საქმე N110100119003247278
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №367აპ.-22 12 ივლისი, 2022 წელი
გ–ე კ., 367აპ.-22 ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 9 დეკემბრის განაჩენზე ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ნიქაბაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1 კ. გ–ე (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის), რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2019 წლის 27 ივნისს, საღამოს საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ქ.ზ–ში, კ–ს ქუჩა N.. საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი კონფლიქტის დროს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, კ. გ–მ მის ხელთ არსებული დანა რ. თ–ს ერთხელ დაარტყა გულმკერდის მარცხენა ნახევრის არეში, რის შედეგადაც რ. თ–ს მიადგა სიცოცხლისათვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 მაისის განაჩენით კ. გ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლზე;
2.2. კ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვით და 19 (ცხრამეტი) დღით, რომლის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 11 სექტემბრიდან;
2.3. მსჯავრდებულ კ. გ–ეს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად და გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.
2.4. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 მაისის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კობა სირაძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა და კ. გ–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 9 დეკემბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2022 წლის 6 იანვარს ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვახტანგ ნიქაბაძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 9 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კ. გ–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
4. კასატორების არგუმენტები:
4.1. კასატორის, ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ნიქაბაძის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი კ. გ–ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების ნაწილში უკანონოა, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებს კ. გ–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. კ. გ–ის ჩვენება, რომ იგი იგერიებდა თავდამსხმელს - რ. თ–სს, რომელსაც იმწუთიერად ნანახი, ბასრი საგნით მიაყენა დაზიანება, ეწინააღმდეგება სხვა მტკიცებულებებს, მათ შორის კ. გ–ის გამოკითხვის ოქმსა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს. კ. გ–მ საგამოძიებო ექსპერიმენტისას მიუთითა იმ ადგილზე, სადაც ტაქსით ელოდებოდა მეგობარ მ. ხ–ს, რა დროსაც მასთან ავტომანქანით მივიდა რ. თ–სი, რომელთან სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, სიტუაციაში გარკვევის მიზნით, გადაინაცვლეს იქვე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, სადაც მან დანის გამოყენებით დაზიანება მიაყენა რ. თ–ს. კ. გ–მ ასევე მიუთია იმ ადგილზე, საიდანაც მდინარეში გადააგდო დანაშაულის ჩადენისას გამოყენებული დანა. თუმცა, აღნიშნული უარყო სასამართლო სხდომაზე და განმარტა, რომ რ. თ–სისგან იცავდა თავს, ის ბასრი საგანი კი, რომლითაც დაზიანება მიაყენა დაზარალებულს, იპოვა იმწუთიერად და შემდეგ სად წაიღო, არ ახსოვს. კ. გ–სის ჩვენება ეწინააღმდეგება დაზარალებულ რ. თ–სის გამოკითხვის ოქმს, რომლითაც დადასტურდა, რომ 2019 წლის 27 ივლისს, საღამოს საათებში, თანასოფლელ კ. გ–ესთან მოუვიდა უსიამოვნება, რის შემდეგაც მათ სასაუბროდ გადაინაცვლეს იქვე მდებარე კორპუსებთან, სადაც საუბარი დაიძაბა და კ. გ–ემ მას სახეში დაარტყა ხელი. მათ დაიწყეს ჩხუბი, რის შემდეგაც რ. თ–სი ჩაჯდა ავტომანქანაში, რომელსაც მართავდა თავად. ავტომანქანით მოძრაობისას, დაახლოებით ათ წუთში, ფერდის არეში იგრძნო ტკივილი და დაინახა, რომ ჰქონდა ჭრილობა, საიდანაც მოსდიოდა სისხლი. ექსპერტიზის დასკვნებით კი დასტურდება, რომ რ. თ–ს მიყენებული ჰქონდა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები და მის ტანსაცმელს აღენიშნებოდა მექანიკური ზემოქმედების კვალი ქსოვილის ჭრის სახით, რომელიც წარმოქმნილია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედების შედეგად.
4.2. კასატორი ასევე განმარტავს, რომ მოწმე მ. ხ–ს ჩვენებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 27 ივნისს კ. გ–ე და რ. თ–სი კამათობდნენ. შემდეგ კი დაინახა, რომ ერთმანეთს სცემდნენ ხელებით, თუმცა მათი გაშველება ვერ მოასწრო, რადგან კ-ა ჩაჯდა ავტომანქანაში და წავიდნენ. საღამოს გაიგო, რომ ჩხუბის დროს დანით დაჭრილა რ. თ–სი. მოგვიანებით, კ. გ–ემ უთხრა, რომ რ. თ–სს ჩხუბის დროს დანა თვითონ დაარტყა. მოწმე მ. ა–მ კი დაადასტურა, რომ 2019 წლის 27 ივნისს სახაჭაპურე ,,ა–ნ“ მყოფ კ. გ–ს შეაგინა რ. თ–სმა, რის გამოც იკამათეს, შემდეგ კი სიტუაციაში გარკვევის მიზნით, გადაინაცვლეს იქვე მდებარე კორპუსებთან. კამათი გადაიზარდა ჩხუბში, რა დროსაც გაიგო რ. თ–სის სიტყვები ,,დანა დამარტყა“. ამის შემდეგ კ. გ–ე ჩაჯდა მის ავტომანქანაში და სოფელ კ–ს გავლით წავიდნენ ქალაქის მიმართულებით. რ–ს ქუჩაზე, ე.წ. შ–ს ხიდზე გადასვლისას, კ. გ–ემ ჩამოსწია მანქანის გვერდითა მინა, რაღაც ნივთი გადააგდო მდინარეში და თქვა ,,ესეც მოვიცილე“. იგი მიხვდა, რომ კ–მა გადააგდო დანა. მოწმის განმარტებით, კ. გ–ე ძალიან ნერვიულობდა და ამბობდა ,,არ მომასვენა, სანამ არ გამოვურიე დანა მუცელში“.
4.3. კასატორი ასევე უთითებს, რომ დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათს და საშიშროებას, რის გამოც უნდა განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულ კ. გ–სის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის შესახებ, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ქმედება სწორად დააკვალიფიცირა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლით.
5.3. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მოწმე მ. ა–ს ჩვენებაზე, რომლითაც დადგენილია, რომ 2019 წლის 27 ივნისს კ. გ–ე და მისი მეგობარი მიიყვანა სახაჭაპურე „ა–თან“, მათი ჩასვლის შემდეგ კი მანქანა გააჩერა ჩრდილში. მოგვიანებით, კ. გ–ე და მისი მეგობარი კვლავ ჩასხდნენ მის ავტომანქანაში, რა დროსაც შეიტყო მომხდარის შესახებ, რის გამოც ინერვიულა, აუწია შაქარმა და გახდა ცუდად. მოწმემ ასევე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული, გამოძიებაში მიცემული ჩვენება, სადაც მითითებულია, რომ 2019 წლის 27 ივნისს მან კ. გ–ე მიიყვანა ჭ–ს ქუჩაზე არსებულ სახაჭაპურე „ა–თან“, საიდანაც უნდა წამოეყვანათ ამ უკანასკნელის მეგობარი და წასულიყვნენ ჭიათურაში. ავტომანქანა გააჩერა სახაჭაპურე „ა–ს“ წინ, რა დროსაც კ. გ–ე იჯდა მანქანის უკანა, მარცხენა სავარძელზე. მისი მანქანის გვერდით გაჩერდა ,,ნისანის“ ფირმის ავტომანქანა, რომელსაც მართავდა რ. თ–სი, რომელმაც შეაგინა კახაბერს და უთხრა ,,რაღაც უნდა დაგიმტკიცო, უკან გამომყევი“. საპასუხოდ კ-მაც შეაგინა რ–ს, რის შემდეგაც მათ იკამათეს ისე, რომ ავტომანქანიდან არ გადასულან. რ. თ–სმა კ. გ–ეს უთხრა გაჰყოლოდა უკან. ამ დროს სახაჭაპურედან გამოვიდა კ–ს მეგობარი, მ. ხ–იც და მიიტანა ხაჭაპურები, რის შემდეგაც ისინი, კ–ის მითითებით, რ. თ–სის ავტომანქანას გაჰყვნენ უკან და მივიდნენ კ–ს დასახლებაში, რ–ს საცხოვრებელი კორპუსის ეზოში. კ. გ–ე გადავიდა ავტომანქანიდან და მივიდა რ–თან სასაუბროდ, რის შემდეგაც აღნიშნულ პირებს შორის მოხდა კამათი. როგორც რ–ს საუბრიდან გაიგო, მას კ–თვის უნდოდა რაღაცის დამტკიცება, თუმცა დეტალები არ იცის. ამ დროს კ. და რ–ი ერთმანეთს ხელით არ შეხებიან. კ. მალევე დაბრუნდა უკან მანქანასთან, გააღო უკანა, მარცხენა კარი და იმ დროს, როდესაც ჯდებოდა, მასთან მივარდა რ. თ–ი, რომელმაც სახის და თავის არეში სცემა ხელებით. მათ გაშველებას ცდილობდა მ. ხ–ი, მაგრამ ვერ ახერხებდა, რ. კვლავ სცემდა კ–ს. ამ დროს კ. წაიქცა, რის შემდეგაც გაიგო რ. თ–ის ხმა ,,დანა დამარტყა ფილტვშიო“. კ. და მ. ჩასხდნენ მის მანქანაში და წავიდნენ ქ–ს მიმართულებით. რ–ს ქუჩაზე, ე.წ. შ–ს ხიდზე გადასვლისას კ. გ–ემ ჩამოსწია მანქანის გვერდითა მინა, რაღაც ნივთი გადააგდო მდინარეში და თქვა ,,ესეც მოვიცილე“. იგი მიხვდა, რომ კ–მა გადააგდო დანა, თუმცა ეს ნივთი პირადად არ დაუნახავს. მოწმის ჩვენებით, კ–ი ძალიან ნერვიულობდა და ამბობდა ,,არ მომასვენა, სანამ არ გამოვურიე დანა მუცელში“. ........ ბაზართან მისვლისას კი დაინახა, რომ კ–ს წარბი ჰქონდა გახეთქილი და მოსდიოდა სისხლი.
5.4. მოწმე მ. ხ–იის ჩვენებით კი დგინდება, რომ 2019 წლის 27 ივნისს, სახაჭაპურე „ა–თან“ ყოფნისას, კ. გ–მ უთხრა, რომ უნდა წასულიყვნენ რ. თ–სის სანახავად. ადგილზე მისვლისას კ. გ–ე გადავიდა ავტომანქანიდან, თავად კი მძღოლთან ერთად დარჩა ავტომანქანაში, სადაც საუბრობდნენ და უსმენდნენ მუსიკას. რ. თ–სის მანქანა იდგა დაახლოებით 3-4 მეტრის დაშორებით, მათი მანქანის უკან. რამდენიმე ხანში გაიგეს ჩხუბის ხმა. მან გაიხედა და დაინახა, რომ რ. თ–სი და კ. გ–ე სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს, თუმცა სანამ მანქანიდან გადავიდა, ისინი დაზავდნენ, რ. სხვა მხარეს წავიდა, კ–ი კი მათი მანქანისკენ წამოვიდა. იმ დროს, როდესაც კ–ი ჩაჯდა ავტომანქანაში, დაინახა, რომ შუბლი ჰქონდა გახეთქილი, კერძოდ, მარცხენა თვალზე ჰქონდა დაზიანება და მოსდიოდა სისხლი. მოწმემ ასევე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული, გამოძიებაში მიცემული ჩვენების შინაარსი, სადაც მითითებულია, რომ 2019 წლის 27 ივნისს ხაჭაპურების საყიდლად იმყოფებოდა ქ.ზ–ში მდებარე სახაჭაპურე „ა–ში“, რა დროსაც გარეთ ,,ოპელის“ მარკის ტაქსით ელოდებოდა კ. გ–ე, რომელიც იჯდა ავტომანქანის უკანა, მარცხენა სავარძელზე. მანქანაში ჩაჯდომისას კ–ა უამბო, რომ რ. თ–მა უთხრა, რომ მასთან საქმე ჰქონდა გასარკვევი, რის გამოც მანქანით უკან უნდა გაჰყოლოდნენ. ამის შემდეგ ისინი მივიდნენ კ-ს ქუჩაზე მდებარე რ. თ–სის ბინასთან. კ. გ–ე გადავიდა ავტომანქანიდან და მივიდა რ. თ–თან სასაუბროდ, რომელიც იჯდა თავისავე მართულ ავტომანქანაში. მოწმის ჩვენებით, თვითონ და ტაქსის მძღოლი არ გადასულან ავტომანქანიდან და მათ საუბარში არ ჩარეულან. ცოტა ხანში კ-ი და რ-ი შეკამათდნენ, რის შემდეგაც კ–ი წავიდა მათი ტაქსისკენ. ამ დროს რ–ი გადმოვიდა ავტომანქანიდან და დაიწყეს ერთმანეთის ცემა. მოწმის ჩვენებით, მას სურდა გაეშველებინა ისინი, თუმცა ვერ მოასწრო, რადგან თავად დასცილდნენ ერთმანეთს, რის შემდეგაც რ-ი წავიდა, კ-ი კი ჩაჯდა მათთან მანქანაში და წავიდნენ იმ ადგილიდან. გზად თვითონ მანქანიდან ჩამოვიდა ქალაქის ტერიტორიაზე, კ-მა კი ტაქსით განაგრძო გზა. იმ საღამოს შეიტყო, რომ ჩხუბის დროს რ-ი დანით ფილტვში დაჭრილა, თუმცა ამის შესახებ ჩხუბის ადგილზე ყოფნისას არ გაუგია და არც დანა დაუნახავს. მოგვიანებით, მას გზაში შემთხვევით შეხვდა კ. გ–ე და უთხრა, რომ ჩხუბის დროს დანით მან დაჭრა რ. თ–სი.
5.5. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ რ. თ–ის გამოკითხვის ოქმებზე, რომლებითაც დადგენილია, რომ 2019 წლის 27 ივლისს, საღამოს საათებში, ძმის კუთვნილი ავტომანქანით მოძრაობდა ქ.ზ-ში, რა დროსაც ჭ–ს ქუჩაზე დაინახა, რომ სახაჭაპურე „ა-თან“ გაჩერებული იყო ავტომანქანა, რომლის უკანა სავარძელზე იჯდა კ. გ–ე, რომელსაც გამოელაპარაკა. საუბრისას მოუვიდათ უსიამოვნება. მან კ-ს უთხრა, რომ აღნიშნულზე ესაუბრათ მის სახლთან. იგი იმ ავტომანქანით, რომელსაც მართავდა, კ-ი კი მ. ა–მის ავტომანქანით, ამ უკანასკნელსა და მ. ხ–ითან ერთად მივიდნენ მის ბინასთან, სადაც მან და კ–მ დაიწყეს საუბარი, მ-ი და მ-ი კი ისხდნენ ავტომანქანაში და მათ ყურადღებას არ აქცევდნენ. იგი კ-თან ჩხუბს არ აპირებდა, უბრალოდ, ცდილობდა აეხსნა, რომ მათი კამათი გაუგებრობის ბრალი იყო, თუმცა საუბარი დაიძაბა, რა დროსაც კ-მა მას ხელი დაარტყა სახეში, რაც მისთვის იყო მოულოდნელი და განერვიულდა. კ–ი კვლავ აპირებდა მისთვის დარტყმას, რის გამოც თავდაცვის მიზნით, თავადაც დაარტყა მას ხელი სახეში. ფიზიკური დაპირისპირება გაგრძელდა რამდენიმე წამს. ისინი ისე დაშორდნენ ერთმანეთს, რომ მანქანაში მყოფი პირები მათ ჩხუბში არ ჩარეულან, მანქანიდან არ გადმოსულან და არ გაუშველებიათ. ჩხუბის შეწყვეტის შემდეგ, კ–ი ჩაჯდა მანქანაში და წავიდა, თვითონ კი წავიდა თავისი მანქანისკენ. ამ დროს მარცხენა ფერდში იგრძნო ტკივილი და ნახა, რომ ჰქონდა ჭრილობა, საიდანაც მოსდიოდა სისხლი. იგი დაუყოვნებლივ მივიდა საავადმყოფოში. ამ ჩხუბამდე მას ჭრილობა არ ჰქონია. ჩხუბის დროს კ. გ–სის ხელში დანა, ან რამე საგანი არ დაუნახავს. შესაბამისად ვერ ადასტურებს, ჩხუბის დროს კ–მ დაარტყა თუ არა დანა ან სხვა საგანი, თუმცა მათ გარდა იქ არავინ ყოფილა. მას პრეტენზია არავის მიმართ არ აქვს და არც ექიმებისთვის უთქვამს ჭრილობის მიზეზი. რ. თ–სის საავადმყოფოში ყოფნის და მიყენებული ჭრილობის გამო მკურნალობის ფაქტი, ასევე დასტურდება მოწმე თ. თ–სის გამოკითხვის ოქმით, თუმცა აღნიშნული მოწმისთვის ცნობილი არ არის, რა ვითარებაში მიიღო რ. თ–მა დაზიანება. დაზარალებულის ჩვენება თანხვდენილია მოწმე ნ. კ–ს ჩვენებასთან, რომლითაც დგინდება, რომ 2019 წლის 27 ივნისს, საღამოს საათებში, თვითდინებით (თავისი ფეხით) საავადმყოფოში მივიდა პირი, რომელმაც განაცხადა, რომ ჰქონდა დაზიანება. მამაკაცს ემჩნეოდა სისხლის კვალი. ადგილზე მოხდა ჭრილობის დამუშავება და მისი საოპერაციოში გადაყვანა. კითხვაზე სად მიიღო დაზიანება, პაციენტმა განაცხადა, რომ დაზიანება მიიღო რკინის ნაჭერზე დაცემით.
5.6. რ. თ–ს სხეულზე არსებულ დაზიანებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 26 ივლისის სამედიცინო ექსპერტიზის N..... დასკვნასა და ექსპერტ გ. გ–ს ჩვენებაზე, რომლებითაც დგინდება, რომ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს ,,ფ–ს“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N.. ასლი და ამავე საავადმყოფოს ცნობა N..... ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გაცემის თარიღი 05.07.2019წ)) მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. რ. თ–მა აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 2019 წლის 27 ივნისს, 17:10 საათზე და გაეწერა 2019 წლის 5 ივლისს, 12:00 საათზე, დიაგნოზით: გულმკერდის მარცხენა ნახევრის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი შემავალი ჭრილობა, ფილტვის დაზიანებით. ჰემოთორაქსი, ტრავმულ-ჰამორაგიული შოკი. დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.
5.7. გარდა ამისა, ამოღების ოქმით დგინდება, რომ 2019 წლის 27 ივნისს მედდა ნ. კ–გან ამოიღეს ერთი ცალი, შავი ფერის მოკლესახელოებიანი მაისური, წინა მხრიდან ყვითელი ფერის ნახატითა და წარწერით, მაისურზე აღინიშნება სისხლისმაგვარი ლაქები. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ი–ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2019 წლის 18 ოქტომბრის ტრასოლოგიური ექსპერტიზის N.... დასკვნითა და ექსპერტ ო. ხ–ს ჩვენებით კი დადგენილია, რომ სისხლის სამართლის N........ საქმეზე, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ რ. თ–ის მაისურზე აღინიშნება მექანიკური ზემოქმედების კვლები ქსოვილის ჭრის სახით, რომლებიც წარმოქმნილია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედების შედეგად.
5.8. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს კ. გ–ის ჩვენებას, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 27 ივნისს იმყოფებოდა სახაჭაპურე „ა–თან“, რა დროსაც გაიგო რ. თ–სის გინების ხმა, კერძოდ, რ. თ–ი აგინებდა და ეძახდა ,,წამოდი და გეტყვი, რა მინდაო“. ვინაიდან დაზარალებული არ მოეშვა, იგი მ. ა–სა და მ. ხ–თან ერთად მივიდა რ. თ–ის საცხოვრებელ სახლთან, სადაც მასა და რ. თ–სს შორის მოხდა სიტყვიერი შეკამათება. შემდეგ იგი დასცილდა რ. თ–სს და ჯდებოდა მანქანაში, რა დროსაც მასთან მივიდა რ. თ–სი, რომელმაც ჯერ სახეში დაარტყა ხელი, შემდეგ კი სამჯერ ჩაარტყა უკანა მხარეს თავში, რის გამოც წაიქცა და ნახევარი ტანით ჩავარდა ავტომანქანაში. ამ დროს ცალი ხელი ედო მანქანაში, მეორე კი ჰქონდა გარეთ. რ. თ–სი ცდილობდა კარის დაკეტვას და ავტომანქანაში მის მოყოლებას. ამ დროს მან იმ ხელით, რომელიც ჰქონდა მანქანაში, აიღო მანქანაში დაგდებული ნივთი (დანა, ,,ატვიორკა“ თუ სხვა რამ, ზუსტად არ ახსოვს, რა ნივთი იყო), მოიქნია უკანა მხარეს რ. თ–სის მიმართულებით, რა დროსაც რ. თ–სმა დაიხია უკან და წავიდა. თვითონ კი ჩაჯდა ავტომანქანაში და თანმხლებ პირებთან ერთად წავიდა ქალაქის მიმართულებით. გზად, ე.წ. „შ–ს“ ხიდზე გავლისას, ჩამოსწია მანქანის მინა და ნივთი, რომელიც მოუქნია რ. თ–ს, გადააგდო ხიდიდან, თუმცა რატომ გადააგო, არ იცის.
5.9. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 10 ივლისის სამედიცინო ექსპერტიზის N..... დასკვნაზე, რომლითაც დგინდება, რომ: 2019 წლის 29 ივნისს, 02:04-02:20 საათზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას, მოქალაქე კ. გ–ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სწორკიდეებიანი ჭრილობის, ნაჭდევისა და სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანება სწორკიდეებიანი ჭრილობის სახით განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებული, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
5.10. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით კი დგინდება, რომ 2019 წლის 29 ივნისს კ. გ–მ მიუთითა ადგილზე, სადაც ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდა რ. თ–სთან, რომელსაც დანა დაარტყა ფერდში. ასევე მიუთითა ქ.ზ–ში, რ–ს ქუჩაზე არსებულ ე.წ. შ–ს ხიდზე და განმარტა, რომ ხიდზე გადასვლის დროს ავტომანქანიდან მდინარეში გადააგდო დანა.
5.11. მოწმეებმა - ა. ამ–მა და კ. ღ–მ დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და შინაარსი.
5.12. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომლის თანახმად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოებები. განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, როგორც თავად კ. გ–სის, ასევე ადგილზე მყოფი მოწმეების ჩვენებებით დასტურდება, რომ კ. გ–მ ჩაიდინა არა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, არამედ მან რ. თ–ს აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, კერძოდ: საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2019 წლის 27 ივნისს კ. გ–ესა და რ. თ–სს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც მანქანისკენ მიმავალ კ. გ–ეს თავს დაესხა რ. თ–სი, კერძოდ, იმ დროს, როდესაც კ. გ–ემ გააღო ავტომანქანის კარი და აპირებდა ჩაჯდომას, მას მივარდა რ. თ–სი და დაუწყო სახისა და თავის არეში ხელებით ცემა, რა დროსაც კ. გ–ე დაეცა და ნახევარი ტანით აღმოჩნდა მანქანაში, რ. თ–სი აწვებოდა კარს და ცდილობდა მის ავტომანქანის კარში ჩაყოლებას. ამ დროს კ–მ იმ ხელით, რომელიც მანქანაში ჰქონდა, აიღო იქვე არსებული ნივთი და მოიქნია უკანა მხარეს რ. თ–ს მიმართულებით, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი მოსცილდა მას და წავიდა. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ კ. გ–ემ ნივთი, რომელიც აიღო ავტომანქანიდან რ. თ–სის მიმართულებით მოიქნია მას შემდეგ, როდესაც თვითონ იყო წაქცეული, ხოლო რ. თ–ი განაგრძობდა მასზე ძალადობას. აღნიშნული კი გამორიცხავს მისი მხრიდან რ. თ–თვის ჯანმრთელობის დაზიანების განზრახვას.
5.13. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს პოზიციას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით დასტურდება კ. გ–ის ქმედებაში აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილების ნიშნების არსებობა.
5.14. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცება და უცვლელად დატოვა კ. გ–თვის განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
5.15. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, კ. გ–ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში კ. გ–ის მიმართ განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია და სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას.
5.17. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის რომელიმე კრიტერიუმს და იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.20. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ნიქაბაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე