საქმე N190100120004039594
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №362აპ.-22 1 ივლისი, 2022 წელი
გ–ი რ., №362აპ.-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 თებერვლის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. რ. გ–ი (პირადი ნომერი: ........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2020 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ.რ–ში, მე-.. მიკრორაიონის N.. კორპუსის მე-.. სადარბაზოში, რ. გ–მ ყოფილ მეუღლეს, ე. ტ–მას, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, იმის გამო, რომ მას მიიჩნევდა საკუთრებად, რომელსაც არ ჰქონდა უფლება, დამოუკიდებლად მიეღო გადაწყვეტილებები პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ქუჩაში გადაადგილებულიყო ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მიზეზით და მისი დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ განეცხადებინა პოლიციაში, მოქაჩა თმა და ყელისა და მარცხენა მკლავის არეში ძლიერად მოუჭირა ხელები. რ. გ–ის ძალადობრივი ქმედებებით ე. ტ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. 2020 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ.რ–ში, მე-.. მიკრორაიონის N.. კორპუსის მე-.. სადარბაზოში, რ. გ–მ ყოფილ მეუღლეს, ე. ტ–ს, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, იმის გამო, რომ მას მიიჩნევდა საკუთრებად, რომელსაც არ ჰქონდა უფლება, დამოუკიდებლად მიეღო გადაწყვეტილებები პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ქუჩაში გადაადგილებულიყო მისი ნებართვის გარეშე, უთხრა, რომ ყელს გამოჭრიდა, რა დროსაც ე. ტ–ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 დეკემბრის განაჩენით რ. გ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 დეკემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და რ. გ–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში დამნაშავედ ცნობა.
2.3. გამართლებულ რ. გ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ბ–მ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში წარადგინა შესაგებელი, რომლითაც დაცვის მხარემ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 თებერვლის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2022 წლის 21 მარტს რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილემ - ზურაბ კოჭლამაზაშვილმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 თებერვლის განაჩენის გაუქმება და რ. გ–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში დამნაშავედ ცნობა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებს რ. გ–ს ბრალეულობას. სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, კერძოდ: მოცემულ საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ე. ტ–მას განცხადება იმის შესახებ, რომ ყოფილმა მეუღლემ რ. გ–მ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. გამოძიებაში ჩვენების მიცემისას ე. ტ–მამ განმარტა, რომ მას რ. გ–მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტკივილი და უთხრა ისეთი სიტყვები, რისიც შეეშინდა და იფიქრა, რომ მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდა. აღნიშნული გარემოებები გადმოეცემულია შემაკავებელ ორდერშიც. მოწმე გ. ხ–მ კი დაადასტურა, რომ მან შემაკავებელ ორდერში დააფიქსირა ე. ტ–მასგან მიღებული ინფორმაცია. მოწმე რ. ტ–მ განმარტა, რომ 2020 წლის 15 სექტემბერს მასთან მივიდა აღელვებული და შეშინებული ე. ტ–მა და უთხრა, რომ სახლთან დახვდა ყოფილი მეუღლე, რომელიც შეჰყვა სადარბაზოში და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ამასთან, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და მოწმე გ. ო–ს ჩვენებით დადასტურდა, რომ ე. ტ–მას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანება. ექსპერტმა ასევე განმარტა, რომ გამოკვლევისას მას ე. ტ–მ უთხრა, რომ ყოფილმა მეუღლემ სადარბაზოში ყოფნისას ყელზე მოუჭირა ხელი და მოქაჩა თმა, ასევე ხელი მოუჭირა მარცხენა ზედა კიდურზე.
4.2. კასატორი ასევე განმარტავს, რომ სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა რ. გ–ისა და დაცვის მხარის მოწმეების ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები, რადგან როგორც აღნიშნულმა მოწმეებმა განმარტეს, ისინი რ. გ–სა და ე. ტ–მას სადარბაზოში არ შეჰყოლიან, შესაბამისად, მათი განმარტება, რომ რ. გ–ს დანაშაული არ ჩაუდენია, მოკლებულია დამაჯერებლობას, ვინაიდან მას ბრალი ედება დანაშაულის სადარბაზოში ჩადენაში და არა - ეზოში, სადაც დაცვის მხარის მოწმეები იდგნენ.
4.3. გამართლებულ რ. გ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ბ–მ წარადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას რ. გ–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბარალდებებში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:
5.3. დაზარალებულმა ე. ტ–მ უარი განაცხადა ახლო ნათესავის - მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. რ. გ–მ კი წარდგენილ ბრალდებებში თავი არ ცნო დამნაშავედ. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია, ხოლო დაზარალებულმა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე უარი განაცხადა რ. გ–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
5.4. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ე. ტ–მას განცხადება იმის შესახებ, რომ ყოფილმა მეუღლემ - რ. გ–მ მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ 2020 წლის 15 სექტემბრის N..... შემაკავებელი ორდერითა და მასზე თანდართული ოქმით დგინდება, რომ რ. გ–მ ე. ტ–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, თუმცა ფიზიკური ძალადობის შესახებ მითითებული არ არის, მხოლოდ ოქმის მე-15 პუნქტშია აღნიშნული, რომ „15 სექტემბერს მოუჭირა ხელები ყელის არეში“, მაგრამ თმის მოქაჩვისა და ზედა კიდურზე ხელის მოჭერის შესახებ არაფერია ნათქვამი.
5.5. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 8 ოქტომბრის ექსპერტიზის №........ დასკვნაზე, რომლის თანახმად, პირადი გასინჯვის მონაცემებით, ე. ტ–ას აღენიშნება ნაჭდევი მარცხენა წინა მხრის ზემო მესამედის წინა ზედაპირზე, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. ამასთან, ექსპერტმა გ. ო–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ე. ტ–მა ექსპერტიზაზე წარდგენილი იყო პირადად, რა დროსაც შესამოწმებელმა პირმა განუცხადა, რომ 2020 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ.რ–ში, თავისი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, მას ყოფილმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ყელის არეში მოუჭირა ხელი, მოქაჩა თმა და მარცხენა ზედა კიდურში მოუჭირა ხელი, თუმცა აღსანიშნავია, რომ ექსპერტს არ უთქვამს და არც დასკვნაშია მითითებული, რომ ე. ტ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
5.6. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს მოწმე ზ. ა–ს ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ 2020 წლის 15 სექტემბერს განყოფილებაში შევიდა ე. ტ–ს განცხადება იმის შესახებ, რომ მასზე სიტყვიერად და ფიზიკურად ძალადობდა და ემუქრებოდა ყოფილი მეუღლე, რ. გ–ი. აღნიშნულზე დაიწყო გამოძიება და გამოიკითხა ე. ტ–მა, რომელმაც განმარტა, რომ ეშინოდა მუქარის, რადგან რ. გ–ი სახლში ინახავდა იარაღს, თუმცა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ ამოუღიათ. ე. ტ–ს მიერ განყოფილებისთვის განცხადებით მიმართვა და აღნიშნულის საფუძველზე გამოძიების დაწყება დაადასტურა მოწმე ი. ზ–მა, რომელმაც ასევე განმარტა, რომ ე. ტ–მა იყო ძალიან აღელვებული და შეშინებული, ეშინოდა მუქარის შესრულების და ითხოვდა დაცვას.
5.7. მოწმე რ. ტ–მ განმარტა, რომ დაზარალებული ე. ტ–ა არის მისი შვილი, რომელიც 2020 წლის 15 სექტემბერს მასთან მივიდა ნამტირალევი და უამბო, რომ რ. გ–ი ახრჩობდა მეორე სართულზე, თუმცა რაიმე კვალი ან ნიშანი არ ეტყობოდა, იყო მხოლოდ ნამტირალევი. მოწმეებმა - ო. ტ–მა და მ. ყ–მა კი აღნიშნეს, რომ 2020 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, რ. გ–სთან ერთად იდგნენ საცხოვრებელი სახლის ეზოში, რა დროსაც მაღაზიიდან გამოვიდა ე. ტ–მა, რის შემდეგაც ე–ს და რ. გ–ს მოუვიდათ სიტყვიერი შელაპარაკება, თუმცა იგი ფიზიკურ ძალადობაში არ გადაზრდილა. შემთხვევის დღეს რ. გ–ი ე. ტ–ს სადარბაზოში არ შეჰყოლია.
5.8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).
5.9. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
5.10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეების - ზ. ა–სა და ი. ზ–ს ჩვენებები იმ ნაწილში, სადაც მათ მიუთითეს ე. ტ–ს მიერ მათთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომ რ. გ–მ ფიზიკურად იძალადა მასზე და დაემუქრა, არის ირიბი. ასევე ირიბია მოწმე რ. ტ–მას ჩვენება. გამომძიებელ ვ. ნ–ს ჩვენებით კი დადგინდა მხოლოდ ის ფაქტი, რომ 2020 წლის 15 სექტემბერს, ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, მიიღო ოპერატიული ინფორმაცია რ. გ–ის ადგილსამყოფლის შესახებ. მართალია, მოწმე რ. ტ–ს ჩვენება იმ ნაწილში, რომ ე. ტ–მა იყო ნამტირალევი, არ წარმოადგენს ირიბს, მაგრამ არ არის საკმარისი ფიზიკური ძალადობისა და შედეგად - ტკივილის განცდის დასადასტურებლად.
5.11. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ, მართალია, როგორც დაზარალებულის განცხადებაში, ასევე შემაკავებელ ორდერში მითითებულია, რომ რ. გ–ი დაემუქრა ე. ტ–მას, კერძოდ, მითითებულია შემდეგი: „მოძალადე ემუქრება სიცოცხლის მოსპობით ყოველი შეხვედრის დროს“, „მოძალადე რამდენჯერმე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, დანის გულის და ყელის არეში დარტყმით“, „ვინაიდან რამდენჯერმე დაემუქრა დანის დარტყმით, ფიქრობს, რომ მართლაც გააკეთებს“, თუმცა მხოლოდ აღნიშნული არ არის საკმარისი იმის დასადასტურებლად, ნამდვილად დაემუქრა თუ არა რ. გ–ი ე. ტ–ს სიცოცხლის მოსპობით და გაუჩნდა თუ არა მას მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის - დაზარალებულის ოჯახის წევრების ჩვენებებით, არ დადასტურდა სხვადასხვა დროს დანის გულის და ყელის არეში დარტყმის მუქარა.
5.12. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მისთვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორე მოწმემ სასამართლოში არ დაადასტურა.
5.13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, ცალკე აღებული, განცხადებასა და შემაკავებელ ორდერში მითითებული ინფორმაცია, სხვა დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს დანაშაულის ჩადენის ფაქტის დასადასტურებლად და არ გააჩნია მტკიცებულებითი ღირებულება. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული წერილობითი მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.
5.14. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება რ. გ–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.15. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.17. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.18. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე