Facebook Twitter

საქმე # 190100121004305790

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№671აპ-22 ქ . თბილისი

მ. ე. №671აპ-22 10 აგვისტო, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 1 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ე. მ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - . ა–სა და ი. ო–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:

1.1. ე. მ–ი, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2020 წლის 22 დეკემბერს, 13:35 საათზე, გ–ს რაიონის სოფ. კ–ში, ე. მ–სი პირადად, შარვლის ჯიბეში, უკანონოდ ინახავდა პოლიეთილენის მასალაში მოთავსებულ, მის მიერვე უკანონოდ შეძენილ განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 4.1526 გრამ ნარკოტიკულ საშუალება - „ჰეროინს“, რაც ამოუღეს პირადი ჩხრეკისას.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 ივლისის განაჩენით:

ე. მ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 22 დეკემბრიდან;

ე. მ–სს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. მასვე, 10 წლით ჩამოერთვა: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ ე. მ–სის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ა. ა–მა და ი. ო–მა მოითხოვეს მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობა და გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 1 აპრილის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 1 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ე. მ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ა. ა–მა და ი. ო–მა. კასატორებმა მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

6. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ე. მ–ის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში მსჯავრდებისა და მისთვის დანიშნული სასჯელის სახისა და ზომის შესახებ.

7. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გამამტყუნებელი განაჩენი სრულად აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით (შემდგომში - საქართველოს სსსკ) დადგენილ მტკიცებულებით სტანდარტს, ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, კერძოდ:

8. მოწმე დავით ფიროსმანაშვილის ჩვენებით დასტურდება, რომ 2020 წლის 22 დეკემბერს, მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ..........ის მიმართულებით, „ფორდ-ტრანზიტის“ ავტომანქანით გადადგილდებოდა ე. მ–ი, რომელსაც პირადად და მანქანაში უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება.

9. მოწმეების: გამომძიებელ გ. უ–სა და გ. მ–ს, თარჯიმან ვ. პ–ს ჩვენებებით, აგრეთვე, ა. ზ–ს გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ კ–ს დაღმართთან, ყოფილი „.......ს“ რესტორანთან შეამჩნიეს ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებული „ფორდ ტრანზიტის“ ავტომანქანა და გააჩერეს. მოძრაობის შეფერხების ასაცილებლად, ავტომანქანა გადაიყვანეს გზიდან. ე. მ–სს თარჯიმნის მეშვეობით გააცნეს გადაუდებელი აუცილებლობის გამო პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ დადგენილება და სთხოვეს კანონსაწინააღმდეგო ნივთის ან ნივთიერების წარდგენა, რაზეც მ–მა უარი განაცხადა. ე. მ–სის პირადი ჩხრეკისას, ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოიღეს ფხვიერი, მოყავისფრო ნივთიერება. ე. მ–სის განმარტებით, აღნიშნული იყო ნარკოტიკული საშუალება, რომელიც სურდა პირადი მოხმარებისთვის. ადგილზე შედგა ჩხრეკის ოქმი, რაზეც მ-მაც მოაწერა ხელი და ეთარგმნა თარჯიმნის მეშვეობით, ამის შემდეგ, კი - დააკავეს. ნარკოტიკული საშუალება და ამოღებული საბუთები დაილუქა.

10. პირადი ჩხრეკის 2020 წლის 22 დეკემბრის ოქმის თანახმად, გ–ს რაიონის, სოფელ კ–თან მდებარე რესტორან „.......ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა ე. მ–ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც, მუქი ლურჯი ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბეში ნახეს და ამოიღეს პოლიეთილენის ნაჭერში შეხვეული ფხვიერი ნივთიერება, რაც ე. მ–ს განმარტებით იყო ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც სურდა პირადი მოხმარებისათვის.

11. საქართველოს შსს-ის საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2020 წლის 23 დეკემბრის ქიმიური ექსპერტიზის N.......... დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ე. მ–სის პირადი ჩხრეკისას ამოღებული თეთრი ფერის პოლიეთილენის ორმაგ ნაჭერში მოთავსებული, სპეციფიკური სუნის, მოყავისფრო, ფხვნილისებური ნივთიერება, წონით - 7,9999 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, წონით - 4,1526 გრამს. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურეს მოწმედ დაკითხულმა ექსპერტებმა - თ. ო–მა და პ. წ–მ.

12. სსიპ- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 24 მარტის ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N...... დასკვნის თანახმად, გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა, რომ პაკეტში, წარწერით: „...შესაფუთი მასალა...“ მოთავსებულ თეთრი ფერის პოლიმერული მასალის ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის (ობ.N..) გენეტიკური პროფილი ეკუთვის ე. მ–სს (ობ.N..; პაკეტი წარწერით: „... ე. მ–სის (დაბ. 1...წ) ნერწყვის ნიმუში...“. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმედ დაკითხულმა ექსპერტმა ქ. ქ–მა.

13. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე გამომძიებლებმა დეტალურად, თანმიმდევრულად და დამაჯერებლად აღწერეს ე. მ–ს პირადი ჩხრეკისა და დაკავების პროცედურა. ამასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ იკვეთება რაიმე გარემოება, რაც შექმნიდა საფუძვლიან ეჭვს გამომძიებელთა მიკერძოებისა და საქმის შედეგით პირადი დაინტერესების შესახებ. ე. მ–ს პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმები შედგენილია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და ხელმოწერილია მონაწილე ყველა პირის, მათ შორის - ე. მ–ს მიერ. პოლიციელთა ჩვენებები დადასტურებულია ისეთი ნეიტრალური მტკიცებულებებით როგორიცაა: თარჯიმან ვ. პ–სა და ე. მ–ს თანმხლები პირების - ფ. ხ–სა და ს. მ–ს ჩვენებები. მოწმეებმა გამომძიებლების მიერ მიცემული ჩვენებების ანალოგიურად აღწერეს განვითარებული მოვლენები. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ფ. ხ–სა და ს. მ–ს ჩვენებებსა და გამოკითხვის ოქმებს შორის არსებული წინააღმდეგობის შესახებ და აღნიშნავს, რომ მითითებულ მოწმეთა ჩვენებები სრულად შეესაბამება მათ მიერ გამოძიების ეტაპზე, გამომძიებლისათვის გამოკითხვისას მიწოდებულ ინფორმაციას. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც ჩხრეკის ფაქტი გამყარებულია ნეიტრალურ მოწმეთა უტყუარი ჩვენებებით, დამატებითი ნეიტრალური მტკიცებულების, მათ შორის - ვიდეოჩანაწერის არარსებობა, არ წარმოადგენს ჩხრეკის შედეგების არასანდოდ მიჩნევის საფუძველს. ნეიტრალური მტკიცებულებების არარსებობის პირობებშიც კი, მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენებაზე უარის თქმის საფუძველი, რადგან ე. მ–ს პირადი ჩხრეკა ჩატარდა 2021 წლის პირველ ივლისამდე - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქართველოს სსსკ- ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების იმ ნორმატიული შინაარსის ძალადაკარგულად ცნობამდე, რომელიც უშვებს ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა ჩვენებებით და ამავე დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

14. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს ე. მ–სის სხვა ტერიტორიაზე, განცალკევებით, თარჯიმნისა და სხვა პირთა დასწრების გარეშე ჩხრეკისა და ნარკოტიკული საშუალების „ჩადებასთან“ დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ე. მ–სის ჩხრეკაში მონაწილე გამომძიებლებმა - გ. უ–მა და გ. მ–მ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს, რომ ე. მ–სის პირადი ჩხრეკის პარალელურად, დაახლოებით 5-6 მეტრის მოშორებით მიმდინარეობდა ავტომანქანაში მყოფი ორი პირის - ფ. ხ–სა და ს. მ–ს პირადი ჩხრეკაც. აღნიშნული გარემოება დაადასტურეს ფ. ხ–სა და ს. მ–ს პირად ჩხრეკაში მონაწილე გამომძიებლებმაც: ი. გ–მ, ს. შ–მ და ა. გ–მა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გარდა გამომძიებელთა ჩვენებებისა, სამივე პირის ერთდროულად, ერთსა და იმავე ადგილას გაჩხრეკის ფაქტს ადასტურებენ ნეიტრალური მოწმეები - ფ. ხ–ი, ს. მ–ი და თარჯიმანი - ვ. პ–ი. ამ უკანასკნელის ჩვენებით ასევე დასტურდება, რომ პირადად მან უთარგმნა ე. მ–ს გადაუდებელი აუცილებლობის გამო პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ დადგენილება და ჩხრეკის ოქმი, რომლის სისწორეც ხელმოწერით დაადასტურა თავად მსჯავრდებულმაც. ამდენად, კასატორების პოზიცია პირადი ჩხრეკის სხვა ადგილას, თარჯიმნისა და სხვა პირთა დასწრების გარეშე ჩატარების შესახებ მოკლებულია გონივრულ საფუძველს და არ შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, პირის მსჯავრდება არ ეფუძნება მოწმეთა წინააღმდეგობრივ ჩვენებებს და არც სასამართლოს მიერ დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებების გაუზიარებლობა იკვეთება, რის გამოც, განსახილველი შემთხვევისათვის სრულიად არარელევანტურია კასატორების მიერ საჩივარში მითითებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება - „პოპოვი რუსეთის წინააღმდეგ“.

15. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა. გასაჩივრებული განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენას. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ე. მ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

16. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, ECtHR, no 49684/99, §30, 25/12/2001); ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც ეთანხმება.

17. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

19. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორები საკასაციო საჩივარში უთითებენ სამართალწარმოების მიმდინარეობისას მსჯავრდებულის უფლებების დარღვევაზე.

20. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებისა და საქართველოს სსსკ-ის 1911-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 1 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ე. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ა. ა–სა და ი. ო–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. მსჯავრდებულ ე. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ა. ა–სა და ი. ო–ს საკასაციო საჩივარი შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს საქართველოს გენერალურ პროკურატურას;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე