Facebook Twitter

საქმე N 330100120003515813

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №536აპ.-22 15 ივლისი, 2022 წელი

კ–ა გ., №536აპ.-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 აპრილის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის მოადგილის - ალექსანდრე ფოცხვერაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. კ. კ–ა (პირადი ნომერი: ........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2020 წლის 1 თებერვალს, დაახლოებით 12:00 საათზე, თ–ში, ერთიანობისათვის მ–ა ქუჩა, მე-.. ბლოკი, ბინა N..-ში, კ. კ–მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, მ. გ–ს, კერძოდ, ორივე მკლავზე ძლიერად ჩასჭიდა ხელი, რის შემდეგაც მარჯვენა ხელი ძლიერად დაარტყა ორივე ფეხის ბარძაყებზე. თითოეული ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 თებერვლის განაჩენით კ. კ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 თებერვლის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის მოადგილემ - ალექსანდრე ფოცხვერაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და კ. კ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 აპრილის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2022 წლის 6 მაისს თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის მოადგილემ - ალექსანდრე ფოცხვერაშვილმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 აპრილის განაჩენის გაუქმება და კ. კ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომელთა ნაწილიც დაცვის მხარემ მიიჩნია უდავოდ, ადასტურებს კ. კ–ს ბრალეულობას.

4.2. კასატორის განმარტებით, „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის 55-ე მუხლის თანახმად, ფიზიკური ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და სასამართლო პროცესი უნდა გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, ხელშემკვრელი სახელმწიფოების მართლმსაჯულებისათვის ერთადერთი და გადამწყვეტი მტკიცებულება არ უნდა იყოს მხოლოდ დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, ასევე სასამართლო დამოკიდებული არ უნდა იყოს დაზარალებულის მხრიდან პოზიციის ცვლილებაზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ დაზარალებულის მიმართ ძალადობა არ იქნებოდა ჩადენილი, დასახმარებლად სამართალდამცავ ორგანოებსაც არ მიმართავდნენ და ვერც მოწმეებს ექნებოდათ ინფორმაცია მომხდარისა და დაზარალებულის ფსიქოემოციური მდგომარეობის შესახებ.

4.3. კასატორი ასევე განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ კ. კ–ს ბრალეულობას. დაზარალებულისა და იმ მოწმეთა ჩვენებებით, რომლებსაც მყისიერი შეხება ჰქონდათ დაზარალებულთან, უტყუარად დადასტურდა კ. კ–ს ბრალეულობა.

4.4 კასატორის განმარტებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის N527აპ-17 გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ „ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა. დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა, მისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდეს, რის გამოც მისი ჩვენების უტყუარობა, საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეფასდეს“.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას კ. კ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბარალდებაში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:

5.3. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავისთვაად გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ ერევა ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულებათა დასაშვებობასა და შეფასებაში და ადგენს ზოგადსახელმძღვანელო სტანდარტს: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას.

5.4. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“). კონვენციის მიზნებისთვის, „ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა. კონვენციის თანახმად, მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ამ კონვენციის შესაბამისად დადგენილი დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე, თუ დანაშაული მთლიანად ან ნაწილობრივ მხარის ტერიტორიაზე იყო ჩადენილი და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.

5.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ოჯახური ძალადობის საქმეებზე დაზარალებულის ან სხვა მოწმის ერთი პირდაპირი ჩვენება, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასა და არაპირდაპირ ჩვენებებთან ან სხვა არაპირდაპირ მტკიცებულებებთან ერთად, მათი უტყუარობის შემთხვევაში, საკმარის საფუძვლადაა მიჩნეული მოძალადე მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დონეზე (იხ. საქართველოს უზანესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის: 2018 წლის 1 მაისის №614აპ-17, 2019 წლის 8 ნოემბრის №409აპ-19, 2019 წლის 1 ნოემბრის №346აპ-19 გადაწყვეტილებები).

5.6. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცებულებითი სტანდარტი ოჯახური დანაშაულის ბრალდების საქმეებზე ითვალისწინებს, ერთი მხრივ, ოჯახური დანაშაულების სპეციფიკურ კონტექსტსა და მსხვერპლთა დაცვის განსაკუთრებულ საჭიროებას, მეორე მხრივ კი, მოითხოვს დაცული იქნეს სამართლიანი სასამართლოს უფლება და პირის მსჯავრდება დაეფუძნოს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებთა ერთობლიობას. საქმეებში, სადაც დაზარალებულის ჩვენებასთან ერთად, წარმოდგენილია ერთი პირდაპირი მტკიცებულება მაინც, მიიჩნევა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მიღწევადია, თუმცა გასათვალისწინებელია ყოველი საქმის ინდივიდუალური მოცემულობა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა ხარისხი, მათი ურთიერთშესაბამისობა და მოპოვებულ ინფორმაციათა თანხვედრა ბრალდების ფორმულირებაში ასახულ გარემოებებთან.

5.7. მოცემულ შემთხვევაში ბრალდება ეფუძნება მხოლოდ ერთ პირდაპირ მტკიცებულებას - დაზარალებულის ჩვენებას, რომელიც, თავის მხრივ, ეწინააღმდეგება საქმეზე დაკითხულ სხვა მოწმეთა მიერ გადმოცემულ გარემოებებს, კერძოდ:

5.8. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დაზარალებულ მ. გ–ს ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა კ. კ–აიასთან, რომელთანაც 2020 წლის 1 თებერვალს საჭმლის მომზადების გამო მოუვიდა კონფლიქტი, რა დროსაც გ–მ ორივე მკლავზე ძლიერად მოუჭირა ხელები, ასევე მარჯვენა და მარცხენა ბარძაყის არეში დაარტყა ხელი, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. ძალადობის ეს ფაქტი არ იყო პირველი შემთხვევა. 2020 წლის 2 იანვარს, იმავე საკითხზე კონფლიქტის დროს, მას კ. კ–მ სახის არეში გაარტყა ხელი, რითაც მიაყენა ფიზიკური დაზიანება.

5.9. მოწმე გ. ზ–მა დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

5.10. ბრალდების მხარის მტკიცებულებები: ი. ლ–ს, თ. ხ–ს, ა. ც–ს, ლ. გ–ს, ქ. ბ–სა და ს. ბ–ს გამოკითხვის ოქმები და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N..... დასკვნა მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიღებულ იქნა მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე.

5.11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).

5.12. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

5.13. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს უდავო მტკიცებულებაზე, მოწმე თ. ხ–ს ჩვენებაზე, რომლითაც დგინდება, რომ 2020 წლის 1 თებერვალს, დაახლოებით 13:20 საათზე, მასთან მივიდა მეზობელი - მ. გ–ე, რომელიც იყო აღელვებული და ითხოვდა დახმარებას. მას მ-მა უთხრა, რომ მეუღლემ, კ. კ–მ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და აჩვენა, რომ მარცხენა ბარძაყზე აღენიშნებოდა სიწითლეები, მარცხენა იდაყვზე კი ჰქონდა სილურჯეები.

5.14. მოცემულ შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ მოწმე თ. ხ–ი არ არის ფაქტის თვითმხილველი და მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია იმის დასადასტურებლად კ. კ–მ მიაყენა თუ არა დაზიანებები დაზარალებულს წარმოადგენს ირიბს. რაც შეეხება მოწმის ჩვენების იმ ნაწილს, რომ მ. გ–ს სხეულზე აღენიშნებოდა სიწითლეები და სილურჯეები არ წარმოადგენს ირიბს, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ იმის დასადგენად, მ. გ–ს სხეულზე აღენიშნებოდა თუ არა რაიმე სახის მექანიკური დაზიანების კვალი, დადებით შემთხვევაში როგორია მათი ლოკალიზაცია, ხანდაზმულობა და ხარისხი, დაინიშნა სამედიცნო ექსპერტიზა, რომლის ჩატარებაზეც მ.; გ–სემ განაცხადა უარი. შესაბამისად, დაუდგენელია, თ. ხ–ს მიერ დაზარალებულის სხეულზე ნანახი სიწითლეები და სილურჯეები მიყენებული იყო თუ არა მ. გ–ს მიერ მითითებულ პერიოდში.

5.15. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს უდავო მტკიცებულებებზე, მოწმეების - ა. ც–სა და ლ. გ–ს გამოკითხვის ოქმებზე, რომლითაც დგინდება, რომ მათი შვილი - მ. გ–ე და კ. კ–ა იმყოფებოდნენ ქორწინებაში. ისინი დადებითად ახასიათებენ კ. კ–ს და განმარტავენ, რომ იგი არის წესიერი, ზრდილობიანი, მოსიყვარულე, ოჯახზე და მეუღლეზე შეყვარებული პიროვნება, რომელიც მ. გ-ძის მხრიდან მის მიმართ არაერთხელ გამოხატული აგრესიისა და თავდასხმისას, ყოველთვის ინარჩუნებდა სიმშვიდეს და არ რეაგირებდა მის ქცევებზე, ასევე, ცდილობდა ოჯახის შენარჩუნებას. მოწმეები დარწმუნებულნი არიან, რომ კ. კ–ა არ იძალადებდა მეუღლეზე და აღნიშნული არის მ–ს მოგონილი, რათა გ–სგან გაეთავისუფლებინა თავი. ამასთან, მშობლები მ. გ–ს ახასიათებენ არაადექვატურ და აგრესიულ პიროვნებად, რომელიც არ ასრულებდა მოვალეობას და ეკონტაქტებოდა სხვა პირს. თავად ა. ც–ე არაერთხელ შესწრებია, რომ მ. გ–ე ფიზიკურად გაუსწორდა კ. კ–ს. მოწმე ქ. ბ–ს გამოკითხვის ოქმით კი დგინდება, რომ მ. გ–ე კ. კ–ს ექცეოდა აგრესიულად და არაადეკვატურად. 2019 წლის აგვისტოში კი, მათთან ყოფნისას, შეკამათების დროს მ. გ–ე მივარდა კ. კ–ს, რომელსაც სახესა და გულმკერდის არეში ურტყამდა ხელებს. გარდა ამისა, შვილთან ტელეფონით საუბრისას, ხშირად მოუსმენია მ–ს წივილ-კივილი. მოწმე ს. ბ–ს გამოკითხვის ოქმით, ასევე დგინდება, რომ კ. კ–ა არის წესიერი და ზრდილობიანი პიროვნება, რომელსაც ძალიან უყვარდა მეუღლე - მ. გ–ე, რომელიც ჩაგრავდა, აბუჩად იგდება და სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა კ. კ–ს, რასაც თავადაც შესწრებია. რაც შეეხება მოწმე ი. ლ–ს გამოკითხვის ოქმს, მოწმე ინფორმაციას იძლევა მხოლოდ იმის შესახებ, რომ კ. კ–ა აპირებდა მიმალვას, რაც პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას. შესაბამისად, აღნიშნულ მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით, ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.

5.16. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს უდავო მტკიცებულებაზე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 14 აპრილის ექსპერტიზის N...... დასკვნაზე, რომლითაც დგინდება, რომ მოქ. კ. კ–ს სასამართლო-სამედიცინო შემოწმებისას (........ წ-ს) აღენიშნებოდა: კისრის, ორივე მხრის და წინამხრის, გულმკერდის წინა ზედაპირზე (მკერდის ძვლის, მარჯვენა ლავიწის და მკერდის ძვალთან შესახსრების მიდამოებში, გულმკერდის წინა ზედაპირზე მარჯვენა ლავიწის შუახაზზე მე-2-3-4-5 ნეკნების დონეზე), მარცხენა იდაყვის სახსრის, მუცლის მარცხენა ნახევრის და ორივე ბარძაყის მიდამოში ნაჭდევები, რომლებიც განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებთა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებები არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს.

5.17. საკსაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ როდესაც კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარე სხვადასხვა ვერსიას სთავაზობს სასამართლოს, სასამართლოს სჭირდება დამატებითი მტკიცებულებები, რათა არგუმენტირებულად გაიზიაროს რომელიმე მხარის ვერსია. მოცემულ შემთხვევაში ირკვევა, რომ საქმეში არსებობს მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება დაზარალებულ მ. გ–ს ჩვენების სახით, რომელიც თავის მხრივ, ეწინააღმდეგება საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას. ამდენად, არ არსებობს აშკარა, უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებდა კ. კ–ს მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენაში.

5.18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, სხვა დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს დანაშაულის ჩადენის ფაქტის დასადასტურებლად და არ გააჩნია მტკიცებულებითი ღირებულება. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული წერილობითი მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.

5.19. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება კ. კ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.20. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.21. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.22. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.23. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის მოადგილის - ალექსანდრე ფოცხვერაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე