¹¹ბს-1465-1187-კ-04 25 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),
ბ. კობერიძე
დავის საგანი: პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 29 აპრილს ჟ. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ადიგენის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე _ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ადიგენის რაიონული ფილიალის მიმართ მამის – ა.წ გარდაცვლილი ი. კ-ის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების თაობაზე.
მოსარჩელე სარჩელში მიუთითებდა, რომ მამამისი _ ი. კ-ე დაიბადა ... წელს ჭიათურის რაიონის სოფ. ..... 1946წ. 2 ივლისს გასამართლებულ იქნა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალის მიერ და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. 1955წ. 20 მარტს განთავისუფლდა პატიმრობიდან.
მოსარჩელის მითითებით, მას, როგორც შვილს, სურს ისარგებლოს “რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონით მინიჭებული უფლებებით, მაგრამ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელწმიფო ფონდის ადიგენის რაიონის ფილიალმა აღნიშნულის თაობაზე მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილება მამის _ ი. კ-ის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეაბილიტირებულად ცნობის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა მამის _ ი. კ-ის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებას.
ადიგენის რაიონული სასამართლოს 2004წ. 21 ივნისის გადაწყვეტილებით ჟ. კ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-4 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ჟ. კ-ის მამა _ ი. კ-ე, ვერ იქნებოდა მიჩნეული პოლიტიკურ რეპრესიათა მსხვერპლად, ვინაიდან ჩამონათვალში, რომლის საფუძველზეც პირი მიიჩნევა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, არ არის მითითებული “სამშობლოს ღალატი”.
ამასთან, რაიონული სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება მამის რეაბილიტაციის შესახებ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჟ. კ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22 ნოემბრის განჩინებით ჟ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ადგენის რაიონული სასამართლოს 2004წ. 21 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ აპელანტის მამის მსჯავრდება “სამშობლოს ღალატის” მუხლით არ შედის იმ ჩამონათვალში, რასაც ითვალისწინებდა “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-4 მუხლი და რის საფუძველზეც უნდა მოხდეს პირის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერლად აღიარება.
ამასთან, სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტიცებულება ი. კ-ის რეაბილიტირებულად ცნობის თაობაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჟ. კ-ემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22 ნოემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილება.
კასატორი საკასაციო საჩივარს ძირითადად აფუძნებდა იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სასარჩელო განცხადებაში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, გააანალიზა საქმეში წარმოდგენილი მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22 ნოემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: კასატორის მამა _ ი. . კ-ე დაიბადა .... წელს ჭიათურის რაიონის სოფ. ..... 1946 წელს გასამართლებულ იქნა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალის მიერ, სისხლის სამართლის კოდექსის 58.2 “ბ” მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (სამშობლის ღალატი) და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. იგი სასჯელს იხდიდა ქ. ვორკუტის ¹6 განსაკუთრებულ ბანაკში. პატიმრობიდან განთავისუფლდა 1955წ. 30 მარტს, სასჯელის მოხდის დროს, სამუშაო დღეების ჩათვლით.
“საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, პოლიტიკურ რეპრესიად მიიჩნევა იძულების სხვადასხვა ფორმა: სიცოცხლის ხელყოფა, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების აღკვეთა, გადასახლება, გასახლება, სახელმწიფოდან გაძევება, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსება, მოქალაქეობის ჩამორთმევა, შრომაში იძულებითY ჩაბმა, ქონების ჩამორთმევა, საცხოვრებლად გამწესება სპეციალური დასახლების ადგილებში, საცხოვრებელი სადგომიდან გამოსახლება, აგრეთვე, კანონმდებლობით გარანტირებული ადამიანის უფლებების ან თავისუფლებების სხვაგვარი შეზღუდვა, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა პოლიტიკური მოტივით სასამართლოს, ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით და უნდა უკავშირდებოდეს დანაშაულის ჩადენაში ყალბ ბრალდებას, პირის პოლიტიკური შეხედულებების, ან არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევას, სოციალურ, წოდებრივ, ან რელიგიურ კუთვნილებას, აგრეთვე, ამ კანონის მე-4 მუხლში ჩამოთვლილი სასამართლოს მიერ განხორციელებული იძულების ფორმები.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ი. კ-ე არ განეკუთვნება “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ პირთა წრეს. აღნიშნული მუხლის თანახმად, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნევა პირი, რომელიც მსჯავრდებული იყო შემდეგი დანაშაულის ჩადენისთვის:
1) ა) ანტისაბჭოთა და კონტრევოლუციური აგიტაცია და პროპაგანდა კონტრევოლუციური და მმართველობის წესის საწინააღმდეგო სსრ კავშირისთვის საშიში სხვა დანაშაული;
Bბ) სახელმწიოსაგან ეკლესიის და ეკლესიისგან სკოლის გამოყოფის კანონის დარღვევა;
გ) წინასწარი ცნობით სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობის სახელის გამტეხი ცრუ მონაჭორების გავრცელება;
დ) შრომა-გასწორების, გადაადგილების, გადასახლების, სპეციალური დასახლების ადგილიდან გაქცევა, თუ პირი იქ იმყოფებოდა პოლიტიკური რეპრესიის შედეგად;
ე) რელიგიური წესის აღსრულების მოტივით ადამიანის უფლების და თავისუფლების ხელყოფა;
2. პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ჩაითვლება პირი, რომელიც მსჯავრდებული იყო დანაშაულის ჩადენში ყალბი ბრალდების საფუძველზე და რაც დაკავშირებული იყო პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან, არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან, სოციალურ, წოდებრივ ან რელიგიურ კუთვნილებასთან;
3. პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ჩაითვლება “გპუ-იგპუ-ს” “ვჩკ-ს” “უნკვდ-ნკვდ'-ს” “მგბ-ს” “კგბ-ს” საგანგებო სათათბიროს ორეულების ან სამეულების მიერ მსჯავრდებული პირი, აგრეთვე კონკრეტული დანაშაულისათვის ბრალის წაუყენებულად გადასახლებული, ან სპეციალურ დასახლებაში გაგზავნილი პირი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “სამშობლოს ღალატისათვის” ნასამართლევი პირები არ მიიჩნევიან რეპრესიების მსხვერპლად და შესაბამისად, ჟ. კ-ეც ვერ მიიჩნევა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად.
აქვე, საკასაციო სასამართლო ადასტურებს სააპელაციო პალატის მსჯელობის მართებულობას და ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება მოსარჩელის მამის _ ი. კ-ის რეაბილიტირებულად ცნობის თაობაზე, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ არსებობს საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22 ნოემბრის განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჟ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22 ნოემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩIვრდება.