Facebook Twitter

საქმე N 120100121004583181

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე№513აპ-22 15 ივლისი, 2022 წელი

ზ–ი ა., №513აპ-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამუნა მურჯიკნელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ა. ზ–ი (პირადი ნომერი: ........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი), რაც გამოიხატა შემდეგში:

2021 წლის 18 მარტს, დაახლოებით 12:00 საათზე, ა–ს რაიონის სოფელ მ–ს შესასვლელთან, ა. ზ–მ მ. ი–ს, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ურთიერთშელაპარაკებისას, თავდაპირველად მუშტი, ხოლო შემდეგ ხელი დაარტყა თავის არეში. ძალადობრივი ქმედებების შედეგად მ. ი–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 18 ნოემბრის განაჩენით ა. ზ–ი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

2.2. ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამუნა მურჯიკნელმა, რომელმაც მოითხოვა განაჩენის გაუქმება და ა. ზ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 23 მარტის განაჩენით ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამუნა მურჯიკნელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 18 ნოემბრის განაჩენი.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი 2022 წლის 12 აპრილს საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამუნა მურჯიკნელმა, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმება და ა. ზ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. პროკურორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, მოსამართლემ გამოიჩინა ტენდენციურობა და მიკერძოებულად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ: დაზარალებულმა მ. ი–მ მოწმის სახით გამოკითხვისას სასამართლო პროცესზე ცალსახად განმარტა ა. ზ–ის მიერ მის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტის შესახებ, დეტალურად აღწერა 2021 წლის 18 მარტს, დაახლოებით 12:00 საათზე, ა–ს რაიონის სოფელ მ–ს შესასვლელთან როგორ დაარტა მუშტი და შემდეგ - ხელი თავის არეში, რითაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ასევე, სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხულია სხვადასხვა მოწმე, მათ შორის, ექიმი თ. ა–ე, რომელიც შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა, პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია დაზარალებულს და აღწერა მისი მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ასევე, საქმეზე წარმოდგენილია ა. მ–ის ჩვენება, რომელიც უშუალოდ ძალადობის ფაქტს არ შესწრებია (ზურგით იდგა და შეშას ჩეხდა), თუმცა ადასტურებს მითითებულ დროს დაზარალებულსა და ა. ზ–ს შორის კომუნიკაციას. საქმეზე აგრეთვე გამოცემულია შემაკავებელი ორდერები ა. ზ–ის მიმართ, სადაც ფიქსირდება მის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები. ამასთან, ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე გამოიკვლია სხვადასხვა წერილობითი მტკიცებულება, მათ შორის დაზარალებულთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და სხვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ა. ზ–ი წარსულში ნასამართლევია სწორედ მ. ი–ს მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე. შესაბამისად, ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ა. ზ–ის ბრალეულობას მითითებული კვალიფიკაციით.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასება:

5.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად: „საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია“.

5.2. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავისთვაად გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ ერევა ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულებათა დასაშვებობასა და შეფასებაში და ადგენს ზოგადსახელმძღვანელო სტანდარტს: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას.

5.3. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“). კონვენციის მიზნებისთვის, „ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა. კონვენციის თანახმად, მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ამ კონვენციის შესაბამისად დადგენილი დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე, თუ დანაშაული მთლიანად ან ნაწილობრივ მხარის ტერიტორიაზე იყო ჩადენილი და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.

5.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ოჯახური ძალადობის საქმეებზე დაზარალებულის ან სხვა მოწმის ერთი პირდაპირი ჩვენება, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასა და არაპირდაპირ ჩვენებებთან ან სხვა არაპირდაპირ მტკიცებულებებთან ერთად, მათი უტყუარობის შემთხვევაში, საკმარის საფუძვლადაა მიჩნეული მოძალადე მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დონეზე (იხ. საქართველოს უზანესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის: 2018 წლის 1 მაისის №614აპ-17, 2019 წლის 8 ნოემბრის №409აპ-19, 2019 წლის 1 ნოემბრის №346აპ-19 გადაწყვეტილებები).

5.5. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცებულებითი სტანდარტი ოჯახური დანაშაულის ბრალდების საქმეებზე ითვალისწინებს, ერთი მხრივ, ოჯახური დანაშაულების სპეციფიკურ კონტექსტსა და მსხვერპლთა დაცვის განსაკუთრებულ საჭიროებას, მეორე მხრივ კი, მოითხოვს დაცული იქნეს სამართლიანი სასამართლოს უფლება და პირის მსჯავრდება დაეფუძნოს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებთა ერთობლიობას. საქმეებში, სადაც დაზარალებულის ჩვენებასთან ერთად, წარმოდგენილია ერთი პირდაპირი მტკიცებულება მაინც, მიიჩნევა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მიღწევადია, თუმცა გასათვალისწინებელია ყოველი საქმის ინდივიდუალური მოცემულობა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა ხარისხი, მათი ურთიერთშესაბამისობა და მოპოვებულ ინფორმაციათა თანხვედრა ბრალდების ფორმულირებაში ასახულ გარემოებებთან.

5.6. სასამართლოებმა მიუთითეს სამხილებს შორის არსებულ წინააღმდეგობებზე, კერძოდ დაზარალებულის ჩვენების შინაარსობრივ შეუსაბამობაზე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან და მიიჩნიეს, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ა. ზ–ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას.

5.7. მოცემულ შემთხვევაში ბრალდება ეფუძნება მხოლოდ ერთ პირდაპირ მტკიცებულებას - დაზარალებულის ჩვენებას, რომელიც, თავის მხრივ, ეწინააღმდეგება საქმეზე დაკითხულ სხვა მოწმეთა მიერ გადმოცემულ გარემოებებს, კერძოდ: დაზარალებული მ. ი–ი განმართავს, რომ 2021 წლის 18 მარტს ბრალდებულთან მოუვიდა კამათი, რა დროსაც ბრალდებულმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, თავში დაარტყა მუჭი და მეორედ - გაშლილი ხელი, რის გამოც იგრძნო ძლიერი ტკივილი, დაეწყო ღებინება და დაეცა ძირს, ხოლო ბრალდებული ჩაჯდა თავის მანქანაში და წავიდა. ამ დროს დაზარალებულთან დასახმარებლად მივიდა ბრალდებულის მეგობარი, სახელად ა–ო (ა. მ–ე), რომელსაც შორიდან იცნობდა. მან ჰკითხა, რამე ხომ არ სჭირდებოდა, დაზარალებულმა უპასუხა, რომ გული ერეოდა, თავი სტკიოდა და თაბრუ ეხვეოდა. ა–მ იგი წამოაყენა, დაზარალებულმა 112-ში დარეკა და სანამ სასწრაფო დახმარება მოვიდოდა, მის გვერდით იყო, შემდეგ კი წავიდა. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ დარტყმების შედეგად სტკიოდა თავი, კოპი ჰქონდა და გული ერეოდა. ექიმებმა ნემსი გაუკეთეს და გაუარა.

5.8. დაზარალებულის მიერ გადმოცემული ინფორმაცია არ დაადასტურა მოწმე ა. მ–მ და განმარტა, რომ მას არ დაუნახავს და არ გაუგონია, მიაყენა თუ არა ა. ზ–მ მ. ი–ს სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა, არც ყვირილი და ლანძღვა-გინების ხმა გაუგია; დაინახა, რომ ა. ზ–ი თავის ავტომანქანაში ჩაჯდა და წავიდა სოფლის მიმართულებით, მ. ი–ი კი ამ დროს საუბრობდა სომხურად ტელეფონზე და მიდიოდა საავტომობილო გზის მხარეს. მოწმემ აღნიშნა, რომ რაიმე სახის კონფლიქტი ან ა–ს მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი მ. ი–ს მიმართ მას არ დაუნახავს; არც ის დაუნახავს, როდის მოვიდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და ვინ გამოიძახა იგი.

5.9. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმის - თ. ა–ს გამოკითხვის ოქმის თანახმად (უდავოდ ცნობილი მტკიცებულება), 2021 წლის 18 მარტს შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა, სადაც ადგილზე დახვდათ მ. ი–ი, რომელიც იტკიებდა თავს და განმარტავდა, რომ ყოფილმა მეუღლემ მისი მხრიდან ვალის მოთხოვნის გამო, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა: ორჯერ დაარტყა ხელი თავის არეში. ექიმის განმარტებით, გარეგნული დათვალიერებით პაციენტს რაიმე ფიზიკური დაზიანების ნიშნები არ აღენიშნებოდა. უდავოდ ცნობილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N.... დასკვნის თანახმად, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამედიცინო ბარათი N...-ისა და პირადი გადასინჯვის მონაცემების მიხედვით, მ. ი–ს სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. საქმეში არსებული სხვა მოწმეთა გამოკითხვის ოქმები არ შეიცავს საქმისათვის რელევანტურ ინფორმაციას და არ არის გამოსადეგი ა. ზ–ის ბრალდების ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად. თავად ა. ზ–მ კი უარყო წარდგენილი ბრალდება და განმარტა, რომ მას დაზარალებულისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

5.10. მოცემულ შემთხვევაში ირკვევა, რომ საქმეში არსებობს მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება დაზარალებულ მ. ი–ს ჩვენების სახით, რომელიც თავის მხრივ, ეწინააღმდეგება საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას. ამდენად, არ არსებობს აშკარა, უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებდა ა. ზ–ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენაში. ოჯახურ დანაშაულში ბრალდება თავისთავად არ ამართლებს სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და მტკიცების საკანონმდებლო სტანდარტის უგულებელყოფას, რამდენადაც უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები აქარწყლებენ გონივრულ ეჭვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რაც ვლინდება დანაშაულის შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაბუთება არ შეიცავს მითითებას სასამართლოთა მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას საპროცესო კანონის არსებითი ხასიათის დარღვევის შესახებ. განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის. ამდენად, საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამუნა მურჯიკნელის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე