Facebook Twitter

საქმე N 010100120004190606

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე№366აპ-22 21 ივლისი, 2022 წელი

ტ–ე გ., №366აპ.-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე)

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა აჭარის ა/რ-ის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის - ვლადიმერ თურმანიძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 დეკემბრის განაჩენზე;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

1.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 ივლისის განაჩენით ბრალდებულ გ. ტ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

- ბრალდებული გ. ტ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვით.

- მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-43-ე მუხლების შესაბამისად, 1 (ერთი) წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

1.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2019 წლის 1 თებერვლიდან გ. ტ–ე მუშაობდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ა–ა და გ–ს რეგიონული სამმართველოს უფროსი სპეციალისტის (ჯგუფის უფროსი) თანამდებობაზე და წარმოადგენდა საჯარო მოხელეს.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, გ. ტ–ეს, როგორც საჯარო მოხელეს, უნდა ემოქმედა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად და ვალდებული იყო, სამსახურებრივი უფლებამოსილება საჯარო სამსახურის პრინციპებისა და საჯარო ინტერესების დაცვის საფუძველზე განეხორციელებინა.

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს თანდართული ტიპური დებულების“ თანახმად, გ. ტ–ეს, როგორც ა–სა და გ–ს რეგიონული სამმართველოს თანამშრომელს, ევალებოდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილების (პრევენციულ) ღონისძიებათა განხორციელება, მათი გამოვლენა და აღკვეთა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე.

აღნიშნულის საპირისპიროდ, გ. ტ–მ გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, დაამყარა კონტაქტი პირთან, ლ. წ–სთან, რომელიც საქმიანობდა სფეროში, რომლის კანონიერებაზე კონტროლიც გარკვეული მიმართულებით ტაკიძის სამსახურის რეგულირების საგანს წარმოადგენდა და დაჰპირდა, რომ დაეხმარებოდა ხე-ტყის მასალის, რომლის კანონიერად მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტაცია წ–ს ხელთ არ ჰქონდა, გ–ნ ხ–ს მიმართულებით ტრანსპორტირებაში. მოხელისათვის შეუფერებელი აღნიშნული საქციელით გ. ტ–ემ შელახა თავისი სამსახურის პრესტიჟი და ავტორიტეტი, რითაც არსებითად დააზიანა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.

1.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 ივლისის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა ადილარ წირღვავამ და მსჯავრდებულ გ. ტ–ს ადვოკატმა დ. ს–მ. პროკურორმა მოითხოვა მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ხოლო ადვოკატმა კი - გ. ტ–ს უდანაშაულოდ ცნობა.

2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 დეკემბრის განაჩენით აჭარის ა/რ-ის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის - ადილარ წირღვავასა და მსჯავრდებულ გ. ტ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის, დ. ს–მის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

2.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი 2022 წლის 14 იანვარს საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ-ის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ, რომელმაც მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, გ. ტ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და კანონით გათვალისწინებული სასჯელის განსაზღვრა.

2.3. 2022 წლის 10 თებერვალს მსჯავრდებულ გ. ტ–ს ადვოკატმა დ. ს–მ წარმოადგინა შესაგებელი პროკურორის საკასაციო საჩივარზე, რომლითაც მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.

3. კასატორის არგუმენტები:

3.1. კასატორი ითხოვს მსჯავრდებულ გ. ტ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელის განსაზღვრას. პროკურორის საკასაციო საჩივრის თანახმად, გ. ტ–ემ ლ. წ–სგან ქრთამი მოითხოვა 2020 წლის 15 ოქტომბერს, რაც დადასტურებულია, როგორც ლ. წ–ს ჩვენებით, ასევე ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერითა და შესაბამისი ცნობა-ანოტაციით (კრებსით), რომელთა თანახმადაც: 2020 წლის 15 ოქტომბერს ლ. წ–ა ქ–ში შეხვდა გ. ტ–ეს. შეხვედრისას გ. ტ–ემ უთხრა, რომ უზრუნველყოფდა გ–დან ხ–ს სახერხამდე უსაბუთო მორების გადაზიდვას, თუმცა დარჩენილი ჰქონდა ერთი დეტალი ,,გ–ს თემა“ (რაც გულისხმობდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ა–სა და გ–ს რეგიონული სამმართველოს გ–ს განყოფილების ხელმძღვანელთან აღნიშნული საკითხის შეთანხმებას), რისთვისაც პირადად უნდა შეხვედროდნენ დაახლოებით ერთ საათში, რადგან ტელეფონით აღნიშულ საკითხზე დალაპარაკება გამორიცხული იყო. გ. ტ–ს თქმით, ამისათვის საჭირო იყო ,,ტიში პიტსოტ“ (1500 ლარი). პროკურორის პოზიციით, საყურადღებოა პირველი და სააპელაციო სასამართლოების დუმილი იმაზე, რომ ლ. წ–ს სასამართლოში მიცემული ჩვენებითა და მობილურ ტელეფონზე შემავალ-გამავალი ზარების შესახებ გამოთხოვილი ინფორმაციით, ასევე ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერითა და შესაბამისი ცნობა-ანოტაციით დასტურდება, რომ გ. ტ–ე 17 ოქტომბრის დილით შემდგარი შეხვედრიდან ცოტა ხნის შემდეგ დაინტერესდა სატრანსპორტო საშუალებით, რომლითაც უნდა გადაეზიდა მორები ლ. წ–ს, რომელმაც გ. ტ–ეს მოთხოვნისამებრ მიაწოდა უსაბუთო მორების გადამზიდი მანქანის ნომერი. ცოტა ხნის შემდეგ გ. ტ–ემ ლ. წ–ს ტელეფონით უთხრა, რომ სასაქონლო ზედნადები გააქტიურებული არ იყო და იკითხა, თუ ვინ იყო მძღოლი. ლ. წ–ამ გ. ტ–ეს უპასუხა, რომ სასაქონლო ზედნადებს მოგვიანებით, წამოსვლის წინ გაააქტიურებდა, რის შემდეგაც გ. ტ–ემ ლ. წ–ს ტელეფონის მეშვეობით მიაწოდა დ. ხ–ს საბანკო ანგარიშის მონაცემები, სადაც, გ. ტ–ს თქმით, უნდა ჩარიცხულიყო 1700 ლარი, რაც ლ. წ–მ ჩარიცხა კიდეც გ. ტ–ს მიერ მითითებულ ანგარიშზე. სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით ინკრიმინირებულია მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მოთხოვნა ან/და ასეთის თაობაზე შეთავაზების მიღება, თავის ან სხვა პირის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელემ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან. პროკურორის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში გ. ტ–ემ 2020 წლის 15 ოქტომბერს მოითხოვა ფული, თავისი სიტყვებით ,,ტიში პიტსოტ“ (1500 ლარი), რა დროსაც განაცხადა, რომ არ იყო პრობლემა გ–დან ხ–ს სახერხამდე უსაბუთო მორების გადაზიდვა ანუ თავისი თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას განეხორციელებინა შესაბამისი ქმედებები ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ. 17 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ ხდებოდა ,,უსაბუთო მორების“ ტრანსპორტირება, თავი შეიკავა შესაბამისი ქმედების განხორციელებისაგან მაშინ, როდესაც სამსახურებრივად ევალებოდა, აღეკვეთა უსაბუთო მორების ტრანსპორტირება, სანაცვლოდ კი საბანკო ანგარიშზე მიიღო 1700 ლარი. ამდენად, პროკურორის პოზიციით, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა დაადგინეს არასწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია, ხოლო საქმე მოიცავს ისეთ სამართლებრივ პრობლემას, რაზეც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება და მსჯელობა ხელს შეუწყობს ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას, ასევე სასამართლო პრაქტიკის განზოგადებას.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასება:

4.1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ აჭარის ა/რ-ის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის - ვლადიმერ თურმანიძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 დეკემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

4.2. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირის მსჯავრდებას საფუძვლად უდევს უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ ერევა ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულებათა დასაშვებობასა და შეფასებაში და ადგენს ზოგადსახელმძღვანელო სტანდარტს: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას.

4.3. მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ გ. ტ–ე წარმოადგენდა მოხელეს. კვალიფიკაციის სადავო საკითხი მიემართება მსჯავრდებულის ქმედების სამართლებრივ შეფასებას, რისთვისაც უნდა გაიმიჯნოს ქრთამის აღებასა და სხვა სამოხელეო დანაშაულებს შორის არსებული განსხვავებები. ქრთამის აღების ობიექტური შემადგენლობის სავალდებული ელემენტია მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ, ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის მიღება ან მოთხოვნა, ასევე ასეთის თაობაზე შეთავაზების ან დაპირების მიღება თავის ან სხვა პირის სასარგებლოდ. ამასთან, მატერიალური ან არამატერიალური სარგებლის მიღებას ან მოთხოვნას აქვს თავისი პირობა - რომ მოხელემ (ან მასთან გათანაბრებულმა პირმა) თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის ან სხვა პირის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან. სისხლის სამართლის საქმის მასალებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ თანხა, რომელზეც საუბარია მსჯავრდებულსა და ლ. წ–ს შორის გამართულ სატელეფონო კომუნიკაციაში, ჩაირიცხა გ. ტ–ს მიერ მითითებულ ანგარიშის ნომერზე, თუმცა არა გ. ტ–ს, არამედ - მოწმე ზ. ც–სის სასარგებლოდ და წარმოადგენდა მორების გასხვისების საფასურს. სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მოწმე ზ. ც–სის ჩვენებას და არ არსებობს პროკურორის მიერ მითითებული საფუძველი მოწმის სანდოობისა და მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის უტყუარობაში ეჭვის შესატანად. მოწმე ზ. ც–მ განმარტა, რომ ლ. წ–ს მიერ, გ. ტ–ს მითითებით, ამ უკანასკნელის ახლობლის, დ. ხ–ს ანგარიშზე ჩარიცხული 1700 ლარი მისთვის გაგზავნილი თანხა იყო. იგი გ. ტ–ს დახმარებით შეუთანხმდა ლ. წ–ს სამასალე ფიცრის მიყიდვაზე და ეს თანხა სწორედ ფიცრების ღირებულებას წარმოადგენდა. მოწმე დ. ხ–ს ჩვენებით დასტურდება, რომ გ. ტ–ს თხოვნით მის საბანკო ანგარიშზე დარიცხული ფული რომ მიუტანა გ–რგის, ამ უკანასკნელმა ეს თანხა გადასცა იქვე მყოფ ც–ს და სთხოვა ,,დაპირება შეასრულე და ფიცრები გაატანე იმ კაცსო“. ამდენად, მოწმე ზ. ც–სის ჩვენება არ შეიცავს ფაქტობრივ წინააღმდეგობებს, ასევე შეესაბამება საქმეში არსებული მოწმეების ჩვენებებსა და სხვა მტკიცებულებების ერთობლიობას. ამდენად, არ დადასტურდა ბრალდების მხარის ვერსია, რომ ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა შედეგად მოპოვებულ ჩანაწერებში საუბარია ქრთამის სახით მოთხოვნილ თანხაზე. ასევე, საქმიდან არ იკვეთება რაიმე უპირატესობის, მატერიალური თუ არამატერიალური სიკეთის მოთხოვნა ან შეთავაზების მიღება გ. ტ–ს მხრიდან თავის ან სხვა პირთა სასარგებლოდ. ქრთამის აღების ობიექტურ შემადგენლობას გამორიცხავს ქრთამის მოთხოვნის, მიღების ან ასეთი შეთავაზების მიღების ფაქტის არარსებობა.

4.4. განსახილველ შემთხვევაში საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ გ. ტ–ეს თავისი ქმედებით არ მოუთხოვია ან მიუღია მატერიალური ან არამატერიალური სარგებელი, არამედ ის თავად ჰპირდებოდა ლ. წ–ს უპირატესობას - ე.წ. „უსაბუთო მორების“ გადაზიდვისას კონტროლისაგან თავის არიდებაში. შესაბამისად, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა შეაფასეს, თუ რა სახის დანაშაულს წარმოადგენს გ. ტ–ს ქმედების ის ნაწილი, რაც ლ. წ–სთვის ე.წ. „უსაბუთო მორების“ გადაზიდვაში დახმარების დაპირებას შეეხება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისას მოხელის მოქმედება სცილდება სამსახურებრივ უფლებამოსილებას. აუცილებელია, რომ დამნაშავის მოქმედება დაკავშირებული იყოს მის სამსახურებრივ მდგომარეობასთან, მისგან გამომდინარეობდეს და ჩადენილ იქნეს მოხელის სამსახურებრივი საქმიანობის პროცესში ან მასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის სამართლებრივი შეფასებისას, თუმცა მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში გ. ტ–ს ქმედებაში გამოკვეთილია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნიშნები, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლით დასჯადია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება - ე.ი. მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული დანაშაულის შემადგენლობის ობიექტური ელემენტებია: ქმედება - უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, მიზანი - თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მიღება და შედეგი - ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა. ამასთან, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისგან განსხვავდება ქმედებისა და მიზნის ელემენტებით, ხოლო შედეგი ორივე დანაშაულისათვის საერთო ინტერესის არსებით დარღვევაში ვლინდება. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისას მოხელე სცილდება მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს, ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება მდგომარეობს მოხელის მიერ საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებულ ქმედებასა თუ უმოქმედობაში. შესაბამისად, სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციის დასადგენად უნდა განისაზღვროს: მოხელე მოქმედებდა მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, თუ გასცდა აღნიშნული უფლებამოსილების ფარგლებს. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დასტურდებოდეს მოხელის მიერ საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ თავისი უფლებამოსილების გამოყენება სპეციალური მიზნით - თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მიღსაღებად..

4.5. დადგენილია, რომ „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს თანდართული ტიპური დებულების“ თანახმად, გ. ტ–ეს, როგორც ა–სა და გ–ს რეგიონული სამმართველოს თანამშრომელს, ევალებოდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილების (პრევენციულ) ღონისძიებათა განხორციელება, მათი გამოვლენა და აღკვეთა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე. ამასთან, დაკავებული თანამდებობის გათვალისწინებით, გ. ტ–ეს ასევე ეკისრებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლითა და ამავე კანონის 76-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვალდებულებები: სამსახურებრივი უფლებამოსილების საჯარო სამსახურის პრინციპებისა და საჯარო ინტერესების დაცვის საფუძველზე განხორციელება. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გ. ტ–ე ლ. წ–ს დაჰპირდა დახმარებას უსაბუთო მორების ტრანსპორტირებაში კონტროლის გვერდის ავლით ხ–ს რაიონიდან ხ–ს რაიონში მდებარე სახერხამდე, ხოლო პასუხისმგებლობას ტ–ე კისრულობდა მის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მასალით დატვირთული ავტომანქანის-კონტეინერმზიდის შესვლის მომენტიდან, რაც უშუალოდ გ. ტ–ს სამსახურებრივ უფლებამოსილებას წარმოადგენდა. ასევე დადგენილია, რომ გ. ტ–ემ გამოხატა მზადყოფნა ლ. წ–სათვის მიცემული დაპირების აღსრულებისათვის 2020 წლის 15 ოქტომბერს და დაარწმუნა წიფურია, რომ პრობლემა მოგვარებული იყო. შესაბამისად, ირკვევა, რომ გ. ტ–ს ქმედება მოიცავდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში კონტროლის განხორციელებასა და მისთვის ცნობილი შესაძლო სამართალდარღვევის შეტყობინებისაგან თავის შეკავებას. ამასთან, მსჯავრდებულის ქმედება განპირობებული იყო ლ. წ–სთვის სარგებლის მისაღებად, რათა ამ უკანასკნელს „პრობლემების გარეშე“ მოეხდინა „უსაბუთო“ მასალის გადაზიდვა გ. ტ–ს სამოქმედო ტერიტორიაზე. ამდენად, გამოკვეთილია საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშნები - ქმედება და სპეციალური მიზანი, რაც აუცილებელია ხსენებული დანაშაულის სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისაგან გასამიჯნად. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რაც უკავშირდება გ. ტ–ს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით გამოწვეულ შედეგს - სახელმწიფო ინტერესის არსებით დარღვევას, ვინაიდან მოხელის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების დადგენილი წესის შესაბამისად გამოყენება საჯარო წესრიგის ქვაკუთხედია, რომლის სახელმწიფო ინტერესის საწინააღმდეგოდ გამოყენებაც არსებითად აზიანებს როგორც საჯარო სამსახურის ავტორიტეტს, ისე წარმოშობს სამართალდარღვევის აღკვეთისა და დაუსჯელობის მნიშვნელოვან რისკებს.

4.6. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება გ. ტ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ჩადენა, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

5. სასჯელის დასაბუთება:

5.1. საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

5.2. სისხლის სამართალწარმოების სამართლიანობა ვლინდება სამართლიანი სასჯელის დაკისრებაში, სასამართლო კი შებოჭილია ვალდებულებით: მის მიერ დანიშნული სასჯელი იყოს ეფექტიანი და პროპორციული. სასჯელის პროპორციულობა გულისხმობს მის გამოყენებას მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი.

5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

5.4. სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას უნდა გაითვალისწინოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

5.5. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც, მსჯავრდებულს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვით.

5.6. რაც შეეხება დამატებითი სასჯელის სახით დანიშნულ საჯარო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ერთი წლით აღნიშნული უფლების შეზღუდვის ვადა არ შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებასა და ბრალეულობის ხარისხს. იმის გათვალისწინებით, რომ ჩადენილია სამოხელეო დანაშაული, რაც გამოიხატა გ. ტ–ს აქტიურ როლში საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავებით და რამაც გამოიწვია საჯარო სამსახურის რეპუტაციისა და ავტორიტეტის შელახვა, მიზანშეწონილი და პროპორციულია საჯარო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის უფლება მას ჩამოერთვას 2 წლით. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პერიოდში გ. ტ–ს განრიდება საჯარო სამსახურის სისტემიდან იქნება მისთვის დამაფიქრებელი და პროპორციული ღონისძიება, რაც შეესაბამება დამატებითი სასჯელის აღნიშნული სახის გამოყენების მიზნებს - სამსახურებრივი უფლებამოსილების საჯარო სამსახურის პრინციპებისა და ინტერესების დაცვის საფუძველზე განხორციელებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 303-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. აჭარის ა/რ-ის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის - ვლადიმერ თურმანიძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. გ. ტ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

4. გ. ტ–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა;

5. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის შესაბამისად, 2 (ორი) წლით ჩამოერთვას საჯარო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება;

6. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე