საქმე N 330100120004219046
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №227აპ-22 5 ივლისი, 2022 წელი
კ–ე მ., №227აპ.-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 17 დეკემბრის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა გამყრელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. მ. კ–ე (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ), რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2020 წლის 13 მაისს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ. თ–ში, ..........ის ქუჩა №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ალკოჰოლური სასმლით მთვრალმა მ. კ–მ, რომელმაც იცოდა გ. მ–ს შეზღუდული შესაძლებლობების შესახებ (ვიზუალურად აშკარად ეტყობოდა, რომ იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი), ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას, კერძოდ: ხელი ჰკრა, წააქცია და ფეხი რამდენჯერმე ჩაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც გ. მ–მა მიიღო თავის ტვინის შერყევა, ცხვირის ძვლების მოტეხილობა, კანქვეშა ჰემატომები ცხვირისა და თვალბუდის მიდამოში, რამაც ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება გამოიწვია, მისი ხანმოკლე მოშლით.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 სექტემბრის განაჩენით მ. კ–ს ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
2.2. მ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი.
2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 22 დეკემბრის განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა ბოლო განაჩენით დანიშნული, ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მ. კ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით.
2.4. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა: 2020 წლის 13 მაისს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ. თ–ში, .........ის ქუჩა №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ალკოჰოლური სასმლით მთვრალმა მ. კ–მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ. მ–ს, კერძოდ: ხელი ჰკრა, წააქცია და ფეხი რამდენჯერმე ჩაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც გ. მ–მა მიიღო თავის ტვინის შერყევა, ცხვირის ძვლების მოტეხილობა, კანქვეშა ჰემატომები ცხვირისა და თვალბუდის მიდამოში, რამაც ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება გამოიწვია, მისი ხანმოკლე მოშლით.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 17 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. 2022 წლის 13 იანვარს პროკურორმა ლაშა გამყრელიძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 17 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: მ. კ–ს დამნაშავედ ცნობა 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ მ. კ–მ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ.
4.2. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში აპელირებს „შეზღუდულ შერაცხადობაზე“ და არა ზოგადად შეზღუდულ შესაძლებლობებზე, რაც მოიცავს არა მხოლოდ ადამიანის ფსიქიკურ, არამედ ფიზიკურ ნაკლსაც და აღნიშნული გარკვევითაა მითითებული ბრძანებაში, რომელსაც სასამართლო იშველიებს მსჯელობის დასაბუთების დროს, კერძოდ: სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 13 იანვრის N.. ბრძანებაზე „შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, სადაც გაწერილია პროცედურები და იმ დაავადებათა ფიზიკურ/ფსიქიკურ ნაკლთა ჩამონათვალი, რის გამოც პირი შესაძლოა, მიჩნეულ იქნეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონედ. ამავე ბრძანების მე-9 მუხლის თანახმად, მკვეთრად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის საფუძველს გადამოწმების გარეშე (უვადოდ) წარმოადგენს შემდეგი დაავადებები და დეფექტები: გონებრივი განვითარების ღრმა ან მძიმე ჩამორჩენილობა და სხვა ფიზიკური მახასიათებელი, მათ შორის თვალისა და სხეულის სხვა ნაწილების გამოხატული დაავადებები, რაც ჩვენს შემთხვევაშიც გამოიხატება დაზარალებულის აღნაგობაში, საუბრის მანერასა და სიარულის თავისებურებებში, რაც სასამართლოში დაკითხვის დროსაც თვალში საცემი იყო.
4.3. კასატორის პოზიციით, შეზღუდულ შესაძლებლობებში მხოლოდ ,,შერაცხადობის“ პრობლემა არ მოიაზრება და უფრო მეტიც: აღნიშნულ ტერმინთან დაკავშირებით არაფერია ნათქვამი თავად ზემოხსენებულ ბრძანებაში, რომ შერაცხადობა წარმოადგენს შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის ერთ-ერთ საფუძველს.
4.4. პროკურორი ლაშა გამყრელიძე მიიჩნევს, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, სამედიცინო დასკვნითა და თავად ბრალდებულის მიერ მიცემული ინფორმაციით უტყუარად დასტურდება, რომ მ. კ–მ ურთიერთშელაპარაკების დროს ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება (ხანმოკლე მოშლით) მიაყენა დაზარალებულ გ. მ–ს. რაც შეეხება მაკვალიფიცირებელ გარემოებას, დანაშაულის ჩადენას წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, ასევე დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით. განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულის ფიზიკური ნაკლი იმდენად თვალშისაცემია, რომ მისი გარკვევა მასთან რამდენიმე წუთიანი კომუნიკაციის შედეგადაც არის შესაძლებელი. აღნიშნული აშკარად გამოხატულია როგორც თვალების, ასევე მისი აღნაგობის მხრივ, საუბრის მანერასა და სიარულის თავისებურებებში, ხოლო ის ფაქტი, რომ დაზარალებულს აქვს ასევე ფსიქიკური ნაკლი - გონებრივი ჩამორჩენილობა, დადასტურებულია ბრალდებულის დედის და ასევე სხვა მოწმეთა ჩვენებებით. შესაბამისი უწყებიდან მოპოვებული ოფიციალური ინფორმაციით ასევე დადასტურებულია, რომ იგი ფსიქიკური მდგომარეობის გამო იმყოფება აღრიცხვაზე და გადის მკურნალობის კურსს.
4.5. კასატორი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლად უთითებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია თუ საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარე აპელირებს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია ის ფაქტი, რომ მ. კ–მ გ. მ–ს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენა ისეთი მაკვალიფიცირებელი გარემოების არსებობის პირობებში, როგორიცაა დანაშაულის ჩადენა წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს, რამდენად კანონიერია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მ. კ–ს ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების შესახებ.
5.2. აღსანიშნავია, რომ ამ ნაწილში წარდგენილი ბრალდების სამტკიცებლად ბრალდების მხარემ სასამართლოში წარადგინა შემდეგი მტკიცებულებები: დაზარალებულ გ. მ–ს და მოწმეების - ხ. ბ–სა და ი. კ–ს ჩვენებები, რომლებმაც სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: გ. მ–ის ჩვენებით, იგი მ. კ–ს არ იცნობს, შესაბამისად, მსჯავრდებულმა არ იცოდა მისი შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ. ანალოგიურ ფაქტობრივ გარემოებაზე მიუთითებს მოწმე ხ. ბ–ე, რომელიც დაკითხვისას აღნიშნავს, რომ იმ დროის განმავლობაში რაც კონფლიქტის მონაწილეებს ერთმანეთთან შეხება ჰქონდათ, მ. კ–ე დაზარალებულს ვერ შეატყობდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ვინაიდან მ. კ–ე დაზარალებულს არ იცნობდა და არ შეიძლებოდა სცოდნოდა გ. მ–ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. რაც შეეხება მოწმე ი. კ–ს, მისი შეფასებით, გ. მ–ს ეტყობა, რომ ჯანმრთელობის პრობლემები გააჩნია, მათ შორის - საუბრისას ემჩნევა გონებრივი ჩამორჩენილობა.
5.3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: იმისათვის, რომ პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ ჩადენილად, მნიშვნელოვანია ორი გარემოების ერთდროულად არსებობა: პირი ნამდვილად უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და ამის შეცნობა უნდა იყოს შესაძლებელი დანაშაულის ჩამდენი პირისათვის.
5.4. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, 5.2 ქვეპუნქტში მითითებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა არ არის საკმარისი საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის სავალდებულო ნიშნის (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ დანაშაულის ჩადენა) სამტკიცებლად, მითუფრო იმ პირობებში, როცა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე უშუალოდ დაიკითხა დაზარალებული გ. მ–მი, რომელმაც დასმულ კითხვებზე უპასუხა ადეკვატურად, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ერთმნიშვნელოვნად განმარტებულია, რომ გ. მ–ს ვიზუალური დაკვირვებით არ ეტყობა, რომ იგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია.
5.5. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, უსაფუძვლოა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულ მ. კ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის შესახებ, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რის შედეგადაც მსჯავრდებულის ქმედება სწორად გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
5.6. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს: იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მიზნებისთვის შეზღუდულ შესაძლებლობაში ბრალდების მხარე მოიაზრებს გ. მ–ს ფიზიკურ დარღვევებს (შეზღუდული შესაძლებლობები გამოიხატება დაზარალებულის აღნაგობაში, საუბრის მანერაში, სიარულის თავისებურებებში), არარელევანტურია სააპელაციო სასამართლოს განაჩენში განვითარებული მსჯელობა შეზღუდულ შერაცხადობასთან დაკავშირებით. თუმცა ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განაჩენში განვითარებული მსჯელობა, რომელსაც საკასაციო პალატა არ იზიარებს, გავლენას ვერ მოახდენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტაზე, ვინაიდან საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი. შესაბამისად, საკასაციო პალატა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, სააპელაციო სასამართლოს განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში მითითებულია იმ გარემოებებზე, რაც განსახილველი საქმისთვის არარელევანტურია, თუმცა მსგავსი არაარსებითი ხასიათის უზუსტობა გავლენას ვერ მოახდენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტაზე, ვინაიდან სასამართლოებმა სწორად შეაფასეს სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები და გამოიტანეს განაჩენი, რომელიც კანონიერია.
5.7. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.8. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა გამყრელიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე