საქმე N 100100121004757134
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №249აპ.-22 4 ივლისი, 2022 წელი
გ–ე ე., №249აპ.-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ნოემბრის განაჩენზე ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ მამუკა ჩუბინიძის, ასევე მსჯავრდებულ ე. გ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. თ–სის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ე. გ–სე (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ისეთი ცნობების გავრცელების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს დაზარალებულის უფლებები, ჩადენილი არაერთგზის) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. ყაჩაღობისათვის ნასამართლევი ე. გ–სე 2020 წლის ივნისსა და ივლისში თ–ს მუნიციპალიტეტისა და ქ.ქ–ს ტერიტორიაზე რამდენჯერმე შეხვდა ი. ჭ–ს და მოსთხოვა ფულადი თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა ისეთი ცნობების გავრცელებით, რომელსაც შესაძლოა, არსებითად დაეზიანებინა ი. ჭ–ს უფლებები. კერძოდ, ემუქრებოდა, რომ ი. ჭ–ს თანასოფლელებს და ახლობლებს, ასევე, მათი ოჯახის წევრებს მოუყვებოდა ი. ჭ–ს მიერ მათზე ნათქვამ სახელის გამტეხ სიტყვებს, რასაც შესაძლოა, არსებითად დაეზიანებინა ი. ჭ–ს უფლებები. დუმილის სანაცვლოდ ე. გ–მ ი. ჭ–ს ჯამურად გამოსძალა ფულადი თანხა - 3750 ლარი და 100 ამერიკული დოლარი, რის შედეგადაც ი. ჭ–ს მიადგა 4050 ლარის ქონებრივი ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. საჩხერის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად არ ადასტურებს ე. გ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
2.2. საჩხერის რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. გ–მ ჩაიდინა იძულება - ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.3. 2020 წლის ივნისში, რამდენჯერმე ნასამართლევი ე. გ–სის ინიციატივით, ქ-ში არსებული ი. ჭ–ს სამუშაო ადგილიდან, ავტომანქანით, რომელსაც პ. ჭ–ე მართავდა, ი. ჭ–ე გ. ჭ–სთან ერთად, ხოლო თვით ე. გ–სე მოპედით მივიდნენ თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ღ–ში, მდინარე ჩ–ს ნაპირზე. საუბრისას ე. გ–მ ფსიქიკურად აიძულა ი. ჭ–ე, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, იმავე დღეს მიეცა მისთვის 1500 ლარი. თანხის გადაცემა იმავე დღეს მოხდა პ. ჭ–ს მეშვეობით. ი. ჭ–ს მიადგა 1500 ლარის ზიანი.
2.4. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 4 აგვისტოს განაჩენით ე. გ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
2.5. ე. გ–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
2.6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის განაჩენით ე. გ–ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ე. გ–სის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის განაჩენით განსაზღვრული სასჯელიდან - 5 წლით თავისუფლების აღკვეთიდან - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
2.7. ე. გ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 17 დეკემბრიდან.
2.8. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 4 აგვისტოს განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მამუკა ჩუბინიძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 4 აგვისტოს განაჩენში ცვლილების შეტანა და ე. გ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით კანონიერი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
2.9. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 4 აგვისტოს განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულ ე. გ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. თ–მა. დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ე. გ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ნოემბრის განაჩენით ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 4 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2021 წლის 2 დეკემბერს ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მამუკა ჩუბინიძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, ე. გ–სის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით კანონიერი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
3.3. 2021 წლის 3 დეკემბერს მსჯავრდებულ ე. გ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. თ–მა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ნოემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ე. გ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4. კასატორების არგუმენტები:
4.1. კასატორის, ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ მამუკა ჩუბინიძის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი ე. გ–ს ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების ნაწილში უკანონოა, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებს ე. გ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, კერძოდ: დაზარალებულმა ი. ჭ–მ დაადასტურა, რომ მას ე. გ–მ გამოსძალა 3750 ლარი და 100 აშშ დოლარი, ჯამურად - 4050 ლარი. მოწმეების - თ. მ–სა და ფ. მ–ს ჩვენებებით კი დადგინდა, რომ როგორც მათთვის არის ცნობილი, ი. ჭ–ს თანხებს სძალავდა და აშინებდა ე. გ–სე. გარდა ამისა, მოწმეებმა - ნ. კ–მ, ვ. ჭ–მ და ზ. ჩ–მ განმარტეს, რომ მათ ნამდვილად გადასცეს ი. ჭ–ს დასახელებული თანხები, ასევე - ბეჭედი. მოწმე პ. ჭ–მ კი განმარტა, რომ მას ი. ჭ–მ ე. გ–სისათვის გადასაცემად მისცა - 1500 ლარი, რაც გადასცა ე. გ–სეს. მოწმე ბ. ჭ–ს ჩვენებით ასევე დადგენილია, რომ მასთან მივიდა ი. ჭ–ე, რომელმაც ჯერ მას გადასცა შეცდომით ფულადი თანხა, შემდეგ კი გამოართვა და მისცა მასთან სახლში მყოფ ე. გ–სეს. მოწმე ა. ჭ–მ ასევე დაადასტურა, რომ მას და ი. ჭ–ს ამჟამად პრობლემა არ აქვთ, ე. გ–სთან კი არასდროს ჰქონდა კარგი ურთიერთობა. ამასთან, მოწმე ბ. ჭ–მ ე. გ–სე დაახასიათა უარყოფითად.
4.2. კასატორი ასევე უთითებს, რომ სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა ე. გ–ის ჩვენება, რომ მან ი. ჭ–სგან ისესხა 1500 ლარი, რომელიც მას გადასცა პ. ჭ–მ, სხვა თანხა მისთვის არ გამოურთმევია და ეხმარებოდა დაზარალებულს, რომ მისთვის მაღაზიის წილი არ წაერთმიათ. იგი აღნიშნული ჩვენებით ცდილობს პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებას. ე. გ–მ იცოდა, რომ ი. ჭ–ს საკუთარი ფული არ ჰქონდა, მიუხედავად ამისა, იგი მისგან ითხოვდა თანხას და ემუქრებოდა მისი ნათქვამის გავრცელებით. ე. გ–მ 1500 ლარის გამორთმევის ფაქტი დაადასტურა იმიტომ, რომ მას ეს თანხა გადასცა სხვა პირმა, თუმცა განმარტა, რომ ეს თანხა აიღო სესხად, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ამასთან, იგი უარყოფს ბ. ჭ–ს საცხოვრებელ სახლში ი. ჭ–სგან თანხის მიღების ფაქტს, რასაც დაზარალებულის გარდა ასევე ადასტურებს თავად მოწმე ბ. ჭ–ე. აღსანიშნავია, რომ ი. ჭ–ს იმდენად ეშინოდა ნათქვამის გამჟღავნების, რომ თანახმა იყო, ე. გ–თვის გადაეხადა თანხები და ფიქრობდა, რომ ამით დამთავრდებოდა ე. გ–ის მხრიდან შანტაჟი და გამოძალვა. ამასთან, იგი ვარაუდობდა, რომ ამ ამბის გახმაურებას მოჰყვებოდა ოჯახებს შორის სკანდალი, რადგან თავს ვერ იმართლებდა და სწორედ სიჩუმის სანაცვლოდ სძალავდა მას თანხებს ე. გ–ე, რომელიც უფრო უღვივებდა შიშს და აშანტაჟებდა, რომ თუ აღნიშნულს ეტყოდა ქალბატონის ქმარს, რაც მოუვიდოდა, თავად ენახა. ყოველივე აღნიშნულით ე. გ–ს შეეძლო ისეთი ცნობის გავრცელება, რაც დააზიანებდა ი. ჭ–ს კანონიერ ინტერესებს, უფლებებს. მას ქალბატონის და მისი ოჯახისთვის არა მარტო ბოდიში ექნებოდა მოსახდელი, არამედ შესაძლებელი იყო ამას მოჰყოლოდა უფრო მძიმე შედეგი.
4.3. კასატორის, მსჯავრდებულ ე. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ა. თ–ს განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი ე. გ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობის ნაწილში არის უკანონო, რადგან წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მისი ბრალეულობა. გასაჩივრებული განაჩენი ემყარება მხოლოდ დაზარალებულ ი. ჭ–ს ჩვენებას. თუმცა აღსანიშნავია, რომ დაზარალებულს არ უთქვამს, რომ ე. გ–მ მის მიმართ განახორციელა ფსიქიკური და ფიზიკური იძულება, შეესრულებინა ისეთი მოქმედება, რაც არ სურდა, კერძოდ, გადაეცა 1500 ლარი. ის, რომ დაზარალებულმა წარმოიდგინა, რომ ე. გ–ს შეეძლო ზიანი მიეყენებინა და საფრთხე შეექმნა მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლისთვის გამამტყუნებელი განაჩენისათვის საკმარისი არაა. გარდა ამისა, ნასამართლობის მიუხედავად ის და ე. გ–ე იყვნენ მეგობრები და თანასოფლელები, მათი მეუღლეებიც მეგობრობდნენ, ერთად ალკოჰოლიც დაულევიათ, მანქანითაც უმგზავრიათ და თანხაც უსესხებია ე-სთვის. სესხის აღება და მოვალის მიერ ვალის გადაუხდელობა კი საქართველოს კანონმდებლობით არ არის კრიმინალიზებული. თანხის გადაცემა რომ მუქარით და იძულებით არ მომხდარა, დადასტურდა როგორც ე. გ–სის, ასევე, მოწმეების - გ. და პ. ჭ–ების ჩვენებებით.
4.4. კასატორი ასევე განმარტავს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა, რომ ე. გ–მ ფიზიკური და ფსიქიკური ზეწოლით, ი. ჭ–ე აიძულა, მისი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, მიეცა თანხა. ამასთან, გამოძიების ეტაპზე ი. ჭ–ს არ უთქვამს, რომ ე. გ–მ მას აიძულა თანხის მიცემა. გარდა ამისა, სასამართლოს არ განუმარტავს, თუ რატომ არ გაიზიარა მოწმე პ. ჭ–ისა და ე. გ–ს მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებები.
4.5. კასატორი ასევე უთითებს, რომ ე. გ–ს მიმართ დანიშნული სასჯელი არის უსამართლო.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ უთითებენ და ვერ ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულ ე. გ–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის შესახებ, ასევე უსაფუძვლოა დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულ ე. გ–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლების შესახებ, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ქმედება სწორად დააკვალიფიცირა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით.
5.3. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ ი. ჭ–ს ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წელს, ზუსტი დრო არ ახსოვს, დაინახა, რომ ა. ჭ–ს ავტომანქანიდან გადმოვიდა ბიძაშვილის (მოგვარის) მეუღლე - ს–ო, რომელსაც გარკვეული ხნის შემდეგ ჰკითხა მასა და ა. ჭ–ს შორის ხომ არ იყო ახლო, ინტიმური ურთიერთობა, რის შესახებაც ს–მ უთხრა ა. ჭ–ს. მოგვიანებით, მას შეხვდა ა. ჭ–ე, რომელსაც აღნიშნულის გამო მოუხადა ბოდიში და აქვთ კარგი ურთიერთობა. ამ შეხვედრიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, მას დაუკავშირდა ე. გ–სე, რომელმაც უთხრა არ ემეგობრა ა–თან და დამეგობრებოდა მას. გარდა ამისა, ერთხელ მასთან სამსახურში მივიდა ე. გ–სე და უთხრა, რომ რაც ა. ჭ–სა და ს–ზე ჰქონდა ნათქვამი, ეტყოდა ამ უკანასკნელის მეუღლეს, ამიტომ უნდა შეშვებოდა ა. ჭ–ეს და უნდა ემეგობრა მასთან. 2020 წლის ივნისის დასაწყისში იგი მივიდა სოფელ რ–ში, ბ. ჭ–ესთან, სადაც იმყოფებოდა ე. გ–სეც, რომელმაც უთხრა - ,,ა–ს კარგი არ უნდა შენთვის, შენი ცემა უნდა“, რაზეც უპასუხა, რომ ა–თან ყველაფერი მოაგვარა. ე. გ–მ ა. ჭ–სთან ურთიერთობის მოსაგვარებლად და იმისათვის, რომ ს–ს ქმარს არ გაეგო მისი ნათქვამი, მოსთხოვა 1500 ლარი. მას არ სურდა ა. ჭ–სთან ჰქონოდა ცუდი ურთიერთობა. ასევე, არ უნდოდა მისი ნათქვამი გაეგო ს–ს მეუღლეს და დაენგრია სხვისი ოჯახი. გარდა ამისა, ვინაიდან ე. გ–სე რამდენჯერმე იყო ნასამართლევი, ეშინოდა მის სიცოცხლეს და ოჯახს საფრთხე არ შექმნოდა. მან მეორე დღეს მეუღლის ოქრო ჩადო ლომბარდში, აიღო 1500 ლარი და ქ. ქ–ში გადასცა ე. გ–ს. თანხის გადაცემიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მასთან სამსახურში მოპედით მივიდა ე. გ–სე, რომელთან ერთად ავტომანქანით იმყოფებოდნენ პ. და გ. ჭ–ები. ე. გ–მ უთხრა, რომ მასთან ჰქონდა სალაპარაკო და წასულიყო მდინარე ჩ–ს ნაპირზე. იგი მანქანაში ჩაუჯდა პ. და გ. ჭ–ებს, რომლებთან ერთადაც მივიდა მდინარე ჩ–ს ნაპირზე, სადაც მას ე. გ–მ იმავე მიზეზით კვლავ მოსთხოვა - 1500 ლარი. ამასთან, გაბრაზებული ხმით უთხრა, საიდანაც უნდოდა, იმავე დღეს იქიდან მიეტანა ფული. მან თავიდან აღნიშნულზე უთხრა უარი, თუმცა შემდეგ სიტყვა ვერ შეუბრუნა, რადგან ეშინოდა მისი. –მ ასევე უთხრა ,,ეს თანხა მოიტანე და მერე რაც გინდა, ის აკეთე“. ისინი დაშორდნენ ერთმანეთს. იგი იმავე დღეს მივიდა მეგობარ ნ. კ–სთან, რომელსაც გამოართვა 500 ლარი. ნ–მ ლომბარდში ჩასადებად მისცა ოქროს ბეჭედიც, რომელიც მის სასარგებლოდ ლომბარდში ჩააბარა ზ. ჩ–მ და გადასცა აღებული თანხა - 1020 ლარი, სულ შეაგროვა 1520 ლარი, რის შემდეგაც დაურეკა პ. ჭ–ს, რომელსაც ე. გ–სისთვის მისატანად ქ.თ–ში, ე–ს წინ გადასცა 1500 ლარი. რამდენიმე დღის შემდეგ, მას ე. გ–მ სთხოვა ქ. ქ–ში ჩაყვანა, რაზეც დასთანხმდა. ისინი ჩავიდნენ ქ.ქ–ში მდებარე ........ პარკის წინ, სადაც მას ე. გ–მ იმავე მიზეზით მოსთხოვა თანხა. მან 500 ლარი გამოართვა სიმამრს და გადასცა ე. გ–ს, რის შემდეგაც დაბრუნდნენ სოფელ რ–ში, ბ. ჭ–ს სახლში, სადაც ე. გ–მ უთხრა, რომ ეს ფული არ ეყოფოდა და კიდევ უნდა დაემატებინა. შეშინებულმა უარი ვერ უთხრა, გადავიდა ბიძაშვილ ვ. ჭ–სთან, ისესხა 250 ლარი და კვლავ დაბრუნდა ბ. ჭ–სთან, რომელსაც შეცდომით მისცა ფული, რაც ამ უკანასკნელმა დაუბრუნა უკან, რის შემდეგაც თანხა მისცა ე. გ–ს. ამ თანხის გადაცემიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მას კვლავ დაურეკა ე. გ–მ და სთხოვა ქ–ში ჩაყვანა. ქ.ქ–ში, პოლიციის პირველი განყოფილების წინ, ე. გ–სე შეეცადა მის დაშინებას და იმავე მიზეზით კვლავ მოსთხოვა 2500 დოლარი და უთხრა, რომ საბოლოოდ დაანებებდა თავს. მან აღნიშნულზე უარი განუცხადა ე–ს, რომელმაც უთხრა ,,იმდენი რამე გაქვს ნალაპარაკები შენს სოფლელებზე, გამოგიქვეყნებო“. მას კვლავ შეეშინდა, ამიტომ დათანხმდა 2500 დოლარის ნაწილ-ნაწილ გადაცემას და ოქტომბრის თვეში სრულად დაფარვას, რაზეც შეთანხმდნენ. ამის შემდეგ, ე. გ–მ უთხრა, რომ სასწრაფოდ სჭირდებოდა 200 ლარი. მან 100 დოლარი გამოართვა სიმამრს და გადასცა ე. გ–ს. რამდენიმე ხანში მას კვლავ დაურეკა ე. გ–მ და მოსთხოვა 500 დოლარი, რაზეც უთხრა უარი. ამის შემდეგ მათ ისაუბრეს მესენჯერში, რა დროსაც ერეკლემ უთხრა, რომ გამოუქვეყნებდა საუბრებს, რაზეც უპასუხა, რაც უნდოდა, ის ექნა, რადგან მისთვის თანხის მიმცემი არ იყო და გათიშა ტელეფონი. ე. გ–მ მას გამოსძალა 3750 ლარი და 100 დოლარი. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ მან წარსულში ე. გ–ს ასესხა გარკვეული თანხა, რომელიც სრულად არ დაუბრუნა. მან სთხოვა თანხის დაბრუნება, თუმცა ე–ს მისთვის თანხა არ დაუბრუნებია. ამიტომ 2020 წლის ივნისამდე ე. გ–ს მისთვის ფულის სესხება რომც ეთხოვა, აღარ ასესხებდა. მისი ნათქვამის შესახებ ს–ს ქმარმა გაიგო მას შემდეგ, რაც ა. ჭ–მ და მ. ს–მ სცემეს ე. გ–ს, თუმცა მისთვის არაფერი უთქვამს.
5.4. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს მოწმე ა. ჭ–ს ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ ი. ჭ–სთან აქვს კარგი ურთიერთობა. ქალბატონთან ურთიერთობის შესახებ ჭორის გავრცელების გამო მას გარკვეული უთანხმოება ჰქონდა ი. ჭ–სთან, თუმცა შემდეგ შერიგდნენ. მას კონფლიქტი ჰქონდა ასევე ი. ჭ–ს ბიძასთან - ბ. ჭ–ესთან, თუმცა ისინიც შერიგდნენ. ე. გ–თან თავიდან ჰქონდა კარგი ურთიერთობა, მერე დაეძაბათ, მაგრამ ბოდიშის მოხდის შემდეგ შერიგდნენ. მოგვიანებით, მან და მ. ს–მ შეურაცხყოფის მიყენების გამო სცემეს ე. გ–სეს. მას ე. გ–ს ახლაც ეშინია, რადგან ბევრი ცუდი რამ გაუკეთა. ქალბატონთან მისი ურთიერთობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო, ე. გ–ს მხრიდან ი. ჭ–სათვის თანხის გამოძალვის შესახებ არაფერი იცის. იგი ი. ჭ–ს ან ე. გ–ს არ დაუშანტაჟებია. ე. გ–სის ცემის ფაქტთან დაკავშირებით ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმე მ. ს–მ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ ე. გ–სის მიერ ი. ჭ–სთვის თანხის გამოძალვის შესახებ არაფერი იცის.
5.5. მოწმე ბ. ჭ–ემ დაადასტურა, რომ 2020 წლის ივნისში, საღამოს, მასთან სახლში იმყოფებოდა ე. გ–ე. ამ დროს მასთან მივიდა ი. ჭ–ე, რომელმაც მიაწოდა თანხა, რაც დაუბრუნა უკან, თუმცა შემდეგ ვის მისცა ი–მ ეს თანხა, არ იცის. ი. ჭ–მ ე. გ–სე გაიყვანა გარეთ. ამ დროს თავადაც იქვე იყო და ი. ჭ–ს საუბრიდან გაიგო, რომ ამ უკანასკნელს დაუნახავს, რომ ა. ჭ–მ მეზობლის რძალი გადმოსვა ავტომანქანიდან, რის შემდეგაც ქალბატონს ჰკითხა, რატომ იჯდა ა–ს მანქანაში. ქალბატონს კი ამის შესახებ უთქვამს ა. ჭ–სთვის, რომელმაც ი. ჭ–ს მიაკითხა პრობლემებით. ი. ჭ–ს ე. გ–სემ უთხრა, რომ ვინაიდან იყო მთვრალი, წასულიყო და თუ საქმე ჰქონდა, მეორე დღეს მისულიყო. მეორე დღეს, 11 ან 12 საათზე, მასთან კვლავ მივიდა ფხიზელი ი. ჭ–ე, რომელმაც ე. გ–ს უთხრა, რომ საქმიდან სთხოვდნენ წილს. ასევე სთხოვა, მისთვის ა. ჭ–ეს დაენებებინა თავი. მოწმის განმარტებით, ი. ჭ–ს მისთვის არასდროს უთქვამს, რომ ე. გ–სე ფულს სძალავდა, თუმცა უთხრა, რომ ე. გ–სეს გადასცა 1500 ლარი. უშუალოდ თანხის გადაცემის მომენტს თავად არ შესწრებია. გარდა ამისა, ე. გ–სე თანხის მიტანის სანაცვლოდ ი. ჭ–ს არ დამუქრებია. როგორც მისთვის არის ცნობილი, ე. გ–სეს ი. ჭ–სგან ნასესხები ჰქონდა 200 ან 300 ლარი, რაც 2020 წლის თებერვალში დაუბრუნა.
5.6. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მოწმეების - პ. ჭ–სა და გ. ჭ–ს ჩვენებებზე, რომლებმაც განმარტეს, რომ 2020 წლის ივნისში, მეორადი ნაწილის შესაძენად ავტომანქანით მიდიოდნენ ი. ჭ–სთან, რა დროსაც ქუჩაში მოპედით შეხვდათ ე. გ–სე, რომელმაც უთხრა, რომ ისიც ი–თან მიდიოდა. ადგილზე მისვლისას ე. გ–მ ი. ჭ–ს უთხრა, რომ სალაპარაკოდ წასულიყვნენ მდინარეზე. ი. ჭ–ე მათ ჩაუჯდა მანქანაში და მივიდნენ მდინარესთან, სადაც ისაუბრეს ი. ჭ–მ და ე. გ–მ, რომელთა საუბრიდან პ. ჭ–მ გაიგო, რომ ე. გ–ს ი. ჭ–სთვის უნდა ჩამოეცილებინა ბიჭები, რომლებთანაც ამ უკანასკნელს ჰქონდა უთანხმოება. მოწმე გ. ჭ–მ კი განმარტა, რომ მდინარესთან რაზე საუბრობდნენ ე. გ–სე და ი. ჭ–ე, არ იცის. მან მხოლოდ ის გაიგო, რომ ე. გ–მ ი. ჭ–ს უთხრა - ,,როგორც გინდა, დღესვე მომიტანე 1500 ლარი, თუ გინდა თავი დაგანებოო“, რაზეც ი. ჭ–მ უპასუხა - ,,დღეს როგორ მოგიტანო, ფული არ მაქვს“. ე–მ ი–ს უთხრა - ,,დღესვე მინდა, თორემ მერე არ მინდა“. საბოლოოდ ი. ჭ–მ უპასუხა - ,,ვიშოვი დღეს და მოგიტან“. საუბრის დასრულების შემდეგ, პ. ჭ–მ ი. ჭ–ე წაიყვანა და დატოვა სამსახურში. მოგვიანებით მას დაურეკა ი. ჭ–მ და უთხრა - ,,ჩამოდი, თ–ში ვარ, ფული უნდა გაგატანო ე–სთან“. იგი ი. ჭ–ს შეხვდა თ–ში მდებარე ე–თან, რა დროსაც ი. ჭ–მ გადასცა 1500 ლარი, რომელიც თ–ში, საავადმყოფოს უკანა მხარეს, მისცა ე. გ–ს.
5.7. მოწმე ნ. კ–ს ჩვენებით დადგინდა, რომ 2020 წლის ზაფხულში მას დაურეკა ი. ჭ–მ და სესხად სთხოვა 1500 ლარი. იმ მომენტში მას თან ჰქონდა 500 ლარი, რომელიც მისცა ი–ს, ასევე გადასცა თავისი ქორწინების ბეჭედი. გარკვეული პერიოდის შემდეგ (1 კვირიდან 10 დღემდე შუალედში) ი–მ მას დაუბრუნა ბეჭედი და თანხა. მისთვის უცნობია, რისთვის სჭირდებოდა თანხა ი–ს. მოწმე ზ. ჩ–მ კი დაადასტურა, რომ 2020 წლის ივნის-ივლისში მან, ი. ჭ–ს თხოვნით, კუთვნილი პირადობის მოწმობით ლომბარდში ჩააბარა ბეჭედი, რის სანაცვლოდაც მისცეს 1020 ლარი, რომელიც გადასცა ი. ჭ–ს. ერთ კვირაში მას დაურეკა ი. ჭ–მ და თანხის გადახდის სანაცვლოდ უკან დაიბრუნეს ოქროს ბეჭედი, თუმცა ი–ს მისთვის არ უთქვამს, რისთვის სჭირდებოდა ლომბარდიდან აღებული თანხა.
5.8. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს მოწმე თ. მ–ს ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ 2020 წლის ივნისში ი. ჭ–ე ანერვიულებული დაბრუნდა სახლში. კითხვაზე, რა სჭირდა, უამბო, რომ დაახლოებით 1 წლის წინ ე. გ–ს უთხრა, რომ მათ მეზობელ ა. ჭ–სა და უბნის რძალს ჰქონდათ ურთიერთობა, რადგან ერთად დაინახა მანქანაში. ამის შემდეგ ე. გ–სე არწმუნებდა, რომ ა. ჭ–ეს სურდა მისი ცემა, თუმცა, ამ დროს ი–ს ა–სთვის ბოდიში უკვე მოხდილი ჰქონდა. ე. გ–სეს ი–სთვის მოუთხოვია 1500 ლარი ასევე უთქვამს, რომ თუ სურდა ა. ჭ–სა და ქალბატონის მეუღლისთვის არაფერი ეთქვა ე–თვის გადაეცა 1500 ლარი და შეეშვებოდა. ი. ჭ–ე იყო შეშინებული, ამიტომ დასთანხმდა თანხის გადაცემას. მეორე დღეს, მან მეუღლესთან ერთად ,,..... ბანკში“ ჩადო კუთვნილი ოქრო და თანხა გადასცა ი. ჭ–ს, რომელსაც თანხა ე. გ–სისთვის ქ–ში უნდა გადაეცა. რამდენიმე დღეში ი. ჭ–ე კვლავ განერვიულებული მივიდა სახლში და უთხრა, რომ სამსახურში მიაკითხა ე. გ–სემ, რომელსაც ახლდნენ პ. და გ. ჭ–ები. მათ წაიყვანეს თ–ის რაიონის სოფელ ღ–ში, სადაც ე. გ–მ კვლავ მოსთხოვა 1500 ლარი, რის შემდეგაც დაანებებდა თავს. ი–მ ასევე უთხრა, რომ მეგობარს გამოართვა ოქრო, რომელიც ზ. ჩ–ს სახელით ჩადო ,,....... ბანკში“, ნაწილი ისესხა, ნაწილი კი გამოიტანა ბანკიდან და გადასცა ე. გ–ს. მოწმის განმარტებით, იგი იმყოფებოდა წ–ს რაიონის სოფელ მ–ში დედასთან, სადაც მივიდა ი. ჭ–ე და სთხოვა ჩაესხა 50 ლარის საწვავი. აღნიშნულიდან ერთ საათში, ი. ჭ–მ დაურეკა თ. მ–ს მამას - ფ. მ–ს და სთხოვა 500 ლარი. ფ. მ–მ ბარათიდან გამოიტანა 450 ლარი, რომელსაც 50 ლარი დაამატა თ. და მთლიანად გადასცეს ი. ჭ–ს. მეორე დღეს ი. ჭ–მ ფ. მ–ს კიდევ გამოართვა 100 დოლარი. შემდეგ კი ი. ჭ–სგან შეიტყო, რომ ი. გ–ე კიდევ სთხოვდა 2500 დოლარს, რომელიც ნაწილ-ნაწილ უნდა მიეცა. ვინაიდან აღარ ჰქონდა საშუალება, ი–მ მიმართა პოლიციას. თავად ი. ჭ–ს მიერ ე. გ–სთვის თანხის გადაცემის ფაქტს არ შესწრებია. 2020 წლის ივნისში ან ივლისში ი. ჭ–სთვის 450 ლარისა და 100 დოლარის გადაცემა ასევე დაადასტურა მოწმე ფ. მ–მ, რომლისთვისაც თ. მ–სგან გახდა ცნობილი, რომ ე. გ–სე ი. ჭ–ს სთხოვდა თანხას, რათა არ გახმაურებულიყო მეზობლის რძლისა და მეზობლის ბიჭის ურთიერთობა.
5.9. 2020 წლის ივნისში ი. ჭ–სთვის 250 ლარის სესხების ფაქტი ასევე დაადასტურა მოწმე ვ. ჭ–მ, თუმცა მისთვის ი. ჭ–ს არ უთქვამს, რომ ე. გ–სე აშანტაჟებდა.
5.10 მოწმეებმა - ვ. ა–მ, თ. გ–მა, გ. მ–მ, ზ. ფ–მ და ა. ბ–მა დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა.
5.11. ე. გ–სემ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2019 წელს მას ა. ჭ–მ უთხრა, რომ ი. ჭ–სთან რაღაც ჰქონდა გასარკვევი და ,,შეიძლება შემოკვდომოდა“. მან იფიქრა, რომ ა–მ ეს კრიმინალური წარსულის გამო უთხრა, რადგან იყო პერიოდი, როდესაც სარგებლობდა გარკვეული ავტორიტეტით და კანონიერი ქურდის სახელიც ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ უარი თქვა ქურდის სახელსა და საქმიანობაზე. მას ა. ჭ–მ ასევე უამბო, რომ ი. ჭ–ე მისულა მისი ბიძაშვილის ცოლთან და უკითხავს ,,შენ და ა–ი ერთად ხართ?“ იგი ა. ჭ–ეს დაჰპირდა, რომ ნახავდა ი–ს და ეტყოდა რომ ამ თემას შეეშვებოდა. ამის შემდეგ მან ნახა ი. ჭ–ს ბიძა, ბ. ჭ–ე, ასევე მივიდა ი-სთან სამსახურში და უთხრა, რომ შეეშვებოდა ამ საკითხს. თვე-ნახევრის შემდეგ, მას და ა. ჭ–ეს მოუვიდათ კონფლიქტი, თუმცა ბოლოს მას ბოდიში მოუხადეს. 2020 წლის 21 ივნისს იგი იმყოფებოდა ბ. ჭ–ესთან სახლში, სადაც ასევე მივიდა ი. ჭ–ე და სთხოვა დახმარება. ისინი გავიდნენ გარეთ, სადაც ასევე იმყოფებოდა ბ. ჭ–ე. მას ი. ჭ–მ უთხრა, რომ ა. ჭ–ეს მოუხადა ბოდიში და რომ შეხვედრის შემდეგ ა. ჭ–მ დაარტყა. იმ პერიოდში გ. ჩ–მ და ა. ჭ–მ, ამ უკანასკნელისთვის მიყენებული შეურაცხყოფის სანაცვლოდ, ი. ჭ–ს სთხოვეს თავისი საქმის წილში ჩასმა. მან ი. ჭ–ს უთხრა წასულიყო სახლში, რადგან იყო ნასვამი და მეორე დღეს ესაუბრათ. მეორე დღეს ი. ჭ–ე კვლავ მივიდა მასთან და უთხრა ,,მიშველე, ამ სიტუაციიდან გამომიყვანე, თავი დამანებოს ა. ჭ–მ“. ამის შემდეგ იგი ესაუბრა ა. ჭ–ეს, რომელიც ამბობდა ,,ი–ი მაინც უნდა გავამწარო და დავსაჯო“. ი. ჭ–ე აკითხავდა მას და ითხოვდა შველას. მან შეხვედრისთვის დაურეკა ი. ჭ–ს, მაგრამ არ უპასუხა. მდინარე ჩ–ზე ყოფნისას ი. ჭ–მ კვლავ სთხოვა დახმარებოდა, რომ ა. ჭ–ე შეშვებოდა. მან ი. ჭ–ს სთხოვა მისთვის ესესხებინა ფული, რაზეც უპასუხა ,,ახლა ვერ შევძლებ“. მან უთხრა, რომ ,,ახლა მჭირდება და თუ ვერ შეძლებ მაშინ არ მინდა“. ი-ი დაჰპირდა, რომ უშოვიდა. ე. გ–მ ი. ჭ–ს უთხრა, რომ ფული პ. ჭ–სთვის მიეცა და შემდეგ ის გადასცემდა. იმავე დღეს საავადმყოფოსთან მივიდა პ. ჭ–ე და გადასცა ი. ჭ–ს მიერ გატანებული 1500 ლარი. მას ი. ჭ–სთვის სესხად აღებული თანხა არ დაუბრუნებია. მას აბრალებდნენ, რომ თითქოს მოიგონა ყველაფერი, სწორედ ამიტომ ჩაწერა ი. ჭ–ე რომ დახმარებას სთხოვს მას. ეს ჩანაწერი ატვირთა სოციალურ ქსელში, მაგრამ ი. ჭ–ე არ დაუშანტაჟებია. მან ი. ჭ–ს გამოართვა მხოლოდ 1500 ლარი, სხვა თანხა მისთვის არ გამოურთმევია და არც უძალადია. მას ი. ჭ–სთან ჰქონდა ახლო ურთიერთობა, ბევრჯერ უსესხებია ფული და უკანაც დაუბრუნებია. ი. ჭ–ს მამას ფული ჰქონდა ამოსაღები და დაეხმარა, თუმცა იმის გამო, რომ მევალე გაჭირვებული იყო, ურჩია თავი დაენებებია. 1500 ლარის სესხების გარდა მდინარე ჩ–ზე სხვა არავითარი თანხა არ მოუთხოვია და არც მიუღია ი. ჭ–საგან.
5.12. საკასაციო სასამართლო იზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომლის თანახმადაც, ე. გ–ის ქმედებაში არ არის გამოკვეთილი გამოძალვის ნიშნები. ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია, მინიმუმ, ორი პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ე. გ–სე თანხას სძალავდა ი. ჭ–ს. ასევე არ დასტურდება დაზარალებულის მიმართ ისეთი ცნობების გავრცელების მუქარა, რომელსაც შესაძლოა, არსებითად დაეზიანებინა ი. ჭ–ს უფლებები. მხოლოდ დაზარალებულის განმარტებები, რომლებიც არ არის გამყარებული სხვა პირდაპირი მტკიცებულებებით, არ არის საკმარისი ე. გ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდების - გამოძალვის, გონივრულ ეჭვს მიღმა დასადასტურებლად. გამოკვლეული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ე. გ–ს და ი. ჭ–ს წარსულში ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, ასევე ის, რომ წარსულში ე. გ–სეს ი. ჭ–სგან ნასესხები ჰქონდა თანხა, რაც შემდეგ დაუბრუნა. დაზარალებულის ჩვენებით ასევე დადგენილია, რომ 2020 წელს ე. გ–მ მდინარე ჩ–ს ნაპირზე საუბრისას მბრძანებლური კილოთი, გაბრაზებულმა მოსთხოვა მას 1500 ლარის იმ დღესვე გადაცემა და უთხრა, საიდანაც უნდოდა, იქიდან მიეტანა, რაზეც თავიდან უთხრა უარი, თუმცა შემდეგ სიტყვაც ვერ შეუბრუნა, რადგან ეშინოდა, რომ სცემდა ან ოჯახს დაუშავებდა რამეს, ვინაიდან ე. გ–სე რამდენჯერმე იყო ნასამართლევი და ფიქრობდა, რომ შეეძლო ზიანი მიეყენებინა ან სიცოცხლე მოესპო მისთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის. მოცემულ შემთხვევაში მდინარე ჩ–ზე 1500 ლარის მბრძანებლური ტონით მოთხოვნის ფაქტი გამყარებულია მოწმე გ. ჭ–ს ჩვენებით, რომელმაც დაადასტურა, რომ ე. გ–სემ ი. ჭ–ს უთხრა ,,როგორც გინდა დღესვე მომიტანე 1500 ლარი, თუ გინდა თავი დაგანებო“, ი. ჭ–მ კი უპასუხა ,,დღეს როგორ მოგიტანო, ფული არ მაქვს“. ამის შემდეგ ე. გ–მ ი–ს უთხრა ,,დღესვე მინდა, თორემ მერე არ მინდა“, რაზეც ი–ი დასთანხმდა და უთხრა ,,ვიშოვი დღეს და მოგიტან“. მოწმე პ. ჭ–ს ჩვენებით კი უტყუარად დადასტურდა, რომ მას ი. ჭ–მ ე. გ–სისთვის გადასაცემად იმ დღესვე გაატანა ამ უკანასკნელის მიერ მოთხოვნილი 1500 ლარი, რომელიც დაუყოვნებლივ გადასცა ე. გ–ს. აღნიშნული თანხა ე. გ–სეს ი. ჭ–სთვის არ დაუბრუნებია. დაცვის მხარის განმარტება, რომ ე. გ–სემ 1500 ლარი სესხად გამოართვა ი. ჭ–ს, მოკლებულია დამაჯერებლობას, ვინაიდან როგორც დაზარალებულის, ასევე მოწმე გ .ჭ–ს ჩვენებებით დგინდება, რომ ე. გ-ძე მბრძანებლური ტონით მოითხოვდა დაზარალებულისგან 1500 ლარის იმავე დღეს მიტანას და არ ითვალისწინებდა მის განმარტებას, რომ თანხა არ ჰქონდა და ვერ მიუტანდა. ფულის იმავე დღეს მიტანის მოთხოვნის გამეორების შემდეგ კი ი. ჭ–ე დასთანხმდა შეესრულებინა მისი მოთხოვნა და იმავე დღეს პ. ჭ–ს მეშვეობით გადაეცა მისთვის მოთხოვნილი თანხა, რაც შეასრულა კიდეც. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული გამორიცხავს თანხის სესხად გადაცემას, ვინაიდან ე. გ–მ თავისი წარსულისა და ავტორიტეტის გათვალისწინებით, ზემოქმედება მოახდინა დაზარალებულზე, რომელსაც მიუხედავად ძველი ნაცნობობისა, ჰქონდა მისი შიში, რასაც ადასტურებს მისი მეუღლე - თ. მ–ც და სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, იგი იძლებული გახდა შეესრულებინა ე. გ–სის მოთხოვნა და საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, გადაეცა მოთხოვნილი თანხა - 1500 ლარი.
5.13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე. გ–ს მიერ იძულების ჩადენა დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით და მისი მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით კანონიერია, ხოლო შეფარდებული სასჯელი - სამართლიანი.
5.14. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.16. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.17. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ მამუკა ჩუბინიძის, ასევე მსჯავრდებულ ე. გ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. თ–ს საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე