Facebook Twitter

საქმე N 340100121004942043

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №376აპ-22 8 ივლისი, 2022 წელი

მ–ი ვ. №376აპ-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 თებერვლის განაჩენზე გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთარ სამუნაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ვ. მ–ი (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, ესე იგი სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. ქ.ლ-ში, ჭ-ს ქუჩა N---ში მცხოვრები ვ. მ–ი და ნ. გ–ი, 2012 წლიდან არიან დაქორწინებულები. თანაცხოვრების პერიოდში ვ. მ–ი ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რაც მას ხდიდა აგრესიულს. მთვრალი ვ. მ–ი, ეჭვიანობის ნიადაგზე, არასრულწლოვანი ოჯახის წევრების: შვილის - ლ. მ–სა და გერის - მ. გ–ის თანდასწრებით, სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს - ნ. გ–ს, რომელსაც ხელებისა და ფეხების მრავალჯერადი დარტყმით სცემდა სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში, ასევე, ეძახდა „მეძავს“ და „უწესო ქალს“, რაც იწვევდა ნ. გ–ის ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით ვ. მ–ი გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

ვ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

2.2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 4 ოქტომბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოთარ სამუნაშვილმა, რომელმაც მოითხოვა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 4 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, ვ. მ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 23 თებერვლის განაჩენით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 4 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი 2022 წლის 21 მარტს საკასაციო წესით გაასაჩივრა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოთარ სამუნაშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, ვ. მ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.

3.3. 2022 წლის 30 მარტს მსჯავრდებულ ვ. მ–ის ადვოკატმა ლ. ჯ–მა წარმოადგინა შესაგებელი პროკურორის საკასაციო საჩივარზე, რომლითაც მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 23 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. პროკურორის საკასაციო საჩივრის თანახმად, მოწმე თ. გ–ის ჩვენებით დასტურდება, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ კონკრეტულ დანაშაულებრივ ფაქტებს ესწრებოდნენ მისი ოჯახის არასრულწლოვანი წევრები, შესაბამისად, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 4 ოქტომბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, ვ. მ–ი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და განესაზღვროს სასჯელი შესაბამისი მუხლისთვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასება:

5.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად: „საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც, კასატორის აზრით, უკანონოა. განაჩენი უკანონოა, თუ: არსებითად დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რაც არ გამოუვლენია პირველი ინსტანციის ან სააპელაციო სასამართლოს ან რაც მან დაუშვა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს“.

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად: „საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია“.

5.3. პროკურორმა საკასაციო საჩივარში წარმოადგინა არსებითად იმავე სახის არგუმენტაცია, რასაც სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც მიიჩნია, რომ არ არსებობდა ვ. მ–ს ქმედებაში სისტემატურობისა და დამამძიმებელი გარემოების - არასრულწლოვანთა თანდასწრებით ძალადობის ჩადენის დასადგენად საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა.

5.4. წარდგენილი ბრალდების ფორმულირების თანახმად, ვ. მ–ი 2012 წლიდან მეუღლესთან თანაცხოვრების პერიოდში სისტემატურად ძალადობდა მასზე. ბრალდების შესახებ დადგენილება არ შეიცავს მონაცემებს სისტემატურობის შემადგენელ ძალადობებს შორის დროითი ინტერვალის თაობაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლისაგან საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის განმასხვავებელი სპეციფიკური და სავალდებულო ნიშანია ქმედების - ცემის ან სხვაგვარი ძალადობის სისტემატური ხასიათი. საკასაციო სასამართლოს არაერთ საქმეში აქვს განმარტებული, რომ სისტემატურობა უკავშირდება ძალადობის განხორციელებას გარკვეული პერმანენტულობით ანუ ქმედება მეორდება გამუდმებით, განუწყვეტლივ, რეგულარულად, რაც ქმნის გარკვეულ სისტემას. ამ თვალსაზრისით, გამეორება, ე.ი. მომდევნო ქმედება, მინიმუმ, ორჯერ მაინც უნდა იქნეს ჩადენილი. ამასთან, აღნიშნული ქმედებები დროში ისე უნდა უკავშირდებოდეს ერთმანეთს, რომ დაზარალებული ჯერ კიდევ განიცდიდეს წინარე ძალადობისგან მიყენებულ ტრავმას და ქმნიდეს ძალადობის ერთიან სისტემას. განსახილველ შემთხვევაში არ დგინდება არათუ სისტემატური ძალადობის შემადგენელი ქმედებები, არამედ - ზოგადად შეუძლებელია გარკვევა, მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში რა სახით და ოდენობით ხდებოდა ძალადობა, როგორი ინტერვალითა და ინტენსივობით, რაც ძალადობის ერთიანი სისტემის დასადგენად აუცილებელ კუმულაციურ გარემოებებს წარმოადგენს.

5.5. ბრალდების მხარე ვ. მ–ის ქმედებაში სისტემატურობის ელემენტისა და არასრულწლოვანთა თანდასწრებით დანაშაულის ჩადენის დასასაბუთებლად უთითებს ერთადერთ მტკიცებულებას - ნ. გ–ის ჩვენებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ჩვენება არის პირის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია, ხოლო გამოკითხვის ოქმს, თუ ის არ დადასტურდა სასამართლოში საქმის განხილვისას, მტკიცებულებითი ძალა არ გააჩნია. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა ნ. გ–მა და მოწმეებმა: მ. გ–მა და ლ. მ–მ ისარგებლეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლებით და საქმის არსებითი განხილვისას მათ მიერ გამოკითხვის ოქმში გადმოცემულმა ინფორმაციამ დადასტურება ვერ ჰპოვა.

5.6. მოწმე თ. გ–მა დაადასტურა, რომ 2021 წლის 20 მარტს მასთან ბავშვებთან ერთად მივიდა მისი და - ნ. გ–ი, რომელსაც სახეზე აღენიშნებოდა ნაჭდევი, რაზეც ნ. გ–მა განუმარტა, რომ იკამათა მეუღლესთან. მოწმე თ. გ–ი ასევე განმარტავს, რომ დისშვილებმა ერთი-ორჯერ უთხრეს, რომ მშობლები კამათობდნენ.

5.7. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 21 მაისის ექსპერტიზის N........ დასკვნით დასტურდება, რომ ნ. გ–სს 2021 წლის 21 მაისს, პირადი შემოწმების დროს, ცხვირის არეში აღენიშნებოდა შესიება, სისხლნაჟღენთი და ნაჭდევები. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით კი არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს.

5.8. 2021 წლის 17 ივნისს გამოთხოვილი ქ.ლ–ში, ზ–ს ქუჩა ...-ში მდებარე მაღაზიის, შპს „ს......ის“ 2021 წლის 20 მაისს 11:00-დან 15:30 საათამდე პერიოდის სათვალთვალო კამერის ვიდეოჩანაწერით დგინდება, რომ 13:37:22 საათზე ვ. მ–ი მის წინ მიმავალ ნ. გ–სს თავის არეში არტყამს ე.წ. „ორთვლიანი სამაკატის“ სახელურს, რის შემდეგაც ნ. გ–ი ეცემა.

5.9. თავად მსჯავრდებულმა ვ. მ–მა აღიარა, რომ 2021 წლის 20 მაისს სცემა მეუღლეს, თუმცა განმარტა, რომ ბავშვების თანდასწრებით ცოლი არასდროს უცემია. საქმეზე გამოკვლეული არცერთი მტკიცებულება არ შეიცავს ძალადობის სისტემატურობისა და არასრულწლოვანთა დასწრების ფაქტებთან მიმართებით რელევანტურ ინფორმაციას.

5.10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით: „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

5.11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირის მსჯავრდებას საფუძვლად უდევს უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ ერევა ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულებათა დასაშვებობასა და შეფასებაში და ადგენს ზოგადსახელმძღვანელო სტანდარტს: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას. ამასთან, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები აქარწყლებენ გონივრულ ეჭვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რაც ვლინდება დანაშაულის შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.12. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაბუთება არ შეიცავს მითითებას სასამართლოთა მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას საპროცესო კანონის არსებითი ხასიათის დარღვევის შესახებ. განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის. ამდენად, საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთარ სამუნაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე