Facebook Twitter

საქმე N060100121004960819

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №477აპ.-22 12 ივლისი, 2022 წელი

მ–ი თ., №477აპ.-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 თებერვლის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ რუსუდან ლაბაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. თ. მ–ი (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2021 წლის 24 ივლისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ვ–ს რაიონის სოფელ ს–ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში, თ. მ–იი, მასთან ერთად მცხოვრებ თავისი ოჯახის წევრებს - ძმას, უ. მ–ს, ასევე იმ პირებს, რომლებიც მასთან ერთად მუდმივად ეწევიან და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, კერძოდ: ზ. მ–ს, ზ. მ–სა და ზ. მ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, უთხრა, რომ ,,დააჭრიდა თავებს“, რა დროსაც ხელში ეჭირა დანა. აღნიშნულის შედეგად უ. მ–ს, ზ. მ–ს, ზ. მ–სა და ზ. მ–ს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 3 დეკემბრის განაჩენით თ. მ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

2.2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 3 დეკმებრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რუსუდან ლაბაძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და თ. მ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 თებერვლის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 3 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2022 წლის 21 მარტს სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რუსუდან ლაბაძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 თებერვლის განაჩენის გაუქმება, თ. მ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.

3.3. გამართლებულმა თ. მ–მა წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან დაზარალებულებმა დაადასტურეს, რომ წლების მანძილზე ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ თ. მ–ნ და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, თუმცა ამ უკანასკნელს ბოლო წლებში მათ მიმართ აქვს აგრესია. 2021 წლის 24 ივლისს, საღამოს საათებში, მათ თ. მ–ი დანის დემონსტრირებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც განიცადეს მუქარის განხორციელების შიში. თ. მ–ს მიერ დაზარალებულებზე მუქარა ასევე დასტურდება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით. მოწმე პოლიციელებმა კი დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და შინაარსი.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას თ. მ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბარალდებაში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:

5.3. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დაზარალებულების: ზ. მ–ს, ზ. მ–ს, უ. მ–სა და ზ. მ–ს ჩვენებებზე, რომლებითაც დადგინდა, რომ ისინი არიან ერთი ოჯახის წევრები და წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ და ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწეოდნენ თ. მ–თან ერთად. შემთხვევის დღეს, 2021 წლის 24 ივლისს, ყველანი, მათ შორის თ. მ–იც, იმყოფებოდნენ სუფრაზე, საიდანაც ეს უკანასკნელი სახლში დაბრუნდა ალკოჰოლით მთვრალი. იგი სახლში შეიყვანა ძმისშვილმა - ზ. მ–მა. ამის შემდეგ უ. და ზ. მ–ები, ასევე მათი შვილები - ზ. და ზ. თხილის საკრეფად შევიდნენ ეზოს გვერდით მდებარე მიწის ნაკვეთში. რამდენიმე ხანში ზ. მ–ს დაურეკა თ. მ–მა და უთხრა ,,სასწრაფო მყავს გამოძახებული, წადი, ექიმებს დახვდი“, თუმცა ადგილზე მისულ ექიმს თ. მ–მა არ გააკეთებინა ნემსი, ეუბნებოდა ,,ჩემი ნემსი გამიკეთეთ“, რაზეც ექიმი არ დასთანხმდა. აღნიშნულის გამო თ. მ–მა მედპერსონალს დაუწყო ყვირილი, რის გამოც ექიმმა გამოიძახა პოლიცია. ყვირილის ხმაზე ყანიდან გამოვიდნენ უ. და ზ. მ–ებიც. უ. მ–ი მივიდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანასთან, ზ. კი შევიდა სახლში სკამის გამოსატანად. ამ დროს თ. მ–მა ხელში აიღო დანა და იძახდა „არ მომეკაროთ, მოგკლავთ, თავებს დაგაჭრით“, „სანამ თავებს არ დაგაჭრით, მანამ არ გაჩერდებით“. ზ. და ზ. მ–ები ჯერ ისევ თ–თან ახლოს იყვნენ, რა დროსაც მათთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც მათ მოსთხოვეს გასცლოდნენ იქაურობას, თ–ს კი მოუწოდეს დაწყნარებულიყო და დანა დაეგდო. აღნიშნულზე თ–მა იყვირა: „თავი დამანებეთ ყველამ, თუ არა, დანას დავირტყამ“, იმუქრებოდა თვითდაზიანებით. ბოლოს პოლიციელების მოწოდებაზე დამშვიდდა და შეინახა დანა. დაზარალებულებმა ასევე განმარტეს, რომ მათ კარგად იცოდნენ, შეზღუდული შესაძლებლობიდან გამომდინარე, თ. მ–ს გაუჭირდებოდა მუქარის შესრულება, მაგრამ მაინც შეეშინდათ მუქარის, რადგან თ–ს შეეძლო, ღამით მიპარვით აესრულებინა დაპირებული ან შორიდან ესროლა მათთვის დანა, თუმცა, მსგავს ფაქტი წარსულში არ მომხდარა.

5.4. დაზარალებულთა ჩვენებები ადგილზე პოლიციელების მისვლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით თანხვდენილია მოწმეების - დ. წ–სა და გ. კ–ს ჩვენებებთან, რომლებმაც განმარტეს, რომ ადგილზე მისვლისას ნახეს სახლის კიბეზე ჩამომჯდარი თ. მ–იი, რომელსაც ხელში ეჭირა დანა და იძახდა: „თავებს დაგაჭრით ყველას“, ასევე, იმუქრებოდა თვითდაზიანებით: ,,არ მომეკაროთ, დანას დავირტყამო“. მათ თ–ს მოუწოდეს დაწყნარებულიყო და დანა დაედო. საბოლოოდ, თ–ი დამშვიდდა და დანა შეინახა. ამის შემდეგ მათ თ. მ–იი დატოვეს ადგილზე, ისე, რომ დანა არ ამოუღიათ, ოჯახის დანარჩენი წევრები კი გამოსაკითხად წაიყვანეს პოლიციაში. მოწმეებმა - ბ. ზ–მ და კ. ჭ–მ კი დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სისწორე, რა დროსაც დაზარალებულმა ზ. მ–მა აღწერა თ. მ–იის მიერ მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის ფაქტი და მიუთითა ადგილზე - თ. მ–ს ოთახში შემავალ ხუთსაფეხურიან ხის კიბეზე, სადაც მუქარის დროს იდგა თ. მ–იი.

5.5. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს უდავო მტკიცებულებებზე, მოწმეების - თ. ლ–სა და ი. ხ–ს გამოკითხვის ოქმებზე, რომლებითაც დგინდება, რომ ისინი მუშაობენ სასწრაფო დახმარების ექიმისა და ექთნის თანამდებობაზე. 2021 წლის 24 ივლისს, საღამოს, მიიღეს შეტყობინება, რომ სოფელ ს–დან თ. მ–ი ითხოვდა დახმარებას. პაციენტი ვიზუალური დაკვირვებით იყო მთვრალი და ამბობდა, რომ სტკიოდა წელის არე. გასინჯვის შემდეგ ექთანს უნდა გაეკეთებინა ნემსი, რაზეც პაციენტმა განაცხადა უარი, ამბობდა, რომ არ იცოდა, რა ნემსს უკეთებდნენ და ითხოვდა თავისი ნემსის გაკეთებას, რაზეც მათ უარი უთხრეს. აღნიშნულზე თ. მ–ი გაბრაზდა და დაიწყო ლანძღვა: ,,თქვენ არ ხართ ექიმები, არ ეხმარებით ადამიანებს“. იქვე იყვნენ მისი ძმისშვილები, რომლებიც აწყნარებდნენ პაციენტს, მაგრამ არც მათ უჯერებდა. ვინაიდან პაციენტი უარს აცხადებდა მომსახურებაზე, ისინი გამოვიდნენ სახლიდან და მივიდნენ მანქანასთან. ეზოდან გამოსვლის შემდეგ გაიგეს, რომ თ. მ–მა ძმისშვილებსაც დაუწყო გინება, ამიტომ გამოიძახეს პოლიცია, რომლის მისვლის შემდეგაც მათ დატოვეს აღნიშნული ტერიტორია.

5.6. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების ცენტრის მიერ გაცემული ცნობით დადგენილია, რომ თ. მ–ის სოციალური მომსახურების სააგენტოს ვ. რ-ნულ განყოფილებაში დანიშნული აქვს სახელმწიფო გასაცემელი, როგორც მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს, უვადოდ. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით და ფორმა N100-ით კი დგინდება, რომ თ. მ–ის აღენიშნება ორივე ქვედა კიდურის ქრონიკული არტერიული უკმარისობა, ჩატარებული აქვს ბარძაყის ძვლისა და მარცხენა ქვედა კიდურის ამპუტაცია.

5.7. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს გამართლებულ თ. მ–ს ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ სუფრიდან სახლში დაბრუნებულს წელის არეში დაეწყო გაუსაძლისი ტკივილი, რის გამოც გამოიძახა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება. ციხეში ყოფნისას მას მოაჭრეს ფეხი და ამოუღეს თირკმელი, რის გამოც ექიმების მიმართ ჰქონდა შიში, ამიტომ, როდესაც სასწრაფოს ექიმმა ამოიღო დიდი ნემსი და აპირებდა მისთვის გაკეთებას, დაეჭვდა, კიდევ ცუდი რამ არ გაეკეთებინათ და ნემსზე განაცხადა უარი. ამასთან, ითხოვა აეცრათ თავისი ნემსით, რაზეც ექიმი არ დასთანხმდა. იმის გამო, რომ ტკივილით შეწუხებულს არ აღმოუჩინეს სათანადო დახმარება, გაბრაზდა და გალანძღა მედპერსონალი. ადგილზე მალევე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც ცდილობდნენ მის დაწყნარებას. ამ დროს მან დანა მიიდო მუცელზე და იმუქრებოდა მუცლის გადასერვით. თ. მ–ს განმარტებით, ის და მისი ძმა ცხოვრობენ ერთ სახლში, რომელშიც ფლობს მხოლოდ ერთ ოთახს, საიდან გაგდებასაც უპირებენ. ამის გამოც მას და მისი ძმის ოჯახის წევრებს აქვთ ქონებრივი დავა.

5.8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).

5.9. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულების ჩვენებებს, კერძოდ, ზ. მ–ს, ზ. მ–ს, უ. მ–სა და ზ. მ–ს ჩვენებებით დასტურდება, რომ თ. მ–ი მათ ემუქრებოდა სიტყვებით: ,,არ მომეკაროთ, მოგკლავთ, თავებს დაგაჭრითო“.. ,,სანამ თავებს არ დაგაჭრით, მანამ არ გაჩერდებითო“, ასევე იმუქრებოდა თვითდაზიანებით - ,,არ მომეკაროთ, დანას დავირტყამო“. თ. მ–იის მიერ დაზარალებულების მიმართ მუქარის შემცველი სიტყვებით მიმართვა ასევე დადასტურებულია პოლიციის თანამშრომლების - დ. წ–სა და გ. კ–ს ჩვენებებით, ასევე დადგენილია, რომ თ. მ–ის ხელში ეჭირა დანა. აქვე, პალატა ყურადღებას ამახვილებს პოლიციელთა ჩვენების იმ ნაწილზე, რომლითაც დასტურდება, რომ მას შემდეგ, რაც მათ თ. მ–ს მოუწოდეს დამშვიდებულიყო, იგი მართლაც დაწყნარდა, დანა დადო, რის შემდეგაც პოლიციელებმა დატოვეს შემთხვევის ადგილი ისე, რომ დანა ადგილიდან არც წაუღიათ. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს შემდეგ ფაქტსაც: მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულები უთითებენ, რომ მათ შეეშინდათ თ. მ–იის მუქარის, მისი ძმისშვილები ზ. და ზ. მ–ები არ მოსცილებიან ბიძას და მასთან იყვნენ მანამ, სანამ ადგილზე პოლიციის თანამშრომლები არ მივიდნენ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მუქარის შემადგენლობისათვის აუცილებელია, დაზარალებულს გაუჩნდეს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ამასთან, საფუძვლიანი შიშის გაჩენის დასადასტურებლად მხოლოდ დაზარალებულის განცხადება, რომ მას მუქარის შეეშინდა, არ არის საკმარისი და მნიშვნელოვანია, შეფასდეს კონკრეტული გარემოებები, კერძოდ: მუქარის ფორმა, მუქარის სუბიექტის და ადრესატის ფიზიკური შესაძლებლობები, ადრესატის ფსიქიკური მდგომარეობა, წარსული გამოცდილება, მუქარის წინაპირობა, შექმნილი ვითარება და ა.შ., რაც შეიძლება ქმნიდეს საფუძველს მუქარის რეალურად განხორციელებისათვის. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ თ. მ–ის აქვს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი უვადოდ. მას აქვს ორივე კიდურის ქრონიკული არტერიული უკმარისობა, ასევე ჩატარებული აქვს ბარძაყის ძვლისა და მარცხენა ქვედა კიდურის ამპუტაცია, რაც რეალურად საეჭვოს ხდის და ამცირებს მისი მხრიდან მუქარის განხორციელების შესაძლებლობას და შესაბამისად, ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის გაჩენას. დაზარალებულთა ჩვენებებით დგინდება, რომ მათ კარგად იცოდნენ, რომ თ. მ–ის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გაუჭირდებოდა მუქარის შესრულება, მაგრამ შეეშინდათ ღამით მიპარვით არ შეესრულებინა მუქარა. მათ ასევე მიუთითეს, რომ წარსულში თ. მ–ის ანალოგიური ქმედება არ ჩაუდენია. გარდა აღნიშნულისა, სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ თ. მ–ი ცხოვრობს დაზარალებულებთან ერთად, ერთ ოთახში, რის გამოც მას და ოჯახის სხვა წევრებს აქვთ ქონებრივი დავა. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ დაზარალებულებს დასახმარებლად პოლიციის განყოფილებისათვის არ მიუმართავთ, პოლიციაში დარეკეს სასწრაფო დახმარების მუშაკებმა რადგან თ. მ–ი აგინებდა ძმისშვილებს. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს თვით თ. მ–იის განმარტებას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, კერძოდ, ის მიუთითებს, რომ მას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, ჰქონდა ექიმების შიში და უნდობლობა, სწორედ ამიტომ გამოძახებულ სასწრაფო დახმარების ექიმს უთხრა, რომ ტკივილის გასაყუჩებლად გაეკეთებინათ მისი ნემსი, თუმცა მას შემდეგ, რაც ექიმმა აღნიშნულზე უარი განუცხადა, გაბრაზდა და დაიმუქრა მუცლის გადასერვით. ამ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის დებულებას იმასთან დაკავშირებით, რომ თ. მ–იის მიერ წარმოთქმული მუქარის სიტყვები - „არ მომეკაროთ, მოგკლავთ, თავებს დაგაჭრით“, „სანამ თავებს არ დაგაჭრით, მანამ არ გაჩერდებით“, ,,არ მომეკაროთ, დანას დავირტყამ“ - წარმოადგენს ძლიერი ტკივილის გამო სასოწარკვეთილი და გამწარებული ადამიანის ზოგადი ხასიათის მუქარას, რაც მიმართული არ არის კონკრეტულად ვინმეს დასაშინებლად და არის სტრესისგან გამოწვეული რეაქცია.

ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.

5.10. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება თ. მ–იის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.13. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ რუსუდან ლაბაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე