საქმე # 330100120004115442
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№541აპ-22 ქ. თბილისი
ე. ს №541აპ-22 9 აგვისტო, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 22 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ს. ე–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ტ. კ–სა და თ. ჯ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:
1.1. ს. ე–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, არაერთგზის) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის ნასამართლევი ს. ე–ი, 2020 წლის 1 ოქტომბერს, დაახლოებით 06:30 საათზე, ქ. თ–ში, ..........ის გამზირზე, N..-ში მდებარე „გ–ს“ ავტოგასამართ სადგურზე თავს დაესხა ჩამსხმელ ოპერატორ თ. ბ–ს და დანის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მოსთხოვა და გასტაცა შპს „ს–ს“ კუთვნილი ფულადი თანხა - 20 ლარი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 23 ივნისის განაჩენით ს. ე–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 1 ოქტომბრიდან.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 23 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ ს. ე–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ჯ. კ–მა და ტ. კ–მ მოითხოვეს მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობა და გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 22 მარტის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 23 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 22 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ს. ე–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ტ. კ–მ და თ. ჯ–მ. კასატორებმა მოითხოვეს მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
6. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ს. ე–ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში მსჯავრდებისა და მისთვის დანიშნული სასჯელის სახისა და ზომის შესახებ.
7. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გამამტყუნებელი განაჩენი სრულად აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით (შემდგომში - საქართველოს სსსკ) დადგენილ მტკიცებით სტანდარტს, ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
8. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ მოწმეები: გ. ე–ი, ი. ს–ე, ნ. ლ–ი, შ. ც–ე, ი. ა–ა, გ. წ–ა, ვ. პ–ი, გ. გ–ე, ზ. ბ–ი, ჯ. გ–ი, კ. გ–ა, თ. ლ–, გ. მ–ა და გ. მ–ი ადასტურებენ მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორეს და მათი ჩვენებები სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენის/უარყოფის თვალსაზრისით არარელევანტურია.
9. ამასთან, საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორების არგუმენტს და არ იზიარებს პირის ამოცნობის 2020 წლის 1 ოქტომბრის ოქმს (მიუხედავად იმისა, რომ წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარეს ამოცნობის ოქმის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის თაობაზე შუამდგომლობა არ დაუყენებია). სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 131-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამომცნობს ამოსაცნობი უნდა წარედგინოს იმავე სქესის არანაკლებ ორ ისეთ პირთან ერთად, რომლებიც ერთმანეთისაგან და ამოსაცნობისაგან მკვეთრად არ განსხვავდებიან გარეგნობითა და ტანსაცმლით. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ჩატარებული ამოცნობა დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუ ამომცნობს მიანიშნეს ამოსაცნობ ობიექტზე. დაზარალებულის მიერ ს. ე–ს ამოცნობის ოქმით ირკვევა, რომ ამომცნობს ს. ე–ი წარედგინა ორ სხვა ამოსაცნობ პირთან ერთად. ს. ე–ის მარცხენა თვალზე აღენიშნებოდა ოდნავი დაზიანება, ხოლო დანარჩენ ორ პირს სახეზე რაიმე განსაკუთრებული ნიშანი არ ჰქონდათ. აღსანიშნავია, რომ დაზარალებული ამოცნობამდე გამოიკითხა და გამოკითხვის ოქმში მიუთითა, რომ იმ პირს, რომელიც თავს დაესხა, მარცხენა თვალზე „ჰქონდა რაღაც პრობლემა“. აღნიშნულის შესახებ თ. ბ–სმა უშუალოდ ამოცნობის დაწყებამდეც გაამახვილა ყურადღება. ამოცნობის ოქმის მიხედვით კი ირკვევა, რომ ამომცნობმა ს. ე–ი ამოიცნო, მათ შორის - თვალზე არსებული ნაკლით. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ამოცნობა ჩატარდა საქართველოს სსსკ-ის 131-ე მუხლის მოთხოვნების დარღვევით, რის გამოც, ამოცნობის ოქმი ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. თუმცა, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ამოცნობის ოქმის მიღმა, საქმეში მოიპოვება საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:
10. დაზარალებულ თ. ბ–ს განმარტებით, 2020 წლის 1 ოქტომბერს იმყოფებოდა სამსახურში. დილით, დაახლოებით 06:30 საათზე, ოთახიდან მონიტორით აკვირდებოდა გარეპერიმეტრს, რა დროსაც შენიშნა, რომ ბენზინგასამართი სადგურის მარჯვენა მხრიდან მოდიოდა სამი მამაკაცი, რომლებსაც ეცვათ „კაპიუშონიანი“ ტანსაცმელი და ეკეთათ პირბადეები. ისინი პირდაპირ საოპერატორო ოთახისაკენ წავიდნენ. მან დააპირა გარეთ გასვლა, კარი გამოაღო, რა დროსაც პირი, რომელსაც პლასტმასიის ბოცა ეჭირა ხელში და წინ მიდიოდა, პირველი შევიდა ოთახში, ხელი ჰკრა, რის გამოც დაეცა „დივანზე“. იგი ფაქტობრივად, გადააჯდა მას და ხელი ყელში წაუჭირა, მეორე ხელში კი დანა ეჭირა, რომელიც მიადო ყელზე, მოსთხოვა ფული და დაემუქრა: ,,ფული მომეცი, თორემ მოგკლავო“. დაზარალებულის განმარტებით, სამივე პირი შევიდა ოთახში და კარი მიხურეს. დანის მიდების მომენტში, ის ორი უკვე ოთახში იმყოფებოდა. ერთ-ერთმა მათგანმა ჯიბეები შეუმოწმა და 20-ლარიანი ამოიღო. კარადებიც გამოაღეს. დანამდვილებით არ შეუძლია დააკონკრეტოს, რომელმა ამოუღო თანხა ჯიბიდან. რამდენადაც ახსოვს, შედარებით უფროსი ასაკის პირმა. პირს, რომელმაც ყელზე მიადო დანა, პირბადე ნიკაპამდე ჩამოეწია და სახეზე შეხედა. დაზარალებულის თქმით, მასზე განხორციელებული მუქარა იმდენად რეალური იყო, რომ „გახსენებაზე ახლაც აკანკალებს“. მოწმის განმარტებით, ყელზე დანის მიდებისას და მოხრჩობისას ტკივილი იგრძნო. ხველაც აუტყდა. ხელი რომ არ გაეშვა, დაიხრჩობოდა. წართმეული თანხა იყო 10-ლარიანი და ორი 5-ლარიანი კუპიურები.
11. მოწმეების - ა. ბ–სა და რ. ა–ს ჩვენებებით ირკვევა, რომ 2020 წლის 1 ოქტომბერს, იმყოფებოდნენ ს. ე–ითან ერთად. ბენზინის ყიდვის მიზნით, მივიდნენ „გ–ს“ ბენზინგასამართ სადგურზე. ს. ე–ის ოპერატორთან მოუხდა შეკამათება, შევიდა მის ოთახში, ხელი ჰკრა და ყელში მოუჭირა. ა. ბ–ი და რ. ა–ც შევიდნენ ოთახში, თუმცა მათ არაფერი მოუმოქმედებიათ. ინციდენტის შემდეგ, სამივე გაემართა დიდუბის მიმართულებით, რა დროსაც, საპატრულო პოლიციამ შეაჩერა.
12. ს. ე–ს ჩვენებით, 2020 წლის 1 ოქტომბერს, ა. ბ–თან და რ. ა–თან ერთად, ბენზინის შესაძენად მივიდა „გ–ს“ ბენზინგასამართ სადგურზე. „დააკაკუნა ჩამსხმელის ოთახის კარზე“, ხოლო „ჩამსხმელმა მიმართა უხეშად“, რის შემდეგაც, მას ხელი ჰკრა.
13. შპს „.........დან“ გამოთხოვილ, ბენზინგასამართი სადგურის გარე პერიმეტრის ამსახველ ვიდეოჩანაწერში ნათლად ჩანს პირბადეებითა და „კაპიუშონიანი“ სამოსით შემოსილი სამი პირი, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით, ერთდროულად, სწრაფად შედიან ოპერატორის ოთახში, სადაც დაჰყვეს დაახლოებით 1 წუთზე მეტხანს და მას შემდეგ, რაც ბენზინგასამართ სადგურთან გაჩერდა უცხო ავტომანქანა, სამივე პირმა სწრაფი ნაბიჯით დატოვა ტერიტორია. აღნიშნულ ვიდეოჩანაწერში ასევე ჩანს დაზარალებული თ. ბ–სი, რომელიც მათი წასვლის შემდეგ გამოდის ოთახიდან, არის აღელვებული და ყელის არეში იკიდებს ხელს.
14. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ს. ე–ს, ა. ბ–სა და რ. ა–ს შემთხვევის ადგილას ყოფნისა და ს. ე–ისა და ოპერატორს შორის კონფლიქტის - ფიზიკური დაპირისპირების არსებობის ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასების საგანია, ს. ე–ს მიერ თ. ბ–სზე თავდასხმას ერთვოდა თუ არა სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარა და ეს ქმედება ემსახურებოდა თუ არა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანს.
15. აღნიშნული საკითხის შეფასებისას, საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს დაზარალებულ თ. ბ–სის ჩვენებას, რომელიც, დაცვის მხარის შეფასებით, არასანდო და ურთიერთსაწინააღმდეგოა. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა დეტალურად, თანმიმდევრულად და დამაჯერებლად აღწერა 2020 წლის 1 ოქტომბერს, გამთენიისას, მის სამუშაო ადგილას განვითარებული მოვლენები. მართალია, მისი გამოკითხვის ოქმში ასახულ ინფორმაციასა და სასამართლოში მიცემულ ჩვენებას შორის რამდენიმე საკითხთან მიმართებით არის გარკვეული წინააღმდეგობა, თუმცა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მისი ჩვენება მტკიცების საგნის ძირითად და არსებით საკითხებთან მიმართებით სრულად თანმიმდევრული, დამაჯერებელი და სარწმუნოა, ამასთან, არც გამოკითხვის ოქმს ეწინააღმდეგება.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - ყაჩაღობა დამთავრებულია სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით თავდასხმის მომენტიდან. დაზარალებულმა თ. ბ–მა სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებაში ერთმნიშვნელოვნად და ცხადად განმარტა, თუ როგორ ჰკრა ხელი ს. ე–იმა, თუ როგორ მოუჭირა ყელში ხელი, მიადო დანა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვა ფული. დაზარალებულის ჩვენება ს. ე–ს მიერ თავდასხმისა და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით თანხის მოთხოვნის ნაწილში არ არის წინააღმდეგობრივი და სრულად ემთხვევა გამოკითხვის ოქმში ასახულ ინფორმაციას. რაც შეეხება დაზარალებულის ჩვენების იმ დეტალებს, რომლებიც შეეხება დანის ჯიბიდან ამოღების მომენტის დანახვას, აგრეთვე, იმ პირის/პირთა ვინაობას, ვინც ჯიბიდან ამოუღო თანხა და გაჩხრიკა უჯრები, აღნიშნული გარემოებების სრული სიზუსტით გადმოცემა, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ყოფილიყო ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის მტკიცების თვალსაზრისით. მოცემულ შემთხვევაში, ს. ე–ითან მიმართებით მტკიცების საგანს წარმოადგენს მის მიერ, ინდივიდუალურად, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის დისპოზიციით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის განხორციელება - სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით თავდასხმა და თანხის გადაცემის მოთხოვნის წაყენება, რასაც სრული სიზუსტით, ყოველგვარი ბუნდოვანების გარეშე, ერთმნიშვნელოვნად აღწერს და ადასტურებს დაზარალებული. მის ჩვენებაში ასახული სხვა გარემოებები არაარსებითი და არარელევანტურია მტკიცების საგანთან მიმართებით. შესაბამისად, ამ ნაწილში ჩვენებასა და გამოკითხვის ოქმს შორის არსებული გარკვეული უზუსტობა ეჭვქვეშ ვერ დააყენებს დაზარალებულის ჩვენების სანდოობას მის არსებით ნაწილში. ამასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ იკვეთება რაიმე გარემოება, რაც შექმნიდა საფუძვლიან ეჭვს დაზარალებულის მიკერძოებისა და საქმის შედეგით პირადი დაინტერესების შესახებ. შესაბამისად, დაცვის მხარის პოზიცია დაზარალებულის ჩვენების არასანდოობის შესახებ მოკლებულია გონივრულ საფუძველს.
17. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ა. ბ–მა, რ. ა–მ და ს. ე–იმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას უარყვეს გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის ის ნაწილი, რომელიც ყაჩაღობის ჩადენაში ამხელდა ს. ე–ის. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს 2020 წლის 1 ოქტომბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმების იმ ნაწილს, რომელიც ჩვენების ადგილზე შემოწმებას შეეხება და ასახავს საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას მიწოდებული ინფორმაციის შინაარსს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 აპრილის განაჩენი, საქმე №561აპ-15, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 30 დეკემბრის განაჩენი, საქმე №424აპ-16).
18. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ბრალდების მხარის მიერ დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებასთან დაკავშირებით არსებული სირთულეების შესახებ და ამ თვალსაზრისით ყურადღებას მიაქცევს ქმედების ჩადენის შემდეგ მსჯავრდებულის ქცევას. კერძოდ, სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-დან გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ შეჩერების შემდეგ, შემოწმების ჩატარებამდე, ს. ე–მა მიზანმიმართულად და განზრახ გადააგდო კუთვნილი ქურთუკი მდინარეში. შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია დაცვის მხარის პოზიცია, რომ თითქოს, მსჯავრდებულმა და მისმა თანმხლებმა პირებმა ჩხრეკის ჩატარების შემდეგ გადაყარეს ქურთუკები და გამომძიებლებს ჰქონდათ ჩხრეკის მიმდინარეობისას მათგან ნივთმტკიცებების ამოღების შესაძლებლობა.
19. სასამართლო ითვალისწინებს რომ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-44), „თუმცა მსგავსი მტკიცება შესაძლოა გამომდინარეობდეს საკმაოდ მყარ, ზუსტ და თანმხვედრ ფაქტებზე დამყარებული ვარაუდიდან ან მსგავსი უტყუარი ფაქტების პრეზუმპციიდან” (Dvalishvili v. Georgia, no. 19634/07, §39, ECtHR, 18/03/2013).
20. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ განსაზღვრავს რომელი სახისა და რა რაოდენობის მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში დაიშვება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა. მით უფრო, არ ადგენს რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ პირდაპირი ხასიათის მამხილებელ მტკიცებულებებს. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც მტკიცებულება მყარია და მის სანდოობასთან მიმართებით არ არსებობს რისკები, დამატებითი მტკიცებულების საჭიროება, შესაბამისად, მცირეა” (Tortladze v. Georgia, no. 42371/08, §69, ECtHR, 18/06/2021; იხ. ასევე Lisica v. Croatia, no. 20100/06, §49, ECtHR, 25/02/2010; Gäfgen v. Germany [GC], no. 22978/05, §162-165, ECtHR, 2010; Prade v. Germany, no. 7215/10, § 33-34, ECtHR, 3/03/2016; Kobiashvili v. Georgia, no. 36416/06, §§56-58, ECtHR, 14/09/2019). სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენში მითითებულ მსჯელობას, რომ სწორედ ს. ე–ს გაცნობიერებულმა და მიზანმიმართულმა ქმედებამ (ქურთუკის გადაგდება მდ. მტკვარში) შეუშალა ხელი შესაძლო დამატებითი მტკიცებულების მოპოვებას.
21. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა. გასაჩივრებული განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენას. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ს. ე–ის განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
22. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
24. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 22 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ს. ე–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ტ. კ–სა და თ. ჯ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე