საქმე N 120100121005327950
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №512-აპ.-22 28 ივლისი, 2022 წელი
გ. გ–ი, 512აპ.-22 ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამუნა მურჯიკნელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
1.1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 იანვრის განაჩენით გ. გ–ი (პირადი ნომერი: .......) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
1.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2021 წლის 10 ნოემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. ა–ში, რ–ს ქ. N....-ში მდებარე ა–ს რეფერალურ ჰოსპიტალში, გ. გ–მ ურთიერთშელაპარაკებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ. ლ–ს, კერძოდ: ხელი ძლიერად დაარტყა სახის არესა და ძირს წაქცეულს რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავისა და სახის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მარჯვენამხრივი სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობით, მარცხენა ზედა ქუთოთოსა და მარჯვენა თხემის არეში დაჟეჟილი ჭრილობებით, ორივე თვალბუდესა და ზედა ყბაზე მარჯვნივ არსებული კანქვეშა ჰემატომებით მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.
1.3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამუნა მურჯიკნელმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება სასჯელის ნაწილში და გ. გ–ისთვის კანონიერი, უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
2. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 31 მარტის განაჩენით ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამუნა მურჯიკნელის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
2.2. 2022 წლის 21 აპრილს პროკურორმა თამუნა მურჯიკნელმა საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 31 მარტის განაჩენი და მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: გ. გ–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
3. კასატორის პოზიცია:
3.1. პროკურორს მიაჩნია, რომ გ. გ–ის მიმართ გამოტანილი განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო, დაუსაბუთებელი და ვერ იქნება შემაკავებელი, ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სასჯელის მიზნებს. ბრალდების მხარის პოზიციით, გ. გ–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა გახდებოდა მომავალში მსჯავრდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი, იქნებოდა დამაფიქრებელი მისთვის ჩადენილი ქმედების უკეთ გაცნობიერებისათვის და შეამცირებდა მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს, რითაც ხელი შეეწყობოდა სამართლიანობის აღდგენას. პროკურორს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და პერსონალური ხასიათის. მოცემულ შემთხვევაში კი მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელი - მინიმალური ოდენობით პირობითი მსჯავრი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას. სასამართლოს სასჯელის დანიშვნისას უნდა ეხელმძღვანელა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებით, რომლებითაც უტყუარად არის დადგენილი, რომ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი, ძალადობრივი დანაშაული, კერძოდ ჯანმრთელობის ნაკლებ მძიმე ხარისხის დაზიანება, მან არაერხელ დაარტყა დაზარალებულს სახისა და თავის არეში. ამასთან, სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მსჯავრდებული დაზარალებულთან შერიგებული არ არის. შესაბამისად გ. გ–ისთვის დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას. სასჯელი არის იმდენად ლმობიერი, რომ მსაჯვრდებულს შეუქმნის დაუსჯელობის სინდრომს და იქნება მისთვის წამახალისებელი.
4. შესაგებელი საკასაციო საჩივარზე:
4.1. 2022 წლის 5 მაისს მსჯავრდებულმა გ. გ–მ და მისმა ადვოკატმა მ. ო–მა წარმოადგინეს შესაგებელი პროკურორის საკასაციო საჩივარზე, რომლითაც მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 31 მარტის განაჩენის უცვლელად დატოვება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1 საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2 მსჯავდებული გ. გ–ი დამნაშავედ არის ცნობილი საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 10 ნოემბერს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაული ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თვრამეტ თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილი იყო, სასჯელი დაენიშნა აღნიშნული სანქციის ფარგლებში, სისხლის სამართლის კოდექსის მოთხოვნათა დაცვით.
5.3. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია, განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულზე, რომელიც ექცევა საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მესამე ნაწილით განსაზღვრულ კრიტერიუმებში, დაადგინოს დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა და მსჯავრდებულს განუსაზღვროს ადეკვატური გამოსაცდელი ვადა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის საკითხის გადასაწყვეტად უნდა გაითვალისწინოს სასჯელის სამართლიანობისა და ინდივიდუალიზაციის პრინციპები.
5.4. სასჯელის დაკისრებისას სამართლიანობა არა დასჯის, არამედ - შერჩეული სასჯელის სახისა და ზომის, მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნებთან შესაბამისობაში ვლინდება. სასჯელის პროპორციულობა გულისხმობს მის გამოყენებას მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. სასჯელის მიზანი კი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
5.5. განსახილველ შემთხვევაში სასჯელის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები არ არსებობს, ხოლო მსჯავრდებულს ალტერნატიულ სასჯელთა შორის განსაზღვრული აქვს სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა. რაც შეეხება დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის მიზანშეწონილობას, სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად მიუთითა ყველა იმ გარემოებაზე, რის გამოც მიიჩნია პირობითი მსჯავრის გამოყენება პროპორციულ და ლეგიტიმურ მიზნებთან შესაბამის ღონისძიებად. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს არგუმენტაციას და დამატებით აღნიშნავს, რომ: პირობითი მსჯავრის მექანიზმი, სასჯელის აღსრულების ჰუმანური წესის დადგენით, გულისხმობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციის პროცესის წარმართვას საზოგადოებისგან იზოლირების გარეშე, სახელმწიფო კონტროლისა და აქტიური ზედამხედველობის პირობებში. ასეთი ჰუმანური მიდგომა გამართლებული და გამოსადეგია ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს დანაშაულის რეციდივის მაღალი რისკი, ხოლო მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები და დანაშაულის შემდგომი ვითარება არ წარმოშობს სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდის და, შესაბამისად, პიროვნების თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლების მკაცრი შეზღუდვის აუცილებლობასა და გარდაუვალობას. რაც შეეხება პროკურორის საკასაციო საჩივრის არგუმენტაციას, რომ გ. გ–მ ჩაიდინა ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, სრულად გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ და ასახა მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობასა და მისთვის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახეში. სამოსამართლო საქმიანობის ფუნქცია სწორედ ისეთი სასჯელის სახისა და ზომის შერჩევაში გამოიხატება, რომელიც ყველაზე უკეთ მიესადაგება საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს, მსჯავრდებულის პიროვნებას და პროპორციულია სასჯელის მიზნების მისაღწევად. მართალია, პროკურორი უთითებს მსჯავრდებულის პიროვნებას, როგორც სასჯელის დამძიმების კრიტერიუმს, თუმცა ვერ ასაბუთებს, რაში ვლინდება მსჯავრდებულის განსაკუთრებული უარყოფითი პიროვნული მახასიათებელი, რაც მიზანშეუწონლად აქცევს პირობითი მსჯავრის მექანიზმის გამოყენებას. კასატორის პოზიციის საპირისპიროდ, განსახილველ საქმეში იკვეთება, რომ მსჯავრდებული ნასამართლობის არმქონეა, აღიარა დანაშაული და უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საპროცესო რესურსის დაზოგვასა და სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. შესაბამისად, არ ვლინდება მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის დამძიმების საფუძველი ან პირობითი მსჯავრის გამოყენების დამაბრკოლებელი გარემოება, ხოლო მკაცრი სასჯელისა და დამნაშავის საზოგადოებისაგან იზოლაციის მწვავე საჭიროების არარსებობის პირობებში უპირატესობა უნდა მიენიჭოს სასჯელის მიზნების პროპორციულ და ადეკვატურ, ნაკლებად მკაცრი სასჯელის სახესა და ზომას.
5.6. ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.7. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამუნა მურჯიკნელის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე