საქმე # 190100121005317859
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №731აპ-22 ქ. თბილისი
ვ. ნ. 731აპ-22 12 აგვისტო, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 1 ივნისის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ქეთევან სონიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ნ. ვ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლისგან მალულად, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2021 წლის 15 ოქტომბერს, ნ. ვ–მა შპს ,,ე–ს“ სახელით, მძღოლ ე. ა–ს მართვის ქვეშ მყოფი ,,დაფის“ მარკის ავტომანქანით, სახ. №......, (მისაბმელის №........), ს–ში იმპორტით შემოიტანა შარვლები და ქურთუკები, რასთან დაკავშირებითაც წარდგენილი იყო ........ წინასწარი საბაჟო დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც, მას საქართველოში შემოჰქონდა 68706.94 ლარის საბაჟო ღირებულების ზემოხსენებული საქონელი. 2021 წლის 16 ოქტომბერს, ს–ს ფოსტის ტერმინალში, .......ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოხდა საბაჟო დეკლარაციის პროგრამული დამუშავება, დეკლარირებული საქონლის თანმხლები დოკუმენტების კამერული შემოწმება და შპს ,,ე–ს“ კუთვნილი იმპორტირებული საქონლის ფიზიკური დათვალიერება, რის შედეგადაც დადგინდა, რომ შპს ,,ე–ს“ კუთვნილ 37 ერთეულ ფუთაში, დეკლარირებული საქონელის გარდა, ნ. ვ–სს საბაჟო კონტროლისგან მალულად ჰქონდა შემოტანილი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების წონამ შეადგინა - 5078. 74 გრამი, ხოლო მისმა საბაჟო ღირებულებამ - 565 489.08 ლარი.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 მარტის განაჩენით ნ. ვ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 60 000 ლარი, თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანით;
3.1. მასვე, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ უნდა ჩამოერთვა დანაშაულის საგანი - ოქროს ნაკეთობები, წონით - 5078. 74 გრამი და უნდა გადაეცეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს;
3.2. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, ,,დაფის“ მარკის ავტომანქანა, სახ. №:......., (მისაბმელის №.........), რომელიც განთავსებულია შპს „ს.ს ფოსტის“ ........ მიმდებარე ტერიტორიაზე დაცულ ავტოსადგომზე, შარვლები და ქურთუკი, რომელიც ინახება შპს „ს.ს ფოსტის“ .......ის მიმდებარე ტერიტორიაზე, საბაჟო საწყობის დალუქულ N..-ე საკანში - უნდა დაუბრუნდეს ნ. ვ–სს.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 25 მარტის განჩინებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 მარტის №1-842-21 განაჩენში აღმოიფხვრა დაშვებული უზუსტობა და მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, ,,დ–ს“ მარკის ავტომანქანა, სახ. № ......, (მისაბმელის №.......), რომელიც განთავსებულია შპს „ს–ს ფოსტის“ ......ის მიმდებარე ტერიტორიაზე დაცულ ავტოსადგომზე, შარვლები და ქურთუკი, რომელიც ინახება შპს „ს–ს ფოსტის“ ........ის მიმდებარე ტერიტორიაზე, საბაჟო საწყობის დალუქულ N..-ე საკანში - დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს/მესაკუთრეებს;
4.1. განჩინება წარმოადგენს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 მარტის №1-842-21 განაჩენის განუყოფელ ნაწილს.
5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ქეთევან სონიძემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში, სასჯელის ნაწილში, ცვლილების შეტანა, კერძოდ, ნ. ვ–ს მიმართ სასჯელის სახედ - თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 1 ივნისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ქეთევან სონიძემ, რომელიც საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ნ. ვ–ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
7. 2022 წლის 27 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა მსჯავრდებულ ნ. ვ–ს ადვოკატმა ქ. ა–მა და ითხოვა საქმის შემჭიდროვებულ ვადებში განხილვა, რათა სატვირთო ავტომობილი დროულად დაუბრუნდეს მესაკუთრეს და მსჯავრდებულის მძიმე მდგომარეობა უფრო არ დამძიმდეს - მას ყოველდღიურად ეკისრება საკმაოდ დიდი თანხის გადახდის ვალდებულება გადამზიდავი კომპანიის სასარგებლოდ.
8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no.36755/06, §31, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მხოლოდ ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვს სასჯელის დამძიმებას. ამდენად, მხარეებს შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ნ. ვ–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
10. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ნ. ვ–სის მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით (მათ შორის: მსჯავრდებულის აღიარებით, №......... მომართვის წერილით სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტიდან თანდართული მასალით, მოწმეების: გ. ნ–ს, ვ. მ–ს, თ. გ–ს, ე. მ–ს, ე. ს. ო–ს, ნ. ს–ს, ე. ა–ს, ა. მ–ს, შ. ნ–ს, გ. ა–ს, მ. ს. ო–ს, მ. ა–ს და ნ. ვ–ის გამოკითხვის ოქმებით, ოქროს ნაკეთობების, ავტომანქანის, შარვლების და ქურთუკების ამოღების ოქმით, ექსპერტიზის №....... დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით), რომლებიც დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ნ. ვ–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
11. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას ნ. ვ–ს მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს - ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და იმის მხედველობაში მიღებით, რომ ნ. ვ–მა აღიარა დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, უდავოდ გახადა მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, იმავდროულად ნ. ვ–ს არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. მით უფრო, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე ახალი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.
13. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
14. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
15. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე
ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
16. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 1 ივნისის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ქეთევან სონიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი