Facebook Twitter

საქმე N080100121004327700

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №368აპ.-22 12 ივლისი, 2022 წელი

გ–ე ჯ., №368აპ.-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 3 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ჯ. გ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ჯ. გ–ე (პირადი ნომერი: .......) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდესის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი), რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2020 წლის 21 დეკემბერს, დაახლოებით 16:20 საათზე, ქ.ქ–ში, ........ს ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ჯ. გ–სემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ს. ჟ–ს, კერძოდ, ხელი დაარტყა ზურგის არეში და კისრის არეში უჭერდა ხელებს. ჯ. გ–ს ქმედებებით ს. ჟ–მმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 სექტემბრის განაჩენით ჯ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

2.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ჯ. გ–ს მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ჯ. გ–ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ჯ. გ–სეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2.3. ჯ. გ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 21 დეკემბრიდან.

2.4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 სექტემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ჯ. გ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. დ–მა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 3 დეკემბრის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2021 წლის 29 დეკემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 3 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ჯ. გ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. დ–მა. დაცვის მხარემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ჯ. გ–ს უდანაშაულოდ ცნობა.

4. კასატორების არგუმენტები:

4.1. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, რადგან სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეები: ს. ხ–ე, ა. ა–ე, პ. ხ–ა და მ. შ–ე არ არიან ს. ჟ–ს მიმართ ჩადენილი ძალადობის თვითმხილველნი, ისინი გადმოსცემენ ს. ჟ–ს ნაამბობს, თავად დაზარალებულმა კი ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი, შესაბამისად, მათი ჩვენებები არის ირიბი, რაც საფუძვლად არ უნდა დასდებოდა გამამტყუნებელ განაჩენს. ამასთან, მართალია, ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ ს. ჟ–ს აღენიშნებოდა დაზიანებები, თუმცა დაუდგენელია, ნამდვილად ჯ. გ–მ მიაყენა თუ არა მას აღნიშნული დაზიანებები და ამ დაზიანებების შედეგად განიცადა თუ არა ფიზიკური ტკივილი.

4.2. კასატორის განმარტებით, ერთადერთი პირი, ვისაც ფიზიკური ტკივილის განცდასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება შეუძლია, არის თავად დაზარალებული, რომელმაც უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, სხვა პირთა განმარტებები კი იქნებოდა მხოლოდ ვარაუდი, რაც ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას.

4.3. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრის დაშვების სამართლებრივ საფუძვლებად უთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებზე, კერძოდ, საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ჯ. გ–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში მსჯავრდების შესახებ.

5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენას.

5.4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: მართალია, დაზარალებულმა ს. ჟ–მა ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის - მეუღლის წინააღმდეგ, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს ჯ. გ–ის ბრალეულობას. მოცემულ შემთხვევაში სწორედ სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, აღკვეთოს დანაშაული, დაიცვას მსხვერპლი და პასუხისმგებლობა დააკისროს მოძალადეს, მიუხედავად იმისა, გაიხმო თუ არა საჩივარი უკან დაზარალებულმა ან შეურიგდა თუ არა მოძალადეს.

5.5. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, მოწმე ს. ხ–ს ჩვენებას, რომელმაც განმარტა, რომ 2020 წლის 21 დეკემბერს 112-დან განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა ქ.ქ–ში, კ–ის ქუჩა N..-ში, სადაც დახვდა ს. ჟ–ი, რომელმაც განაცხადა, რომ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ - ჯ. გ–მ, კერძოდ, ხელი მოუჭირა ყელის არეში, სურდა მისი დახრჩობა და ზურგშიც ურტყამდა მუშტებს. ს. ჟ–მი იყო ძალიან აღელვებული, ტიროდა და ყელის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები. მათ გამოიძახეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარება, რომლის თანამშრომლებმაც ს. ჟ–ი გადაიყვანეს საავადმყოფოში. მოგვიანებით, მათ საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს ჯ. გ–ე, რომელიც დააკავეს და გადაიყვანეს განყოფილებაში.

5.6. მოწმე ს. ხ–ს ჩვენება იმ ნაწილში, რომ ს. ჟ–ს აღენიშნებოდა დაზიანებები, თანხვდენილია მოწმე მ. შ–ს ჩვენებასთან, რომელმაც განმარტა, რომ 2020 წლის 21 დეკემბერს იყო მორიგე, რა დროსაც 112-ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა კ–ს ქუჩიდან საავადმყოფოში შეიყვანეს 1... წელს დაბადებული ს. ჟ–ი, რომელსაც კისრის არეში აღენიშნებოდა ექსკორაციები და მცირე ზომის კანქვეშა სისხლჩაქცევები. პაციენტი განმარტავდა, რომ კისერზე დაზიანებები მიაყენა მეუღლემ, რომელმაც ხელი ასევე დაარტყა ზურგის არეში. იგი უჩიოდა ტკივილს გულმკერდის არეში და მოძრაობის შეზღუდვას. ასევე, ზურგის არეში აღენიშნებოდა ჰიპერემია, რაც მიღებული ჰქონდა მასზე ზემოქმედების შედეგად. მას ჩაუტარდა გულმკერდის რენტგენოგრაფია და მუცლის ექოსკოპია, მაგრამ დაზიანებები არ აღმოჩნდა და ს. ჟ–მი გაწერეს საავადმყოფოდან. მოწმე მ. შ–ს ჩვენება გამყარებულია 2020 წლის 21 დეკემბერს გაცემული ცნობით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლითაც დადგენილია, რომ პაციენტი კლინიკაში მიყვანილია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ და უჩივის ტკივილს გულმკერდისა და ზურგის არეში, ასევე - ყელის არეში. როგორც ანამნეზიდან ირკვევა, ოჯახური კონფლიქტისას პაციენტს მეუღლემ რამდენჯერმე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. პაციენტს აღენიშნება ჰიპერემია და მცირე ზომის სისხლჩაქცევები კისრის წინა ზედაპირზე, ასევე - ჰიპერემია ზურგის არეში.

5.7. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ექსპერტ შ. თ–ს ჩვენებასა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 11 იანვრის ექსპერტიზის N.......... დასკვნაზე, რომლითაც დადგენილია, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციის (შპს აკადემიკოს ზ. ც–ს სახელობის ......... საქართველოს ............ ცენტრის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N.....-ის ასლი და ამავე დაწესებულების ცნობა N..... ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გაცემის თარიღი 21.12.2020წ.)) მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. ს. ჟ–მა აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 2020 წლის 21 დეკემბერს, 18:55 საათზე, საიდანაც გაეწერა 2020 წლის 21 დეკემბერს, 21:30 საათზე დიაგნოზით: ფიზიკური ძალადობა. გულმკერდის ტრავმები. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად, მას ასევე აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები კისრის წინა ზედაპირზე. ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქალაქე ს. ჟ–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა ნაჩხვლეტი ჭრილობები (ინიექციის შემდგომი კვლები) და დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დაზიანებები სისხლნაჟღენთის სახით განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანება კისრის მარჯვენა გვერდითა ზედაპირზე, შუა მესამედში არსებული სისხლნაჟღენთის სახით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ხოლო დაზიანება შუბლის მიდამოში, მარცხნივ და შუბლის მიდამოში მცირედ მარჯვნივ არსებული სისხლნაჟღენთების სახით, ხანდაზმულობით არ შეესაბამება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

5.8. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს N.... შემაკავებელ ორდერსა და მოწმე ა. ა–ის ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ 2020 წლის 22 დეკემბერს ჯ. გ–ს მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რადგან ს. ჟ–მის განმარტებით, მას ჯ. გ–მ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელი მოუჭირა ყელში და ცდილობდა მის გაგუდვას. ს. ჟ–ს კისერზე აღენიშნებოდა სილურჯეები, რომელიც მისი განმარტებით, მიაყენა მეუღლემ. მოწმე პ. ხ–ს ჩვენებით კი დადგინდა, რომ 2020 წლის 21 დეკემბერს განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება და ჩაატარა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რომელთა სისწორესაც ადასტურებს. ამასთან, საგამოძიებო ექსპერიმენტისას ს. ჟ–მა საძინებელ ოთახში მიუთითა იმ ადგილზე, სადაც მას ჯ. გ–მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ყელში მოუჭირა ორივე ხელი.

5.9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის საფუძველზე დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა არ გამორიცხავს დანაშაულის ჩადენას. ასეთ შემთხვევაში ყურადღება უნდა მიექცეს მოტივებს, რომლებიც, როგორც წესი, განპირობებულია ოჯახური დანაშაულის ხასიათით, მოძალადისადმი დამოკიდებულებით და სხვადასხვა ფაქტორის ზეგავლენით. მოცემულ შემთხვევაში, მოწმეთა ჩვენებებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობითა და ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ს. ჟ–ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით, რომლებიც ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. ამასთან, მოწმეთა ჩვენებებითა და შემაკავებელი ორდერით დადგენილია, რომ ს. ჟ–მის განმარტებით, მასზე ფიზიკურად იძალადა ჯ. გ–სემ.

5.10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იმის დადგენა, განიცადა თუ არა დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი, შესაძლებელია, როგორც დაზარალებულის ჩვენებით, ასევე საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით (მსხვერპლის სქესის, ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ძალადობის ხანგრძლივობის, მიყენებული დაზიანებების რაოდენობის, სახის, განლაგების, დანაშაულის ჩადენის ხერხის, საშუალებისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით), რომლებიც მსხვერპლის მიერ ტკივილის განცდის ობიექტურად შეფასების შესაძლებლობას იძლევა. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა განცდილ ფიზიკურ ტკივილთან დაკავშირებით სასამართლოს არ მისცა ჩვენება, თუმცა, ექსპერტიზის დასკვნით, ს. ჟ–მი 2020 წლის 21 დეკემბერს საავადმყოფოდან გაეწერა დიაგნოზით: ფიზიკური ძალადობა. გულმკერდის ტრავმები. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად, მას ასევე აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები კისრის წინა ზედაპირზე. დაზიანებები სისხლნაჟღენთის სახით განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანება კისრის მარჯვენა, გვერდითა ზედაპირზე, შუა მესამედში არსებული სისხლნაჟღენთის სახით ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. ყოველივე ზემოაღნიშნულით კი საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ძალადობის შედეგად ს. ჟ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, დაცვის მხარის არგუმენტი, რომ დაზარალებულის ჩვენების გარეშე შეუძლებელია ფიზიკური ტკივილის განცდის დადგენა, დაუსაბუთებელია და ვერ იქნება გაზიარებული.

5.11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).

5.12. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

5.13. მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებები, რომ ჯ. გ–მ ფიზიკურად იძალადა ს. ჟ–ზე, არის ირიბი, რადგან თავად ძალადობის ფაქტს არ შესწრებიან, თუმცა მათი ჩვენებები იმ ნაწილში, სადაც მიუთითებენ, რომ ს. ჟ–ს კისრის არეში აღენიშნებოდა ექსკორაციები და მცირე ზომის კანქვეშა სისხლჩაქცევები, უჩიოდა ტკივილს გულმკერდის არეში და მოძრაობის შეზღუდვას, ასევე, ზურგის არეში აღენიშნებოდა ჰიპერემია, რაც მიღებული ჰქონდა მასზე ზემოქმედების შედეგად, წარმოადგენს პირდაპირს, რადგან მოწმეებმა აღწერეს ის ვითარება, რაც მოისმინეს და ნახეს საკუთარი თვალით.

5.14. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ თითქოს, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედო მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც არ არიან ფაქტის თვითმხილველნი. ამასთან, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოწმეთა ჩვენებები სრულად შეესაბამება ერთმანეთს, არ შეიცავს წინააღმდეგობრივ და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას. ისინი სრულად, თანმიმდევრულად და დამაჯერებლად აღწერენ მათ მიერ ნანახ და გაგონილ ფაქტებს და არ არსებობს მათი ჩვენებების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი.

5.15. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების (მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნით, ცნობით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, შემაკავებელი ორდერითა და მისი ოქმით) ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ჯ. გ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

5.16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.17. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ჯ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე