Facebook Twitter

საქმე N 330100119003314041

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №437აპ-22 8 ივლისი, 2022 წელი

ა–ი ი. №437აპ-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაქარ შიოშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ი. ა–ი (პირადი ნომერი: .......) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, ესე იგი სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2019 წლის აგვისტოდან ამავე წლის ოქტომბრის ჩათვლით, საღამოს საათებში, თ–ში, სოფელ ფ–ში, .........ის ქუჩა №..-ში, ალკოჰოლით მთვრალი ი. ა–ი თავის დედას - მ. ა–ს, უსაფუძვლო მოტივით, არასრულწლოვანი დის - ნ. ა–ს თანდასწრებით, სისტემატურად ცემდა და ძალადობდა, კერძოდ: გაშლილ ხელებს სახისა და თავის არეში ურტყამდა და სიტყვიერად შეურაცხყოფდა მას, რის გამოც დაზარალებული განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილსა და ფსიქიკურ ტანჯვას.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით:

- ი. ა–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლ ნაწილზე;

- ი. ა–იი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე კი გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

- ი. ა–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე დაევალა ალკოჰოლიზმის მკურნალობის კურსის გავლა. ასევე, ვინაიდან მსჯავრდებული ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირია, დაევალა ძალადობრივი დამოკიდებულებებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 ოქტომბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბაქარ შიოშვილმა, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და ი. ა–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 11 მარტის განაჩენით თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაქარ შიოშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი 2022 წლის 7 აპრილს საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბაქარ შიოშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, ი. ა–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა და უფრო მკაცრი, სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

3.3. 2022 წლის 13 აპრილს მსჯავრდებულ ი. ა–ის ადვოკატმა მ. კ–მ წარმოადგინა შესაგებელი პროკურორის საკასაციო საჩივარზე, რომლითაც მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. პროკურორის საკასაციო საჩივრის თანახმად, პირველი და მეორე ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილებები არის უკანონო და არ გამომდინარეობს ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან, კერძოდ: ის ფაქტი, რომ დაზარალებულმა მ. ა–მ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება თავისი ახლო ნათესავის წინააღმდეგ, არ უნდა აღმოჩნდეს ბრალდებულის გამართლების საფუძველი, რადგან საქმეში მოიპოვება მტკიცებულებები ბრალდებულის დეიდისა და დის ჩვენებების სახით, რაც საკმარისი იყო გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. პროკურორი მიუთითებს საკასაციო სასამართლოს პრაქტიკას და აღნიშნავს, რომ დაზარალებულის ქცევა, როდესაც ის უარს აცხადებს ჩვენების მიცემაზე, უკვე მიანიშნებს იმაზე, რომ იგი ნამდვილად არის ძალადობის მსხვერპლი. მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი ნ. ა–სა და თ. ა–ს გამოკითხვის ოქმებიდან დასტურდება, რომ არასრულწლოვანი ნ. ა–ა ესწრებოდა ი. ა–იის მხრიდან დედის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს. ამდენად, პროკურორს მიაჩნია, რომ პირველი და მეორე ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება მსგავს საქმეებზე უზენაესი სასამართლოს მხრიდან ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებებით დამკვიდრებულ პრაქტიკას, რის გამოც საკასაციო საჩივარი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასება:

5.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად: „საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც, კასატორის აზრით, უკანონოა. განაჩენი უკანონოა, თუ: არსებითად დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რაც არ გამოუვლენია პირველი ინსტანციის ან სააპელაციო სასამართლოს ან რაც მან დაუშვა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს“.

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად: „საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია“.

5.3. პროკურორმა საკასაციო საჩივარში წარმოადგინა არსებითად იმავე სახის არგუმენტაცია, რასაც სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც მიიჩნია, რომ არ არსებობდა ი. ა–ის ქმედებაში დამამძიმებელი გარემოების - არასრულწლოვნის თანდასწრებით სისტემატური ძალადობის ჩადენის დასადგენად საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა.

5.4. ბრალდების მხარე ი. ა–ის მიერ ჩადენილი სისტემატური ძალადობის ფაქტებზე არასრულწლოვანი დის - ნ. ა–ს თანდასწრებას ასაბუთებს უდავოდ მიჩნეული მოწმეების გამოკითხვების ოქმებში გადმოცემულ ინფორმაციებზე დაყრდნობით. საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა სათანადოდ შეაფასეს ზემოაღნიშნული გამოკითხვის ოქმები და მიიჩნიეს, რომ მათი შინაარსი არ შეიცავს სისტემატური ძალადობის არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენის დასადასტურებლად საჭირო და საკმარის ინფორმაციას, კერძოდ: არასრულწლოვანი მოწმის - ნ. ა–ს გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ მისი ძმა, ი. ა–ი ბოლო სამი თვის განმავლობაში მართლა სცემდა მის დედას, მ. ა–ს სისტემატურად, ეს ხდებოდა მათ სახლში, სხვა არაფრის თქმა არ შეუძლია. მოწმის - თ. ა–ს გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ მისი და დიდხანს ფიქრობდა, თუმცა რადგან მისი ცხოვრება გაუსაძლისი გახდა, გადაწყვიტა მიემართა პოლიციისათვის, აღნიშნულ ფაქტს კი, რამდენადაც ახსოვს, შეესწრო მისი დის, მ–ს ქალიშვილიც - ნ. ა–ა. ამდენად, მოწმე ნ. ა–ას გამოკითხვის ოქმი არ შეიცავს ზუსტ ინფორმაციას - იგი უშუალოდ ესწრებოდა სისტემატური ძალადობის ფაქტებს თუ გადმოცემით იცის ამის შესახებ. მოწმე თ. ა–ა კი ადასტურებს მ. ა–ს მიერ პოლიციისათვის შეტყობინების ფაქტზე დისშვილის - ნ. ა–ს დასწრებას.

5.5. რაც შეეხება პროკურორის განმარტებას დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის ბრალდებულის საწინააღმდეგო გარემოებად შეფასებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან პროკურორის მიერ მითითებული უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა შეეხება დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის ფაქტის ბრალდებულის სასარგებლოდ გამოყენების საკითხს, სადაც განმარტებულია, თუ რატომ არ უნდა შეფასდეს დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა ბრალდებულის გამამართლებელ მტკიცებულებად. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ჩვენება არის პირის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია, ხოლო გამოკითხვის ოქმს, თუ ის არ დადასტურდა სასამართლოში საქმის განხილვისას, არ გააჩნია მტკიცებულებითი ძალა როგორც ბრალდების უარსაყოფად, ისე ბრალეულობის სამტკიცებლად. დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, თავისთავად, არ ნიშნავს ფაქტების უარყოფას, თუმცა არ გამოდგება არც ბრალეულობის სამტკიცებლად. გარდა ამისა, ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის საპროცესო უფლება გამომდინარეობს ბრალდებულის თვითინკრიმინაციისაგან დაცვის უფლების არსიდან, შესაბამისად, ჩვენების მიცემაზე უარის თქმის ფაქტის ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება შეუთავსებელია სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან.

5.6 სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაბუთება არ შეიცავს მითითებას სასამართლოთა მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას საპროცესო კანონის არსებითი ხასიათის დარღვევის შესახებ. განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის. ამდენად, საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაქარ შიოშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე