საქმე N 010100121004622845
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე№478აპ-22 15 ივლისი, 2022 წელი
ბ–ე ს., №478აპ-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 თებერვლის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ს. ბ–ე (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის აპრილის დასაწყისში, ქალაქ ბ–ში, წ–ს ქუჩა N...-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ს. ბ–მ თმის მოქაჩვით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის ოჯახის წევრს, წინასწარი შეცნობით მძინარე მეუღლეს - ს. ბ–ს, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
2020 წლის 1 აგვისტოს, საღამოს საათებში, ქალაქ ბ–ში, ....–ს ქ. N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ს. ბ–ემ თმის მოქაჩვით, თავის არეში მუშტის რამდენჯერმე დარტყმით, ასევე მხრებსა და ფეხებზე ხელების მოჭერით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის ოჯახის წევრს, მეუღლეს - ს. ბ–ს, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
2020 წლის 18 ნოემბერს, დილის საათებში, ქალაქ ბ–ში, .....ის N...-ში მდებარე დროებით საცხოვრებელ ბინა N....-ში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ს. ბ–ემ მხრებზე ხელების მოჭერით და კედელზე მინარცხებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის ოჯახის წევრს, მეუღლეს - ს. ბ–ს, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით ბრალდებული ს. ბ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა.
2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა, რომელმაც მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ს. ბ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ( ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზომის გამოყენება.
2.3. გამართლებულ ს. ბ–ს ადვოკატმა მ. პ–მ შესაგებლით მოითხოვა პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 ოქტომბრის განაჩენის ძალაში დატოვება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 23 თებერვლის განაჩენით ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 ოქტომბრის განაჩენი ს. ბ–ს მიმართ დარჩა უცვლელად.
3.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი 2022 წლის 23 თებერვალს საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა, რომელმაც მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ს. ბ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზომის გამოყენება.
3.3. გამართლებულ ს. ბ–ს ადვოკატმა მ. პ–მ შესაგებლით მოითხოვა პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 23 თებერვლის განაჩენის ძალაში დატოვება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. პროკურორის საკასაციო საჩივრის თანახმად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ და უდავოდ ცნობილ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია ს. ბ–ს მიერ დანაშაულების ჩადენა, კერძოდ: დაზარალებულმა სასამართლოში დაკითხვისას სრულად დაადასტურა ფაქტობრივი გარემოებები და ბრალდების დადგენილებაში მითითებული დანაშაულის როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური მხარის თითოეული ნიშანი. გარდა აღნიშნულისა, დაზარალებულის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში დადგენილია, რომ: „პირადი შემოწმების მონაცემებით, ს. ბ–ს აღენიშნება სისხლნაჟღენთი მარცხენა მხრის არეში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.“ აღნიშნული დაზიანებები განვითარებული იყო ოჯახური ძალადობის შედეგად, რაც შესამოწმებელმა დაზარალებულმა დაადასტურა კვლევის მიმდინარეობისას ექსპერტის წინაშე. მხარეთა შორის კონფლიქტის არსებობა სასამართლოში დაადასტურეს მოწმეებმა: ა. ც–მ და თ. ც–მ. პოლიციის თანამშრომლებმა: თ. შ–მ, ც. დ–მ, ი. თ–მ, ლ. რ–მ, ი. ი–მ, რ. ს–მ და მ. შ–მ როგორც ირიბმა მოწმეებმა. მათ დაადასტურეს დაზარალებულისაგან მიღებული ინფორმაცია - რომ იგი დაექვემდებარა ბრალდებულის მხრიდან ფიზიკურ ანგარიშსწორებას. ამდენად, გამამართლებელი განაჩენის დადგენისას სააპელაციო სასამართლომ არსებითად დაარღვია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259–ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები იმის თაობაზე, რომ სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს დასაბუთებული და გამომდინარეობდეს საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, რომლებიც საქმის სასამართლო განხილვის დროს იყო გამოკვლეული. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ უარყო ასეთი მტკიცებულებებით დამაჯერებლად დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად არასწორად შეაფასა ისინი, რის გამოც სასამართლოს მიერ განაჩენში განვითარებული მსჯელობა და გამოტანილი დასკვნა ს. ბ–ს უდანაშაულობის თაობაზე სრულიად არ შეესაბამება აღნიშნული მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების ობიექტურ ანალიზსა და შეფასებას, რამაც არსებითი გავლენა მოახდინა საქმის შედეგზე.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასება:
5.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად: „საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც, კასატორის აზრით, უკანონოა. განაჩენი უკანონოა, თუ: არსებითად დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რაც არ გამოუვლენია პირველი ინსტანციის ან სააპელაციო სასამართლოს ან რაც მან დაუშვა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს“.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად: „საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია“.
5.3. პროკურორმა საკასაციო საჩივარში წარმოადგინა არსებითად იმავე სახის არგუმენტაცია, რასაც სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც მიიჩნია, რომ არ არსებობდა ს. ბ–ს დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. სააპელაციო და პირველი ინსტანციის სასამართლოებმა შეისწავლეს საქმეში არსებულ მტკიცებულებები და დარწმუნდნენ, რომ 2020 წლის აპრილის და 1 აგვისტოს ძალადობის ფაქტებზე საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ ერთი მტკიცებულება - დაზარალებულ ს. ბ–ს ჩვენება, ხოლო არცერთი სხვა მტკიცებულება არ უკავშირდება და არ შეიცავს აღნიშნული ძალადობების დადგენისათვის რელევანტურ ინფორმაციას.
5.4. რაც შეეხება 2020 წლის 18 ნოემბრის ძალადობის ფაქტს, ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს დაზარალებულის ჩვენება, მოწმე თ. შ–ს ჩვენება, ექსპერტ მ. მ–ს ჩვენება და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლებიც თავისი არსით პირდაპირი მტკიცებულებებია, თუმცა სასამართლომ გამორიცხა მათი სარწმუნოობა და საკმარისობა საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, რადგან შეიცავს წინააღმდეგობებს და მათში გადმოცემული ინფორმაციები უტყუარად ვერ ადასტურებს დანაშაულის შემადგენლობის დასადგენად აუცილებელ ელემენტებს.
5.5. მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ს. ბ–მ, 2020 წლის 18 ნოემბერს ბ–ში, ......ის N...-ში ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით განმარტა: „ს. ბ–მ დარეკა 112-ში ყოფილი მეუღლე ძალადობს ჩემზეო და მოსთხოვა მოსულიყვნენ ადგილზე. პოლიციის მოსვლამდე მცემა, ხან ერთ კედელზე მიმანარცხა ხან - მეორეზე, ხან თმებში ჩამაფრინდა, ხან ლოგინზე მომიქნია, ამის შედეგად მომადგა სილურჯეები და დაზიანებები. შემდეგ ამბობდა, რომ ჩემით ავხტი ლოგინზე“. დაზარალებულმა განმარტა, რომ მიღებულ დაზიანებებთან დაკავშირებით იმავე დღეს ვერ გამოცხადდა ექსპერტიზაზე, რადგან აგვარებდა საკითხებს სოციალურ სამსახურში, ხოლო როდესაც დაუკავშირდნენ, მივიდა ექსპერტიზაზე.
5.6. მოწმე თ. შ–მ დაადასტურა, რომ მან გამოსცა 2020 წლის 18 ნოემბერს შემაკავებელი ორდერები როგორც ს. ბ–ს, ისე ს. ბ–ს მიმართ, ასევე გამოიტანა დადგენილება ს. ბ–ს მიმართ სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. მოწმემ განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე მისვლისას მან ვერ შეამჩნია ს. ბ–ს სხეულზე დაზიანებების არსებობა, ასევე, როგორც ახსოვს, არც ს. ბ–ს აქვს ასახული გამოკითხვის ოქმში მიღებული დაზიანებების შესახებ, ხოლო დაზიანება რომ ყოფილიყო, დათვალიერებას ჩაატარებდა და ექსპერტს ადგილზე მოიწვევდა. ადვოკატის მიერ დასმულ კითხვაზე: „ანუ შესაბამისი დაზიანებები არ ჰქონია იმ დღეს?“ მოწმემ უპასუხა: „კი ბატონო“. რაც შეეხება ექსპერტიზის 7 დღის დაგვიანებით ჩატარებას, მოწმის განმარტებით დადგენილება იმავე დღეს გამოიცა, თუმცა ს. ბ–მ ვერც იმავე დღეს და ვერც შემდგომ დაკავშირებისას ვერ მოახერხა გამოცხადება.
5.7. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N........ დასკვნის ანალიზის თანახმად ს. ბ–ე ექსპერტიზაზე გამოცხადდა 2020 წლის 25 ნოემბერს (ბრალად წარდგენილი ბოლო ფაქტიდან 7 დღის შემდეგ). მას აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები მარცხენა წინა მხრის არეში, რაც მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ანალოგიური დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ. მ–მა.
5.8. თავად ს. ბ–ემ სრულად უარყო ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა ს. ბ–ს მიმართ.
5.9. საკასაციო სასამართლომ თავის პრეცედენტულ გადაწყვეტილებებში შემთხვევით არ მიუთითა ექსპერტიზის დასკვნის მნიშვნელობაზე ოჯახური დანაშაულების საქმეებში, რადგან სწორედ ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგენს მაღალი დამაჯერებლობისა და სიზუსტის მატარებელ მტკიცებულებას 2020 წლის 18 ნოემბრის ძალადობის ფაქტთან დაზიანების კავშირის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, შემთხვევის ფაქტიდან 7 დღის შემდეგ ექსპერტმა დაზარალებულის პირადი გასინჯვისას აღმოაჩინა ერთი დაზიანება, რომელიც ექსპერტის შეფასებით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. დაზარალებულის ჩვენებას თუ გავითვალისწინებთ, მან შემთხვევის დღეს ს. ბ–ს მიერ ცემის შედეგად მიიღო მრავალი დაზიანება, თუმცა არცერთი მათგანი არ დასტურდება შემთხვევის დროინდელი ინფორმაციით დაზიანების ლოკალიზაციის და ხასიათის შესახებ. შემთხვევის დღეს, ფაქტიდან მოკლე დროში ადგილზე გამოცხადებულმა მოწმე თ. შ–მ არ დაადასტურა დაზარალებულის სხეულზე დაზიანების არსებობა და განმარტა, რომ დაზიანებების შესახებ არ განუცხადებია არც თავად დაზარალებულს, ხოლო ს. ბ–ე ექსპერტიზაზე გამოცხადდა 25 ნოემბერს. შესაბამისად, დაზიანებების შემთხვევის დროს არსებობის ფაქტის უტყუარად დაუდგენლობის გათვალისწინებით, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, სასამართლო-სამედიცინო დასკვნის შედეგით იმსჯელოს 25 ნოემბერს აღმოჩენილი დაზიანება, ნამდვილად ის დაზიანებაა თუ არა, რასაც ბრალდების მხარე ედავება ს. ბ–ეს. როდესაც შემთხვევიდან მოკლე დროში გამოცხადებული მოწმე თ. შ–ე უარყოფს დაზარალებულის სხეულზე დაზიანებების არსებობას, იმ დროს არსებული დაზიანებების მორფოლოგიური სურათი არსად არის ასახული, ხოლო თავად დაზარალებული დაგვიანებით ცხადდება ექსპერტიზაზე, ექსპერტის მიერ დადგენილი დაზიანების ხანდაზმულობის შემთხვევის თარიღთან შესაბამისობა არასაკმარისია იმის უტყუარად დასადგენად, ეს დაზიანება დაზარალებულმა შემთხვევის დღეს უშუალოდ ინციდენტის დროს მიიღო თუ სხვა დაუდგენელ გარემოებებში. ამდენად, ბრალდებულის ქმედებასთან დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანების დასაკავშირებლად, საჭიროა, არსებობდეს ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულება ერთობლიობა, რაც გამორიცხავს ყოველგვარ ეჭვს პირის უდანაშაულობის შესახებ. პროკურორის განმარტებით დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებების მიყენება ბრალდების დადგენილებაში მითითებულ გარემოებებში დასტურდება დაზარალებულ ს. ბ–ს ჩვენებით, თუმცა საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც არ არის გამყარებული სხვა, პირდაპირი მტკიცებულებით (მოცემულ შემთხვევაში ექსპერტიზის დასკვნით), საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.
5.10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით: „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
5.11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირის მსჯავრდებას საფუძვლად უდევს უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ ერევა ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულებათა დასაშვებობასა და შეფასებაში და ადგენს ზოგადსახელმძღვანელო სტანდარტს: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას. ამასთან, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები აქარწყლებენ გონივრულ ეჭვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რაც ვლინდება დანაშაულის შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.12. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაბუთება არ შეიცავს მითითებას სასამართლოთა მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას საპროცესო კანონის არსებითი ხასიათის დარღვევის შესახებ. განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის. ამდენად, საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე