საქმე # 330100121005007049
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №619აპ-22 ქ. თბილისი
ყ–. რ. 6191აპ-22 9 აგვისტო, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 14 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ყ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ზ. ა–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით რ. ყ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.
2. . პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2021 წლის 22 ივნისს მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ–ში რ. ყ–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ი. გ–ს, რომელთან ერთადაც 2019 წლიდან 2021 წლის აპრილამდე ეწეოდა ერთიან სამეურნეო საქმიანობას. კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავისა და სახის არეში, რის შედეგადაც ი. გ–მა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით რ. ყ–ი საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 ივნისის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და რ. ყ–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
3.2. საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, რ. ყ–ს განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ანა კვიჟინაძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და რ. ყ–სის საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა.
5. პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა რ. ყ–ს ადვოკატმა ზ. ა–მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის ძალაში დატოვება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 14 აპრილის განაჩენით თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ანა კვიჟინაძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;
6.1. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენი და რ. ყ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
6.2. რ. ყ–სს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო აღნიშნული განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან; მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2021 წლის 22 ივნისიდან 2021 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. ყ–ს ადვოკატმა ზ. ა–მ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და რ. ყ–ს უდანაშაულოდ ცნობას.
8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში -საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე ითხოვს მსჯავრდებულის გამართლებას.
9. საკასაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას რ. ყ–ს საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობის ნაწილში, თუმცა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის პირობებში სასამართლოს მიერ იმ ინფორმაციის გაზიარების უპირობო შესაძლებლობასთან დაკავშირებით, რაც მითითებულია დაზარალებულის მონაწილეობით შედგენილი საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებების ოქმებში. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ „უფლება - არ მისცე ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, მიემართება მხოლოდ ჩვენებას და ამით ვერ იქნება უარყოფილი საგამოძიებო თუ სხვა მოქმედებებში მიღებული მონაწილეობა და არსებული შედეგი.“
10. საკასაციო სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის შემთხვევაში თუ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი შემაკავებელი ორდერი ან/და ის მტკიცებულებები, რომელთა პირველწყარო არის დაზარალებული, დაცვის მხარის მიერ არ იქნება უდავოდ ცნობილი (არ ეხება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, რომელიც არ უკავშირდება დაზარალებულის ჩვენების ადგილზე შემოწმებას) და შესაბამისად - სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული - დაუშვებელია გამოყენებული იქნეს გამამტყუნებელი განაჩენის დასაბუთებისათვის, რადგან არსებითი განხილვის ფარგლებში დაცვის მხარეს არ მიეცა საქართველოს სსსკ-ით და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით ინფორმაციის პირველწყაროს (მაგ: შემაკავებელ ორდერის შემთხვევაში - დაზარალებულის) დაკითხვის და შესაბამისად - მტკიცებულებაში ასახული ინფორმაციის სარწმუნოობისა და ინფორმაციის მიმწოდებლის სანდოობის გამოკვლევის შესაძლებლობა.
11. სასამართლო ითვალისწინებს რომ აღნიშნულისგან განსხვავებით, მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა მართალია ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი თქვა ჩვენების მიცემაზე საკუთარი ოჯახის წევრის წინააღმდეგ, მაგრამ იმავდროულად: ერთის მხრივ მას არ უარყვია გამოკითხვის ოქმსა და შემაკავებელ ორდერში მითითებული ინფორმაციის სისწორე და იმავდროულად სისხლის სამართლის საქმის განხილვისას დაცვის მხარემ უდავოდ სცნო სისხლის სამართლის საქმეში არსებული პრაქტიკულად ყველა მტკიცებულება - მათ შორის - შემაკავებელი ორდერი, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო ბარათი №.., სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 7 სექტემბრის სამედიცინო ექსპერტიზის N.... დასკვნა, რითიც დაეთანხმა აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეთა მიერ მტკიცებულებების უდავოდ ცნობის მიუხედავად, უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ უნდა შეფასდეს მათი რელევანტურობის, დასაშვეობის და უტყუარობის კუთხით, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში; ასევე - მათი საკმარისობის თვალსაზრისით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის.
13. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მხარეების მიერ უდავოდ ცნობილ მტკიცებულებებს აფასებს საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით და დაზარალებულის მიერ სამართალწარმოების ფარგლებში მიწოდებული ინფორმაციის სანდოობის შეფასებისას ითვალისწინებს: ერთი მხრივ იმ გარემოებას, რომ შემთხვევიდან მცირე ხანში დაზარალებულმა ერთიდაიგივე შინაარსის ინფორმაცია მიაწოდა სასწრაფოს ექიმებს და პოლიციის თანამშრომლებს და მეორე მხრივ - ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისათვის დამახასიათებელი ქცევის მოდელს, დაზიანებების ხასიათს, ლოკალიზაციას და სიმძიმეს; იმ გარემოებას რომ საქმის მასალებით არ დგინდება დაზარალებულის მიერ მეუღლის ცრუდ მხილების მოტივის არსებობა - შესაბამისად, სასამართლოს არ აქვს გონივრული საფუძველი ეჭვი შეიტანოს დაზარალებულის მიერ გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაციის სარწმუნოობაში.
14. ამდენად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ: დაზარალებულმა ი. გ–მა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გარანტირებული უფლებით და არ მისცა მეუღლის (არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი) მამხილებელი ჩვენება; იმავდროულად, დაცვის მხარემ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები უდავოდ სცნო, რის გამოც, ისინი სასამართლომ მიიღო გამოკვლევის გარეშე; სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა მტკიცებულებები, რაც უდავო მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაუზიარებლობის საფუძველი გახდებოდა.
15. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილი 2021 წლის 22 ივნისის შემაკავებელი ორდერითა და ორდერის ოქმით, რომელიც ხელმოწერილია დაზარალებულის მიერ დგინდება, რომ ძალადობის ფორმაა - ფიზიკური და ფსიქოლოგიური, მოძალადეა - რ. ყ–ი, ხოლო მსხვერპლი - ი. გ–ი. ოქმში ასევე მითითებულია, რომ: დაზარალებულის განცხადებით მისმა მეუღლემ რ. ყ–მა ეჭვიანობის ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რითაც მასზე იძალადა ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად; დაზარალებულს სახის არეში აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები - სიწითლეები და სილურჯეები, რასთან დაკავშირებითაც განმარტავს, რომ ისინი მიაყენა რ. ყ–სმა; ოქმის შედგენისას დაზარალებულმა ასევე მიაწოდა ინფორმაცია, რომ რ. ყ–სი მასზე ეჭვიანობს და ,,ფიქრობს, რომ მომავალშიც იძალადოს მასზე“. ასევე, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო ბარათ №..-ში მითითებულია, რომ ი. გ–სი მისივე გადმოცემით სცემა მეუღლემ, რის შედეგადაც მიიღო არსებული დაზიანებები, ხოლო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 7 სექტემბრის სამედიცინო ექსპერტიზის N........ დასკვნით დადგენილია, რომ ი. გ–ი მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით სტაციონარულ მკურნალობას იტარებდა 2021 წლის 22-23 ივნისს, დიაგნოზით: ცხვირის ძვლების მოტეხილობა; თავის მრავლობითი ზედაპირული ტრავმა; თავის ტვინის შერყევა. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების მიხედვით აღენიშნებოდა ჰემატომები - თვალბუდის, ცხვირის, ტუჩის, მარცხენა თხემისა და მარჯვენა კეფის მიდამოში. დაზიანებანი განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
16. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული კონკრეტული შემთხვევისათვის, საკასაციო სასამართლოს იმ პირობებში, როდესაც დაცვის მხარემ უდავოდ სცნო საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათ შორის, შემაკავებელი ორდერი და ოქმი, სამედიცინო ცნობა, ექსპერტიზის დასკვნა, მოწმეების მიერ მითითებული გარემოებები, რომ ი. გ–ს აღენიშნებოდა დაზიანებები და განმარტავდა, რომ ისინი ეჭვიანობის ნიადაგზე მიაყენა მეუღლემ - რ. ყ–მა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ რ. ყ–სმა ი. გ–სს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა - რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავისა და სახის არეში, რის შედეგადაც ი. გ–მა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. აღნიშნულით კი ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
17. იმავდროულად საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ დაზიანებები დაზარალებულს მიაყენა მსჯავრდებულმა და გამამტყუნებელი განაჩენი ეყრდნობა მხოლოდ მოწმეთა ირიბ ჩვენებებს.
17.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ,,სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისგან გამიჯნოს რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი N97აპ-20). მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოწმეები უშუალოდ დანაშაულის - დაზიანების მიყენების ფაქტს - არ შესწრებიან, თუმცა სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილ მოწმეთა: ნ. თ–ს, თ. თ–სა და ი. კ–ს (სასწრაფოს ექიმები), ნ. ყ–სა და ნ. ს–ს (პატრულ-ინსპექტორები) გამოკითხვის ოქმებზე, რომელთა თანახმადაც, მათ დაადასტურეს, რომ ი. გ–ს სახის არეში აღენიშნებოდა აშკარად გამოკვეთილი დაზიანებები, გარდა ამისა, ი. გ–მა მათ განუმარტა, რომ ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლემ - რ. ყ–მა სცემა.
17.2. ასევე დადგენილია, რომ ი. გ–ს მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებისთვის მიწოდებულმა ინფორმაციამ - მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შესახებ, განაპირობა საპატრულო პოლიციის გამოძახება; რ. ყ–ი დააკავეს სწორედ ი. გ–სის მითითებით, რაც აღნიშნულია კიდეც დაკავების ოქმში, რომელიც ხელმოწერით აქვს დადასტურებული რ. ყ–საც და მას რაიმე შენიშვნა ან განცხადება არ გაუკეთებია; დაზარალებულმა შემაკავებელი ორდერის და მისი ოქმის სისწორე დაადასტურა ხელმოწერებით, სადაც ასახული მისი პასუხების თანახმად, მას დაზიანებები მიაყენა რ. ყ–მა.
18. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ რ. ყ–ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, ვინაიდან რ. ყ–ს მიერ მეუღლისათვის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილი - შემაკავებელი ორდერითა და ოქმით, სამედიცინო ცნობით, ექსპერტიზის დასკვნითა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით.
19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
20. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
21. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
22. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
23. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 14 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ყ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ზ. ა–ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე