Facebook Twitter

საქმე N 330100121005050904

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №499აპ-22 15 ივლისი, 2022 წელი

ვ–ი რ. №499აპ-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამთა გახარიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 თებერვლის განაჩენით:

- რ. ვ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათით.

- საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე რ. ვ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2021 წლის 15 აგვისტოდან - 2022 წლის 2 თებერვლის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად.

1.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2021 წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 09:00 საათზე, ქ.თ–ში, ს–ა, კორპუსი N....-,,..“-ში მდებარე ბინა N..-ში, რ. ვ–მ, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, რაც განპირობებული იყო მისი მხრიდან გენდერის ნიშნით გამოხატული დისკრიმინაციული მოპყრობით და გულისხმობდა რ. ვ–ის აღქმას, რომ მას, როგორც მამაკაცს, უფლება აქვს სრულად გააკონტროლოს მეუღლის ცხოვრება, მისი კომუნიკაცია მესამე პირებთან, არასრულწლოვანი შვილების, გ. ვ–სა (დაბადებული ....... წელს) და ე. ვ–ს (დაბადებული ...... წელს) თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, ხ. ფ–ს, კერძოდ, ხელით სცემა სხეულის სხვადასხვა ადგილას, რის შედეგადაც ხ. ფ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 თებერვლის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამთა გახარიამ და მოითხოვა მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 6 აპრილის განაჩენით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

2.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი 2022 წლის 28 აპრილს საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამთა გახარიამ და მოითხოვა მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3. კასატორის არგუმენტები:

3.1. ბრალდების მხარეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ რ. ვ–ის მიმართ დანიშნული სასჯელი მიაჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებლად, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელ არცერთ ზემოაღნიშნულ კანონისმიერ საკითხთან მიმართებით ბრალდებულს არ გააჩნია შემამსუბუქებელი გარემოება. სასამართლომ სასჯელის განსაზღვრის დროს უნდა გაითვალისწინოს დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ასევე, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარეობს სასჯელის ერთ-ერთი მიზანი - დანაშაულის როგორც ზოგადი, ისე კერძო პრევენცია. სასჯელის გამოყენებას უნდა ჰქონდეს პრევენციული ხასიათი და ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდესა და უსაფრთხოებას, დანაშაულის თავიდან აცილებას და, ზოგადად, კრიმინალის შემცირებას. თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის არსებობა ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - დაიცვას საზოგადოება საფრთხისა და დანაშაულისაგან. ზოგადად, სასჯელი განიხილება როგორც სახელმწიფოს პასუხი დანაშაულის ჩადენაზე და როგორც სპეციფიკური შესაძლებლობა განხორციელებულ დანაშაულზე კანონისმიერი რეაგირებისა. პროკურორი მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ბრალდებულის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს კანონით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელი, თავისუფლების აღკვეთის სახით.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასება:

4.1 საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

4.2 საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

4.3. სამართლის შეფარდება ადამიანის ფუნდამენტური უფლებებით სრულყოფილად სარგებლობისა და დაცვის ხარისხით ფასდება. შესაბამისად, სასჯელის დაკისრებისას სამართლიანობა არა დასჯის, არამედ რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნებთან შესაბამისობაში ვლინდება. სასჯელის პროპორციულობა კი გულისხმობს მის გამოყენებას მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისა თუ საზოგადოებისთვის).

4.4. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. სასჯელის მიზანი კი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

4.5. განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი. სააპელაციო პალატამ კი განმარტა, რომ დამნაშავისათვის სასჯელის გამკაცრების ან შემსუბუქების მოთხოვნისას, დასაბუთება თანაბრად უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, დამნაშავის პიროვნების ინდივიდუალურ მახასიათებლებს და სასჯელის მიზნების ზოგადად აღიარებულ ფუნქციას. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, სააპელაციო საჩივარში ბრალდების მხარის მიერ გამოთქმული მოსაზრებები მსჯავრდებულისაგან მომდინარე მომავალ საფრთხეებზე არ არის საფუძვლიანი საჩივრის მოთხოვნის დასასაბუთებლად, ხოლო დანიშნული სასჯელის სახე და ზომა არის საკმარისად მკაცრი სასჯელის მიზნების მისაღწევად, ასევე პალატამ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ რ. ვ–მ პატიმრობაში გაატარა თითქმის ექვსი თვე, ხოლო დანიშნული სასჯელის დამძიმება კი არ მიიჩნია მიზანშეწონილად.

4.6. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სასამართლოების ზემოაღნიშნულ მსჯელობას, ხოლო დამატებით ყურადღებას მიაპყრობს კასატორის არგუმენტაციას სასჯელის დამძიმების თაობაზე და განმარტავს, რომ დაუშვებელია მსჯავრდებულის პირადი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებაში იმაზე მეტი ინტენსივობით ჩარევა, ვიდრე ეს მკაცრად აუცილებელი და პროპორციულია სასჯელის ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად. ამასთან, საქმის ინდივიდუალურ გარემოებებთან მისადაგებისას, არ დასტურდება მსჯავრდებულის განსაკუთრებული უარყოფითი პიროვნული მახასიათებლები, რაც განაპირობებდა უკვე მოხდილი პატიმრობის გათვალისწინებით, შემდგომში მისი საზოგადოებისგან იზოლირების მწვავე საჭიროებას.

4.7. ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამთა გახარიას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე