ჭიშკრის წინ ნახეს მოგრძო ზომისა და მრგვალი ფორმის რკინის მილი, რომელიც ამოიღეს.

30. გ. დ–ს ჩვენებით, 2021 წლის 5 აპრილს ის და მისი მეგობრები იმყოფებოდნენ გ. ლ–ს დაბადების დღეზე, რის შემდეგაც გადაწყვიტეს გარეთ გასვლა. მასთან ერთად გარეთ იყვნენ გ. ლ., ლ. პ. და ვ. ქ. ისინი მიდიოდნენ ხმაურით უ–ს ქუჩაზე, თუმცა, ამავე ქუჩაზე იყვნენ სხვა პირებიც, დაახლოებით -10 ბიჭი. ქუჩაში მისი საცხოვრებელი სახლიდან გამოვიდა ლ. მ., რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა მას და მის მეგობრებს, კერძოდ, შეაგინა. იგი ნაჯახს უმისამართოდ იქნევდა, რის გამოც, გ. დ–მ მას დაარტყა მუშტი. ამასობაში, გამოვიდა ა. ღ., რომელსაც ხელში ეკავა რკინის მილი, რომელსაც იქნევდა. გ. დ–საც მოუქნია და მოხვდა ფეხის არეში. დაიხარა, რადგან ეტკინა, ხოლო როდესაც თავი ასწია, მისთვის უცნობი ადამიანის ხელში დაინახა დანა. მას ვერ აღწერს, რადგან სიბნელე იყო. ასევე, დაინახა, რომ ამ დროს ა. ღ. საკუთარი სახლისკენ მიდიოდა. მოწმემ კატეგორიულად უარყო მის მიერ დანის ფლობა და გამოყენება. რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმეტს, ადასტურებს, რომ მან აღმოაჩენინა დანა სამართალდამცავებს, თუმცა განმარტავს, რომ იცოდა დანის ადგილმდებარეობა, რადგან როდესაც ყველა გაიფანტა, ე. გ–სა და უ–ს ქუჩების კვეთაზე, იქ მყოფმა ერთ-ერთმა პირმა დაიყვირა, რომ კონკრეტულ ადგილას აგდებდა დანას.

31. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულ ა. ღ–ს ჩვენებით დასტურდება, რომ იგი ნამდვილად იქნევდა ლითონის მილს, რა დროსაც, იგრძნო, რომ რაღაცას მოარტყა. მოწმის განმარტებით, მილი, ალბათ, იმ პირს მოხვდა, ვისთანაც ყველაზე ახლოს მივიდა. საქმეში არსებული მტკიცებულებებით (ვ. ქ–სა და გ. დ–ს ჩვენებებით, გ. დ–ს სხეულზე არსებული დაზიანებების ამსახველი სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 8 აპრილის N....... სასამართლო-სამედიცონო ექსპერტიზის დასკვნით) დასტურდება, რომ იმ მომენტში მასთან ყველაზე ახლოს სწორედ გ. დ–ს იმყოფებოდა და სწორედ მას მოხვდა ლითონის მილი. მოწმე ვ. ქ–ს ჩვენებით დასტურდება, რომ გ. დ–მ ნამდვილად გაიწია ა. ღ–სკენ დასარტყმელად, მოუქნია ხელი, თუმცა, მოხვდა თუ არა - არ იცის. ამასთან, აღნიშნავს, რომ გ. დ–მ დაარტყა თუ არა, ან რა დაარტყა და რამდენჯერ, არ დაუნახავს. მოწმის განმარტებით, მან მხოლოდ ხელის ერთი მოქნევა დაინახა, რა დროსაც გ. დ–ს ხელში დანა ან რაიმე მსგავსი საგანი არ შეუნიშნავს, თუმცა, იმავდროულად, მოწმე აღნიშნავს, რომ მთელი დროის განმავლობაში დ–ს გადაადგილებას სულ ვერ უყურებდა, რადგან ხალხი ეფარებოდა. მოწმე ვ. ქ–ს ჩვენებით ასევე დასტურდება, რომ გ. დ. ლ. მ–სკენაც იწევდა. მან აგრეთვე დაადასტურა, გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია, რომ დ–მ მ–ს რამდენჯერმე დაარტყა მუშტი სახის არეში და ცდილობდნენ მათ გაშველებას. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ, მართალია, მოწმეები (ა. ღ–ს და ვ. ქ.) ვერ ადასტურებენ უშუალოდ გ. დ–ს მიერ დაზარალებულებისათვის დანის გამოყენებით დაზიანებების მიყენების ფაქტს, თუმცა (სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 29 აპრილის სამედიცინო ექსპერტიზის N........ და N......... დასკვნებით უტყუარად დადასტურებულია ა. ღ–სა და ლ. მ–ს სხეულზე ნაჩხვლეტ-ნაკვეთი და ნაკვეთი ჭრილობების არსებობა, რომლებიც, შესაბამისად, მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი და მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით), ჭრილობების მიყენების დრო (ბრალდების დადგენილებაში მითითებული) სადავო გარემოებას არ წარმოადგენს; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით (ვითარების აღდგენა) დადგენილია, რომ სწორედ გ. დ–ს მითითებით აღმოაჩინეს და ამოიღეს დანაშაულის საგანი - დანა, რომელზეც სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 12 აგვისტოს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N.......... დასკვნის თანახმად, აღმოჩნდა ა. ღ–ს სისხლი; მოწმე ვ. ქ–ს ჩვენებით დგინდება რომ სწორედ გ. დ–სთან დაპირისპირების შემდეგ შევიდა სახლში დაზარალებული, რა დროსაც აღმოჩნდა მის სხეულზე დაზიანებები; მოწმეები ერთი მხრივ ადასტურებენ რომ დაინახეს დ–ს მოქნეული ხელი დაზარალებულზე, ხოლო მეორე მხრივ - დაზარალებული ლ. ღ–ის ჩვენებას, რომ დანით მიყენებული ჭრილობების გარდა მას რაიმე ფიზიკური დაზიანება არ ჰქონია.

32. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს გ. დ–ს განმარტებას დანის ადგილმდებარეობის ცოდნის მიზეზის შესახებ და მიუთითებს, რომ მსჯავრდეულის პოზიცია არ ემყარება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მოკლებულია გონივრულ საფუძველს და ემსახურება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის თავის არიდების მიზანს. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს გ. დ–ს მიერ დანაშაულის საგნის (დანის) ზუსტი ადგილმდებარეობის ცოდნას; მოწმე ბ. პ–ს ჩვენებას, რომ დანა იყო ხის ქვეშ, ბალახებში ჩაფლული და ჩვეულებრივი გამვლელი ვერ დაინახავდა (დასტურდება ამოღების ოქმზე დართული ფოტოსურათებით. იხ. ტ.1., ს.ფ. 82-83); სისხლის სამართლის საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და თვლის, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს გ. დ–ს მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ დროს აღნიშნული დანის ფლობის, გამოყენებისა და შემდგომ - გადამალვის ფაქტს.

33. სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 12 აგვისტოს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N......... დასკვნასთან (დანის ტარზე გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა, რაც არ გამორიცხავს გ. დ–ს დანასთან შეხებას) დაკავშირებით საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ნივთზე/ საგანზე გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაციის არარსებობა არ წარმოადგენს უპირობოდ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი, საქმე №262აპ-17) და არ გამორიცხავს გ. დ–სის დანასთან შეხებას.

34. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 16 დეკემბრის ტრასოლოგიური ექსპერტიზის N........ დასკვნას, რომლის თანახმად, ლ. მ–სა და ა. ღ–ს ტანსაცმელზე არსებული დაზიანებები მექანიკური ხასიათისაა და განვითარებულია ჭრით, მჩხვლეტავ-მჭრელი, ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის მოქმედებით. აღნიშნული თვისება და კონსტრუქცია ახასიათებს გამოსაკვლევად წარმოდგენილ დანის პირსაც, რაც, თავის მხრივ, არ გამორიცხავს ხსენებული დანის პირით მათი განვითარების შესაძლებლობას. ამასთან, ლ. მ–სა და ა. ღ–ს სხეულზე არსებული ჭრილობები, ლოკალიზაციის არით, შეესაბამება ტანსაცმელზე არსებულ დაზიანებებს. ამავე დასკვნით დადგენილია, რომ გამოსაკვლევი დანა დამზადებულია ქარხნული წესით, წარმოადგენს დასაკეც დანას და მიეკუთვნება მჩხვლეტავ-მჭრელ, ცალმხრივლესილი პირის მქონე ცივ იარაღთა კატეგორიას.

35. ამდენად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები: მოწმეების - ა. ღ–ს, ვ. ქ–ს და გ. დ–ს ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები, საგამოძიებო ექსპერიმენტის (ვითარების აღდგენის) ოქმი, ამოღების ოქმი, ამოღებული ნივთმტკიცება - დანა ერთობლივად ქმნის დანაშაულის სურათის აღდგენის შესაძლებლობას, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ. დ–ს მიერ ლ. მ–ს და ა. ღ–სათვის დანის გამოყენებით სხეულზე ჭრილობების მიყენების ფაქტს, ხოლო საწინააღმდეგოს მტკიცება არ შეესაბამება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებს.

36. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორი დაცვის მხარის პოზიციას საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან დაკავშირებით. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებით და თავად დაცვის მხარის საკასაციო საჩივრითაც დგინდება, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში არ მომხდარა ჩვენების ადგილზე შემოწმება; საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მოხდა ვითარების აღდგენა - რა დროსაც გ. დ–მა მიუთითა დანაშაულის იარაღის ადგილდებარეობა (სად გადაადგო/დამალა). ოქმზე დართული ფოტოსურათებით დასტურდება, რომ ექსპერიმენტის დროს პოლიციის თანამშრომლები გადაადგილდებიან გ. დ–ს მითითებების შესაბამისად, რომელიც თავისი ხელით უჩვენებს მათ, თუ რა მიმართულებით უნდა იმოძრაონ და დანაშაულის იარაღის ადგილმდებარეობას. დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია პრეტენზია საგამოძიებო ექსპერიმენტის გ. დ–ს თანხმობის გარეშე, მისი იძულების, მოტყუების ანდა სხვა უკანონო საშუალებით ან გ. დ–ს საპროცესო უფლების დარღვევით ჩატარების შესახებ. შესაბამისად, არ არსებობს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სანდოობის ეჭვქვეშდაყენების საფუძველი.

37. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგენილ იქნა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი N 561აპ-15).

38. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულება ფასდება როგორც ცალკ-ცალკე, ასევე ერთობლივად - მათი სანდოობის და გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საკმარისობის განსაზღვრისათვის - ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული ფაქტების, გარემოებებისა და მომხდარი შემთხვევის კონტექსტის გათვალისწინებით სასამართლოს მიერ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ნოემბრის განაჩენი, საქმე №346აპ-19). მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთმანეთს და ერთობლივად აკმაყოფილებენ საქართველოს სსსკ-ით გამამტყუნებელი განაჩენისთვის დადგენილ მტკიცებით სტანდარტს.

39. ამასთან, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი არ არის სავალდებულო, იყოს აბსოლუტურად სარწმუნო და არ მოითხოვს პირის ბრალეულობის ყოველგვარი ეჭვის გარეშე დამტკიცებას, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობისთვის. სასამართლოს შეფასებით, განსახილველ საქმეში გამოირიცხება ყოველგვარი გონივრული ეჭვი იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულ გ. დ–ს დანის გამოყენებით დაზიანებები არ მიუყენებია ლ. მ–სა და ა. ღ–სათვის.

40. სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას და აღნიშნავს, რომ მოწმეების: ვ. ქ–ს, გ. დ–სა და ა. ღ–ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 8 აპრილის N....... სასამართლო-სამედიცონო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის მიხედვითაც, გ. დ–ს სხეულზე, მათ შორის - ფეხის არეში, აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები, უტყუარად დასტურდება, რომ ლ. მ. იქნევდა ნაჯახს, ხოლო ა. ღ–ს - მეტალის მილს, რომელიც ფეხის არეში მოხვდა გ. დ–ს. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მათ მიერ აღნიშნული ქმედებების ჩადენა განპირობებული იყო მსჯავრდებულის წინარე მართლსაწინააღმდეგო ქმედების საპასუხოდ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის არსებობის შესახებ. სასამართლო ასევე სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას გ. დ–ს მიერ ა. ღ–სთან მიმართებით აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ გ. დ–ს თავდაცვითი ქმედება, ა. ღ–სათვის მიყენებული დაზიანებების რაოდენობისა და ხასიათის გათვალისწინებით, აშკარად შეუსაბამოა თავდასხმის ხასიათსა და საშიშროებასთან. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ იკვეთება მსჯავრდებულის მიერ აუცილებელი მოგერიების ფარგლების პირდაპირი განზრახვით გადაცილება, რაც ასევე გამორიცხავს გ. დ–ის ქმედების ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციით შეფასების შესაძლებლობას.

41. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის გამოც, საკასაციო სასამართლოეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენს გ. დ–ს როგორც მსჯავრდების, ისე გამართლების ნაწილში. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გ. დ–ს საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილსა და ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

42. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

43. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 23 მარტის განაჩენზე გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ია მეფარიშვილისა და მსჯავრდებულ გ. დ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ტ. კ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე