საქმე # 330100120004141021
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№670აპ-22 ქ. თბილისი
შ. ვ. 670აპ-22 10 აგვისტო, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 17 მაისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ვეფხვაძისა და მსჯავრდებულ ვ. შ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ. ჩ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:
1.1. ვ. შ–ე, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 353-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფსიქოლოგიური ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2020 წლის 11 სექტემბერს, საღამოს, ქ. თ–ში, ც–ს ქუჩა №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვ. შ–მ, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, დაკავების პროცესში წინააღმდეგობა გაუწია საქართველოს შსს-ის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. ........ის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელ გ. კ–ს, რომელსაც მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: თავი ძლიერად ჩაარტყა სახეში, რის შედეგადაც, გ. კ–მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
1.3. 2020 წლის 11 სექტემბერს, დღისით, ქ. თ–ში, ც–ს ქუჩა №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვ. შ–მ, ეჭვიანობის ნიადაგზე, ფიზიკურად იძალადა ყოფილი მეუღლის - ნ. ბ–ს მიმართ, კერძოდ: თავი ჩაარტყა ცხვირის არეში, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ფაქტს შეესწრო მისი სამი წლის შვილი.
1.4. 2020 წლის აპრილის დასაწყისიდან 2020 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით, ვ. შ–სე, ეჭვიანობის ნიადაგზე, ყოფილ მეუღლეს - ნ. ბ–ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა, რამაც დაზარალებულის ფსიქოლოგიური ტანჯვა გამოიწვია.
1.5. 2020 წლის აპრილის დასაწყისში, დღისით, ქ. თ–ში, ..........ის ქუჩაზე, №.. კორპუსში მდებარე ბინა №..-ში, ვ. შ–მ, ეჭვიანობის ნიადაგზე, ფიზიკურად იძალადა მეუღლის - ნ. ბ–ს მიმართ, კერძოდ: რამდენჯერმე დაარტყა თავის არეში, ასევე, ფეხებს ურტყამდა ფეხის არეში, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
1.6. 2020 წლის აპრილის დასაწყისში, დღისით, ქ. თ–ში, ..........ის ქუჩაზე, №.. კორპუსში მდებარე ბინა №..-ში, ვ. შ–მ, ეჭვიანობის ნიადაგზე, ფიზიკურად იძალადა მეუღლის - ნ. ბ–სის მიმართ, კერძოდ: ზურგის არეში ჩაარტყა ხელი, ასევე, უკბინა მარჯვენა მკლავზე, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
1.7. 2020 წლის 10-11 სექტემბერს, დღისით, ვ. შ–ე, ტელეფონის მეშვეობით, სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს - ნ. ბ–ს, კერძოდ: განუცხადა, რომ „არ აცოცხლებდა“, „ნაწლავებს დააყრევინებდა“. ნ. ბ–სმა მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 31 მაისის განაჩენით:
ვ. შ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის აპრილის ფიზიკური ძალადობის პირველი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
ვ. შ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის აპრილის ფიზიკური ძალადობის მეორე ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
ვ. შ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
ვ. შ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ვ. შ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდა ვ. შ–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 5 წელი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ვ. შ–სეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2020 წლის 11 სექტემბრიდან.
3. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა:
3.1. 2020 წლის აპრილის დასაწყისიდან 2020 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით, ვ. შ–ე ყოფილ მეუღლეს - ნ. ბ–ს, ეჭვიანობის ნიადაგზე, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა, რამაც დაზარალებულის ფსიქოლოგიური ტანჯვა გამოიწვია.
3.2. 2020 წლის 11 სექტემბერს, ქ. თ–ში, ც–ს ქუჩა №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვ. შ–მ, ეჭვიანობის ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკურად იძალადა ყოფილი მეუღლის - ნ. ბ–ს მიმართ, კერძოდ: თავი ჩაარტყა ცხვირის არეში, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
3.3. 2020 წლის 11 სექტემბერს, ქ. თ–ში, ც–ს ქუჩა №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვ. შ–მ, ზემოაღნიშნული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დაკავების პროცესში, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და მისი შეწყვეტის მიზნით, წინააღმდეგობა გაუწია საქართველოს შსს-ის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. .......ის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელ გ. კ–ს, მიაყენა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: შეაგინა და თავი ძლიერად ჩაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც, გ. კ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 31 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, ვ. შ–ს სრულად დამნაშავედ ცნობა წარდგენილ ბრალდებებში და მისთვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნა. ვ. შ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ნ. ფ–მა და ნ. ჩ–მ მოითხოვეს მსჯავრდებულის სრულად უდანაშაულოდ ცნობა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 17 მაისის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 31 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 17 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, ვ. შ–ს წარდგენილ ბრალდებებში სრულად დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნა. მსჯავრდებულ ვ. შ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. ჩ–მ მოითხოვა მსჯავრდებულის მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
7. დაცვის მხარემ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი და მოითხოვა პროკურორის საჩივრის დაუშვებლად ცნობა.
8. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ვ. შ–სის საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში მსჯავრდების შესახებ და აღნიშნავს, რომ არ არსებობს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. სასამართლო ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ვინაიდან ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს 2022წლის 17 მაისის განაჩენის მოტივაციას (მტკიცებულებების შეფასების ნაწილშიც) და ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001) - ყურადღებას გაამახვილებს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მხოლოდ ცალკეულ მტკიცებულებებზე, კერძოდ:
9. მოწმეების: გ. კ–ს, მ. ა–სა და გ. ძ–ს ჩვენებებით დასტურდება, რომ 2020 წლის 11 სექტემბერს, ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით შეტყობინების საფუძველზე, გამოცხადდნენ თ–ში, ც–ს ქუჩაზე არსებულ საბავშვო ბაგა-ბაღთან, სადაც დახვდათ ვ. შ–სე და ნ. ბ–ი ბავშვთან ერთად. მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ნ. ბ–ს ცხვირის არეში აღენიშნებოდა დაზიანება, სილურჯე, შეშუპება, კანი ჰქონდა ოდნავ გაჭრილის მსგავსად, ტიროდა და იყო ანერვიულებული.
10. საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის, მოწმე ა. რ–ს ჩვენებით, 2020 წლის 11 სექტემბერს, სამსახურიდან გასვლისას, ეზოში დაინახა ნ. ბ–სი, ლ. და ლ.ს მამა - ვ. შ–ე. შთაბეჭდილება დარჩა, რომ ნ–ს მასთან კონტაქტი არ უნდოდა. მალევე თანამშრომლებმა დაურეკეს და დაბრუნება სთხოვეს იმის გამო, რომ ნ. ბ–მა და მისმა მეუღლემ იჩხუბეს. მოწმემ დაადასტურა, რომ სამსახურში მიბრუნებისას, ეზოსთან ნ. ბ–ი აღელვებული დახვდა და ტიროდა. ნამტირალევი ბავშვი თანამშრომლებმა ბაღში შეიყვანეს. თვითონ ნ–ს დამშვიდებას შეეცადა.
11. დაზარალებულის ემოციურ მდგომარეობას ანალოგიურად აღწერს მოწმე ნ. ს–ც, რომელმაც განმარტა, რომ თანამშრომელმა ნ. ვ–მ მტირალი ბავშვი აიყვანა ბაღში. ქუჩიდან მამაკაცის ყვირილი ესმოდა. ასევე, ნახა ნ. ბ–ი, რომელსაც შეშუპებული და ნამტირალევი სახე ჰქონდა. მოწმე ნ. ვ–მ განმარტა, რომ 2020 წლის 11 სექტემბერს სამსახურში ყოფნისას გარედან ხმაური შემოესმა და კორპუსიდან ეძახდნენ: „ბავშვი ტირის, შეიყვანეთო.“ ეზოს გარეთ გავიდა და დაინახა, რომ ლ–ა, რომელიც დედ-მამასთან იდგა, ტიროდა. დედამისიც აღელვებული და ცრემლიანი იყო. მიხვდა, რომ მათ შორის აშკარად რაღაც მოხდა, თუმცა, რა მოხდა, არ დაუნახავს. მოწმეთა ჩვენებებით გამოირიცხა შემთხვევის ადგილას ვ. შ–ს გარდა სხვა პირის ყოფნა, ვისაც კონფლიქტი ექნებოდა ნ. ბ–სთან; მოწმეებმა უშუალოდ ნახეს დაზარალებული შემთხვევისთანავე, აღწერენ მის ფიზიკურ და ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას; ადასტურებენ კონფლიქტის არსებობას.
12. მოწმე ქ. გ–მ განმარტა, რომ ნ. ბ–ი ნახა შემთხვევის შემდეგ, ღამით. იგი იყო მძიმე მდგომარეობაში, განერვიულებული, ტიროდა და ცხვირს იტკიებდა.
13. დაზარალებულ ნ. ბ–ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის 2020 წლის 4 ოქტომბრის ოქმით დასტურდება, რომ დაზარალებულმა მიუთითა ის ადგილი, სადაც 2020 წლის 11 სექტემბერს, ყოფილმა მეუღლემ ფიზიკურად იძალადა მასზე, კერძოდ: თავი დაარტყა სახის არეში. იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა არ მისცა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენება, საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენას შეეხება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი, საქმე №561აპ-15, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი, საქმე №424აპ-16).
14. ნ. ბ–სის სამედიცინო შემოწმების სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2020 წლის 11 სექტემბრის №..ბარათისა და შპს „.......... ცენტრის“ მიერ გაცემული სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №........ და №........ დასკვნებით დგინდება, რომ სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო ბარათის №.. მონაცემებით, ნ. ბ–სს სამედიცინო დახმარება გაეწია 2020 წლის 11 სექტემბერს და დაუდგინდა დიაგნოზი: ცხვირის ზედაპირული ტრავმა; სხვა დაზუსტებული დაზიანებები, დაუზუსტებელი როგორც შემთხვევითი ან წინასწარ განზრახული; რეაქცია მწვავე სტრესზე და ადაპტაციის დარღვევები; სამედიცინო დოკუმენტის ჩანაწერების თანახმად, ნ. ბ–ს აღენიშნებოდა დაზიანება ცხვირის მარცხენა ფრთაზე არსებული ჰემატომის სახით, რომელიც განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის ზემოქმედებით; მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს - ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობის განსაზღვრა შეუძლებელია დაზიანების (ჰემატომის) მორფოლოგიური სურათის არ არსებობის გამო. შპს „......... ცენტრის“ მიერ გაცემული სამედიცინო დოკუმენტის (2020 წლის 17 სექტემბერს ჩატარებული ცხვირის ძვლების რენტგენოლოგიური გამოკვლევის დასკვნა) მონაცემების თანახმად, ნ. ბ–ს ჩაუტარდა ცხვირის ძვლების რენტგენოგრაფია და დაუდგინდა ცხვირის ძვლების ფრაგმენტოვანი მოტეხილობა; დაზიანება, ცხვირის ძვლების მოტეხილობის სახით განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის ზემოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს.
15. დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდასთან დაკავშირებით, სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ფიზიკური ტკივილის შეგრძნება“ დამოკიდებულია არა მხოლოდ სუბიექტურ, არამედ ობიექტურ კრიტერიუმზეც - ჩადენილი ქმედების ინტენსივობასა და დაზარალებულისათვის მიყენებულ დაზიანებებზე, რომელთა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე დგინდება განიცადა თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში ძალადობრივი ქმედებების მსხვერპლმა ფიზიკური ტკივილი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმე №627აპ-19; №369აპ-20; №443აპ-20). მოცემულ შემთხვევაში, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებში მითითებული დაზიანებების და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ძალადობის შედეგად დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდა.
16. რაც შეეხება 2020 წლის აპრილიდან 2020 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით ვ. შ–ს მიერ ნ. ბ–ს მიმართ განხორციელებულ სისტემატურ შეურაცხყოფას, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ბრალდების ამ ეპიზოდში ვ. შ–ს მსჯავრდების შესახებ და აღნიშნავს, რომ მოწმეების - ნ. გ–სა და ქ. გ–ს ჩვენებები წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებებს და უტყუარად ადასტურებენ ნ. ბ–ს მუდმივი სტრესისა და შიშის ქვეშ ყოფნას, რისი მიზეზიც ვ. შ–სე იყო და რის გამოც, ღამითაც რჩებოდნენ დაზარალებულთან. ქ. გ–ს ჩვენებით დასტურდება, რომ მას პირადად აქვს მოსმენილი, თუ როგორ ესაუბრებოდა ვ. შ–სე დაზარალებულს, იყო აგრესიული, ლანძღავდა, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა.
17. მსჯავრდებულის მიერ დაზარალებულის სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ფაქტს ასევე ადასტურებს 2020 წლის 11 სექტემბრის №........ შემაკავებელი ორდერი და შემაკავებელი ორდერის ოქმი, სადაც დაზარალებული აღნიშნავს, რომ მსჯავრდებული მას ამცირებდა და შეურაცხყოფდა. სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 22 ოქტომბრის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №......... დასკვნით, აგრეთვე, ექსპერტ თ. კ–ს ჩვენებით დასტურდება, რომ ნ. ბ–სი მისი მეუღლის - ვ. შ–სის მხრიდან მასზე განხორციელებული ქმედებების გამო განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. ექსპერტმა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის კატეგორიული ხასიათი და ის გარემოებაც, რომ დაზარალებულთან გასაუბრების დროს, არ გამოვლენილა სხვა პიროვნება, რომლის ქმედებებითაც შესაძლოა, დაზარალებულს ტანჯვა განეცადა და სტრესულ მდგომარეობაში ყოფილიყო.
18. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მსჯავრდების ამ ეპიზოდთან მიმართებით სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის გამოც, არ არსებობს დაცვის მხარის საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის საფუძველი.
19. საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ვ. შ–სის საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ მოწმეების: გ. კ–ს, მ. ა–სა და გ. ძ–ს ჩვენებების თანახმად, გამომძიებელი გ. კ–ე, პატრულ-ინსპექტორები (მ. ა–ი და გ. ძ–ი) ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით მიღებული შეტყობინების საფუძველზე, სამსახურებრივი ავტომანქანით გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე. მათ ეცვათ ფორმები და ვ. შ–ს თავი წარუდგინეს, როგორც პოლიციის თანამშრომლებმა. შესაბამისად, მსჯავრდებულისთვის აღქმადი იყო, რომ გ. კ–ე, მ. ა–ი და გ. ძ–ი იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას. ამავე მოწმეთა ჩვენებებით, ასევე, მოწმე ა. რ–ს ჩვენებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით უტყუარად დასტურდება, რომ 2020 წლის 11 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც მიიღეს ვ. შ–ს დაკავების გადაწყვეტილება, მსჯავრდებული ხელბორკილების დადებისთანავე გახდა აგრესიული, დაიწყო გინება, ხელ-ფეხის ქნევა, რათა არ მიეყვანათ მანქანამდე და შიგნით არ ჩაესვათ. ვ. შ–ე იყო აგრესიული, აგინებდა გ. კ–ს და დაკავების დროს ფიზიკურად იძალადა მასზე - თავი ჩაარტყა სახეში, რის შედეგადაც, გ. კ–მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ხელბორკილის დადებიდან ავტომანქანამდე მიყვანამდე ვ. შ–ს მხრიდან წინააღმდეგობის გაწევისა და გინების ფაქტს ადასტურებს დაცვის მხარის მოწმე - ზ. ქ–ც. მოწმეთა ჩვენებებით დგინდება ის გარემოებაც, რომ დაკავების მომენტში, გინება და აგრესია ვ. შ–ს უშუალოდ გიორგი კაციტაძისკენ ჰქონდა მიმართული, რამდენადაც, მისი წარმოდგენით, სწორედ გ. კ–თან მოლაპარაკების შედეგად მიიღეს მისი დაკავების გადაწყვეტილება. აღნიშნულ გარემოებას დაცვის მხარის მოწმეებიც ადასტურებენ.
20. სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის №.. სამედიცინო ბარათის თანახმად, გ. კ–ს სამედიცინო დახმარება გაეწია 2020 წლის 11 სექტემბერს და დაუდგინდა დიაგნოზი: თავის ზედაპირული ტრავმა. უჩივის ტკივილს მარცხენა ლოყისა და ქვედა ყბის არეში. ობიექტურად აღენიშნება მცირე შეშუპება ადგილობრივად.
21. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას მსჯავრდებულის ქმედებაში განზრახვის არსებობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქცევის, მისი ქმედებების, ძალადობამდე გამოვლენილი აგრესიისა და შეურაცხყოფის გათვალისწინებით, გ. კ–სათვის თავის დარტყმა არ წარმოადგენდა შემთხვევით ქმედებას და ემსახურებოდა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა საქმიანობის - დაკავების - შეწყვეტის მიზანს.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ვ. შ–ს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდი) მსჯავრდების ნაწილში ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენას. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ვ. შ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც შესაბამისი მუხლების სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველ ნაწილსა და ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
23. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას ვ. შ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ფიზიკური ძალადობის ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ მითითებულ ეპიზოდებთან მიმართებით საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:
24. დაზარალებულმა ნ. ბ–მა ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო საქმეში არ მოიპოვება არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ვ. შ–ს მიერ მის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენის ფაქტს. ფიზიკური ძალადობისა და მუქარის ფაქტების დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს დაზარალებულის ჩვენება, შეუძლებელია ძალადობის ფაქტებთან მიმართებით - დაზარალებულის მიერ განცდილი ტკივილის, ხოლო მუქარასთან მიმართებით - მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის დადასტურება. მართალია, დაზარალებულისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტის დადგენისათვის გამოიყენება როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური ტესტი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება, საქმე №746აპ-19; საქმე №674აპ-20), თუმცა, საქმეში არსებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ მიემართება აპრილში ჩადენილ ძალადობის ეპიზოდებს. შესაბამისად, ობიექტურადაც შეუძლებელია განცდილი ტკივილის დადასტურება. ისევე როგორც, მუქარის შემთხვევაშიც არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რაც დაზარალებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებლად, ობიექტურად დაადასტურებდა შიშის საფუძვლიანობას.
25. აღნიშნულ ეპიზოდებთან მიმართებით, მოწმეების: ქ. გ–ს, ნ. გ–ს, გ. კ–ს, მ. ა–სა და გ. ძ–ს ჩვენებებთან დაკავშირებით, სასამართლო ითვალისწინებს რომ ,,სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისგან გამიჯნოს რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი N97აპ-20).
26. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
27. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ მითითებულ სხვა მტკიცებულებებს: დაზარალებულის მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმსა და მასზე დართულ ფოტოსურათებს, ელენე ანთელავას მიერ წარდგენილი ფოტოსურათების დათვალიერების ოქმსა და მასზე დართულ ფოტოსურათებს, დათვალიერების ოქმის შემდგენი გამომძიებლის - ჭოლა ღლონტის ჩვენებას, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ ინფორმაცია მოპოვებული იქნა დაზარალებულის ტელეფონში დაცული ინფორმაციის დათვალიერებით, ინფორმაციაზე სურათის გადაღებითა და ამობეჭდვის გზით. ბრალდების მხარემ გადაიღო მისთვის საინტერესო ფოტოსურათები და დაურთო სისხლის სამართლის საქმეს, რაც წარმოადგენს კომპიუტერულ სისტემაში გამოსახული ინფორმაციის მოპოვებას და ვერ შეცვლის ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვას საქართველოს სსსკ-ის 136-ე მუხლით დადგენილი წესით. შესაბამისად, ვინაიდან აღნიშნული ინფორმაციის მოპოვება განხორციელდა საქართველოს სსსკ-ის 136-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, საკასაციო სასამართლო ვ. შ–სის ბრალდების დასადასტურებლად მხედველობაში ვერ მიიღებს მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმსა და მასზე დართულ ფოტოსურათებს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება, საქმე №80აპ-21). ამასთან, უტყუარად ვერ დასტურდება ის გარემოება, რომ კომუნიკაციის მეორე მხარეს ვ. შ–სე წარმოადგენს. საგამოძიებო ორგანოს მიერ არ განხორციელებულა საპროცესო კანონით გათვალისწინებული სხვა მოქმედებები სატელეფონო კომუნიკაციის მონაწილეთა იდენტიფიცირების მიზნით. დათვალიერების ოქმში ასახული ინფორმაცია დაზარალებულს სასამართლო სხდომაზე არც უარყვია და არც დაუდასტურებია, ხოლო ვ. შ–მ ოჯახური ძალადობის ნაწილში ისარგებლა დუმილის უფლებით. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით ასევე არ დასტურდება მუქარის შემცველი ტექსტის გაგზავნისა და ძალადობის ჩადენის დრო.
28. რაც შეეხება, ე. ა–ს მიერ წარდგენილი ფოტოსურათების დათვალიერების ოქმსა და მასზე დართულ ფოტოსურათებს, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დოკუმენტს მტკიცებულებითი ძალა აქვს, თუ ცნობილია მისი წარმომავლობა და ის ავთენტიკურია. დოკუმენტი ან ნივთიერი მტკიცებულება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ მხარეს შეუძლია მოწმედ დაკითხოს პირი, რომელმაც მოიპოვა/შექმნა იგი ან/და რომელთანაც ინახებოდა სასამართლოში წარდგენამდე. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სსსკ-ის 78-ე მუხლი პირის დაკითხვას უკავშირებს იმპერატიულად განსაზღვრულ ორ მიზანს: დოკუმენტის ავთენტიკურობისა და წარმომავლობის დადგენას. ზოგადად, დოკუმენტის ავთენტიკურობისა და წარმომავლობის დასადასტურებლად საკმარისია ზემოთ აღნიშნული ერთ-ერთი პირის დაკითხვა, თუმცა იმის არჩევა, ვინ უნდა დაიკითხოს, დამოკიდებულია საქმის კონკრეტულ გარემოებებზე (მათ შორის დოკუმენტის სახეზე, დოკუმენტის მოპოვების ვითარებაზე, დოკუმენტის წარმომდგენი პირის მიერ ჩვენების მიცემაზე და ა.შ.) რათა მიღწეულ იქნეს დაკითხვის ორი კუმულაციური მიზანი - დადგინდეს მტკიცებულების ავთენტიკურობა და წარმომავლობა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება, საქმე №99აპ-20). მოცემულ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც მოწმის სახით არ დაკითხულა ელენე ანთელავა - პირი, რომელმაც შექმნა სხეულზე არსებული დაზიანებების ამსახველი ფოტოსურათები და რომელთანაც ინახებოდა სასამართლოში წარდგენამდე, შეუძლებელია წარდგენილი დოკუმენტების ავთენტიკურობის დადგენა, რასაც ვერ დააბალანსებს დათვალიერების ოქმის შემდგენი პირის დაკითხვა, რადგან უშუალოდ მას არ გააჩნია ინფორმაცია ფოტოსურათების წარმომავლობისა და ავთენტიკურობის შესახებ. გარდა ამისა, დათვალიერების ოქმზე თანდართული ფოტოსურათებით არ დგინდება სავარაუდო დაზიანებების ხასიათი, ხარისხი, მათი მიყენების დრო, ვითარება, დაზიანების მიღების გარემოებები, მათი მიმყენებელი პირისა და ფოტოზე აღბეჭდილი პირის ვინაობა.
29. სასამართლო ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებულ მოწყვლადობას და იმ სირთულეებს, რაც უკავშირდება მტკიცებულებების შეგროვებას, როდესაც „ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში“ (Volodina v Russia, no.41261/17, §82, ECtHR, 09/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად ედება გამამტყუნებელ განაჩენს, პირველ რიგში უნდა შეფასდეს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
30. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა ვ. შ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ფიზიკური ძალადობის ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
31. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, ECtHR, no 49684/99, §30, 25/12/2001); ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც ეთანხმება.
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
33. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 17 მაისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ვეფხვაძისა და მსჯავრდებულ ვ. შ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ. ჩ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე