საქმე N 130100121004510984
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე№436აპ-22 21 ივლისი, 2022 წელი
კ–ე ქ., №436აპ.-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ - არჩილ ბედუკაძის
ადვოკატ - მ. ი–ს
მსჯავრდებულ - ქ. კ–სის
მონაწილეობით, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა მსჯავრდებულ ქ. კ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ი–ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 თებერვლის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ -ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
1.1. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრის განაჩენით ქ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა ქ. კ–ს მიმართ აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილებით გამოყენებული 1 წლით, 1 თვითა და 21 დღით პირობითი მსჯავრი; ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ქ. კ–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით, 1 თვითა და 21 დღით თავისუფლების აღკვეთა და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.
1.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2016 წლის 18 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გასამართლებულმა და სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევმა, პირობით მსჯავრდებულმა ქ. კ–მ 2021 წლის 21 თებერვლის საღამოს საათებში უკანონოდ შეაღწია ქ–ს რაიონის სოფელ დ–ში მდებარე თავისი ბიძის - ს. კ–ს საცხოვრებელი სახლის სათავსში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა 1260 ლარად ღირებულ ს. კ–ს საყოფაცხოვრებო ნივთებს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
1.3. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ქ. კ–ს ადვოკატმა მ. ი–მა, რომელმაც მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ქ. კ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულ ქ. კ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ი–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ხაშურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
2.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი 2022 წლის 28 თებერვალს საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ქ. კ–ის ადვოკატმა მ. ი–მა, რომელმაც მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ქ. კ–სის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა. 2022 წლის 11 მარტს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ქ. კ–მ, რომელმაც მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
3. კასატორის არგუმენტები:
3.1. კასატორის პოზიციით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა ქ. კ–სის უდანაშაულობა წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ: მოწმე ს. კ–მ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ 2021 წლის 21 თებერვალს, სუფრაზე საუბრის დროს მან სთხოვა ქ. კ–ს მისი ძმა გადმოესვენა სოფელში, რისთვისაც შესთავაზა თავისი სახლიდან სხვადასხვა ნივთები ჩაებარებინა ჯართში. დაზარალებულმა ს. კ–მ განმარტა, რომ აღნიშნული ნივთები ნებით გადასცა თავის ძმისშვილს - ქ. კ–ს. ამასთან, ადვოკატი მიიჩნევს, რომ დაზარალებულ ს. კ–ს ჩვენება იყო ურთიერთსაწინააღმდეგო დაკითხვის დასაწყისში, პროკურორის კითხვებზე დაზარალებული დიდხანს მერყეობდა, აღწერდა ფაქტებს, თუმცა არ უთითებდა, რომ ნივთები მოპარა ქ. კ–მ, ხოლო პროკურორის კითხვები მოიცავდა ზეწოლას. ბრალდების მხარემ განზრახ მოხსნა მოწმეთა სიიდან ტ. კ-ძე, რადგან იგიც ანალოგიურად დაადასტურებდა ჩუქების ფაქტს. განმეორებითი პირდაპირი დაკითხვისას დაზარალებული თავის პოზიციაში იყო მყარი და გარკვევით თქვა „რამდენჯერ უნდა გავიმეორო, ვაჩუქე, წაიღე შენი იყოს-თქო ვუთხარი“, ხოლო დაცვის მხარის განმეორებითი ჯვარედინი დაკითხვისას აჩუქა თუ არა ეს ნივთები ქ. კ–ს, დაზარალებულის პასუხი იყო დადებითი. მოწმე ნ. ლ–მ დაადასტურა, რომ ქ–ს ბიძის სახლიდან ნივთების წამოღების დროს, ნივთების ეზოდან გამოტანა მოხდა ს. კ–ს თანდასწრებით, რა დროსაც ამ უკანასკნელს წინააღმდეგობა არ გაუწევია. სხვა მოწმეები: კ. ბ–ი და ა. ო–ე კი ადასტურებენ, რომ საეჭვო არაფერი შეუმჩნევიათ და ეს ყველაფერი ხდებოდა ჩვეულებრივ. ამდენად, ადვოკატის პოზიციით, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია არცერთი პირდაპირი და რელევანტური მტკიცებულება, რომელიც ქ. კ–სის ბრალეულობას დაადასტურებდა.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასება:
4.1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივრები, მოისმინა მხარეთა პოზიციები, შეამოწმა მათი საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ქ. კ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ი–სის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
4.2. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით დასჯადია ქურდობა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. სისხლის სამართლის კოდექსი სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტის - საკუთრების ხელყოფის ფორმის მიხედვით განასხვავებს საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა სხვადასხვა სახეს. ქუდობის შემადგენლობისათვის მაკვალიფიცირებელ ელემენტებს შეადგენენ: მოძრავი ნივთის დაუფლების ხერხი - ფარული ხასიათი და სპეციალური მიზანი - დაუფლებული ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება. ამასთან, ნივთის დაუფლების ფარულობის მიმართ თავად დამნაშავეს უნდა გააჩნდეს ცოდნისა და ნებელობის ფაქტორი. სხვისი ნივთის დაუფლება გულისხმობს არა მხოლოდ საკუთრების დამნაშავის ხელში ფორმალურ გადასვლას, არამედ დამნაშავის ფაქტობრივ შესაძლებლობას თავისი სურვილისამებრ და მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ განკარგოს სხვისი საკუთრება.
4.3. საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადგენილი, რომ ქ. კ–სე 2021 წლის 21 თებერვალს, საღამოს საათებში, ქ–ს რაიონის სოფელ დ–ში მდებარე თავისი ბიძის - ს. კ–ს საცხოვრებელი სახლის სათავსიდან დაეუფლა ს. კ–ს კუთვნილ საყოფაცხოვრებო ნივთებს ღირებულს - 1260 ლარად. სადავოა საკითხი: გააჩნდა თუ არა ქ. კ–ს ს. კ–ს სახლიდან ნივთების გატანის უფლებამოსილება.
4.4. ქურდობის დანაშაულის აუცილებელ მაკვალიფიცირებელ ნიშანს შეადგენს სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება. თავის მხრივ, მართლწინააღმდეგობა ვლინდება საზოგადოებაში დამკვიდრებული წესებისა და კანონით დადგენილი ნორმების საწინააღმდეგოდ ისეთი ქმედების განხორციელებაში, რისი უფლებამოსილებაც ინდივიდს არ გააჩნია. სხვისი ნივთის დაუფლება მართლსაწინააღმდეგოდ შეიძლება მივიჩნიოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც დადგენილია, რომ მესაკუთრეს საკუთრება ნების საწინააღმდეგოდ ჩამოერთვა ან შეეზღუდა, ე.ი. როდესაც დამნაშავეს საკუთრებით ფლობისა თუ სარგებლობის უფლება მესაკუთრისაგან არ გადასცემია. განსახილველ შემთხვევაში მსჯავრდებული განმარტავს, რომ ს. კ–მ მას ნება დართო, სახლიდან წაეღო ნივთები, ხოლო იგი ნივთების დაუფლებისას მოქმედებდა სწორედ ს. კ–ს მიერ მინიჭებული უფლების შესაბამისად.
4.5. ბრალდების მხარემ ქ. კ–სის მიერ ბიძის კუთვნილი ნივთების ქურდობის - ფარული და მართლსაწინააღმდეგო დაუფლების დამადასტურებლად წარმოადგინა მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება, ქ. კ–სის ჩვენების სახით. დაზარალებულმა ქ. კ–მ სასამართლოს წინაშე პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებში დააფიქსირა ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციები: პროკურორის პირდაპირი დაკითხვისას დაადასტურა, რომ მას აღნიშნული ნივთების წაღებისა და ჯართში ჩაბარების ნებართვა ქ. კ–სათვის არ მიუცია, ხოლო ჯვარედინი და ხელახალი პირდაპირი დაკითხვისას კი განმარტა, რომ შემთხვევის დღეს სუფრაზე ძმისშვილთან ერთად ყოფნისას, მას ნება დართო ნივთები წაეღო და რამდენჯერმე გაიმეორა, რომ აღნიშნული ნივთები შემთხვევის დღეს თავის ძმისშვილს - ქ. კ–ს აჩუქა. დაზარალებულმა პოლიციისათვის მიმართვის მიზეზად მისი ნასვამობა დაასახელა, ასევე დააზუსტა, რომ პოლიციაში ნივთების ქურდობის შესახებ არ განუცხადებია და მხოლოდ ის უთხრა გამომძიებელს, რომ ნივთები წაღებული იყო.
4.6. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ცხადია, რომ ბრალდების მხარის მნიშვნელოვანი მტკიცებულება - დაზარალებულის ჩვენება არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მტკიცებულებით სტანდარტს და არ გამოდგება ბრალეულობის გონივრულ ეჭვს მიღმა დასადგენად. ამასთან, საქმეში არ მოიპოვება სხვა რელევანტური მტკიცებულება, რაც გააქარწყლებდა გონივრულ ეჭვს, რომ დაზარალებულმა ქ. კ–ს ნამდვილად მიანიჭა საკუთრების განკარგვის უფლება. შესაბამისად, ვინაიდან არცერთი მტკიცებულებით არ დგინდება ქურდობის შემადგენლობის აუცილებელი ელემენტი - მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, გამოირიცხება ქმედების მთლიანი შემადგენლობა.
4.7. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირის მსჯავრდებას საფუძვლად უდევს უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულების უტყუარი ბუნება მასში ასახული ინფორმაციის ხარისხს, დამაჯერებლობასა და სხვა მტკიცებულებებთან შესაბამისობას უკავშირდება. პირდაპირი ჩვენება, რომელიც უხვად შეიცავს წინააღმდეგობრივ განმარტებებს კვალიფიკაციისათვის საკვანძო საკითხთან მიმართებით, დაუშვებელია საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას. საკასაციო სასამართლო მოიხმობს მტკიცებულებათა შეფასებისას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ ზოგადსახელმძღვანელო სტანდარტს: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). ამასთან, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები აქარწყლებენ გონივრულ ეჭვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რაც ვლინდება დანაშაულის შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
4.8. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ადგენს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს ქ. კ–ის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში მსჯავრდების საფუძველი, რის გამოც მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივრები საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ქ. კ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ი–სის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 თებერვლის განაჩენი გაუქმდეს;
3. ქ. კ–სე საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;
4. გამართლებული ქ. კ–სე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
5. გამართლებულ ქ. კ–ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;
6. ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად:
- სარწყავი წყლის ბენზინის ძრავიანი სატუმბი, ავტომანქანის ორი ცალი საბურავი კამერებით, მილით დამზადებული ერთი ცალი გაზქურა, სარეცხი მანქანის ავზი, თხევადი გაზის ორი ცალი ბალონი, შავი ლითონის მიმღები პუნქტის სარეგისტრაციო ჟურნალი - დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს;
- ერთი ცალი თეთრკორპუსიანი „SAMSUNG DUOS“-ის ფირმის მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეს ქ. კ–სეს;
7. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე