Facebook Twitter

საქმე N 020100121004360881

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №129აპ.-22 5 ივლისი, 2022 წელი

ე–ა ბ., 129აპ.-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 7 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. ე–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ვ. გ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

1.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 ივლისის განაჩენით ბ. ე–ა (პირადი ნომერი: .......) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ბ. ე–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რომლის ვადის ათვლა დაეწყო - 2020 წლის 12 დეკემბრის 11:19 საათიდან.

1.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რომ ბ. ე–მ ჩაიდინა საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:

ბ. ე–ამ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და მის მიერ მართულ „ბმვ-ს“ მარკის ავტომანქანის საბარგულში მოთავსებულ ხელჩანთაში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა საბრძოლო მასალას - ქარხნული წესით დამზადებულ, 1943 წლის ნიმუშის, 7,62 მმ კალიბრიან 111 (ას თერთმეტ) ცალ სამხედრო ვაზნას, რომლებიც ვარგისია გამოსაყენებლად და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, ასევე ასაფეთქებელ მოწყობილობას - ორ ერთეულ, ქარხნული წესით დამზადებულ „Ф-1“ ტიპის ხელის მსხვრევად ყუმბარის კორპუსს სასკდომი მუხტით და ხელის მსხვრევადი ყუმბარების ქარხნული წესით დამზადებულ „УЗРГМ-ის“ ტიპის ორ ერთეულ ამფეთქ ფალიას, რომელიც წარმოადგენს ასაფეთქებელ მოწყობილობას და საბრძოლო გამოცდის ჩატარებამდე ვარგისი იყო დანიშნულებით გამოსაყენებლად. მითითებული საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა 2020 წლის 12 დეკემბერს ამოიღეს პოლიციის მუშაკებმა ზ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ყ–ში ბ. ე–ს ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად.

ბ. ე–ა 2020 წლის 12 დეკემბერს მის მიერ მართულ ,,ბმვ-ს“ მარკის ავტომანქანის საბარგულში მოთავსებული ხელჩანთით მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა საბრძოლო მასალას - ქარხნული წესით დამზადებულ, 1943 წლის ნიმუშის, 7,62 მმ კალიბრიან 111 (ას თერთმეტ) ცალ სამხედრო ვაზნას, რომლებიც ვარგისია გამოსაყენებლად და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, ასევე ასაფეთქებელ მოწყობილობას - ორ ერთეულ, ქარხნული წესით დამზადებულ „Ф-1“ ტიპის ხელის მსხვრევად ყუმბარის კორპუსს სასკდომი მუხტით და ხელის მსხვრევადი ყუმბარების ქარხნული წესით დამზადებულ „УЗРГМ-ის“ ტიპის ორ ერთეულ ამფეთქ ფალიას, რომელიც წარმოადგენს ასაფეთქებელ მოწყობილობას და საბრძოლო გამოცდის ჩატარებამდე ვარგისი იყო დანიშნულებით გამოსაყენებლად. მითითებული საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა 2020 წლის 12 დეკემბერს ამოიღეს პოლიციის მუშაკებმა ზ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ყ–ში ბ. ე–ს ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად.

2. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

2.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 7 დეკემბრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. კასატორის მოთხოვნა და არგუმენტები:

3.1. ადვოკატმა ვ. გ–მ საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 7 დეკემბრის განაჩენი და მოითხოვა მსჯავრდებულ ბ. ე–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ვინაიდან მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 7 დეკემბრის განაჩენი უკანონოა.

3.2. ადვოკატი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლად უთითებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტზე, კერძოდ, საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას. კასატორის აზრით, ასევე არსებითად დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები.

3.3. ადვოკატი ვ. გ-ვა არ იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომლის თანახმადაც, საქმეზე დაკითხულ პოლიციელთა ჩვენებები თანმიმდევრული და სარწმუნოა, ვინაიდან აღნიშნული დასკვნა არ გამომდინარეობს მათი ჩვენებების ობიექტური ანალიზიდან, კერძოდ: საქმეზე დაკითხული პირები ერთმანეთის თანამშრომლები და მეგობრები არიან, რომლებსაც ,,კორპორაციული ერთობა“ აკავშირებთ; პოლიციელების ჩვენებები არ არის გამყარებული ვიდეოჩანაწერითა და სხვა ნეიტრალური მოწმეების ჩვენებებით, რაც გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას გამორიცხავს; პოლიციელების არაგულწრფელობა გამოწვეულია იმ გარემოებითაც, რომ მათ ვალდებულება, - ძებნილი ბ. ე–ა დაკავება, - ვერ შეძლეს; პოლიციელთა ჩვენებების არასარწმუნოობაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ ისინი გამოკითხა ჩხრეკაში მონაწილე გამომძიებელმა, გარდა ამისა, დაცვის მხარის მიერ მოპოვებული ვიდეოჩანაწერის ნახვის შემდეგ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებები შეცვალეს და სასამართლოს შესთავაზეს ვერსია, რომ ბ. ე–ს 42 წუთს ვერ ხედავდნენ; ასევე ეჭვის საფუძველია ის გარემოება, რომ შოკოლადი ,,სნიკერსი“ და საღეჭი რეზინა, რომლებიც ჯიბეში ჰქონდა ბ. ე–ს, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის მიხედვით, საბარგულში აღმოჩნდა.

3.4. დაცვის მხარის პოზიციით, სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა 2020 წლის 13 დეკემბერს გაცემული ექსპერტიზის N..... დასკვნა, რომლის თანახმადაც, ამოღებული 2 ერთეული ხელის მსხვრევადი ყუმბარა თავისი ფალიით ვარგისია გამოყენებისათვის და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის 145-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საექსპერტო კვლევის ობიექტი შეიძლება დაიხარჯოს იმ ოდენობით, რამდენიც საჭიროა საექსპერტო კვლევისათვის, ხოლო განსახილველ შემთხვევაში საკვლევი ობიექტი სრულად გაიხარჯა, რათა არ მომხდარიყო მისი სასამართლო სხდომაზე გამოკვლევა, კერძოდ, ისინი განადგურდა იმ მოტივით, რომ სასამართლოს ვერ დაედგინა რამდენად იყო შესაძლებელი მათ ზედაპირზე ბიოლოგიური კვალის არსებობა;

3.5. კასატორის აზრით, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა არ არის კატეგორიული, კერძოდ, საეჭვოა ის გარემოებაც, რომ ხელყუმბარებსა და ვაზნებზე მხოლოდ ბ. ე–ს ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი აღმოჩნდა, ვინაიდან ჩხრეკის წარმოებისას არცერთ პოლიციელს არ ეკეთა რეზინის ხელთათმანი; საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ამოღებული საბრძოლო მასალა და სხვა საკვლევი ობიექტები პოლიეთილენის პარკებში მოთავსდა, მაშინ, როცა დნმ-ის ანალიზისთვის ნიმუშების მოპოვებისას მათი პოლიეთილენის პარკებში მოთავსება დაუშვებელია, რადგან ასეთ შემთხვევაში საკვლევი ობიექტი კარგავს ყველა იმ ნიშან-თვისებას, რაც მას ახასიათებს; ადამიანის ბირთვული დნმ-ის მატარებელი ობიექტებია ბიოლოგიური კვლები, როგორიცაა - სისხლი, ნერწყვი, თმა, ძვალი, ადამიანის გამონაყოფი, თუმცა ამ შემთხვევაში ექსპერტი არ აკონკრეტებს, თუ რომელი ბიომასალა აღმოჩნდა ვაზნებსა და ყუმბარის კორპუსზე.

3.6. დაცვის მხარის პოზიციით, გამომძიებლებმა და ექსპერტებმა არ დაიცვეს ნივთმტკიცებების დამაგრების, შეფუთვისა და შენახვის წესები, რითაც შექმნეს დაუძლეველი ეჭვი მათი წარმომავლობის, კანონიერებისა ან/და ნიშან-თვისებების შეცვლის შესახებ. ამასთან, საკვლევი ობიექტების შეგნებულად განადგურების გამო, დაცვის მხარემ ვერ შეძლო ჩაეტარებინა განმეორებითი ან კომისიური ექსპერტიზები, რამაც ბ. ე–ს უფლებების დარღვევა გამოიწვია.

3.7. კასატორის პოზიციით, სასამართლოს დაუშვებლად უნდა ეცნო ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკა და ჩხრეკის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები. დ. კ–ს პატაკი არ იყო საკმარისი გამოძიების დასაწყებად, ვინაიდან ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოძიების დაწყება, მითუფრო ჩხრეკის ჩატარება, ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპებს, რომ ,,დასაბუთებული ვარაუდის“ სტანდარტის შესაქმნელად საკმარისად არ უნდა იქნეს მიჩნეული კონფიდენტის მიერ მიწოდებული ოპერატიული ინფორმაცია, რომლის სანდოობაც სასამართლოს მიერ შემოწმებას არცერთ ეტაპზე არ ექვემდებარება. გარდა ამისა განსახილველ შემთხვევაში დაუდგენელია, თუ ვინ მიაწოდა დ. კ–ს ოპერატიული ინფორმაცია.

3.8. ადვოკატის განმარტებით, ბ. ე–ს ავტომანქანის ჩხრეკისას არ არსებობდა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, ვინაიდან ამ შემთხვევაში ბრალდების მხარეს მოპოვებული ჰქონდა მხოლოდ დ. კ–ს პატაკი. ოპერატიული ინფორმაციის მიღების შემდეგ პოლიციას ჰქონდა ხელსაყრელი პირობა საგამოძიებო მოქმედებების ვიდეოჩაწერისა და ფოტოგადაღებებისათვის, (დაკავება-ჩხრეკაში მონაწილე ოთხივე პოლიციელს ჰქონდა მობილური ტელეფონი) რაც არ გაკეთებულა. სასამართლო პროცესზე დაკითხულმა პოლიციელმა ზ. შ-იამ უჩვენა, რომ აღნიშნულს კანონი არ ავალდებულებს, მაშინ, როცა საქართველოს სსსკ-ის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნის თანახმად გამომძიებელი ვალდებულია, გამოძიება წარმართოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად.

3.9. ადვოკატი თავისი პოზიციის დასასაბუთებლად ასევე უთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილებაზე და აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილებაში მითითებული მსჯელობის გათვალისწინებით, დაუშვებელი იყო განსახილველ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენებებით და ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად). ასევე ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის იმ ჩვენების მტკიცებულებად გამოყენებას, რომელიც ეფუძნება ოპერატიული წყაროს („კონფიდენტი“, „ინფორმანტი“) ან ანონიმური პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას (პოლიციელ დ. კ–ს ჩვენება).

3.10. სასამართლოებმა არ იმსჯელეს დაცვის მხარის მიერ მითითებულ პროცესუალურ დარღვევებზე, კერძოდ: საგამოძიებო დავალებაზე (სასამართლო პროცესზე დაკითხული პოლიციელები უჩვენებენ, რომ შექმნილი იყო რამდენიმე ჯგუფი, მაგრამ საქმეში არ ჩანს, თუ როგორ ჩაერთნენ ისინი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში); გონივრულ ეჭვის საფუძვლებზე; მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვის, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ გადაწყვეტაზე; მოწმის ჩვენების დაუშვებლობაზე, მოწმის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის წყაროს მიუთითებლობის შემთხვევაში; მტკიცებულების შეფასებაზე სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით; კანონის არსებითი დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებასა და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებულ სხვა მტკიცებულებაზე, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, მის დაუშვებელობაზე და იურიდიული ძალის არქონაზე; მტკიცებულებათა შეფასებაზე სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით; სასამართლოს განაჩენის კანონიერებაზე, დასაბუთებულობასა და სამართლიანობაზე; თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპის დარღვევაზე.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. კასატორი ვ. გ-ვა საკასაციო საჩივრებით ითხოვს მსჯავრდებულ ბ. ე–ს უდანაშაულოდ ცნობას საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა ის ჩამონათვალი, რომელიც სასამართლოს აღნიშნული ბრალდების დამადასტურებლად აქვს მოხმობილი, ერთი მხრივ მოპოვებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით არ ადასტურებს ბ. ე–ს მიერ საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებას.

4.2. ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც საფუძვლად დაედო გამამტყუნებელ განაჩენს, მიმოიხილავს ცალ-ცალკე, შეაფასებს მათ კანონიერებასა და შესაბამისობას გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებით სტანდარტთან.

4.3. სასამართლო სხდომაზე დაკითხული, საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პოლიციელების - ა. კ–ს, ზ. შ–სა და გ. რ–ს ჩვენებებით ირკვევა, რომ 2020 წლის 12 დეკემბერს მიღებულ იქნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ბ. ე–ს ძებნილი ძმისთვის - ბ. ე–ათვის უნდა გადაეცა ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და პროდუქტები. აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ მათ ქ. ზ–ში, ძველ ავტოსადგურთან, შეამჩნიეს ,,ბმვ-ს“ მარკის ავტომანქანა, რომელსაც მართავდა ბ. ე–ა. მანქანა მოძრაობდა ჯიხაშკარის მიმართულებით. მათ ბ. ე–ს მანქანა დაახლოებით 15 წუთით დაკარგეს თვალთახედვის არედან, თუმცა მოგვიანებით ისევ შეამჩნიეს. ყ–ს ტერიტორიაზე ბ. ე–ამ შეამჩნია მათი მანქანა, რის გამოც ძალიან სწრაფად განაგრძო სვლა. მოწმეთა განმარტებით, მათ ჩართეს ციმციმა, წამოეწივნენ ბ. ე–ს მანქანას და საძახილით მოუწოდეს, რომ გაჩერებულიყო. მიუხედავად მოწოდებისა, ბ. ე–ამ არ გააჩერა ავტომანქანა, დაეჯახა მათ მანქანას და ცდილობდა გაქცევას. გამომძიებლებმა შეძლეს მისი შეჩერება, ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, შემდეგ ავტომანქანის ჩხრეკა, რა დროსაც მანქანის სალონიდან ამოიღეს მობილური ტელეფონი, ხოლო საბარგულიდან - ჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი და საძილე ტომარა, რომელშიც აღმოჩნდა ვაზნები, ორი ხელყუმბარა და ამფეთქი ფალია.

4.4. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე და მათთვის წინასწარ მტკიცებულებითი წონის მინიჭება გაუმართლებელია. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომლის თანახმადაც, პოლიციელთა ჩვენებები არის თანმიმდევრული მტკიცების მთავარ საკითხთან დაკავშირებულ გარემოებებზე და სარწმუნო, კერძოდ: გამომძიებლები ერთმნიშვნელოვნად და იდენტურად ადასტურებენ იმ გარემოებებს, რომ ბ. ე–ა დააკავეს ზ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ყ–ი, ზ–ჩ–ს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, რის შემდეგაც ჩაუტარეს პირადი და ავტომანქანის ჩხრეკა, ხოლო ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად მანქანის სალონიდან ამოიღეს მობილური ტელეფონი, ხოლო საბარგულიდან - ჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, საძილე ტომარა მასში მოთავსებული ვაზნებით, ორი ხელყუმბარითა და ამფეთქი ფალიით.

4.5. პოლიციელთა ჩვენებების შეფასებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ხსენებული პირები სასამართლოში დაიკითხნენ მხარეთა მონაწილეობით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რა დროსაც როგორც თავისუფალი თხრობის, ასევე პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვისას თანმიმდევრულად და დამაჯერებლად გადმოსცემდნენ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემებს. პოლიციელების ჩვენებები სრულად არის თანხვდენილი როგორც ერთმანეთთან, ისე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან - ბ. ე–ს პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმთან, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმსა და ექსპერტიზის დასკვნებთან. ამდენად, ადვოკატის მიერ საკასაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები პოლიციელების მიერ საქმის შედეგით დაინტერესებასთან დაკავშირებით, არ დასტურდება წარმოდგენილი მტკიცებულებებით და არ გამომდინარეობს საქმის მასალების ობიექტური ანალიზიდან.

4.6. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ განსახილველ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, პოლიციელების ჩვენებებთან ერთად, ქმნის ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, მათ შორის - ავტომანქანის ჩხრეკის ოქმი, პიროტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა და ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნა, კერძოდ:

4.7. 2020 წლის 12 დეკემბერს ბ. ე–ს ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად მძღოლის გვერდით სავარძლიდან ამოღებულ იქნა „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, ხოლო ავტომანქანის საბარგულიდან - პოლიეთილენის მასალის დიდი ზომის ხელჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო პროდუქტი, ტანსაცმელი და სხვა ნივთები, ასევე - ხაკისფერი საძილე ტომარა ელვაშესაკრავით. საძილე ტომრის ძირში, შავი ფერის ცელოფნის პარკში, მოთავსებული იყო 111 ვაზნა, ორი ცალი ხელყუმბარის მსგავსი რელიეფური საგანი და ორი ცალი ხელყუმბარის ამფეთქი ფალიის მსგავსი საგანი.

4.8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ. ე–ს ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის შედგენისას არ იკვეთება საპროცესო კანონმდებლობის არსებითი დარღვევის ფაქტი, ვინაიდან ზემოაღნიშნული ოქმის ანალიზი ცხადყოფს, რომ მასში სრულად არის ასახული ის საპროცესო მოთხოვნები, რაც დაკავშირებულია ჩხრეკის ოქმის შედგენასთან, მათ შორის - ამოღებული ნივთები და საგნები წარედგინათ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს, ისინი ოქმში აღიწერა და დაილუქა. ჩხრეკის ოქმს ხელს აწერენ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირები, მათ შორის - ბ. ე–ა და მასში აღნიშნული პირების შენიშვნა, შესწორება, დამატება ან განცხადება არ არის წარმოდგენილი.

4.9. ის ფაქტი, რომ ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ორი ცალი ხელყუმბარის მსგავსი რელიეფური საგანი, ორი ცალი ხელყუმბარის ამფეთქი ფალიის მსგავსი საგანი მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად, დადასტურებულია პიროტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, კერძოდ: პიროტექნიკური ექსპერტიზის №... დასკვნით დასტურდება, რომ 2 ერთეული, ქარხნული წესით დამზადებული ф-1 ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარის კორპუსი, სასკდომი მუხტით, მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, საბრძოლო გამოცდის ჩატარებამდე ვარგისი იყო დანიშნულებით გამოსაყენებლად; 2 ერთეული ქარხნული წესით დამზადებული „УЗРГМ“ ტიპის ამფეთქი ფალია, მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, წარმოადგენს ასაფეთქებელ მოწყობილობას, საბრძოლო გამოცდის ჩატარებამდე ვარგისი იყო დანიშნულებით გამოსაყენებლად.

4.10. საკასაციო სასამართლოს, სააპელაციო პალატის მსგავსად, აღნიშნული მტკიცებულების ავთენტურობასა და რელევანტურობაში ეჭვი არ ეპარება, ვინაიდან საკვლევი ობიექტები ავტომანქანის ჩხრეკისას დაილუქა სათანადო წესით და გადაიგზავნა ექსპერტიზის ჩასატარებლად. როგორც ექსპერტიზის დასკვნით, ასევე სასამართლო სხდომაზე დაკითხული ექსპერტის - კ. ა–ს ჩვენებით ირკვევა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი პაკეტი გაიხსნა ბიოლოგიური ექსპერტიზის სამსახურის მთავარი ექსპერტის - ი. ბ–ს და ბალისტიკური ექსპერტიზის განყოფილების მთავარი ექსპერტის - ვ. ბ–ს თანდასწრებით. გახსნის მომენტში პაკეტის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. პაკეტის გახსნის შემდეგ ექსპერტიზაზე წარდგენილი 2 ყუმბარიდან, 2 ფალიიდან და 111 ვაზნიდან შემდგომი კვლევების ჩასატარებლად აიღეს ანაწმენდები, რის შემდეგაც საქართველოს სსსკ-ის 145-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, საკვლევი საგნების ვარგისიანობის დადგენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიგონზე საბრძოლო გამოცდა ჩაუტარდა 2 ერთეულ ხელის მსხვრევად ხელყუმბარას და 2 ერთეულ ამფეთქ ფალიას, რამაც მათი გახარჯვა გამოიწვია. ამდენად, ის ფაქტი, რომ ამოღებული ნივთები სრულად გაიხარჯა საბრძოლო გამოცდის ჩატარების დროს პიროტექნიკურ ექსპერტიზაზე, ვერ გახდება აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის არგაზიარების საფუძველი, ვინაიდან რაიმე გარემოება, რაც დაადასტურებდა ნივთმტკიცების არამიზნობრივად გახარჯვას, საქმის მასალებით წარმოდგენილი არ არის, ხოლო დაცვის მხარე შემოიფარგლება ზოგადი მსჯელობით, მაშინ, როცა სასამართლო სხდომაზე ექსპერტის დაკითხვისას ჰქონდა შესაძლებლობა, მისთვის დაესვა კითხვები კვლევის მეთოდთთან დაკავშირებით (დაცვის მხარეს ექსპერტისთვის არ უკითხავს, თუ რატომ გახდა საჭირო ნივთმტკიცების სრულად გახარჯვა).

4.11. რაც შეეხება ჩხრეკისას ამოღებულ 111 ვაზნას, ბალისტიკური ექსპერტიზის N...... დასკვნით დადასტურებულია, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევი 111 ვაზნა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 1943 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრიან სამხედრო ვაზნებს, რომელთაგან 100 ვაზნა არის 1943 წელის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრიანი სამხედრო ვაზნა ფოლადის გულათი, 5 ვაზნა - 1943 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრიანი სამხედრო-სპეციალური დანიშნულების ჯავშანმხვრეტ-აალებადი ვაზნა, ხოლო 6 ვაზნა - 1943 წლის ნიმუში 7,62 მმ კალიბრიანი სამხედრო-სპეციალური დანიშნულების მგეზავ-მანათობელი ვაზნა და განკუთვნილია ამავე კალიბრის ,,კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის „AK-47“, ,,AKC-47“, ,,AKM“, ,,AKMC“, ,,AKMCY“ ავტომატებისათვის, „CKC“ კარაბინისათვის, „PПД“, „PПК“ ხელის ტყვიამფრქვევებისთვის. აღნიშნული 111 ცალი 7,62 მმ კალიბრიანი ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.

4.12. ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ნივთების ბ. ე–სადმი კუთვნილება, გარდა პოლიციელების ჩვენებებისა და ავტომანქანის ჩხრეკის ოქმისა, დადასტურებულია ბიოლოგიური (გენეტიკური) N....... ექსპერტიზის დასკვნით:

- პაკეტში, წარწერით ,,...ორ ყუმბარიდან, ორ ფალიიდან, ტყვიიდან და ასთერთმეტ ვაზნიდან აღებული ანაწმენდები...“ მოთავსებულ ანაწმენდებზე - ობ. N.. (ფალიიდან (2ც) აღებული ანაწმენდები), ობ. N.. (ვაზნებიდან აღებული ანაწმენდები), ობ. N.. (ვაზნებიდან აღებული ანაწმენდები), ობ. N..(ვაზნებიდან აღებული ანაწმენდები), ობ. N.. (ვაზნებიდან აღებული ანაწმენდები) არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ბ. ე–ს.

- ბ. ე–ს კუთვნილი ბმვ-ს მარკის ავტომანქანიდან ამოღებულ ჩანთაზე, საძილე ტომარაზე, თოკსა და წებოვანი ლენტის ხვიაზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ბ. ე–ს, ამავე ჩანთაში მოთავსებულ ცელოფანზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის ბ. ე–ს, ჩანთაში მოთავსებულ პურის სამ შეფუთვაზე, წინდებზე, ძეხვზე, კონსერვებზე, ორ ცალ შოკოლადსა და საღეჭ რეზინზე, ასანთის 9 ცალ კოლოფზე, მონაცისფრო და მოშავო შარვლებზე, ქურთუკზე და ჟაკეტზე გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

4.13. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს, რომ ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა არ არის კატეგორიული, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტმა ვ. ო–მ დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, მიუთითა გამოკვლევისას გამოყენებულ მეთოდებზე და დაცვის მხარის მიერ დასმულ კითხვებზე ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი გასცა. გარდა ამისა, საქმის მასალებითა და ექსპერტის ჩვენებით არ დასტურდება, რომ გამომძიებლებმა და ექსპერტებმა არ დაიცვეს ავტომანქანიდან ამოღებული მართლსაწინააღმდეგო ნივთების დალუქვისა და შენახვის წესები. უსაფუძვლოა ადვოკატის მიერ მითითებული გარემოება, რომ საბრძოლო მასალისა და სხვა საკვლევი ობიექტების პოლიეთილენის პარკებში მოთავსებით საკვლევი ობიექტი კარგავს ყველა იმ ნიშან-თვისებას, რაც საჭიროა ექსპერტიზის ჩასატარებლად, ვინაიდან აღნიშნულ გარემოებას არ ადასტურებს მხარეების მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება.

4.14. რაც შეეხება ადვოკატის მითითებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე - „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა ჩვენებებით და ამავე დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად.

4.15. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმატიული შინაარსი ძალადაკარგულად ცნობილია 2021 წლის პირველი ივლისიდან, რისი მოტივიც საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა ამავე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 111-112-ე პუნქტებში, კერძოდ: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „სადავო ნორმატიული შინაარსის დაუყოვნებლივ, გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან ძალადაკარგულად ცნობა შექმნის მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინტერესების დაზიანების საფრთხეს. იმისათვის, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ეფექტურად უზრუნველყონ ჩხრეკის შედეგად მოპოვებული მტკიცებულების სათანადო, ნეიტრალური მტკიცებულებებით გამყარება, საჭიროა, მათ ჰქონდეთ მკაფიო საკანონმდებლო ინსტრუქციები. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, საჭირო გახდეს სათანადო ტექნიკური აღჭურვილობის უზრუნველყოფა. სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოხსენებული სტანდარტები ემსახურება სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა თვითნებობის რისკების პრევენციას, თუმცა ჩხრეკის ჩატარების სათანადო ინსტრუქციისა და ტექნიკური საშუალებების უზრუნველყოფის გარეშე სადავო ნორმის დაუყოვნებლივ გაუქმებამ შეიძლება შეაფერხოს სამართალდამცავთა ლეგიტიმური ქმედებები, რომელთა მოქმედებაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი უსაფრთოხების უზრუნველყოფისათვის“. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ „კანონმდებელსა და შესაბამის ორგანოებს უნდა მიეცეთ გარკვეული ვადა გადაწყვეტილების იმპლემენტაციისათვის საჭირო საკანონმდებლო თუ სხვა ინსტიტუციური ცვლილებების განსახორციელებლად“.

4.16. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, საქართველოს პარლამენტმა მიიღო „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 28 ივნისის კანონი, რომელიც ამოქმედდა 2021 წლის პირველი ივლისიდან და რომლის განმარტებითი ბარათის შესაბამისად, ეს კანონი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას.

4.17. აქედან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია 2021 წლის პირველ ივლისამდე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ბ. ე–ს მიმართ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება ვერ გავრცელდება.

4.18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სამართლებრივ მოტივაციას, რომლის თანახმადაც, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურდა ბ. ე–ს ბრალეულობა ჩადენილ დანაშაულში.

4.19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის რომელიმე კრიტერიუმს და იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.20. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ბ. ე–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ვ. გ–ს საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე