Facebook Twitter

საქმე N 210100121004422475

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №363აპ-22 4 ივლისი, 2022 წელი

მ-ი ს. №363აპ.-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 თებერვლის განაჩენზე სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ კუპრაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ს. მ–ი (პირადი ნომერი: .......) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ქურდობა ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2021 წლის 21 იანვრის დღის საათებში, ს–ს რაიონის სოფელ ყ–ში მდებარე ხ. ე–ის ვენახში, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 23 ივნისის განაჩენით ქურდობისთვის ნასამართლევი ს. მ–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ხ. ე–ის კუთვნილ 4 (ოთხი) ცალ ლითონის მილს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 120 (ას ოცი) ლარის ქონებრივი ზიანი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 აგვისტოს განაჩენით ს. მ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

2.2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 აგვისტოს განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მიხეილ კუპრაშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 14 თებერვლის განაჩენით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი 2022 წლის 1 მარტს საკასაციო წესით გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მიხეილ კუპრაშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ს. მ–ის დამნაშავედ ცნობა.

3.3. 2022 წლის 21 მარტს გამართლებულ ს. მ–ის ადვოკატმა ა. ტ–მა წარმოადგინა შესაგებელი პროკურორის საკასაციო საჩივარზე, რომლითაც მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 14 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. პროკურორის საკასაციო საჩივრის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, შემდეგ გარემოებათა გამო: ბრალდების მხარემ გამოძიება წარმართა ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად და ს. მ–ის ბრალეულობის დასტურად სასამართლოში წარადგინა მოწმეთა ჩვენებები და წერილობითი მტკიცებულებები, კერძოდ: დაზარალებულმა ხ. ე–მა აღწერა შემთხვევის ადგილი და 2021 წლის 20 იანვარს მისი კუთვნილი ლითონის მილების ქურდობის გარემოებები, ასევე მოგვიანებით ამოიცნო ნივთმტკიცება თავისი ინდივიდუალური მახასიათებლებით. მოწმე ი. შ–მა დაადასტურა, რომ ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, მანვე გამოკითხა ბრალდებული, რომელმაც აღიარა დანაშაული და გამომძიებელი საგამოძიებო ექსპერიმენტის პროცესში მიიყვანა იმ ადგილას, სადაც გადამალული ჰქონდა ლითონის მილები. მოწმის განმარტებით, რომ არა ს. მ–ის მიერ მილების ადგილსამყოფლის შესახებ მითითება, მათ ვერავინ მიაგნებდა. მოწმის სახით დაიკითხა გამომძიებელი მ. ჭ–ც, რომელმაც დაადასტურა გამოძიების პროცესის მიმდინარეობა საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით და რომ ბრალდებულმა თავად მიუთითა მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებაზე - დანაშაულის საგანზე. პროკურორის პოზიციით, მიუხედავად ბრალდებულის მიერ დუმილის უფლების გამოყენებისა, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი არის პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რაც თავის პრეცედენტულ გადაწყვეტილებებში არაერთხელ აქვს განმარტებული საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასება:

5.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად: „საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც, კასატორის აზრით, უკანონოა. განაჩენი უკანონოა, თუ: არსებითად დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რაც არ გამოუვლენია პირველი ინსტანციის ან სააპელაციო სასამართლოს ან რაც მან დაუშვა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს“.

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად: „საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია“.

5.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით: ,,სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“.

5.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად: ,,გონივრულ ეჭვს მიღმაა – სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში“.

5.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“.

5.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

5.7. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლებრივ კომპონენტებს შეადგენს როგორც მტკიცებულებათა შეფასებისა და ყოველგვარი ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის სტანდარტი, ისე სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების უფლება. პროკურორმა საკასაციო საჩივარში წარმოადგინა არსებითად იმავე სახის არგუმენტაცია, რასაც სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც მიიჩნია, რომ არ არსებობდა ს. მ–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა.

5.8. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასებას, კერძოდ: ბრალდება ს. მ–ის წინააღმდეგ ემყარება მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის, გამომძიებელთა ჩვენებებსა და საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგებს. ამასთან, დაზარალებულის ჩვენება დამნაშავის იდენტიფიცირებისათვის არ არის რელევანტური მტკიცებულება, რადგან იგი არ შესწრებია შემთხვევის ფაქტს და არ ფლობს რაიმე ხელშესახებ ინფორმაციას ს. მ–ის მიერ ქურდობის ჩადენის შესახებ. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ მოწმე გამომძიებელთა ჩვენებები არ არის თავისთავად არასარწმუნო ან საეჭვო მტკიცებულება. თუმცა, სხვა აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაში, არ უნდა იქნეს მიჩნეული ბრალეულობის დამადასტურებელ საკმარის საფუძვლად. განსახილველ შემთხვევაში გამომძიებლები ადასტურებენ კანონის დაცვით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებათა მიმდინარეობასა და შედეგებს, თუმცა არ გააჩნიათ პირდაპირი და ყოველგვარი ეჭვის გამომრიცხავი ინფორმაცია ს. მ–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელშიც აღწერილია, თუ როგორ მიუთითა ბრალდებულმა ლითონის მილების ადგილსამყოფელი, მოცემულ ნაწილში წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას. თუმცა, ის ფაქტი, რომ ბრალდებულს გააჩნდა ლითონის მილების განთავსების ადგილის შესახებ ინფორმაცია, თავისთავად არ გულისხმობს მის მიერ ქურდობის ჩადენას. სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა აპელანტს, როდესაც აღნიშნა არასრულყოფილი გამოძიების ნაკლოვანებების შესახებ. სათანადო და აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემთხვევაში, ბრალდების მხარეს მიეცემოდა შესაძლებლობა, მოეპოვებინა უტყუარი სამხილები დანაშაულის ჩამდენი პირის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში კი მხოლოდ ლითონის მილების ადგილსამყოფლის ცოდნის ფაქტი, არ აქარწყლებს ეჭვებს ს. მ–ის ბრალეულობასთან მიმართებით, მით უფრო, რომ გამართლებული არ აღიარებს დანაშაულს, ხოლო წარმოდგენილი არ არის სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა უშუალოდ ს. მ–ის მიერ ლითონის მილების ქურდობის ფაქტს.

5.9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაბუთება არ შეიცავს მითითებას სასამართლოთა მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას საპროცესო კანონის არსებითი ხასიათის დარღვევის შესახებ. განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის. ამდენად, საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ კუპრაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე