Facebook Twitter

საქმე # 330100119003289131

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №633აპ-22 ქ. თბილისი

ჯ. გ.- ი. 633აპ-22 4 აგვისტო, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 3 მაისის განაჩენზე თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ალინა კუკავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. ჯ–ი-გ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 10 სექტემბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, ი. ჯ–ი-გ–მ თ–ში, ....ის ქუჩა N.. -ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მეუღლის დედას (დედამთილს) - მ. გ–ს საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ძლიერად გაარტყა ხელი სახეში - მარჯვენა თვალის ქვემოთ. აღნიშნული ქმედების შედეგად მ. გ–მ მიიღო სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, რაც მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 ნოემბრის განაჩენით ი. ჯ–ი-გ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

3.1. ი. ჯ–ი-გ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ირაკლი ყვავაძემ, რომელმაც ითხოვა გამართლებულ ი. ჯ–ი-გ–ს საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 3 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ალინა კუკავამ, რომელიც ითხოვს გამართლებულ ი. ჯ–ი-გ–ს საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობასა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no.36755/06, §31, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ( შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი ითხოვს გამართლებულ ი. ჯ–ი-გ–ს საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობას და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

9. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობეს ი. ჯ–ი-გ–ს საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

11. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

12. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ ვინაიდან სასამართლო იზიარებს იმ მოცემულობას, რომ დაზარალებულ მ. გ–ს ნამდვილად მიადგა ფიზიკური დაზიანება, შესაბამისად მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული როგორც გამოძიების ეტაპზე მის მიერ მიცემული ჩვენება, ისე - იმ ირიბი მოწმეების ჩვენებები, რომლებმაც ცალსახად დაადასტურეს დაზარალებულის ნაამბობი, რომ მას ფიზიკური დაზიანება მიაყენა მისმა რძალმა, შემდეგ გარემოებათა გამო:

12.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ: საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა მ. გ–მ კატეგორიულად გამორიცხა ი. ჯ–ი-გ–ს მხრიდან მასზე ფიზიკური ძალადობა, ხოლო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 10 ოქტომბრის დასკვნის თანახმად, მ. გ–ე დაავადებულია ბოდვითი აშლილობით (კოდი - ....; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მ. გ–ს არ შეუძლია შეიგნოს თავისი მოქმედების მნიშვნელობა და განაგოს იგი; საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის საფუძველზე მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების გამოქვეყნების შემდეგ დაზარალებულმა უარყო ოქმში მითითებული ინფორმაცია, ინტენსიური რეჟიმით იმეორებდა: ,,არაფერი არ დამიწერია, ეგ ყველაფერი სიცრუეა“, ,,არაფერი არ მითქვამს“, ,,რაც გამოკითხვის ოქმში წერია, ტყუილია“, ,,გამოკითხვის დროს მე არ მითქვამს, რომ დამარტყა“. მ. გ–მ განაცხადა, რომ აქვს მხედველობის სერიოზული პრობლემა, სათვალის გარეშე და სათვალითაც ვერ კითხულობს ტექსტს, ამ მიზეზით გამოკითხვის ოქმი არ წაუკითხავს; იმავდროულად საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასამართლო პროცესზე, საქმის არსებითი განხილვის დროს, მხარის მიერ სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით უზრუნველყოფილი უფლების რეალიზება არ ნიშნავს გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების a priori დადასტურებულ მტკიცებულებად მიჩნევას, როდესაც დაზარალებული არ ადასტურებს გამოკითხვის ოქმში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს; სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია(იხ.: მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 10 ნოემბრის N545აპ.-20 განჩინება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 20 ივლისის N232აპ-21 განჩინება).

12.2. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).

12.3. მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო ექსპერტიზის N007856019 დასკვნით დასტურდება დაზარალებულის დიაგნოზი: სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, ხოლო სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების მიხედვით, შუბლისა და მარჯვენა პერიორბიტალურ მიდამოში აღინიშნება კანქვეშა ჰემატომა, ობიექტურად შეუძლებელია ექსპერტის დასკვნით განისაზღვროს დაზიანების მიმყენებელი პირის ვინაობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

13. იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაშიც სავარაუდო კონფლიქტის მონაწილე/შემსწრე პირები არიან: დაზარალებული - მ. გ–ე, გამართლებული - ი. ჯ–ი-გ–ე და დაზარალებულის შვილიშვილი და იმავდროულად გამართლებულის შვილმა - ლ. გ–მ ჩვენებაში, ხოლო ი. ჯ–ი-გ–მ საბოლოო სიტყვაში განმარტა, რომ ფიზიკური დაზიანება არ იყო დაკავშირებული ძალადობასთან; დაზარალებულმა მ. გ–მ სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა ის გარემოება, რომ მისმა რძალმა - ი. ჯ–ი–გ=მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა (ძლიერად გაარტყა ხელი სახეში - მარჯვენა თვალის არეში, რამაც გამოიწვია მ. გ–ს სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, რაც მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით), ასევე ფაქტის უშუალო შემსწრე ლ. გ–მ არ დაადასტურა დედის მხრიდან მ. გ–ს მიმართ ფიზიკური ძალადობა და გამართლებულის ბრალეულობა დამოკიდებულია დაზარალებულის მამხილებელ ჩვენებაზე (ამიტომ ვინაიდან დაზარალებულებმა არ დაადასტურა მის მიერ გამოკითხვისას მითითებული გარემოებები და დაზიანებების მიღება დაუკავშირა შემთხვევითობას), სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი სხვა პირდაპირი მტკიცებულება/ მტკიცებულებები - უტყუარად ვერ დგინდება ი. ჯ–ი-გ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

15. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

16. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

17. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 3 მაისის განაჩენზე თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ალინა კუკავას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე