Facebook Twitter

¹3კ-1453-02 11 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ნ. კვანტალიანი,

ქ. გაბელაია

სარჩელის საგანი: ბინიდან გამოსახლება, საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. მ-მა და ნ. ჯ-მა სარჩელით მიმართეს სასამართლოს ქ. თბილისში, ...... მდებარე საცხოვრებელი სახლიდან მოპასუხე ვ. ს-ის გამოსახლების მოთხოვნით იმ მოტივით, რომ მოსარჩელეებმა აღნიშნული ბინა შეიძინეს 2001წ. 20 ივლისს კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს ¹2/887 და ¹2/1063 გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად ჩატარებულ იძულებით აუქციონზე. ბინა ეკუთვნოდა რა ვ. ს-ეს, იგი ნებაყოფლობით არ ახდენს ბინის გამოთავისუფლებას. ვ. ს-ემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს ქ. თბილისში, ..... მდებარე ბინაზე მ. მ-ისა და ნ. ჯ-ის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ბათილად ცნობის თაობაზე.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 იანვრის გადაწყვეტილებით მ. მ-ის და ნ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო ვ. ს-ის შეგებებულ სარჩელს უარი ეთქვა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ვ. ს-ის მიერ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 იანვრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. ვ. ს-ემ საჩივრით მიმართა სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 ოქტომბრის განჩინებით გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

ვ. ს-ის წარმომადგენელი ა. ზ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 18 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას შემდეგი მოტივებით: სააპელაციო სასამართლომ ისე მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომ საქმის განხილვის შესახებ შეტყობინება აპელანტის წარმომადგენელს არ მიუღია. აღნიშნულის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ 15 ივლისს დილით, მოწინააღმდეგე მხარისაგან. სასამართლოში მისი დაუყოვნებლივ გამოცხადების მიუხედავად, გადაწყვეტილება უკვე გამოტანილი იყო. რაც შეეხება ვ. ს-ეს, მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არა აქვს გადაადგილების შესაძლებლობა, რის გამოც სასამართლოში მის უფლებებს იცავს მხოლოდ რწმუნებული. გასაჩივრებული განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა იმ მოტივით, რომ კასატორისათვის ცნობილი იყო საქმის განხივლის დრო. საქმეში დევს წარმომადგენელ – ა. ზ-ის სახელზე შევსებული უწყება სადაც გრაფაში “პირადად” შესრულებული ხელმოწერა არ შეესაბამება კასატორის ხელმოწერას და სახელის ინიციალიც შეცვლილია. სასამართლოს ასეთი უწყება მხარისათვის კანონით დადგენილი წესით ჩაბარებულად არ უნდა მიეჩნია.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების საკასაციო საჩივრის ფარგლებში შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა რა ვ. ს-ის საჩივარი, ამავე პალატის 2002წ. 15 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი იმ მოტივით, რომ მხარეს არ გააჩნდა საპატიო მიზეზი პროცესზე გამოუცხადებლობისა.

სსკ-ს 387-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

ამავე კოდექსის 241-ე მუხლით დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდება და საქმის განხილვა განახლდება, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ საქმეში არსებული შეტყობინება სასამართლოს კანონით დადგენილი წესით ჩაბარებულად არ უნდა მიეჩნია. დასტური იმისა, რომ სადავო უწყებით ვ. ს-ის წარმომადგენელი არ გაფრთხილებულა, საქმეში წარმოდგენილი არ არის.

უფრო მეტიც, თვით საკასაციო საჩივრით დასტურდება, რომ წარმომადგენელმა იცოდა სასამართლო სხდომის შესახებ. რაც შეეხება ვ. ს-ეს, მისი გაფრთხილება საკასაციო საჩივრით ეჭვის ქვეშ არ დამდგარა. ასევე უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, რომ ვინაიდან უწყებაზე ხელმოწერა არ შეესაბამება მის ხელმოწერას, იგი მხარისათვის ჩაბარებულად ვერ მიიჩნევა სსკ-ს 74-ე მუხლით თუკი უწყების მიმტანი პირი სასამართლოში გამოსაძახებელ მოქალაქეს ვერ ნახავს საცხოვრებელ ადგილზე, უწყება უნდა ჩაბარდეს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში თუნდაც ოჯახის წევრის გაფრთხილება საკმარისია იმისათვის, რომ მხარისათვის სასამართლო სხდომის ჩატარების თარიღის თაობაზე შეტყობინება ჩაბარებულად ჩაითვალოს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია კანონის სრული დაცვით და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ვ. ს-ის წარმომადგენელ ა. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 18 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.