Facebook Twitter

საქმე N 170100119003093666

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №78აპ.-22 1 ივლისი, 2022 წელი

წ–ი ლ., №78აპ.-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ - სოსო სალთხუციშვილის

მსჯავრდებულ - ლ. წ–სის

ადვოკატ - ლ. კ–ს

მონაწილეობით ზეპირი მოსმენით განიხილა მსჯავრდებულ ლ. წ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ზ. დ–სის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 დეკემბრის განაჩენზე ლ. წ–სის მიმართ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. 2019 წლის 5 ივნისს ლ. წ–ი (პირადი ნომერი: .......) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2019 წლის 2 მაისს, დღისით, თ–ს რაიონის სოფელ ზ–ში მდებარე წ–ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ლ. წ–მა მარჯვენა გაშლილი ხელის მარცხენა ლოყაში ერთხელ დარტყმისა და მარცხენა მხარში სამჯერ დარტყმით ფიზიკურად იძალადა ც. წ–სზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.3. 2019 წლის 4 ივნისს, დაახლოებით 16:00 საათზე, თ–ს რაიონის სოფელ ზ–ში მდებარე წ–ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ლ. წ–მა მარჯვენა გაშლილი ხელის მარცხენა ლოყაში ორჯერ დარტყმისა და თმის მოქაჩვით ფიზიკურად იძალადა ც. წ–ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 ივნისის განაჩენით:

ლ. წ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (მაისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 165 საათით;

ლ. წ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 165 საათით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ლ. წ–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 165 საათით;

ლ. წ–სს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო - 2019 წლის 4 ივნისიდან 6 ივნისის ჩათვლით (3 დღე), შემდეგი გაანგარიშებით: დაკავების 1 დღე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 5 საათი (ჯამურად - 15 საათი).

2.2. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 ივნისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა. მსჯავრდებულმა ლ. წ–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ზ. დ–მა სააპელაციო საჩივრებით მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობა, ხოლო მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა მოითხოვა მსჯავრდებულისათვის სამართლიანი, კანონიერი და ადეკვატური სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 დეკემბრის განაჩენით ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2021 წლის 22 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. წ–სის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ზ. დ–სმა, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვალად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, რადგან ემყარება მხოლოდ პირადი ინტერესის მქონე მოწმეთა ჩვენებებს, რომლებსაც მსჯავრდებულის მიმართ შურისძიების მოტივი ამოძრავებდათ. შესაბამისად, სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას დაეყრდნო არასანდო მტკიცებულებებს.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოთხოვნის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ლ. წ–სის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში მსჯავრდების შესახებ.

5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენას, კერძოდ:

5.4. დაზარალებულ ც. წ–სის ჩვენებით, 2019 წლის 4 ივნისს, სკოლიდან დაბრუნების შემდეგ, ბავშვი აიყვანა დასაძინებლად, თუმცა ხმაურმა შეაწუხა. ესმოდა ლანძღვა, ლ. წ–ი ეძახდა ქურდებს, ქვაბს ეძებდა, რაზეც უპასუხა, რომ არ იცოდა, სად იყო. ლ. წ–ი „მისკენ გაქანდა“ და მარჯვენა ხელი ორჯერ დაარტყა სახეში, რის შედეგადაც განიცადა ტკივილი. ასევე, სწვდა თმაში და ამ დროსაც განიცადა ტკივილი. ამის შემდეგ დარეკა 112-ში. მომხდარს შეესწრო დედა - ნ. წ–იი.

5.5. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ც. წ–მა აღიდგინა ვითარება, კერძოდ, თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ზ–ში მიუთითა სახლის გარე კიბეზე, რომლითაც 2019 წლის 4 ივნისს, ხმაურისას, ჩავიდა პირველ სართულზე. მანვე უჩვენა ადგილი, სადაც ლ. წ–მა დააგდო ქვაბი, ასევე, კარი, საიდანაც გავიდა იგი და ეჩხუბებოდა ქვაბთან დაკავშირებით. აგრეთვე, უჩვენა ადგილი, სადაც ლ. წ–სმა ორჯერ დაარტყა სახეში და მოქაჩა თმა.

5.6. სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 17 ივნისის სამედიცინო ესპერტიზის №............ დასკვნით დადგენილია, რომ ც. წ–ს სხეულზე გარეგნულად ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნება. ც. წ–სი უჩივის ტკივილს ყვრიმალის არეში. ექსპერტმა გ. ო–მა დაადასტურა დასკვნა და განმარტა, რომ დარტყმის შედეგად დაზიანება ყოველთვის არ რჩება. დაზარალებული უჩიოდა მარცხენა ყვრიმალის ტკივილს.

5.7. მოწმე ნ. წ–იის ჩვენებით, ც–ს მეუღლის დაჭერის შემდეგ ორი კვირით ავიდა დასახმარებლად შვილთან, ზ–ში. ლ–ი გახდა აგრესიული, ვერ იტანდა, რომ ის იქ იყო. შუადღისას, როცა ც. დაბრუნდა სახლში, ბავშვი აიყვანა დასაძინებლად. ამ დროს გარეთ ატყდა ხმაური. გარეთ გასვლისას ქვაბი მოხვდა ფეხებში - ლ–მ ისროლა, თან უთხრა, თუ როდემდე უნდა ყოფილიყო იქ. ც. რომ ჩავიდა პირველ სართულზე, ლ–ი ისეთი აგრესიული იყო, თმა მოქაჩა. ასევე, ხელი დაარტყა ერთხელ სახეში, ასევე ერთხელ - მხარში.

5.8. დაზარალებულ ც. წ–სის ჩვენებით, 2019 წლის 30 აპრილს გარდაიცვალა დედამთილი. 2 მაისს სოფელში ავიდნენ მისი ქალიშვილები და მიიტანეს სურათი. ეს რომ დაინახა ბრალდებულმა, ხელი გამოჰკრა და სურათი გადააგდო, რომელიც ძირს დავარდა და გატყდა. ამის შემდეგ გვირგვინიც გადააგდო. მან უთხრა, თუ რას შვრებოდა. შემდეგ მოულოდნელად ლ. წ–მა მას სახეში გაარტყა და მარჯვენა მხარზე სამჯერ დაარტყა ხელი, რის გამოც განიცადა ტკივილი. შვილის მეგობარიც იქ იყო. შვილმა ხელი მოჰკიდა და გაიყვანა.

5.9. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ც. წ–სმა აღიდგინა ვითარება, კერძოდ, თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ზ–ში უჩვენა სახლის მეორე სართულზე პირველივე ოთახი, სადაც 2019 წლის 2 მაისს, მასა და ლ. წ–სს შორის მოხდა კონფლიქტი და ამ უკანასკნელმა, მისი შვილების თანდასწრებით, მარჯვენა ხელი ერთხელ დაარტყა მარცხენა ლოყაში და სამჯერ - მხარში.

5.10. მოწმე მ. წ-მა დაადასტურა ც. წ–სის ჩვენება და განმარტა, რომ ლ. წ–სმა დედას ერთხელ დაარტყა ლოყის არეში, მარჯვნივ. ძალადობა მოხდა იმ ოთახში, სადაც მიცვალებული ესვენა, მეორე სართულზე. ოთახი განათებული იყო და ახლოს ისხდნენ. ერთი დარტყმა ახსოვს მხარში, სხვა დარტყმას ვერ იხსენებს. ლ. წ–სისგან ბევრი კარგი ახსოვს ბავშვობიდან და მის მიმართ სიძულვილით არ არის განწყობილი.

5.11. მოწმე ე. წ-ის ჩვენებით, პირველ ან 2 მაისს ავიდნენ სოფელში. ლ. წ–სმა გატეხა მათი მიტანილი ბებიის სურათი და ყვავილებიც ძირს დაყარა. ამ დროს მივარდა დედამისს, ხელი გაარტყა სახეში და მხარშიც რამდენჯერმე დაარტყა. ოთახში იყვნენ თვითონ, დედამისი, ლ–ი, მისი და და დის მეგობარი/კლასელი - თ. ბ–ი. ოთახში შუქი ენთო. კარგად დაინახა ძალადობა. ლ–ს მიმართ ცუდი დამოკიდებულება არ აქვს.

5.12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით: მოწმეების - ც. წ–სის, ნ. წ–ს, მ. წ–ს, ე. წ–ს ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტის ჩვენებით უტყუარად დასტურდება 2019 წლის 2 მაისსა და 2019 წლის 4 ივნისს ლ. წ–ის მიერ ც. წ–ის ცემისა და მის მიმართ სხვაგვარი ძალადობის ჩადენის ფაქტები.

5.13. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეთა ჩვენებები სრულად, თანმიმდევრულად და დამაჯერებლად აღწერს განვითარებულ მოვლენებს, არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას. ამდენად, საფუძველს მოკლებულია დაცვის მხარის პოზიცია მოწმეთა ჩვენებების არასანდოობის, მოწმეთა მიკერძოებისა და საქმის შედეგისადმი პირადი დაინტერესების შესახებ. სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს მოწმეთა რაიმე ინტერესზე. მათ მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია აკმაყოფილებს მტკიცებულების შეფასების ყველა სტანდარტს და თანხვდენილია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს მოწმეების - მ. წ–სა და ე. წ–ს ჩვენებების იმ ნაწილს, სადაც განმარტავენ, რომ ლ. წ–ს მიმართ ცუდი დამოკიდებულება არ აქვთ და სიძულვილით არ არიან განწყობილი. მსჯავრდებულის მიმართ მოწმეთა ამგვარი დამოკიდებულება არ ქმნის საკმარის საფუძველს დასკვნისთვის, რომ ისინი დაინტერესებული არიან, მის წინააღმდეგ მისცენ ჩვენება.

5.14. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაცვის მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

5.15. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ლ. წ–სს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ლ. წ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ზ. დ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

2. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე